თარიღი    დრო

ნახანძრალი საქართველო

საქართველო, თბილისი - 11:03 08.24.2017 3098

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობა ვერა და ვერ ხერხდება. საღამოსთვის მინავლებული ცეცხლის კერები ღამით, ქარის გამო, კვლავ გაღვივდა და ხუთშაბათს დილით, როცა კვლავ შესაძლებელი გახდა ავიაციის გამოყენება, ყველაფერი თითქმის თავიდან დაიწყო. თუ სამშაბათს 12 ჰექტარი იწვოდა, ხუთშაბათს, დამწვარი ან ალმოდებული ტყის ფართობი უკვე 15 ჰექტარია.

ცეცხლის ქრობაში ასეულობით ქართველი და უცხოელი სპეციალისტი მონაწილეობს. გავრცელებული ნაივური მოსაზრების მიუხედავად, საარმიო დანაყოფები, უშუალოდ ცეცხლთან ქრობისთვის ნაკლებად სასარგებლოა, რადგან ეს რთული სპეციალობაა და საგანგებო მომზადებას საჭიროებს: რაოდენ ვაჟკაცი ან შემართულიც არ უნდა იყოს სამხედრო მოსამსახურე, მეხანძრეს მაინც ვერ შეცვლის და უშუალოდ ხანძრის ადგილზე ვერც ვერაფრით დაეხმარება.

სამაგიეროდ, საჯარისო ნაწილები, განსაკუთრებით საინჟინრო შენაერთები, შეუცვლელია, თუ აუცილებელი ხდება ხანძრის არეალში ინფრასტრუქტურის გაფართოება, ტერიტორიის გაწმენდა და, რაც მთავარია, მოსახლეობის ევაკუაცია.

ამ დღეებში დიდი მითქმა-მოთქმაა იმაზე, რატომ არ იყენებენ უშუალოდ ბორჯომის ხეობაში საარმიო ქვედანაყოფებს, რომლებიც რეგიონში პრეზიდენტ მარგველაშვილის ბრძანებით გადაისროლეს? იმიტომ, რომ სინამდვილეში, ამ მობილიზაციის მთავარი მიზანი არა ატენის ხეობაში მცირე ხანძრის ჩასაქრობად  დახმარება, არამედ მოსახლეობის, აგრეთვე ათასობით ტურისტის შესაძლო ევაკუაციისათვის მზადებაა: თუ ეს აუცილებელი გახდა, ძალები და რესურსები იქვე მახლობლად უნდა იყოს კონცენტრირებული; მაგრამ ამის ღიად გაცხადება არამიზანშეწონილია - მასობრივი პანიკის თავიდან ასაცილებლად. მით უმეტეს, რომ სტიქია ჯერ არ მიახლოებია უშუალოდ კურორტებს: ბორჯომს, ბაკურიანსა და აბასთუმანს. თუმცა, მაგალითად, აბასთუმანში უკვე იგრძნობა  ნამწვის სუნი და ქარის მოტანილი ფერფლიც კი შეინიშნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხელისუფლება, ჯერ ჯერობით, არც იმას ამბობს, რომ  ყველაზე დიდი საფრთხე ამჟამად ბორჯომი-ხაშური-თბილისის სტრატეგიული ავტომაგისტრალის შესაძლო ბლოკირებაა. თუ ცეცხლი ასე ახლოს მოვიდა  გზასთან, მაშინ მოძრაობაც შეწყდება და საკურორტო კომპლექსიდან ადამიანების გამოსაყვანად სხვა, შეუსაბამო გზების გამოყენება გახდება საჭირო სამხრეთ ან დასავლეთის მიმართულებით.

აქტიურად გვეხმარებიან აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. სომეხი და აზერი მეხანძრეები გვერდი-გვერდ ებრძვიან ცეცხლს, რაც უკვე შენიშნა მსოფლიო მედიამ. ანუ ბორჯომის ხეობაში მიმდინარე ამბებმა პოლიტიკური ჟღერადობა შეიძინა. ეს ბუნებრივიცაა: ყველაფერი პოლიტიკაა ამ ქვეყნად: ფეხბურთიდან - ტყის ხანძრებამდე.

აზერბაიჯანმა ორი ვერტმფრენიც მოგვაშველა. სამაგიეროდ, სომხეთმა - 13 სახანძრო მანქანა.

ამგვარი ხანძრებისას ყველაზე შედეგიანი მაინც თვითმფრინავების გამოყენებაა. თურქული თვითმფრინავი იქ უკვე „მუშაობს“ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თურქეთის რამდენიმე რაიონშიც მძვინვარებენ ტყის ხანძრები; ბელორუსმა გამოაგზავნა გიგანტური ვერტმფრენი МИ-26, რომლის სამგზავრო ვარიანტს 120 ადამიანის (!) გადაყვანა შეუძლია და წყლის დიდ მასას  ერთდროულად აფრქვევს  ხანძარს.

ამ მხრივ რეგიონში საუკეთესო ავიაცია მაინც რუსეთს ჰყავს:  რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს განკარგულებაშია სპეციალურად ამგვარი პრობლემების გადასაჭრელად საგანგებოდ აღჭურვილი რამდენიმე АН-124 “Руслан“. რუსეთის მთავრობამ გამოთქვა კიდეც დახმარების მზადყოფნა. უფრო ზუსტად,  საერთაშორისო პროტოკოლის თანახმად  ასე ხდება ხოლმე: „ნახევრადოფიციალური“ დიპლომატიური არხებით გეუბნებიან: „თუ გინდათ დაგეხმარებით, ოღონდ  ოფიციალურად მოგვმართეთო“.

მაგრამ კვირიკაშვილის მთავრობას გაუჭირდებოდა ასეთი თხოვნით მოსკოვისთვის მიემართა, რადგან 2008 წლის აგვისტოში, როცა ქართულმა საჯარისო ფორმირებებმა ცხინვალიდან - ბორჯომის ხეობაში დაიხიეს სამხედრო ტექნიკით და არტილერიით, რუსული სამხედრო ავიაცია ზუსტად ამ ადგილებში ყრიდა „თერმულ ბომბებს“ ტყის გასანადგურებლად და იქ დამალული ტექნიკის „გამოსაჩენად“, რათა შემდეგ ჩვეულებრივი ბომბებით გაენადგურებინათ. თუმცა, საბედნიეროდ, სარკოზიმ და ევროპელმა ლიდერებმა „ჩამოგვისწრეს“.

ცოტა არ იყოს უცნაურად და მოულოდნელად „ჟღერს“ ამ მხრივ  კიევის  დუმილი: სწორედ ამ ქვეყანაშია „Антонов“-ის ქარხანა, სადაც ხსენებულ თვითმფრინავებს უშვებენ და ამგვარი სპეციალიზებული ავიაცია უკრაინას ნამდვილად აქვს.

ცხადია, ხანძრის მთლიანად ჩაქრობას და მხურვალე კერათა სრულ აღმოფხვრას კიდევ მინიმუმ რამდენიმე დღე (თუ არა რამდენიმე კვირა) დასჭირდება. ბორჯომის ხეობას და ტურისტულ კომპლექსს უკვე უდიდესი  ეკოლოგიური და „იმიჯური“ ზიანი მიადგა. ტყის აღდგენა ნამდვილად შესაძლებელია ..... 10-15 წლის განმავლობაში, მაგრამ არავითარი გარანტია არა გვაქვს, რომ გარკვეული პერიოდულობით ეს კატასტროფა არ განმეორდება, რადგან.......მისი მთავარი მიზეზი არა სიცხე, არა ქარი, არამედ ადამიანთა უპასუხისმგებლობაა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შორეულ XV საუკუნეში, მძვინვარე თემურ-ლენგის მიერ საქართველოს მრავალგზის მოოხრების შემდეგ, გაჩნდა ტოპონიმები „ნასოფლარი“ და „ნახანძრალი“, რაც პირველ რიგში ცეცხლის ძალადობით გაჩენას ნიშნავს.

ის, რაც ბოლო დროს ამ მხრივ საქართველოში ხდება, თან არა მხოლოდ ბორჯომის ხეობაში, არამედ თბილისშიც, უკვე სერიოზულ კითხვებს ბადებს: გასაგებია, რომ ტყეში იპოვეს ბენზინის ე.წ. „კანისტრები“ და სპეცსამსახურები საგანგებოდ უნდა იხილავდნენ დივერსიის თუ ტერაქტის ვერსიას, მაგრამ ამ დარგის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ერთი და იგივე არ არის:

თუ დივერსიაა, რა მიზნით? - ბორჯომში ტურისტული ნაკადის შესამცირებლად?

ხოლო თუ ტერაქტია, სიტყვა  Terror-ის ძირი „შიში“ ანუ „შეძრწუნებაა“ და რისი შიში უნდათ გააჩინონ? - ტყეში სიგარეტის ნამწვის გადაგდების?

შემდეგი კითხვა: თბილისში რომ ე.წ. „ბაზრობები“ იწვის ისეთი პანტა-პუნტით,  უკვე ლამის კომიკურიც გახდეს ეს ყოველივე, იქაც „ბენზინის კანისტრებია?“.

თუ შეთქმულებაა, ტერორია და დივერსია, რაღაც საერთო „მნიშვნელი“ ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყოველივეს? „მიშამ გააჩინა ოცნების გასაშავებლად“ ან „ოცნებამ წაუკიდა „კარფურის“ ასაშენებლადო“, დამაჯერებელი არ არის: უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე ფაქტორი „მუშაობს“ და წვავს: უპასუხისმგებლობა, რასაც ემატება სახელმწიფოს ტრადიციული უსუსურობა, - აღზარდოს თუ დანერგოს საზოგადოებაში  ის თვისებები (პირველ რიგში პასუხისმგებლობა), რაც ყველაზე დიდი სიცხისა და ქარის პირობებშიც მინიმუმამდე დაიყვანს ამგვარ ტრაგედიათა რიცხვს.   

 

ნიკა იმნაიშვილი 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%