თარიღი    დრო

როდის შეაგინებს ვანო მიშას?

საქართველო, თბილისი - 12:21 09.18.2017 3045

„სანამ დედა არ შემაგინა, მანამდე ციხიდან არ გამოუშვესო“ - თქვა მიშა სააკაშვილმა - გიგი უგულავაზე, როდესაც მის გახმაურებულ „ჯართში ჩაბარებას“ აკომენტარებდა. უფრო ზუსტად კი იმ „წერილს ციხიდან“,  რამაც ყოფილ მმართველ პარტიაში არსებული განხეთქილება გაამჟღავნა.

ეს განხეთქილება რომ არა სიტუაციური, არამედ ღრმა მიზეზებით იყო განპირობებული, გასული კვირის მოვლენებმაც დაადასტურა, როცა ჯერ ნიკა მელიამ „დააბრეხვა სიმართლე“ დავით კეზერაშვილის „ყაჩაღობაზე“, შემდეგ მიშამ გააჟღერა უცნაური ფრაზა: „ჩემს სპეცსამსახურებს კატეგორიულად ავუკრძალე პირადი ცხოვრების ჩაწერაო...“.

ზოგადად, ქართველ პოლიტიკოსთა  ერთ-ერთი თვისებაა:  ჰგონიათ, ამ ქვეყანაში არა მხოლოდ „ხალხს“, არამედ საერთოდ ყველას  „ერთდღიანი მეხსიერება“ აქვს და არა მხოლოდ მოვლენები აღარ ახსოვთ, ან, მით უმეტეს, პროცესები, არამედ მათივე  გამონათქვამებიც.

სწორედ ამ თემაზე საუბრისას, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თითქოს იგივე თქვა („ავუკრძალეო“) მაგრამ „ცოტა“ სხვა ინტერპრეტაციით: „მომიტანეს, მაჩვენეს ჩანაწერები.......მათ შორის იყო ინტიმური ცხოვრების ვიდეოები და მე მათი ჩვენება (!) ავკრძალე, რაკი ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემააო“.

დავაკვირდეთ:  მაშინ ის კი არ უთქვამს, „ჩაწერა ავკრძალეო“, არამედ „ჩვენება ავუკრძალეო“. და, მართლაც, არსად, არასდროს, სააკაშვილის მმართველობისას ეს ჩანაწერები არ გამოჩენილა. „გამოჩნდა“ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ფაქტია; ხოლო „ფაქტი ჯიუტია“ იმის მიუხედავადაც კი, რომ მისი ინტერპრეტირება ათასნაირად შეიძლება. „წინა რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენო“ ისეთივე დემაგოგიური ინტერპრეტაციაა, როგორც „მაშინ არ ავრცელებდნენ, მაგრამ ფარულად იყენებდნენ ოპოზიციურ ფიგურათა დასაშანტაჟებლად“ ან „ოცნება ავრცელებს, რაკი ხელში ჩაუვარდათ“ და ა.შ.  გარკვევით რაიმეს თქმა ძნელია.

იმ გრანდიოზული „ინტიმური არქივის“ უდიდესი ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის შსს მინისტრობისას განადგურდა. ოღონდ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს აქვე, რომ განადგურდა არა მთლიანად ყველაპირადი ჩანაწერი“, არამედ მხოლოდ სექსუალური ხასიათის ჩანაწერები! თუმცა დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს არავის არსად არანაირი „ქოფი“ არ გაუკეთებია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავუბრუნდეთ ისევ სააკაშვილის უცნაურ განცხადებას, რასაც „ინტიმური თვალთვალით დაზარალებულთა“ ბუნებრივი აღშფოთება მოჰყვა: „ასეთი უტიფრობა  უბრალოდ გადასარევიაო“.

მიშას უარდინგი თითქოს სხვა თემაზეა, მაგრამ „ფაზლის“ სიზუსტით თავსდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის დაპირისპირებაში. ოღონდ, ამჯერად, არა დავით კეზერაშვილის, არამედ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგაა მიმართული და, რაც მთავარია, ეს პირველი შემთხვევა როდია: თუ გახსოვთ, მიშამ ჯერ კიდევ შარშან გააკეთა კომენტარი „ინტიმური ვიდეოების“ თემაზე და თქვა: „ვინც ეს დაუშვა, იმის ადგილი ჩვენს გუნდში არ იქნებაო“.

ათასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას: აქ სწორედ  ვანო მერაბიშვილი იგულისხმებოდა, რასაც იმავე გუნდის მეორე წევრის, მიხეილ მაჭავარიანის აღრენილი რეაქცია მოჰყვა ერთ-ერთ ეთერში: „სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რა განცხადებებს აკეთებს იქედანო“.

ამის შემდეგ იყო დაშლა-გაყოფა და „ნაციონალთა“ ექს-ელიტის განცალკევება. ოთო კახიძემ ამას წინათ თქვა: „ჩვენ ვართ ნამდვილი ნაციონალური მოძრაობაო“. კომიკურია, რომ ზუსტად იგივეს ამბობს მისი „მარადი ოპონენტი“ ნინო ბურჯანაძეც: „სწორედ ბოკერია-მერაბიშვილის ფრთაა ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა“.

აქვე: ოთო კახიძემ იმავე ინტერვიუში მეორე საინტერესო განცხადებაც გააჟღერა: სააკაშვილმა, უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, ავტომატურად (!) დაკარგაო საქართველოს მოქალაქეობა“.

დღემდე, „ნაციონალები“ გვიმტკიცებდნენ და თვით სააკაშვილიც ასე ამბობს, რომ „ავტომატურად“ კი არ დაკარგა, არამედ „მარგველაშვილმა ჩამოართვა ივანიშვილის დავალებით“.

სხვათა შორის, როდესაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ჰკითხეს, დღეს მაინც თუ აპირებს წინამორბედისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას, მან უპასუხა: „არ მოუმართავს ამგვარი თხოვნითო“. არც მიმართავს, რადგან ერთადერთი, რაც მიშას მყარად და იურიდიულად იცავს საქართველოში ექსტრადირებისაგან, არის უკრაინული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც პირდაპირ კრძალავს არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქის, არამედ მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადირებას. ხოლო  მიშა, გარეგნული „მოგიჟიანების“ მიუხედავად,  საკმარისად ჭკვიანია, ასევე საკმარისად ფრთხილია, - ამ ნორმის არსებობის შესახებ მანამდე სცოდნოდა, სანამ პოლონეთ-უკრაინის საზღვარს მკერდმოღეღილი მიადგებოდა.

მას რომ დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოქალაქეობა დაუბრუნოს, მხოლოდ და სწორედ ამ შემთხვევაში უქმდება ხსენებული „იურიდიული ჯებირი“, რაც თბილისში ექსტრადირებისაგან იცავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, ოთო კახიძის ეს განცხადება (მოქალაქეობის „ავტომატურად დაკარგვის“ შესახებ) იმ თვალსაზრისითაა საინტერესო, თუ რამდენად გააფთრებულია წინასაარჩევნო დაპირისპირება ამ ორ ფრაქციას შორის, როდესაც თბილისში მეორე და მესამე ადგილები უნდა გაირკვეს და ასე „დალაგდეს“ მომავალი პოზიციები ქართულ პოლიტიკურ პლატფორმაზე.

კახი კალაძესთან რომ ზალიკო უდუმაშვილი ნამდვილად წააგებს, ამას არ ნაღვლობს „ნაციონალთა“ ახალი ელიტა - იმას ნაღვლობენ, ვაითუ ხოშტარიასთან წავაგოთო და ამიტომაც „უთხრით ნერვებს“ კეზერაშვილის „არაკორუმპირებული მილიონები“...... სულ რაღაც ორი წლის წინანდელ ერთობლივ ნარატივზეც ამბობენ უარს: „სააკაშვილს ბიძინამ უსაფუძვლოდ ჩამოართვა მოქალაქეობაო“.

სწორედ ამ დაპირისპირებაში, ვანო მერაბიშვილის „მრისხანე დუმილი“ მიშას ძალიან აფიქრებს: მერაბიშვილი „ზის“, ზის მყარად, მაგრამ მიშას გუნდში უკვე აღარ მოიაზრება - უფრო გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას თანაგუნდელია: ძალიან უნდოდათ მისი შენარჩუნება „ახლებს“, გენერალური მდივნის პოსტიც დაუბევეს, მაგრამ ციხიდან შემოთვალა: თანხმობა არ განმიცხადებია და რა თანამდებობებზე მნიშნავთ, გაუგებარიაო.

თუმცა, მეორეს მხრივ, არც მიშას საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს ჯერ-ჯერობით. არადა, ყველამ („ოცნებიდან“ - „ნაციონალთა“ ორივე ფრაქციამდე) იცის: თუ ვანომ „მომენტი გაარტყა“, ანუ ზუსტად შეარჩია დრო დიდხანს ნაგროვების გადმოსაფრქვევად, ეს სერიოზული დარტყმა გახდება „ნაციონალური მოძრაობისათვის“. აი,  სწორედ ამითაა განპირობებული (და მიშასთან ნამდვილად შეთანხმებული) „დარტყმა“ კეზერაშვილზე; ასევე ქარაგმული შეტევა თვით მერაბიშვილზეც: „მე კი ავუკრძალე „ინტიმური ვიდეოების“ გადაღება, მაგრამ მაინც არ დაიშალაო“.

მომავალი  არჩევნების მთავარი ინტრიგა, სინამდვილეში, ის კი არ არის, „მოვა“ თუ არა  გუგავა, არამედ ვინ უფრო წარმატებულად გამოვა თბილისში „ნაციონალთა“ ორ ფრთას შორის. ახლა სწორედ ეს აღელვებთ ბევრად მეტად, ვიდრე კახი კალაძის და „ოცნების“ პერსპექტივები.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის „გადასვლას“, ბზარი მიშასთან ურთიერთობაში მაშინ გაჩნდა, როდესაც სააკაშვილი მის კორპორატიულ ავტორიტეტს შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროში, - ორ გახმაურებულ ქეისთან დაკავშირებით: პირველი იყო ნინო ბურჯანაძის შვილის გათავისუფლება 26 მაისის ღამით, უკვე მიტინგის დარბევის, ანუ მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა „ანზორიკო“  დააკავეს ცნობილი ეპიზოდის გამო და მეორე: „შპიონაჟში“ არამზადულ-გაიძვერულად დადანაშაულებული ფოტოგრაფების „გამოშვება“, რომელთა კრიმინალი, სინამდვილეში, მხოლოდ ის იყო, რომ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის მიერ, სამსახურეობრივი პოზიციების გამოყენებით გადაღებული სენსაციური კადრები გაავრცელეს მსოფლიოში.

მაგრამ რაკი ამის პირდაპირ თქმა „ვანოს ბიჭებს“ არ აწყობდათ, მოიგონეს ათასი სისულელე - „შპიონაჟის“ დასადასტურებლად.

ორივეჯერ, მიშა მოქმედებდა პრაგმატულად -  „ევროპული კრიტიკის“ თავიდან აცილების მოსაზრებებით, მაგრამ ვანოს იმ დროს უკვე ლამის მართლა „სახელმწიფოს ხერხემალი“ ეგონა თავი და ასეთ არაკოლეგიურობას არ აპატიებდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დაპატიმრების შემდეგ მისი ეს წყენა კიდევ უფრო გაძლიერდა. იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანაგუნდელი, შოთა უტიაშვილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო პირველი (ჩერგოლეიშვილსაც კი დაასწრო) ვინც მიშას „დაარტყა“ და ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაც გააკეთა ერთ-ერთ ინტერვიუში: პრეზიდენტ სააკაშვილის ნაკარნახევი ყველა უკანდახევა და კომპრომისი ძალიან ძვირად დაგვიჯდაო.

ზუსტად ამ ეპიზოდებს გულისხმობდა, რაკი „ფოტოგრაფების საქმეში“ თავიდან ბოლომდე იყო ჩართული, როგორც შსს-ს მთავარი  „პიარი“.

რა გამოვა ამ შიდანაციონალური „კლინჩიდან“, როდის ჩაერთვება, ან საერთოდ ჩაერთვება თუ არა მასში ვანო, იტყვის თუ არა იგივეს, რაც თქვა გიგიმ, ანუ „შეაგინებს თუ არა მიშას“, ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ის კი სრული დარწმუნებით შეიძლება თქვას, რომ ელენე ხოშტარიას დამარცხება „ევროპული საქართველოს“ დასასრული არ იქნება - ისინი მაინც შეინარჩუნებენ შანსს, იქცნენ „რესპუბლიკელები-2“-ად ზუსტად ისეთივე პროდასავლური ფუნქციით......აი, ზალიკო უდუმაშვილის დამარცხება კი, მის ნამდვილ მეტოქესთან (იმავე ხოშტარიასთან) საბოლოოდ დაუსვამს წერტილს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიას სრულფასოვან ხელისუფლებაში დაბრუნებაზე.

 

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი"




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%