ENG / RUS       12+

ჩემი ხელოვნება უერთგულესი შეყვარებულია, რომელიც არასდროს მიმატოვებს , - ბაჩო ცანავა

რესპოდენტის შესახებ

პროფესიით ვეტერინარია. მეთოჯინეობა ბავშვობაში შეიყვარა და იტალიაში დახელოვნდა.მის მიერ დამზადებული უნიკალური თოჯინების უმრავლესობა სამუზეუმო ექსპონატია და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში,ბათუმისა და თბილისის თოჯინების მუზეუმებში ინახება. მის კოლექციაში მოწყენილი ჯამბაზები ჭარბობს. ფიქრობს, რომ ჯამბაზი, თავისი არსით ყველაზე მეტად აღწერს, ზოგადად, ადამიანის ბუნებას. „ჯი-ეიჩ-ენი“ წარმოგიდგენთ მეთოჯინე ბაჩო ცანავას.

ბაჩო ცანავა: ჩემი ხელოვნება ყველაზე ამოუცნობი შეყვარებულია. შეყვარებული შეიძლება წავიდეს შენი ცხოვრებიდან, მაგრამ შენი საქმე უერთგულესი შეყვარებულია, რომელიც არასდროს მიგატოვებს. ყველა ნამუშევარი სიყვარულით მაქვს შექმნილი, მათში მთელი ჩემი ემოცია დევს, ხშირად - უთქმელიც, რომელიც ხმამაღლა არასდროს მითქვამს. მათგან განსაკუთრებით მიყვარს ჯამბაზი. ჩემი თოჯინა, ისევე, როგორც ჯამბაზი, თავისი არსით ყველაზე მეტად აღწერს, ზოგადად, ადამიანის ბუნებას. ყველაფერია მასში მოქცეული - სიხარული, სევდა, ტკივილი, მასხარა... მგონია, რომ ყველა ადამიანშია პატარა ჯამბაზი, რომელსაც გამოშვება სჭირდება ხოლმე. ჯამბაზიც ჯინივითაა, ოღონდ სურვილების ასრულება არ შეუძლია.  

- გინდა, თქვა, რომ ჯამბაზობა შეგიძლია?

- სხვათა შორის, ვინც ეს თოჯინა ნახა, მეუბნება რომ მგავს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე. ჯამბაზობა შემიძლია, რა თქმა უნდა, მეგობრებთან. როცა ეს ჯამბაზი გავაკეთე, ის პერიოდი იყო, როდესაც დავშორდი საყვარელ ადამიანს. ამ თოჯინით დავცინე კიდეც სიყვარულს, როგორც გრძნობას და ვეცადე გადმომეცა ყველაფერი, რაც  დაგროვილი იყო ჩემში. მაშინ ასე ვფიქრობდი და ეს ნამუშევარი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ნამუშევარია.

- ახლა რას ფიქრობ სიყვარულზე?

- სიყვარულის გარეშე ადამიანი, ვფიქრობ, არ არის ამქვეყნად. რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული სამაგალითოა ჩემთვის. რა თქმა უნდა, სიცოცხლეზე არ არის საუბარი, მაგრამ როცა საყვარელი ადამიანისთვის რაღაცების დათმობა შეგიძლია, ეს უკვე სხვა რამეა... რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული ერთგულების თემაა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად  მიფიქრია, რომ ერთგულების სიმბოლოდ გამეკეთებინა მათი თოჯინები, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ შევძელი.  როცა შეყვარებული ვარ, მაშინ ყველაზე ნაყოფიერი ვარ შემოქმედებითად. ჩემი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი, რომელიც არაერთხელ გამოიფინა, შეიქმნა სწორედ ასეთ პერიოდში. ახლა პაუზა მაქვს სიყვარულში და ჩემი შემოქმედება არ არის  მრავალფეროვანი და ნაყოფიერი. იუმორით ვიტყვი - ველოდები. 

- რა არის შენთვის ტრადიცია?

- ტრადიცია ჩემთვის არ არის ვიწრო ჩარჩოებში მოთავსებული ეროვნულობა. თითქმის ყველა, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქვეყნის ფასეულობანი იდენტურია...  ჩემთვის ეროვნული ფასეულობა ქვეყნის კულტურული საგანძურია, შოთაა, ილიაა, ვაჟაა, გალაკტიონია... ქართული ფერწერა, მხატვრობა, ქანდაკება, - რომელი ერთი...  ტრადიცია არის წარსულის დეკორატიული მონაწილეობა აწმყოში. ნებისმიერი ტრადიცია იქმნებოდა გარემოს პრაგმატული კარნახით. ნებისმიერი ტრადიცია, პიროვნული, ინდივიდუალური თავისუფლების გარეშე, არის ბარბაროსობა. აქ კი მივადექით დასავლურ ფასეულობებს. დასავლური ფასეულობები საშუალებას იძლევა, ყველა ადამიანისთვის მოინახოს თანასწორი ადგილი სამყაროში, მათ შორის, მათთვისაც, ვისაც სასტიკად არ მოსწონთ ეს ფასეულობები. ზუსტად ამიტომ არის ის ჰუმანური და ყველაზე პრაგმატული არჩევანი.

- აუხდენელი სურვილები...

- რაზედაც მიოცნებია, ყველა ოცნება ამსრულებია. ძირითადად, ისეთი ოცნებები მაქვს, ალბათ, რაც რეალისტურია. შესაძლოა, ოცნებებშიც არის ამბიცია საჭირო, თუმცა ვიტყვი, რომ ნაკლებად ამბიციური  ვარ.

- ახსენე, რომ  თოჯინებით გადმოსცემ ხშირად უთქმელს. სწორედ ასე ერქვა გამოფენას, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა... მთავარი უთქმელი რა არის?

- ეს გამოფენაა მოეწყო მუზეუმების გაერთიანების ინიციატივით. თოჯინით ბევრი რამის გადმოცემა შეიძლება… ემოცია, სევდა, რომელსაც ბევრი დაინახავდა ჩემს ნამუშევრებში. ესენი არიან თოჯინები, რომლებიც არ საუბრობენ, მაგრამ საუბრობენ ემოციით, მიმიკით. ფაქტობრივად, ამ ნამუშევრებით ჩვენ გადმოვეცით ის უთქმელი, რომლის თქმაც გვინდა, მაგრამ ვერ ვამბობთ.

-რას ვერ ამბობ?

 - ასეთი რამ ბევრია. ისინი ხშირად გაუცნობიერებლად გადადის თოჯინებში... ეს  მაინც უფრო სევდაა. სევდა არ მახსიათებს, თუმცა ემოციური ვარ და, შესაძლოა, წვრილმანი ტრაგედიდად იქცეს ხოლმე. ეს, შესაძლოა, იყოს ადამიანთან დამოკიდებულება.

 -   „მე ამისგან გავაკეთებ...“,  -  გახსოვს, ალბათ, ფრაზა შესანიშნავი ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“.  შენ თუ გითქვამს ასე და შედეგიც ისეთი ყოფილა, როგორიც ფილმშია?

- „მე ამისგან გავაკეთებ“ ხშირად მაქვს, თუმცა ვერასდროს ვაკეთებ. უცბად ბევრი ემოცია გიგროვდება, დუღს და გინდა ეს გადაიტანო შემოქმედებაში. ფიქრობ ბევრს, არ იცი, საიდან დაიწყო, როგორ... ეს, ალბათ, ყველა ხელოვანის თავს ხდება.  მუშაობის პროცესში კი სხვაგან მიდიხარ, ამ რაღაც ჩანაფიქრს შორდები და სხვა მიმართულებით მიდიხარ. როცა მოვრჩი ბავშვობის თემას, ანუ რაზედაც უკვე ვისაუბრე, მქონდა ძალიან დიდი პაუზა. ვფიქრობდი, რომ ხომ არ ამოვიწურე მეც, როგორც ხელოვანი. ამის გამო, ჩემი მეგობრები წუხდნენ, თუმცა მე მაინც დიდად არ ვღელავდი, ვგრძნობდი, რომ  შევსება იყო საჭირო. ამას კი დრო სჭირდებოდა. და როცა დავიწყე უკვე, დავიწყე განსხვავებული თემატიკა, განსხვავებული ტექნიკა...

მხოლოდ საჩუქრებად გასცემ შენს ნამუშევრებს თუ ყიდი კიდეც?

– ეს ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ძირითადად, სხვადასხვა ადამიანის პორტრეტს მიკვეთენ. პორტრეტზე მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესო. სხვა ადამიანის ემოციებს, ნაკვთებს ვისრუტავ და შემდეგ ნამუშევარში გადმომაქვს. ფოტოებს მიგზავნიან და იმის მიხედვით ვაკეთებ. ერთმა გოგონამ თავისი შეყვარებულის ფიგურა გამაკეთებინა გურული სამოსით, ძალიან ლამაზი გამოვიდა. თან წლებს უძლებს, ადვილად არ ტყდება. თუმცა გასაყიდად მენანება ხოლმე, ვფიქრობ: მოუვლის? არ მოუვლის? ისინი ხომ ჩემი სხეულის ნაწილებია, ძალიან მიყვარს, ვუფრთხილდები...

ვისთან ინახება შენი ნამუშევრები?

– ვატიკანის ელჩს იტალიაში, ვატიკანში, აქვს ცვილისგან გაკეთებული „შობა“, რომელიც ძალიან მოეწონა, გახარებული იყო. საკმაოდ საინტერესო კომპოზიცია გამოვიდა, ჩემი ინტერპრეტაციით გაკეთებული. ცოტა ხნის წინ „თავისუფალმა თეატრმა“ შემიკვეთა სპექტაკლ „კომედიანტების“ კომპოზიცია. გავაკეთე და ბატონ ავთანდილ ვარსიმაშვილს გადავეცი საჩუქრად. იქ იყო ოვაციები, ფეხზე წამოვდექი, მთელი დარბაზი მიკრავდა ტაშს – ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ნამუშევარი მოსწონთ. ჩემი თოჯინები მუზეუმებშია დაცული. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ნამუშევარი ბათუმში გაიგზავნა, მისი უწმიდესობის, ილია მეორის სალონ-მუზეუმში, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. ეს არის მოხუცი ქალბატონი, რომლის პროტოტიპი ბებიაჩემია. ბებია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მიხარია, რომ პატრიარქის მუზეუმში ინახება მისი პორტრეტი. უცხოეთიდანაც შემიკვეთეს საკმაოდ ძვირად ღირებული ნამუშევარი, რომელიც, თუ არ ვცდები, გერმანიაშია. ასევე, უცხოეთშია ჩემი გაკეთებული ტომ სოიერი. „ხელოვნების სასახლემ“ გამოსცა კატალოგი, სადაც შესულია მუზეუმში დაცული სხვადასხვა ნამუშევარი – გუდიაშვილის, ახვლედიანის... აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას და მათ შორის, ჩემი ერთი ნამუშევარიც. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ბედნიერებაა. გოგი ჭიჭინაძის პორტრეტიც მაქვს გაკეთებული, დირიჟორის ჯოხით, ფრაკში. ძალიან მოეწონა, ახლა სახლში აქვს.

- უკანაკსნელ რამდენიმე წელს თუ გადავხედავთ, საქართველოში შედარებით ბევრს საუბრობენ თოჯინების კულტურაზე, მეთოჯინეებზე, მომრავლდბენ კოლექციონერებიც... რა არის ამისი მიზეზი?

- ბუმი მართლაც არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მომრავლდნენ მეთოჯინეები. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, თუმცა მგონია, ეს ტალღა გადაივლის. რაც შეეხება ადამიანების დაინტერესებას, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მუზეუმების გაერთიანება, რომელიც ხელმძღვანელი გახლავთ  ნინო სანადირაძე, ყველანაირად ცდილობს სხვადასხვა ღონისძიებით გახადოს პოპულარული და მეტი ადამიანი დააინტერესოს თოჯინების კულტურით. 

-როგორ ფიქრობ, ქართველი მეთოჯინეების ნამუშევრები კონკურენციას უწევს, იმ ქვეყნების მეთოჯინეთა ნამუშევრებს, სადაც თოჯინების კულტურას უფრო დიდი ისტორია აქვს?

- შემიძლია, თამამად ვთქვა, ოღონდ სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, ნამდვილად გვყავს ისეთი მეთოჯინეები, რომლებიც ყველა საერთაშორისო თუ მსოფლიო სტანდარტს აკმაყოფილებს. მართლაც სასიამოვნოა, რომ ქართულ თოჯინებს საზღვარგარეთ წარმატება აქვს  და მოთხოვნადი ხდება.

- გიჭირს ნამუშევრებთან განშროება?

- მქონდა პერიოდი, როცა ვერ ველეოდი ნამუშევრებს, თუმცა როდესაც იტალიაში ვსწავლობდი, ჩემმა ოსტატმა მითხრა - მიეცი ნამუშევრებს საშუალება, იმოგზაურონ. თუმცა ჯამბაზი და ბიჭუნა არის ის ორი ნამუშევარი, რომლებსაც ვერასდროს შეველევი. თემას ადრე ვარჩევდი ჩემი საყვარელი ლიტერატურული გმირებით.  ფაქტობრივად, ეს იყო ბავშვობის თემები, რაც, ვფიქრობ, ამოვწურე. ახლა უკვე გადავედი რეალურ ადამიანებზე. ვიყენებ სახეებს და, ფაქტობრივად, რეალური ადამიანები იქმნებიან.

- ვინ არიან ეს ადამიანები?

- ისინი რეალური ადამიანები არიან. დიდი ხანია, ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვბედავ, რადგან ერთ-ერთი ასეთი ადამიანი დედაჩემია. ამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, ძალიან ვნერვიულობ, ხელს ვერ ვკიდებ და როცა ვღელავ, არ გამომდის ისეთი, როგორიც მინდა. შესაძლოა, გავიდეს რაღაც დრო, ამ ნერვიულობამ გამიაროს და ხელიც მოვკიდო. როცა რაღაცას ვაკეთებ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შემფასებლებს და ნამუშევრის დასრულებისთანავე მინდა, რაც შეიძლება, ბევრმა ნახოს. მათი ემოციებით ვხვდები, როგორია ჩემი ნამუშევარი. თუნდაც შენიშვნა მომცენ და მითხრან, მაგალითად, ეს რომ სხვანაირად გაგეკეთებინა, უკეთესი იქნებოდაო.

- თვალისწინებ შენიშვნებს?

- რადგან გულწრფელი ვარ, ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ არა. თუმცა ხშირად არ დავთანხმებივარ და მოგვიანებთ მინანია, რომ შენიშვნა არ გავითვალისწინე. ცოტა ხნის წინ იყო თბილისში მსოფლიოს წამყვანი მეთოჯინეების ჯგუფური გამოფენა. სპეციალურად გავაკეთე ქალი, რომელსაც  თვალზე ცრემლები ჰქონდა. მეგობარმა, გოგი ჭიჭინაძემ მირჩია, იქნებ ეს ცრემლები მოაშოროო და განმარტებაც მოაყოლა. რა თქმა უნდა, ვუთხარი არა-მეთქი, მაგრამ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ცრემლები მოვაშორე. მივხვდი, რომ ზედმეტი იყო და რაღაც ჩარჩოებში აქცევდა. თოჯინა გამოვიდა ძალიან კარგი - სახე იყო იმდენად სევდიანი, რომ ყველა დამთვალიერებელი დამოუკიდებელ ლეგენდას ქმნიდა მასზე. ეს უფრო საინტერესოა, ჩემი აზრით. ყველა თავისას მეუბნებოდა, ამ ქალში ესა თუ ის იდეა დევსო. ბევრი ისეთი საინტერესო ინტერპრეტაცია მოვისმინე, რომლებზედაც ნამდვილად არ მიფიქრია და აქაც გულწრფელად ვიტყვი, რომ ზოგიერთი მოვიპარე კიდეც...

ავტორი: . .