ENG / RUS       12+

რა ელის მიშას?

„ადამიანი-სკანდალი“ თავის სტიქიაშია. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც, დემონსტრაციული და იოლად აღსაქმელი „ეპატაჟის“ მიუხედავად, სინამდვილეში, ჭკუა არ აკლია და არც არასდროს აკლდა (ასეთებს „ჭკვიან გიჟებს“ უწოდებენ), 10 სექტემბერს მორიგი, დიდი, „გლობალური სკანდალის“ მოწყობას გეგმავს. სულაც არაა გამორიცხული, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომის  მოლოდინიც კი გადაფაროს დასავლურ მედიასივრცეში.

და ეს უკვე მერამდენედ ხდება - შევარდნაძის სამთავრობო თათბირზე აფრიალებულ „საირმის ვილლათა“ ფოტოებიდან დაწყებული (სხვათა შორის, ის ვილლები ვისაც მაშინ ეკუთვნოდა, დღესაც იმათ ეკუთვნით) - 2008 წელს თეთრ სახლში გამართულ თათბირამდე, როდესაც სერიოზულად განიხილებოდა როკის გვირაბზე სარაკეტო დარტყმის, ანუ ორ ზესახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი ატომური ომის  სცენარი.

შემდეგ იყო უკვე გაუთავებელი სკანდალები უკრაინაში, რაც დაგვირგვინდა იუსტიციის მინისტრის საჯაროდ თავსლაფდასხმით, ამის გამო (ზუსტად ამის გამო!) მიშასათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით და, ფაქტიურად, ქვეყნიდან გაძევებით. როგორც ჩანს, პრეზიდენტ პოროშენკოს ჰგონია, რომ ამ უნიჭიერეს  პოლიტიკურ შოუმენს ასე იოლად მოიშორებს თავიდან. არადა, აშკარად ცდება!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაშ ასე: 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი, ევროპარლამენტის დეპუტატებთან და ტელეჟურნალისტთა ლეგიონთან ერთად მიადგება „კრაკოვეცის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე.

ამ „აქტისთვის“ იგი კარგა ხანს ემზადებოდა. წინასწარ პოსტერიც კი გაავრცელა ამერიკულ ბლოკბასტერ „გადარეული მაქსის“ სტილიზებით და წარწერით: „კრაკოვეცი. 10 09 2017. სააკაშვილი ბრუნდება!“.

საზღვრის მეორე მხარეს მიშას ელიან მისი მხარდამჭერები: ასეულობით ადამიანი აპირებს 9 სექტემბრიდან კარავი დასცეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან. შესაბამისად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც მიშას „დიდი მეგობარი“ არსენ ავაკოვი ხელმძღვანელობს, საზღვარზე სპეცდანიშნულების რაზმი გააგზავნა - ჯავშანტექნიკით.

საარმიო ქვედანაყოფთა დონბასის ფრონტიდან მოხსნა და „დასავლეთ მიმართულებაზე“ გადასროლა ჯერ, როგორც ჩანს, არ იგეგმება. თუმცა ვინ იცის.........

უკრაინის პარლამენტის წევრმა, ლიაშკომ, სხდომაზე განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი უკრაინაში „შემოიჭრება“, პირადად დახვრეტს მას ტაბელური იარაღიდან! მეორეს მხრივ, იმ ათასობით ადამიანს შორის, ვინც სააკაშვილის შესაგებებლად 10 სექტემბერს „კრაკოვეცზე“ გამგზავრებას და „კარვის ქალაქთან“ შეერთებას გეგმავს, არიან საპრეზიდენტო ბლოკ „პეტრო პოროშენკოს“ წევრები ზალიშჩუკი, ჩუმაკი, ნეიემი. ისინი, პირიქით, სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის შეწყვეტას და მის ქვეყანაში შემოშვებას მოითხოვენ, რაც რასაკვირველია, ამ ქვეყანაში არსებული კლინიკური მდგომარეობისა და მუდმივმოქმედი პოლიტიკური ცირკის მორიგი სახალისო წარმოდგენაა: „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრები იმ პოლიტიკოსის რეაბილიტაციას მოითხოვენ, ვინც იმავე პეტრე პოროშენკოს „ბანდიტსა და „ბიუჯეტის ვირთხას“ უწოდებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს ყოველივე გასაგებია. გაუგებარი, ჯერ-ჯერობით, ისაა, თვით სააკაშვილი რას ელის ამ აქციისაგან.

როგორც მრავალჯერ  ითქვა, მიშა შეიძლება კიდეც იყოს გიჟი, მაგრამ სულელი ნამდვილად არ არის. მან იცის, რომ მექანიზმი უკვე ისეა „მომართული“, ტალღა ისეა „აგორებული“, მისი უკან შებრუნება შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში უდიდესი, გამოუსწორებელი და აუნაზღაურებელი პოლიტიკური დანაკარგის გარეშე.

ანუ, თუ, მაგალითად, მრავალკვირიანი მზადების და წინასწარი „PR-გნიასის“ მიუხედავად, სააკაშვილი ბოლო მომენტში გადაიფიქრებს და საზღვარზე არ მივა, ეს იმდენად დიდ დარტყმას მიაყენებს მის იმიჯს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, რომ, შეიძლება ითქვას, მისი კარიერა საბოლოოდ დასრულდება.

ესე იგი, კრაკოვეცთან ის უკვე აუცილებლად უნდა მივიდეს. მერე? ვარიანტი სულ რამდენიმეა: მიშა გაუწოდებს პასპორტს უკრაინელ მესაზღვრეს, რომელიც წინასწარ იქნება, რასაკვირველია, „ინსტრუქტირებული“; პასპორტს გამოართმევენ, მერე ჩამოართმევენ და ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვიან.

ეს შედარებით „რბილი“ ვარიანტია, თუმცა სააკაშვილისთვის  არც თუ უპრობლემო, რადგან ასეთ შემთხვევაში საერთოდ პასპორტის გარეშე რჩება. პოლონეთში კი დაბრუნდება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, უსაბუთოდ მოგზაურობა მთელს მსოფლიოში უკვე შეუძლებელი იქნება. აქამდე ის პასპორტი მაინც ჰქონდა, რასაც ამერიკელი და ევროპელი მესაზღვრეები სცნობდნენ მიუხედავად მისი „ანულირებისა“. მაგრამ საერთოდ უპასპორტოდ მოგზაურობა ნამდვილად  შეუძლებელი გახდება. მაშინ იძულებული იქნება  აიღოს „აპატრიდის“ საბუთი (და ამით საერთაშორისო „ბომჟებს“ გაუტოლდეს) ან მიიღოს რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, რაკი ამტკიცებს, თითქოს რამდენიმე ქვეყანამ შესთავაზა მოქალაქეობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორე სცენარი თითქოს უფრო მძიმეა: სააკაშვილს საზღვარზევე აკავებენ საქართველოს მოთხოვნით და იწყებენ თბილისში მისი ექსტრადირების პროცედურას. თეორიულად სრულიად შესაძლებელი ვარიანტია. თუმცა ბევრ პოლიტიკურ პრობლემას უკავშირდება როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ხელისუფალთათვის.

განსაკუთრებით არაკომფორტულ სიტუაციაში (მით უმეტეს არჩევნების წინ!) „ოცნების ხელისუფლება“ აღმოჩნდება. მას არაფრის დიდებით არ აძლევს ხელს სააკაშვილი - „მატროსოვზე“. ეს არა უბრალოდ „აუტკივარი თავის ატკივებაა“, არამედ სერიოზული პოლიტიკური რისკიც.

ბუნებრივია, თუ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჩასვამენ, მისი მომხრეები დაიწყებენ აქციებს, გამოსვლებს, მოაწყობენ პიკეტებს ციხესთან....ხოლო მოწინააღმდეგეები ასეთივე აქციებს ვერ ააგორებენ, რადგან ეს საქართველოში დამკვიდრებულ კულტურას ეწინააღმდეგება და ცუდ ტონად ითვლება ადამიანის ციხეში განმწესება საჯაროდ იზეიმო ან „გააპრავო“ - რაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი.

დასავლეთი ამ საქმეს მაშინვე გამოაცხადებს „პოლიტიკურად“, მიშასთან საკანში შესვლას მოითხოვენ ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩები, ევროპარლამენტარები და ა.შ და ა.შ.........

სასამართლო სხდომები „მიშას საქმეებზე“ ჯერ დასრულებული არ არის. იგი დაუსწრებლად დააპატიმრა თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ იმიტომ, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა. თანაც (დავაკვირდეთ ამ მომენტს) სააკაშვილმა იცის, რომ ამჟამად სწორედ ის პროცესია გადამწყვეტ სტადიაში შესული, რომელიც ე.წ „კოსტიუმებს“ ეხება და არა 26 მაისის მიტინგის უსასტიკესად დარბევას, სანდრას შეურაცხყოფის გამო დეპუტატ-ბიზნესმენ გელაშვილის მისიკვდილებას ან სანდრო გირგვლიანის მწამებელთათვის „ბუდუარული“ პირობების შექმნას.

„კოსტიუმების საქმე“ კი მათ შორის ყველაზე „მოხერხებულია“ იმ მხრივ, რომ თუ თბილისში ექსტრადირებულ მიშას ციხიდან - ამ პროცესზე მიიყვანენ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მისი მომხრეები  უმნიშვნელოვანეს გზას  გადაკეტავენ, რათა გააპროტესტონ „ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლის კოსტიუმების გამო გასამართლება“; ამას მოჰყვება შეტაკებები პოლიციასთან და ა.შ და ა.შ.

ზოგადად, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა (ვიმეორებ: რაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი), ყოველ შემთხვევაში განაჩენამდე, დემოკრატიულ მსოფლიოში ცუდ ტონად ითვლება. ხოლო „გაუსვლელობა“ ან მიშას „ბინაზე პატიმრობა“ ხელისუფლებისთვის კიდევ უარესია.

ამიტომაც ბუნებრივად და ლეგიტიმურად ისმის  კითხვა: რაჯანდაბადუნდა ახლა ეს ყოველივექართულ ოცნებას“, - გიორგი კვირიკაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს? ბოლო დრომდე ექსტადიციასაც კი არ მოითხოვდნენ, სანამ ამ „არმოთხოვნამ“ მართლა „ყვირილი“ არ დაიწყო.

შესაბამისად, ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს  აქვე ფრთხილად ვივარაუდოთ, რომ რაკი ეს ყოველივე მიშამ ძალიან კარგად იცის და გათვლილიც აქვს, მაშასადამე, გამოდის.......ის არ გამორიცხავს ექსტრადიციას და, რაც მთავარია, შეიძლება კიდეც აწყობდეს, სწორედ ახლა, თუნდაც ამ ფორმით, თუნდაც ამ სტატუსით საქართველოში, მაშასადამე ქართულ პოლიტიკაში  დაბრუნება!

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .