ENG / RUS       12+

პოლიტიკური სუნი ასდიოდა - სოსო ოსორაულის ძმამ დაანონსებული აქცია ჩაშალა

რესპოდენტის შესახებ

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას 7 ივლისს, 19:00 საათზე გმირთა მოედანზე მდუმარე შეკრებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, ოსრაულმა ”ჯი-ეიჩ-ენს” განუცხადა, რომ ეს აქცია აღარ გაიმართება, რადგან შეკრებამ პოლიტიკური ელფერი მიიღო.

”ამ აქციას ჩემი მხრიდან სხვა დატვირთვა ჰქონდა, ყველა მხარის გაერთიანება მინდოდა. თუმცა, შევატყვე რომ ამ შეკრებას სხვა სახე ეძლეოდა, პოლიტიკური სუნი ასდიოდა. სწორედ ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება, 7 ივლისს დაანონდებსული აქცია აღარ გამართულიყო. გმირთა მოედანი არ არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური განცხადებები შეიძლება გაკეთდეს. ჩემთვის ამ ადგილს, იქ ჩატარებულ შეკრებას სულ სხვა დანიშნულება აქვს.

თუ პოლიტიკური შეხედულებებით მომინდება აქციის ჩატარება, ამას გმირთა მოედანზე ნამდვილად არ გავაკეთებ. ამ ადგილზე ისეთი ადამაინების სახელები და გვარებია ამოტვიფრული, პოლიტიკური განცხადებები ნამდვილად ზედმეტია.  გმირების გაკეთებული საქმეები პოლიტიკაზე გაცილებით მაღლა დგას.  არის კიდევ სხვა გარემოებებიც, რის გამოც ამ შეკრების გადადების გადაწყვეტილება მივიღე. 

_ რა გარემოებებს გულისხმობთ?

_ გაუთვალისწინებელი რაღაცეები მოხდა. არის დეტალები, რომელზეც არ ვისაუბრებ, რადგან საქამეს ასე სჭირდება. თუ საჭიროება მოითხოვს, არც ამის თქმას მოვერიდები.

 __ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხომ არ ყოფილა რაიმე სახის ზეწოლა, ან მნიშნება, რომ ეს აქცია არ გაგემართათ?

_ არა, ეს ნამდვილად არ ყოფილა. გადაწყვეტილება ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე მივიღე. ამ საკითხთან მიმართებაში ჩემი აზრი მაქვს, სხვა არავინ მაინტერესებს, არც მოქმედი, არც წინა და არც მომავალი ხელისუფლება. საქმე ჩემი ძმის სიცოცხლეს ეხება, ამიტომ ნაკლებად საინტერესოა ვინ რას იტყვის.  

ვინმეს მხრიდან ზეწოლა რომც განხორციელდეს, ნამდვილად ვერავინ გამაჩუმებს, ვერც მოქმედი ხელისუფლება და ვერც სხვა ძალები. ეს საქმე მე კი არა, ჩემი ძმის სიცოცხლეს ეხება, აქედან გამომდინარე ნაკლებად მაინტერესებს ვის რა, როგორ აწყობს. 

_ ისევ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ძმა ცოცხალია?  

_ რა თქმა უნდა. მისი დაღუპვის შესახებ არანაირი ფაქტობრივი მასალა არ არსებობს. მისი დაღუპვის ვისაც სჯერა, იმან დაიჯეროს, ჩემთვის დაუჯერებელია. ნება იბოძონ და ეს გაუგებრობა გაარკვიონ! ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, სავარაუდოდ ნათქვამი, რომ ის დაღუპულია, ჩემთვის მისაღები არ არის. ამას დავეყრდნო? სისულელეა! თუ დაღუპულია, მანახონ! ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანი ოჯახს დაუბრუნდეს.

ესაუბრა ეკა ლემონჯავა, ”ჯი-ეიჩ-ენი”.

ავტორი: . .