თარიღი    დრო

რა მოხდა კუმურდოში?

საქართველო, თბილისი - 10:43 10.02.2017 3501

მესამე დღეა „ქსელის“ სომხურ სეგმენტში მძვინვარებს „კუმურდო“: იდება ახალ-ახალი ვიდეოები და კომენტები, თუ როგორ „ამოყარეს ქართველებმა სომხების ძვლები საეკლესიო საფლავებიდან“, „სცემეს ქალები და ბავშვები........“

მათი „ოფიციალური ვერსიით“, თურმე ჯერ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას მიკუთვნებული ობიექტის დაცვამ, შემდეგ რეგიონულმა პოლიციამ, ბოლოს „სპეცდანმა“ ძალა გამოიყენა, როდესაც ადგილობრივი მორწმუნე მრევლი უმოქმედო ეკლესიაში (რომლის მხოლოდ არქიტექტურული ჩონჩხიღა შემორჩა მრისხანე შუა საუკუნეებს) „სანთლების დასანთებად შესვლას“ ლამობდა. თუმცა, „სანთლების დანთება“ ადგილობრივებს რატომღაც მხოლოდ მაშინ მოსწყურდათ ნეტარ ავგუსტინისეული „ლომებივით“, როდესაც იქ ქართველი რესტავრატორები დალანდეს. ოღონდ,  არც პოლიციელები და „სპეცდანელები“ აღმოჩნდნენ მთლად „კურდღლები“.

სინამდვილეში, რასაკვირველია, „სანთლის დანთება“ კი არ უნდოდათ (და უნდათ), არამედ ტაძრის რესტავრაციის ჩაშლა, რადგან იციან: თუ ტაძარი აღდგა, იგი ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესაბამისად აღდგება და არა სომხურის. სხვაობა კი იოლი აღსაქმელი იქნება.

აბა სხვა რომელი  არქიტექტურის შესაბამისად უნდა აღდგეს ტაძარი, თუკი ქართულია? ქართული რომაა, ამაზე სომხეთის სამოციქულო გრიგორიანული ეკლესიაც (ეჩმიაძინი) არ დავობს თითქოს, რაკი არასდროს კუმურდოს ტაძარზე პრეტენზია არ განუცხადებია. თუმცა, „მრევლი“ ხვდება, რომ ეს მხოლოდ დიპლომატიაა, რადგან იმავე ეჩმიაძინის თბილისის „წარმომადგენლობის“ განცხადებაში საოცრებებს ვკითხულობთ. დავაკვირდეთ: „კუმურდოში მდებარეობს ჯავახეთში ყველაზე ცნობილი, არქიტექტურულად მაღალღირებული, თავდაპირველად ბერძნული წესის ეკლესია......“

იცით რას ნიშნავს ეს (ღმერთო მიშველე) „ეშმაკური“  ფორმულირება: „....თავდაპირველად ბერძნული წესის ეკლესია....“? ნიშნავს იმას, რომ ეს ეკლესია „თავდაპირველად“ (რატომ მხოლოდ „თავდაპირველად“ და არა მერეც - გაუგებარია) ქართული იყო! ზუსტად ასევე, სვეტიცხოველსაც, იმავე ეჩმიაძინის წარმომადგენლობამ შეიძლება უწოდოს „ბერძნული წესის ეკლესია“, გელათსაც „ბერძნული წესის ეკლესია,“ ნიკორწმინდასაც და ა.შ. და ა.შ.  ოღონდ კი არ თქვან მარტივად და გასაგებად: „ქართული ეკლესია“.  

ინტერპრეტაციაა. ოღონდ ძალიან საშიში და ბოროტი ინტერპერტაცია. ასე იწყებოდა ზოგიერთი კონფლიქტი.....ამგვარი ბოროტი ინტერპრეტაციებით: „ბერძნული წესის ეკლესია.....“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს ეკლესია რომ ქართულია,   ამაზე მეტყველებს ათეულობით ქართული წარწერა. მაგრამ „პრობლემა“ ის აღმოჩნდა ადგილობრივი გლეხებისთვის, რომ ხსენებული  წარწერები ძველქართულადაა შესრულებული; ძველქართული (ასომთავრული, ნუსხური.....) ანბანი კი ძალიან ჰგავს სომხურს. ამდენად, როცა სომეხი ამ დამწერლობას ხედავს და ვერ კითხულობს, ჰგონია, თითქოს  ვერ კითხულობს, რაკი ძველი სომხური ენა არ იცის და არა იმიტომ, რომ სხვა (ქართულ) ენაზეა დაწერილი.

არადა, რომ ვერც გადაარწმუნებ, რამდენიც არ უნდა ელაპარაკო და უმტკიცო? მაინც გეტყვის „ეს სომხური წარწერებიაო“.

სინამდვილეში ქართულია და რა ვქნათ?

კუმურდოს ტაძრის წარწერები  განეკუთვნება X-XI საუკუნეს, როდესაც დაფუძნდა ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ანუ, სწორედ იმ ეპოქაში, როდესაც ერთის მხრივ „ლეონიდთა“ აფხაზური სამეფო სახლის წარმომადგენლები, მეორეს მხრივ სამხრეთ საქართველოს ქართველი მეფეები ერთიან ქართულ სახელმწიფოს აშენებენ, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა „აფხაზთა და ქართველთა......“.

ამ აზრით, კუმურდოს ეკლესია არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაგრატის ტაძარი და აბსოლუტურად ბუნებრივია, თუ საქართველოს კულტურის სამინისტრო მის დაცვას, რესტავრაციას, სამომავლოდ  კი აღდგენას ცდილობს. ადგილობრივი სომხური „მოძრაობის“ მიზანი კი ისაა, ამ საქმეს ხელი შეუშალოს: ოღონდ ქართული იერსახე არ მიიღოს, მით უმეტეს ქართულად („ბერძნული წესით“) წირვა-ლოცვა არ განახლდეს და.................იყოს დანგრეულ-გავერანებული.

ჯერ-ჯერობით - „ხელსაყრელ მომენტამდე“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს „თანამედროვე“ ისტორია მაინც ძალიან დიდი ხნისაა: პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, როცა 1987 წელს, არქეოლოგიური ექსპედიციის შემადგენლობაში ეწვია კუმურდოს, მაშინაც კი იგრძნობოდა აგრესია. ანუ, „არ აღგადგენინებთ, ჩვენი ტაძარიაო“.

ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ იმით, რაც შაბათ-კვირას მოხდა, ყველაფერი დამთავრდა და დაწყნარდა: როგორც კი გუმბათის აღდგენის მასშტაბური სამუშაოები მართლა დაიწყება, ყველაფერი განმეორდება. იმიტომ, რომ ეს ტაძარი მთელი რეგიონის (ჯავახეთის) კუთვნილების თემას უკავშირდება. თუ კუმურდოს ტაძარი სომხურია, მაშინ...ხოლო თუ ქართულია.....უკვე სულ სხვა საქმეა. ეს ხომ X საუკუნის ეკლესიაა?

„ოფიციალური ერევანი“ და „ოფიციალური ეჩმიაძინი“ ჯერ-ჯერობით ღიად არ ჩაერევიან, მაგრამ....შედეგია მთავარი: არ დაუშვან ამ ტაძრის „ბერძნული წესით“ აღდგენა, ამას კი ადგილობრივი მოსახლეობის მეშვეობით მიაღწევენ, რაკი ხელისუფლებას (დღევანდელს, წინანდელს და იმის წინასაც) დაპირისპირება არ სურს - „ოღონდ არ იყოს ბუნტი“

ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელმაც დიდებული საქმე განასრულა გრძნეული „ბაგრატის“ აღდგენით, კუმურდოს უნიკალური ეკლესიის აღდგენა აზრად არ მოსვლოდა. მოუვიდა კი არა, ჩუმ-ჩუმად მოლაპარაკებასაც აწარმოებდა რეგიონის ლიდერებთან, მაგრამ „კეთილისმსურველად“ გააფრთხილეს, არც ეცადა, რაკი „მოვითმინოთ, არეულობას, დაძაბულობას გამოიწვევს.....“

კიდევ ვიმეორებ: თუკი ამ ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოები გაგრძელდა, მაშინ, ადრე თუ გვიან, გუმბათის აღდგენის საკითხიც უნდა დაისვას, ხოლო თუ გუმბათი ქართული არქიტექტურისა შეიქმნა, მაშინ.......მერე იმდენად „გავთავხედდებით“ იმ აღდგენილ ტაძარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აკურთხებს და იქ „ბერძნული წესის“ ღვთისმსახურება დაიწყება, ხოლო თუ ეს მოხდება, მაშინ, ჯავახეთიც საქართველო ყოფილა და........

ამიტომ,  არ დაიჯეროთ, რომ ამ ინციდენტს  გარეშე პროვოკატორები არა ჰყავდა მათი შორსმიმავალი ზრახვებითა და სამომავლოდ, „ხელსაყრელი მომენტისთვის“ სიტუაციის გაყინვა-დაბევებით.

ახლა უკვე ყველაფერი ხელისუფლების არა იმდენად ნებაზე, არამედ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ხელოვნებაზე იქნება დამოკიდებული: „მომენტის შერჩევა“ სხვებმა თუ იციან, ჩვენც ხომ უნდა ვისწავლოთ ოდესმე, - საკუთარი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად?

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი"




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%