"სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს იმ ადამიანების პოვნა, ვინც აფგან მუხტარლის უთვალთვალებდა", - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ გამორიცხული არ არის მათ ხელს აფარებენ.
”სოციალური ქსელის საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ ამ ხალხის ამოცნობა. მანამდე ჩვენ ეს ფოტოები გადავაგზავნეთ პროკურატურაში. გუშინ დამირეკა გამომძიებელმა ირაკლი აბულაძემ და მე ვკითხე მას ამ ფოტოების შესახებ, რომელმაც მიპასუხა, რომ მათ ვერ შეძლეს ამოცნობა. მე ვუთხარი, რომ ჩვენ თავად მოვახერხეთ მათი ამოცნობა. ამის შემდეგ დამიბარეს პროკურატურაში.
ეს პირები უკვე ბაქოში იმყოფებიან და ორივე აზერბაიჯანელია", - განაცხადა მუსტაფაევამ.
ცნობისთვის, ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
მათ 19 სექტემბერს იმ პირების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის მეგობარს - დაშგინ აღალარლის გატაცებამდე უთვალთვალებდნენ.