თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მერიის ყოფილ თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სავარაუდოდ, მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ”ჯი-ეიჩ-ენს” ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა.
”ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთან სასამართლოს შემდეგ არ გვისაუბრია. 48 საათი გვაქვს გასჩივრების ვადა. თუ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ამაზე თანხმობას განაცხადებს, გავასაჩივრებთ. შაბათ-კვირას ციხეში შესვლა არ შეიძლება, მას ორშაბათს შევხვდებით. მანამდე კი მასთან კომუნიკაცია გვექნება,” - აცხადებს გელაშვილი.
აბესაძის უფლებადამცველები საქმის გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვენ. რაც შეეხება მოსამართლის განმარტებას, რომ აბესაძის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, ამას ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს.
”ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებშივე შედის გამოძიებასთან თანამშრომლობა და ის მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მაოხდენს, რადგან მასალები უკვე მოპოვებულია და საქმეში დევს. როგორ უნდა მოახდინოს აბესაძემ მოწმეებზე ზემოქმედება? საუბარი რომელიც მომჩივანსა და ბრალდებულს შორის შედგა, პრივატულია, ამას სხვები ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ. არგუმენტი, რომ აბესაძე მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს, ბუნებაში არ არსებობს, რადგან უკვე ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული,” - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს” გელაშვილმა.
მან მერიის ყოფილი თანამშრომლის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
”აბესაძე ძალიან დათრგუნულია, პირველი დღე მასთან საუბარიც კი ვერ მოვახერხეთ ისეთი განადგურებული იყო. დღევანდელ პროცესზე ვინც ესწრებოდა, ყველამ აღნიშნა, რომ ეს ოთარ აბესაძეს ფიზიკურადაც ეტყობოდა,” - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასმართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს, 28 წლის ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოსაა ჩანიშნული.