თარიღი    დრო

„კეზერა“ და მისი „ბრატები“

საქართველო, თბილისი - 13:05 09.14.2017 4790

ნიკა მელიას „მოულოდნელმა“ განცხადებამ ახლო წარსულში „ნაციონალთა“ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ყოფილი მმართველი პარტიის ორივე ფრაქციაში დიდი აურზაური გამოიწვია. არადა, „მოულოდნელი“, სინამდვილეში, ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.

ჯერ ერთი, რამდენიმე თვის წინ, როდესაც რუსულ სპეცსამსახურებს დაქვემდებარებულმა უკრაინულმა პორტალმა გამოაქვეყნა სააკაშვილის სატელეფონო საუბრის „დეშიფრი“, მიშა - კეზერაშვილს უკვე ძალიან ცუდად მოიხსენიებდა. მეორეც, „ნაციონალებს“ არ შეიძლება არ აღიზიანებდეთ კეზერაშვილის დაახლოება უგულავა-ბოკერიას ფრაქციასთან და, შესაბამისად, ამ ფრაქციის დაფინანსებაც. მით უმეტეს მუნიციპალური არჩევნების წინ და მათი „კანდიდატი-ზალიკოს“ მეტისმეტად უღიმღამო კამპანიის ფონზე. ზალიკო - ხოშტარიასთან ნამდვილად არ წააგებს, მაგრამ ელენე ხოშტარია მას ხმებს ართმევს და „ნაციონალთა“ მერობის კანდიდატმა შესაძლოა სხვა კანდიდატთან წააგოს ძალიან მწარედ.  მეორე ადგილზე ან მეორე ტურზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია.

გარდა ამისა, მართლა რაღაც უცნაურად დაემთხვა ამ ყოველივეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც კეზერაშვილი მთლიანად გამართლდა, ანუ ახლა „ჩიტივით თავისუფალია“. ისედაც თავისუფალი იყო, რაკი ევროპულმა სასამართლომ მისი არც ერთი ბრალი არ აღიარა, მაგრამ დღეს მით უმეტეს.

როგორც ჩანს, სხვა საქმეებსაც იგივე ბედი ელის. ეს ბიჭი (ისევე, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი და მიშას სხვა „რევოლუციური აღმოჩენები“) საკმარისად ჭკვიანია, რათა იურიდიული სამხილი მართლა არ დაეტოვებინა. ამიტომ მის წინააღმდეგ თბილისში აღძრულ ნებისმიერ ქეისზე ლონდონისა და პარიზის სასამართლო აუცილებლად იტყვიან: „თითიდან გამოწოვილი“ და „პოლიტიკურად ნაკარნახევიაო“.

აქვე უნდა ითქვას, რომ რაკი კეზერაშვილი „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს, ეს უდავოდ ნიშნავს მის „განუშორებელ“ ინტერესს საქართველოსა და ქართული პოლიტიკისადმი. თავის მხრივ ამგვარი  მოტივაცია ორი „ინტიმით“ შეიძლება იყოს ნაკარნახევი: საქართველოს უჭკნობი სიყვარულით („სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ......“) და/ან „იდუმალი ბიზნესებით“, რომელიც დარჩა და ჯერ არ გაუყიდია, - ერთგულ „საძმოზე“ გადააფორმა, თუმცა „ნაცრისფრად“ მაინც მისია. ლეგალური ბიზნესი კი ძალიან ჭკვიანურად გაყიდა „მაშინვე“. თუმცა, ამის თაობაზე  ქვემოთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ნიკა მელიას „აფეთქება“ ნაციონალურ ელიტასთან შეთანხმებულს არ ჰყავს, მაგრამ აშკარად ნალაპარაკებია“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მელიამ - „დიანას ეთერში“ გააჟღერა ის, რაც გუნდის შიგნით „ნალაპარაკები იყო“, თუმცა „გასაჟღერებლად“ შეთანხმებული შეიძლება არც ყოფილიყო. „ნალაპარაკები“ და „შეთანხმებული“ კი ერთი და იგივე არ არის. მით უმეტეს საქართველოში. სწორედ ამით აიხსნება იმავე გუნდის წევრთა დაბნეული რეაქციები რეფრენით: „კიიი მაგრამ.....ახლა ამის დრო იყოოოოო......?“

მეორე მხარეს უკვე ვულკანივით იფრქვევა მარადი ქართული: „ახლა გაგახსენდათ? („გაახსენდათ“)........აააა ახლა აღარ მოგწონთ?........ახლაღა დაინახეთ?................ახლა მიხვდით.............? და თქვენი პრეზიდენტი რომ გვერდიდან არ იშორებდა, საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავდა ამ ბანდიტსა და მძარცველს?.........“

არადა, ნიკა მელიას განცხადება ექსპრომტსაც არ ჰგავდა - მისი აზრით „ახლა მიხვდით?“ ნარატივი პარტიას არჩევნების წინ იმაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე კეზერაშვილზე გაჩუმება მაშინ, როდესაც ეს „ბანდიტი და მძარცველი“ ხმებს ართმევთ ადგილობრივ არჩევნებზე - მეორე ფრაქციის დაფინანსებით.

უფრო ღრმად თუ ჩავხედავთ, „ნაციონალთა“ ამგვარი ტაქტიკა სიბრიყვემდე წინააღმდეგობრივია: არ შეიძლება მერობის კანდიდატად წამოაყენო ფიგურა, ვისი მთავარი ღირსებაც „არავის არ გაღიზიანებაა“, ესე იგი კონსტრუქციულობაზე გააკეთო აქცენტი და, ამავე დროს, კონკურენტების წინააღმდეგ „შავი  პიარიც“ ააგორო „მე დავაბრალე და იმან იმართლოს თავი“ სტილში. ანუ..... „ხალხმა ხომ იცის, ბანდიტია და უბრალოდ ვთქვი ის, რაც ხალხს ისედაც სჯერა“.

..........................................

თვით დათო კეზერაშვილის ბიოგრაფია კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაციაა, რომ ნებისმიერ რევოლუციას მოჰყვება „ქაფი“, რომლისგანაც იგი მერე ვერ იწმინდება ან თუ იწმინდება, მხოლოდ სისხლით! ესაა წესი გამონაკლისის გარეშე, რასაც კაცობრიობის ისტორია ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს: 2003 წელს, მიშას სჭირდებოდაძველბიჭურ-ძალისმიერიდასაყრდენი. განსაკუთრებით თბილისში. დათო  კეზერაშვილი, მეტსახელად „კეზერა“ სერიოზული „საძმოს“ ლიდერი იყო. „ქუჩის კრიმინალი“ არა, მაგრამ აი „სვეცკი ძველ  ბიჭებს“ რომ უწოდებდნენ ოდესღაც.

შრომითი საქმიანობა  პირდაპირ საგადასახადოს უფროსობით დაიწყო. ისევ და ისევ: მერედა რა არის ამაში ახალი ან უცნაური? ყველა რევოლუციის შემდეგ ასე ხდებოდა: „ვიღაცეები“ იკავებდნენ უმაღლეს თანამდებობებს რევოლუციაში შეტანილი წვლილის საფასურად.

კომიკური ისტორიული პარადოქსია, რომ სწორედ „კეზერას“ მმართველობისას, „საგადასახადო“ მართლა გაიწმინდა კორუფციისგან, სამაგიეროდ  აივსო მისი „ნარკუშა ძმაკაცებით“.

შეგახსენებთ ფარულ ჩანაწერს, როგორ „ეძველბიჭებიან“ ერთმანეთს „საძმოს“ წევრები: „კეზერას ბრძანებაა......პოლიციაა თუ ქურდული პონტი ვერ გავიგეო......შენთან, იმენნა შენთან.......გამოვალ, გავიჩხიროთ............და ა.შ......“. 

სისტემურად, ამ კატეგორიის „არაკორუმპირებულობა“, რა თქმა უნდა,  სულელური ზღაპარია. თუ „გაილომკა“, ქრთამს კი არა ოჯახს გაყიდის, თუმცა „მყისიერი შედეგის“ მხრივ, დროებით.........თანაც  მაღალი ხელფასები და პრემიებიც ჰყოფნიდათ „წამლის ასაღებად“.

ასეა თუ ისე, ფაქტია: ბიუჯეტის შევსება სწორედ „კეზერასა“ და მისი „საძმოს“ დროს დაიწყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შემდეგ, როდესაც ოქრუაშვილმა გუნდიდან დროზე (და ასევე  ძალიან ჭკვიანურად) „გაასწრო“, მიშამ კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრად დანიშნა. სწორედ აქ გამომჟღავნდა, რომ „კეზერას“, ძველბიჭობის გარდა, კიდევ ორი ძალიან სასარგებლო ნიჭ-ფუნქცია ჰქონდა: ახერხებდა ჟურნალისტური კორპუსის „ხელზე მოჩვევას“ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ან მისგან გადმოსატყუებლად.......ხოლო  ეთნიკური წარმომავლობის გამოყენებით,  ძალზე შედეგიანად ააწყო ურთიერთობა ისრაელთან. ამით ქართულ არმიას სერიოზული შეიარაღებაც უშოვა. თანაც, არა მხოლოდ შეიარაღება: არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისრაელის არმიის შესანიშნავი ინსტრუქტორების საიდუმლოდ ჩამოყვანა საქართველოში და ქართველი სნაიპერების მომზადება ისრაელის ბაზებზე.  

შედეგად, ქართული არმიის „სნაიპერთა კორპუსი“  ისევე კვალიფიციური გახდა, როგორც არტილერია. ეს ორი საჯარისო ინსტიტუტი ყველაზე ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც „ხუთდღიანმა ომმა“ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა.

ომში კატასტროფული მარცხის შემდეგ, საპარლამენტო კომისიის“ (რასაკვირველია ბრჭყალებში) სხდომაზე მიშამ ასეთი რამ  თქვა: „კეზერაშვილი მუხლებში მივარდებოდა, ცხინვალის დაბომბვა დაგვანებეო“.  ამ ფრაზას „კეზერას“ აღრენილი რეაქცია მოჰყვა: „მუხლებში არავის ჩავვარდნილვარ არასდროსო“.

კეზერაშვილი მალევე გადადგა. ბუკვალურად ერთ წელიწადში კი მულტიმილიონერი აღმოჩნდა! აი მიშა რომ ამბობდა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დროს „ყანაში“, -  პირდაღებული ბოჩოლებისათვის: ჩემი გუნდის არც ერთ წევრს არ აღმოაჩნდება ისეთი ნიჭი, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გახდეს დიდი ბიზნესმენი, როცა ამას სხვები რატომღაც ვერ ახერხებენ....“

რეალურად „აღმოჩნდა“ ზუსტად ასე: კეზერაშვილი, ვისაც არსად არასდროს უმუშავია, არანაირი ბიზნესი არ ჰქონია  „საგადასახადოს“ უფროსობამდე, სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ „აღმოჩნდა“ ბიზნეს-გენია და „მოულოდნელად“ გახდა მულტიმილიონერი.

ზემოთხსენებულ „ხბოებს“ ეს მაშინ არ შეუნიშნავთ, რაკი მის მიერვე „დალაგებული“ მედია ასეთებს  „არ ამჩნევდა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც უკვე ითქვა, ევროპული სასამართლოები საქართველოს გენპროკურატურის ყველა ბრალდებას „ფეიკს“ უწოდებენ და მართლებიც არიან: კეზერაშვილს, ფორმალურად თუ მივუდგებით, არც არაფერი მოუპარავს. მაგრამ ევროპულ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ერთი მუხლი, რომლის ანალოგი არ მოიძევება საქართველოში. ესაა გავლენით ვაჭრობა“. ქართულად უფრო გასაგებია ნაცნობობით ვაჭრობა“.

კეზერაშვილი მულტიმილიონერი გახდა იმის წყალობით, რომ ძალიან ოსტატურად „ივაჭრა ნაცნობობით" თავის ახალ პარტნიორ, წარმოშობით ქართველ  ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან.

იაკობაშვილმაც იცოდა, ვისთან დაეჭირა  საქმე, რაკი „ორივე სამშობლო" აერთიანებდათ სეხნიებს.

„გალფი“ და სხვა აქტივები სწორედ ამგვარი „თანამშრომლობის“ შედეგია. ამის მეასედისთვის (!) საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კინაღამ ციხეში ჩასვეს და კიდევ უცნობია, შეძლებს თუ არა თავის დაძვრენას ბოლომდე. მას ბრალად სდებენ სწორედ „გავლენით ვაჭრობას“,  საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, -  ერთ-ერთი ფრანგი ბიზნესმენის სასარგებლოდ. მაგრამ საქართველოში (ვიმეორებ) ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს. ჩვენი სსკ-ის „ფილოსოფია“ იქითაა მომართული, რომ გადამდგარ კი არა, მოქმედ ჩინოსანს უნდა დაუმტკიცო დანაშაული, რაც „კეზერას“ ქეისში ძალიან ძნელია.

ისე.........ძალიან საინტერესო კითხვაა: მიშა სააკაშვილი „პირდაღებულ ბოჩოლებს“ რომ ნოტაციებს უკითხავდა 2003 წელს - „ჩემი გუნდის არც ერთ წევრს არ აღმოაჩნდეს ბიზნესის განსაკუთრებული ნიჭი გადადგომის მერე თორემ.....“ ვითომ არ იცოდა ქართულ კანონმდებლობაში არსებული ამ „ხვრელის“ შესახებ? რა, განა გაუჭირდებოდა „გავლენით ვაჭრობის“ მუხლის „ქოფი-ფეისტით“ გადმოტანა? მაგრამ არ გააკეთა. რატომ? იმიტომ, რომ „ბოჩოლების“ სასმენი რიტორიკა ერთია და გუნდში გავლენიან, ელიტურ ფიგურათა შენარჩუნების პოლიტიკური აუცილებლობა კიდევ სხვა!

ახლა უკვე გვიანაა: „კეზერამ“ კვლავ მიაგნო თავის ფუნქციას და მისი ერთგული „საძმოც“ არ გადახვეწილა აღთქმულ მიწაზე - უმეტესად ვაკე-ვერა-საბურთალოს შვილები არიან ყველანი: 1980-იანი წლების „უნივერსიტეტის ბაღისა“ და „ვერას ტრუბების“ ქურაში გამოზრდილ-გამობრძმედილი დაუვიწყარი პლეადის სოციალური, ფიზიკური, სულიერი და მენტალური   შთამომავალნი..........„სვეცკი ძველი ბიჭები“. აი, არც „შმოტკა“ რომ არ ეშლებოდათ, არც „დაჭრა“, არც გოგოებში „მარიაჟი“, „პლანაქეშობა“ თუ „წამლის ჩხერა“.

ნიკა იმნაიშვილი, ჯი-ეიჩ-ენი




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%