ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, გაიცემა თუ არა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებზე პრემია-დანამატები.
მისი თქმით, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ უწყებაზე - რომელიღაც უწყებამ უკვე გამოწერა უწყისი, რომელიღაც დღეს გამოწერს და რომელიღაც - ხვალ.
„ეს დამოკიდებულია კონკრეტულ უწყებაზე - რომელიღაც უწყებამ უკვე გამოწერა უწყისი, რომელიღაც დღეს გამოწერს და რომელიღაც - ხვალ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. უწყებების მიხედვით, ჯამურად ვფიქრობ, რომ გავალთ 3 მილიონზე ან შესაძლოა, ცოტა მეტზე გავიდეთ, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული უწყებებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს. ყველა უწყებამ მოახდინა აღრიცხვა იმ ადამიანების, ვინც იქ იყო, შესაბამისად, გაიცემა პრემიები და ეს ადამიანურად აუცილებლად დაუფასდებათ. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანურად იმის აღიარება, რაც ყველამ ერთად ვაღიარეთ, რომ მეხანძრე-მაშველი არის გმირი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.