ENG / RUS       12+

„სჯობს ნახევარი გერმანია მთლიანად, ვიდრე მთელი გერმანია სანახევროდ“

1953 წლის 26 ივნისს, კრემლში, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და „კომპარტიის“ ცკ-ს პრეზიდიუმის ერთობლივი საგანგებო სხდომა გაიმართა. სტალინის სიკვდილის შემდეგ ლავრენტი ბერიას მზარდი გავლენით შეშინებულმა პარტიულმა „ბოიარობამ“ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. საბჭოთა რეპრესიული აპარატის ყოვლისშემძლე ხელმძღვანელი მოტყუებით მიიწვიეს სხდომაზე. გვერდით ოთახში ჩასაფრებული იყო საბჭოთა არმიის ელიტა ლეგენდარულ მარშალ ჟუკოვის მეთაურობით. „პრემიერ-მინისტრ“ გიორგი მალენკოვის ფარულ ნიშანზე, იარაღმომარჯვებული ჟუკოვი და სხვა გენერლები ოთახში შემოვარდნენ და ბერია დააპატიმრეს.

მანამდე, ნიკიტა ხრუშჩოვმა, მერხეულელი გლეხის შვილს ნოტაცია წაუკითხა „სოციალიზმისა“ და „მუშურ- გლეხური საქმისადმი“ მის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ საქციელთა ჩამონათვალით.

ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იცით რა იყო? რომ ლავრენტი ბერია, ბოლო წლებში, აქტიურად გამოდიოდა გერმანიის გაერთიანების ინიციატივით!

მართლაც,  ბერიას „პროექტით“, ნაცვლად ორი (დასავლეთ და აღმოსავლეთ) გერმანიისა,  ევროპის ცენტრში უნდა შექმნილიყო ერთიანი, ნეიტრალური, თანაც არა კომუნისტური, მაგრამ მოსკოვის პროტექტორატის ქვეშ მყოფი „გერმანიის სახალხო რესპუბლიკა“, რომლის განვითარება უშუალოდ იქნებოდა დაკავშირებული საბჭოთა კავშირთან, აეკრძალებოდა „ნატო“-ში ან  ახლადშობილ ევროკავშირში გაწევრება და ა.შ.

ლავრენტი ბერია ძალიან ნიჭიერი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, „გახსნილი გონების“ ადამიანი იყო. ამიტომაც, განსხვავებით იმავე გონებაჩლუნგი ხრუშჩოვის და პარტიული ელიტის სხვა „მასტოდონტებისგან“, მას შესანიშნავად ესმოდა:  ევროპაში გავლენის მოსაპოვებლად და „მოსკოვური დერჟავის“ სამომავლო ინტერესთა განსახორციელებლად, ისტორიულ პერსპექტივაში, მოსკოვისთვის „გერმანული სოციალიზმი“ კი არ იყო მთავარი, არამედ გერმანიის „ფინეთიზაცია“ - მისი ქცევა თუნდაც ერთიან, მაგრამ სუვერენიტეტშეზღუდულ, დონდლო, მოსკოვზე დიდწილად დამოკიდებულ სახელმწიფოდ.

მაგრამ  თუ ფინეთის შემთხვევაში ამას არანაირი სერიოზული გავლენა არ შეეძლო მოეხდინა ევროპის ბედისწერასა და ისტორიის შემდგომ განვითარებაზე, გერმანიის შემთხვევაში, ამ დიდი ერისა და ქვეყნის „გაიმპოტენტება“ არა მხოლოდ „ევროპული პროექტის“ ისტორიულ ჩავარდნას განაპირობებდა, არამედ (რაც გერმანელებისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნებოდა) ამ ერის დეგრადაციას: მთელი გერმანიის ქცევას წინარე „აღმოსავლეთ გერმანიის“ ოდნავ უფრო „დემოკრატიზებულ“ და „კომერციალიზებულ“ ანალოგად.

ვიმეორებ: მოსკოვის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე, ბერია იყო აბსოლუტურად მართალი და მისი პროექტი იყო ზუსტად შესაბამისი „მოსკოვური დერჟავის“ დომინანტობის შენარჩუნებისა ცენტრალურ, მაშასადამე მთელს ევროპაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არანაირი „გერმანელი ერის“ ინტერესები, „ლავრენტი პავლოვიჩს“, რასაკვირველია, არ აღელვებდა. და რომ არ აღელვებდა, ამაზე მისივე მოქმედება მეტყველებს 1953 წლის ივნისში, როდესაც სისხლში ჩაახშო აღმოსავლეთ ბერლინელთა  ამბოხება: ბრძანა, ტანკებიდან გაეხსნათ ცეცხლი მშვიდობიანი დემონსტრანტებისათვის!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბერიამ „საბჭოთა კავშირთან“ სპეციალური ხელშეკრულებით „მიბმული“, „ერთიანი ნეიტრალური გერმანიის“ იდეა, პირველად,  1953 წლის 17 აპრილს  გამოთქვა „ვიწრო წრეში“. მათ შორის, აღმოსავლეთ გერმანელ „ამხანაგებთან“ შეხვედრისას. რასაკვირველია, ამის შესახებ იცოდნენ დასავლეთ გერმანიაშიც.

„ერთიანობის იდეა“ რომ მიმზიდველი იყო ყველა გერმანელისთვის, -  უდავოა. მაგრამ გადაწყვეტილება უმაღლეს ხელმძღვანელობას უნდა მიეღო. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მაშინ ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერიაზე არანაკლებ გამჭრიახი პოლიტიკოსი,  ახალი გერმანიის ფუძემდებელი, „დიდი გერმანელი“ - კონრად ადენაუერი. არ დაგვავიწყდეს, რომ ბერია, როცა საკუთარ პროექტს ავითარებდა, ადენაუერს უთვლიდა და „უნამიოკებდა“, რომ ერთიანი, ნეიტრალური, „ფინლანდიზებული“  გერმანიის ხელმძღვანელად სწორედ მას მოიაზრებდა. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კონრად ადენაუერს რაღაც პასუხი უნდა გაეცა არა მხოლოდ ბერიას წინადადებაზე, არამედ უნდა ეპასუხა თვით გერმანულ ელიტებში წარმოშობილ ცდუნებაზეც, რაკი (ვიმეორებ) „სამშობლოს ერთიანობა“ ეჭვმიუტანელი პრიორიტეტი იყო. და სწორედ მაშინ, დიდმა კონრად ადენაუერმა წარმოთქვა საოცარი ფრაზა, რომელმაც 40 წლის შემდეგ,  - ისტორიული განვითარების შედეგად, -  მისი გენიალობა დაადასტურა: სჯობს ნახევარი გერმანია მთლიანად, ვიდრე მთელი გერმანია სანახევროდ!“.

„ბერიას პროექტი“ ჩავარდა.

 თუმცა, მას განხორციელება მაინც არ ეწერა, რაკი „კომპარტიის დინოზავრები“, ნამდვილად არ დაუშვებდნენ „მუშურ-გლეხური ღირებულებების“ შერყვნას გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მაგრამ აქ მთავარი ეს კი არ არის, არამედ ადენაუერის „პასუხი“, რომელსაც შესაძლოა არც სცოდნოდა კრემლში მიმდინარე შიდა ბრძოლისა და კამათის შესახებ, სამაგიეროდ,  მიხვდა და განჭვრიტა მთავარი: „ბერიას პროექტის“ მიღება „ნამდვილი გერმანიის“ და მისი დამოუკიდებლობის დასასრული გახდებოდა.  აქედან გამომდინარე,  ევროპული იდეის კრახიც!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გავიდა წლები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იქცა დასავლეთ ევროპის  ყველაზე განვითარებულ, დემოკრატიულ, აყვავებულ სახელმწიფოდ ....... გაწევრიანდა „ნატო“-ში, გახდა ევროკავშირის „ლოკომოტივი“ ....... 1989 წელს კი, დაინგრა „ბერლინის კედელი“, გერმანია გაერთიანდა, ოღონდ გაერთიანდა სწორედ და მხოლოდ იმიტომ, რომ 40 წლით ადრე გენიალური კონრად ადენაუერი მიხვდა, რამდენად ფუჭი და არაფრის მომტანი (სინამდვილეში) იქნებოდა ე.წ. „მოსკოველ რეფორმატორთა“ წინადადება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი ....... რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ისტორიულ გაკვეთილსა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს შორის?

სინამდვილეში, ჩვენთვის არანაკლებ ისტორიული ვიზიტი იყო, რომელიც ამერიკული ტანკების გრუხუნში და ფოთიდან თბილისამდე 350 კილომეტრიანი მარშის ფონზე გაიმართა!

რამდენიმე დღის შემდეგ, პუტინი აფხაზეთში ჩადის ...... საქართველო კვლავ ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია...... მოსკოვმა დიდი ხანია მოიშორა „მუშურ-გლეხური“ იდეოლოგემები და, ბერიას „ანდერძის“ შესაბამისად, პირველ ყოვლისა გეოპოლიტიკურ პერსპექტივებზე ფიქრობს. ამიტომაც აძლიერებს საქართველოში იმ ჯგუფებს, რომლებიც „კრემლის სკიპტრის ქვეშ ერთიანობის“ ილუზიით იკვებებიან და სხვებსაც კვებავენ....... ხოლო ამერიკა ყველანაირად ცდილობს გვითხრას, მიგვანიშნოს: „ქართველებო, თქვენი ბედი თქვენსავე ხელთაა. თქვენ უნდა მიხვდეთ და აირჩიოთ ისტორიული პერსპექტივა, ნაცვლად დღევანდელი ცდუნებისა: ამერიკა დაიცავს და შეგინარჩუნებთ  იმას („მაინც“) რაც დაგრჩათ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, - თქვენივე უპასუხისმგებლო და უნიჭო პოლიტიკანების მოქმედების შედეგად. არარეალურს ნუ მომთხოვთ, მაგრამ რეალური რაცაა - ჩვენი სამხედრო კოლონების მარშმა შემოხაზა გეოგრაფიულად შავი ზღვიდან - თქვენს დედაქალაქამდე. არჩევანი  თქვენზეა - მიიღებთ თუ არა დიდი კონრად ადენაუერის მაქსიმას და ამით შეინარჩუნებთ თუ არა განვითარების, სამომავლოდ კი ქვეყნის ამა თუ იმ ფორმით ჭეშმარიტი გაერთიანების ისტორიულ პერსპექტივას.

 

ნიკა იმნაიშვილი  

ავტორი: . .