თარიღი    დრო

სტრასბურგმა ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს გამო, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა

საქართველო, თბილისი - 12:46 07.17.2017 236

საიას საჩივრის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებით შექმნილი, ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს გამო, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

2005 წლის 3 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 2017 წლის 13 ივლისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა[1].

საჩივარში საია და EHRAC  დავობდნენ რომ თბილისის ცენტრში, მომჩივანთა საცხოვრებელი კორპუსიდან ოთხი მეტრის მოშორებით მდებარე  თბოელექტროსადგური საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდიდა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას.

თბოელექტროსადგურმა ფუნქციონირება 1939 წელს დაიწყო და 2001 წელს მუშაობა ნაწილობრივ შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეროვნული სასამართლოების წინაშე დაადასტურეს, რომ შენობის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა თბოელექტროსადგურის მიერ გარემოს დაბინძურებით ყოფილიყო გამოწვეული, ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს, რომ მომჩივნების ჯანმრთელობას ზიანი გარემოს დაბინძურების შედეგად მიადგა. მომჩივნების მოთხოვნის მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკისრეს ქარხანას ზიანის შესამცირებლად კონკრეტული ზომების მიღება. ამგვარი ზომები შეიძლებოდა ყოფილიყო თბოსადგურის დავალდებულება ღუმელებზე დაემონტაჟებინა სპეციალური ფილტრები ან დაევალებინა ზიანის გამომწვევი ქმედებების საცხოვრებლისგან მოშორებით განხორციელება.

2013 წლის 7 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას მიერ წარდგენილი არგუმენტები და დაადგინა რომ საქართველომ დაარღვია მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრებისა დაცულობის უფლება მათ საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემოს დაბინძურების გამო (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი).

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი კრძალავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ უფლების თვითნებურ შეზღუდვას, არამედ აწესებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბალანსი თბოელექტროსადგურის ფუნქციონირების საზოგადოებრივ საჭიროებასა და მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოსა და დაზარალებულების დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმის ხარვეზიანობაზე.

თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის სახით  4500 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.2%
შემცირდა 16.7%
არ შეცვლილა 3.1%