თარიღი    დრო

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 12:04 09.27.2017 1565

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის მიერ ინსპირირებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა, რომლის შედეგად საქართველოს განიარაღებულმა ძალებმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს შეიარაღებულ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მებრძოლებს, კაზაკთა რაზმებსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სოხუმზე შტურმი, გუდაუთაში დაბანაკებულმა რუსეთის არმიის 345-ე საჰაერო-სადესანტო ბატალიონმა დაიწყო.

1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან, კაზაკთა ფორმირებებთან და რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის ნაწილებთან ერთად ბორის ელცინის შუამდგომლობით, ედუარდ შევარდნაძესა და ვლადისლავ არძინბას შორის სოჭში 27 ივლისს გაფორმებული თავდაუსხმელობის, ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ შეთანხმება ვერაგულად დაარღვიეს და აფხაზეთში პრაქტიკულად უიარაღოდ დარჩენილ ქართველ მებრძოლებზე იერიში მიიტანეს.

რუსეთის შუამავლობით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი და მძიმე ტექნიკა, აგრეთვე, საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან უნდა გასულიყო ქართული არმიის ჯავშანტექნიკა და არტილერია. აფხაზური ტექნიკის გაყვანაზე კონტროლი აფხაზეთში იმ დროისთვის დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა.

"ქართველებს ტექნიკა და მძიმე შეიარაღება ქალაქიდან გაჰყავდათ, ჩვენ კი კამერის წინ მხოლოდ ერთ ნაღმტყორცნს დავაგორებდით იქით-აქეთ და ამით ტექნიკის გაყვანის იმიტაციას ვქმნიდით", _ ნათქვამია აფხაზური მხარის მიერ შეთანხმების შესრულების შესახებ ერთ-ერთი დაქირავებული ბოევიკის მოგონებებში.

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ვინაიდან იმ დროისთვის, ქართული მხარის მიერ ზემოთ ნახსენები შეთანხმების ზედმიწევნით შესრულების გამო, ქართველი მებრძოლები განიარაღებულნი იყვნენ და სოხუმიდან, მისი შემოგარენიდან და აფხაზეთის თითქმის ყველა რაიონიდან საბრძოლო ტექნიკა გაყვანილი იყო.

27 სექტემბერს მტერმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა აფხაზეთის დედაქალაქზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან. სოხუმის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მტერმა თითქმის მთელი აფხაზეთის ტერიტორია დაიკავა. სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები, რომლებმაც გაქცევაზე უარი განაცხადეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და იგი ომში გადაიზარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა "აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა ვლადისლავ არძინბასთან 11 აგვისტოს მიღებული შეთანხმებით გადაწყდა, თუმცა "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. საომარ მოქმედებებში ავიაცია, არტილერია და ტანკები ჩაერთო. აფხაზური მხარის გაღიზიანება რკინიგზის დაცვის მიზნით რეგიონში საქართველოს მილიციის შეყვანამ განაპირობა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

1993 წლის მარტის პირველ რიცხვებში სომხური ორგანიზაციების, "კრინკისა" და "მაშტოცის" ინიციატივით, აფხაზეთში მარშალ ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი შეიქმნა. ბატალიონი ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა გენოციდში. ბატალიონში 500-ზე მეტი მებრძოლი ირიცხებოდა. ბატალიონის მეთაური იყო ვაგარშაკ არამის ძე კისიანი. სომხური ბატალიონი ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდა.

საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ დაქირავებულები სირიიდან, იორდანიიდან, თურქეთიდან, დნესტრისპირეთიდან, ყარაბაღიდან. გარდა ამისა, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 345-ე სადესანტო პოლკი, გუდაუთაში დისლოცირებული სამხედრო-საჰაერო ძალების ესკადრილია, ოჩამჩირესა და გუმისთაზე დისლოცირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონები. ბრძოლების დროს მოწინააღმდეგეს ეხმარებოდნენ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები.

1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქიტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა - 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ათასი ადამიანია დევნილი.

აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე, სტატისტიკური მონაცემებით, სულ დაღუპულია 3 368 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არაქართველი ეროვნების 218 ადამიანია: 99 რუსი, 35 სომეხი, 23 უკრაინელი, 22 ბერძენი, 18 ებრაელი, 15 აფხაზი, 4 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი და 1 მოლდაველი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. დანარჩენი 3 150 ეროვნებით ქართველია.

გაგრა და გაგრის რაიონი - წამებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული და დახვრეტილია სულ 366 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ყველაზე ასაკოვანი 99 წლისაა, ყველაზე მცირეწლოვანი კი 12 წლის.

გაგრასა და გაგრის რაიონში დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეებიდან _ დაღუპულია 16 არაქართველი ეროვნების მოქალაქე. მათ შორის 8 რუსი, 4 სომეხი, 2 უკრაინელი, 1 აფხაზი და 1 აზერბაიჯანელი. დანარჩენი 350 მშვიდობიანი მოქალაქე ქართველები არიან. გაგრისა და გაგრის რაიონის მშვდობიანი მოქალაქეების აბსოლურური მრავლესობა სასტიკი წამებითაა მოკლული ან ადგილზე დახვრეტილი.

გუდაუთა და გუდაუთის რაიონი - 107 მშვიდობიანი მოქალაქე. ყველაზე ასაკოვანი 90 წლის, ახალგახრდა _ 21 წლის. დახვრეტილი 107 მშვიდობიანი მოქალაქიდან 1 რუსი ეროვნებისაა, 4 ებრაელი დანარჩენი 102 ქართველია.

სოხუმის რაიონი - 331 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 86 წლის ყველაზე მცირეწლოვანი 3 წლის. დახვრეტილი 331 მშვიდობიანი მოქალაქიდან 11 ბერძენია, 9 რუსი, 4 სომეხი, 3 უკრაინელი, 1 აფხაზი და 1 ებრაელი ეროვნები ადამიანია. დანარჩენი 302 ქართველია.

ქალაქი სოხუმი - 856 მშვიდობიანი მოქალაქე მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 99 წლის, მცირეწლოვანი 12 წლის. სოხუმის 856 მშვიდობიან მოქალაქეთაგან ქართველთა მიმართ თანაგრძნობისთვის აფხაზი და რუსი და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების მიერ მოკლულია 57 რუსი ეროვნების მოქალაქე, 20 სომეხი, 14 უკრაინელი, 10 აფხაზი, 9 ბერძენი, 7 ებრაელი და 2 აზერბაიჯანელი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. დანარჩენი - 737 მოკლული ქართველია.

გულრიფშის რაიონი - 549 მშვიდობიანი მოქალაქე. ყველაზე ხნიერი 92 წლის, ახალგაზრდა - 3 წლის. გულრიფშის რაიონში აფხაზი სეპარატისტების ხელით მოკლულია 12 რუსი, 7 სომეხი, 2 ბერძენი, ორი უკრაინელი, 1 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი, 1 ებრაელი 1 მოლდაველი, დანარჩენი ქართველი.


ოჩამჩირე და ოჩამჩირის რაიონი - 325 მშვიდობიანი მოქალაქე , მათ შორის ყველაზე ხნიერი 80 წლის, ახალგაზრდა - 7 წლის. ოჩამჩირის რაიონში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთაგან 7 რუსია, 4 ებრაელი, 2 აფხაზი და 1 უკრაინელი, დანარჩენი ქართველი.

ქალაქი ტყვარჩელი - 22. მათ შორის ყველაზე ხნიერი 72 წლის, ყველაზე ახალგაზრდა 33 წლის. აქ დაღუპულია 1 რუსი ეროვნები მოქალაქე - დანარჩენი ქართველი.

გალი და გალის რაიონი -337 მშვიდობიანი მოქალაქე , მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 88 წლის ყველაზე ახალგაზრდა _ 8 წლის. აქ დაღუპულია 4 რუსი, 1 აფხაზი, 1 ებრაელი და 1 უკრაინელი დანარჩენი _ ქართველი.

რუსეთი

რუსეთის ჯარების ნაწილები, რომლებიც რუსეთს საკავშირო შეიარაღებული ძალების გადანაწილების შედეგად ერგო, კონფლიქტის დაწყების დღიდანვე აფხაზურ ფორმირებებს არაოფიციალურად გვერდში ედგნენ და ყველა შესაძლო დახმარებას უწევდნენ. მეტიც, თვითმხილველთა და საქართველოს ოფიციალურ პირთა დაბეჯითებული მტკიცებით, სოხუმზე შტურმი გუდაუთაში დაბანაკებულმა რუსეთის არმიის 345-ე საჰაერო-სადესანტო ბატალიონმა დაიწყო.

მთელი ომის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ უახლესი სამხედრო ტექნიკა, ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა, რომელიც დიდძალი ფოტო- და ვიდეომასალის, ასევე თვითმხილველთა მტკიცებით, რუსეთის არმიის კუთვნილება იყო, აფხაზებს კი მსგავსი შეიარაღება არასოდეს ჰქონიათ.

უამრავი დადასრურებული ფაქტებით, სწორედ რუსეთის თვითმფრინავები ბომბავდნენ ქართველების პოზიციებს, რუსული საზღვაო ფლოტი კი დესანტის გადასხმას უზრუნველყოფდა.

მთიდან ჩამოსულ დაქირავებულებს, რომლებისთვის ფულის გადახდის საშუალება არავის ჰქონდა, მოროდიორობის უფლება მისცეს. ეთნოწმენდის საშინელმა ტალღამ გადაუარა მაშინ აფხაზეთს _ არ ინდობდნენ არც ქალებს და არც ჩვილებს. გამოჭრილი ყელიდან ქართველს ენას უღებდნენ და გულმკერდზე აფენდნენ _ ამ პროცედურას "კოლუმბიური ჰალსტუხები" ეწოდებოდა. ვიდრე რუსეთის თვითმფრინავები აფხაზეთს ბომბავდნენ, აფხაზები და ჩრდილოკავკასიელები ქართველთა გვამებზე "კოლუმბიური ჰალტუხების" შეკვრით იყვნენ დაკავებულნი.

ფოტოები: მაიკ გოლდვოტერი




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%