ENG / RUS       12+

მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის დასაბუთება ვერ შეძლო - პაატა მეხრიშვილი

რესპოდენტის შესახებ

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს განაჩენი ჩაბარდათ. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“  საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მტკიცებულებების აღწერილობა დაამახინჯა.

_ განაჩენი ვერანაირ ობიექტურ კრიტიკას უძლებს, ის საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინაროებს. მოსამართლე დაცვის არგუმენტებზე საერთოდ არც მსჯელობს. როგორც ვვარაუდობდით, განაჩენი ცალმხრივი, მიკერძოებული, ყოველგვარ სამართლებრივ მსჯელობას, ფაქტობრივ ლოგიკას მოწყვეტილია. მტკიცებულებების აღწერილობაც კი დამახინჯებულად აქვს გამოყენებული. მოტივაცია, თუ რატომ მივიდა მოსამართლე ამ დასკვნამდე, ესეც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

 მოსამართლეს მოტივაციაში ამოკრეფილი აქვს ის ნაწილები, რითიც გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთება შეიძლებოდა გაემართლებინა. შინაარსი სრულად რომ გაეანალიზებინა და დაპირისპირებოდა მტკიცებულებების იმ ნაწილს, რაც მამალაძის სასარგებლოდ მეტყველებდა, განაჩენს ვერ დაასაბუთებდა. სწორედ, ამის გამო,  დამახინჯებუბული ფორმით ის ნაწილები ამოკრიფა, რითიც გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებას შეეცადა. თუმცა,  ესეც სრულყოფილი და სრულფასოვანი არ არის. ამით განაჩენის დასაბუთება მაინც ვერ შეძლო. აღწერილობით  ნაწილში მოსამართლემ ზუსტად  არ გადმოსცა გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსი, როგორც მოწმეთა ჩვენები, ასევე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის შიანაარი.

__ სამოტივაციო ნაწილში რაზე არის საუბარი?

_ მოსამართლე პირდაპირ შეეცადა გამამატყუნებელი განაჩენის არსებობა გაემართლებინა. როგორც იცით, მოსამართლემ განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობას ანგარებით არ ამზადებდა და თურმე, ამ მკვლელობის მომზადების მოტივი შურისძიება იყო. დეკანოზი გიორგი მამალაძე  ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს, თუმცა, იმავდროულად დაინიშნა ამავე სამსახურის უფროსის მოადგილედ. ის ასევე, საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის დირექტორად დანიშნეს. თურმე, მამალაძის განაწყენების მიზეზი ეს ყოფილა, შურისძიებაც ამან წარმოშვა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაც ამან გადააწყვეტინა.  

ეს სრული აბსურდია, რადგან მოადგილედ დარჩენის შემთხვევაში, მას მენეჯმენტის განხორციელების ბერკეტები სრულად დარჩა. გარდა ამისა, ის იმავდროულად დაინიშნა სამედიცინო ცენტრის დირექტორად. მამალაძეს თანამდებობრივი წინსვლის არანაირი სურვილი და ამისკენ სწრაფვა არ ჰქონდა.  ეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის მიერ მიცემული ჩვენებითაც დასტურდება. მას მამა გიორგიმ  სთხოვა, რომ აჭარის ეპარქიაში დაებრუნებინა, რადგან ამ თანამდებობაზე დარჩენის სურვილი აღარ ჰქონდა, მას როგორც მოძღვარს, სულიერი ცხოვრების გაგრძელება სურდა. თუმცა, მეუფე პეტრემ, დეკანოზს უთხრა, სჯობდა იმ ეტაპზე თანამდებობაზე დარჩენილიყო, რადგან ეს პატრიაქრის ღალატი იქნებოდა. მოგეხსენებათ, სწორედ პატრიარქს ჰქონდა მამალაძის ამ სამსახურის დირექტორად დანიშვნის გადაწყვეტილება მიღებული.

ამას გარდა, ბრალდების მხარის მტკიცებულებებში დევს განცხადება, რომელშიც დეკანოზი პატრიარქს განცხადებით მიმართავს, გთხოვთ, სამედიცინო ცენტრის დირექტორობის თანამდებობიდან გამათავისუფლოთო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ ყველაფერს დაუპირისპირდება, არ არსებობს.  აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შორენა თეთრუაშვილის „მარილზე გაშვების“ ეპიზოდი მოსამართლეს სასჯელში როგორც განზრახვის არსებობა, ისე აქვს გამოყენებული,  რაც აბსოლუტურად კონეტქსტიდაან ამოგლეჯილია. როგორც ბრალდების მხარემ გაასაჯაროვა კონტექსტიდან ამოგლეჯილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ისე მოიყვანა მოსამართლემაც ის სამოტივაციო ნაწილში.

__ როდის გაასაჩივრებთ განაჩენს?

_ დაახლოებით, ერთ კვირაში სააპელაციო საჩივარი მზად გვექნება და სასამართლოში შევიტანთ.

__ რა მოლოდინი გაქვთ ადვოკატებს და როგორი განწყობითაა დეკანოზი?

_ გარკვეულწილად, იმედგაცრუება არსებობს, რადგან პირველი ისტანციის სასამართლომ მიკერძოებული და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმედგაცრუება როგორც დეკანოზს, ასევე, დაცვის მხარესაც გვაქვს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო, ამ შემთხვევაში უკვე სამი მოსამართლის შემადგენლობით, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ საქმეს ქვეყნის შიგნით კიდევ ორი ისტანცია აქვს გასავლელი. დარწმუნებული ვარ, ქართულ მართლმსაჯულებას შესწვეს უნარი, საბოლო ჯამში ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც ეს საქმე, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებები იმსახურებს.

ესაუბრა ეკა ლემონჯავა „ჯი-ეიჩ-ენ-ი“

 

 

ავტორი: . .