საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის და სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი, ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში თათარიშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის საწინაღმდეგო მტკიცებულებები არ არსებობს, რადგან ბრალდების მიერ წარდგენილმა ვერც ერთმა მოწმემ დაკითხვისას თათარიშვილის ბრალეულობა ვერ დაადასტურა.
„ბრალდების მხარე პრაქტიკულად მორჩა ბრალდების მოწმეების წარდგენას... სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატიმრო ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა და ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა. თავდაპირველად ვიშუამდგომლეთ თათარიშვილი ყოველგვარი აღკვეთის ღინისძიების გარეშე დარჩენილიყო, რადგან ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შემდეგ სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაო, 10 000 ლარის ოდენობით შევთავაზეთ, რომელსაც მიხეილ თათარიშვილის ოჯახი 5 დღის ვადაში გადაიხდის. სასამართლომ ჩვენი არგუმენტები გაიზიარა და თქვა, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. მიმაჩნია, რომ მოსამართლემ აბსოლუტურად კანონიერი და ლეგიტიმური გადაწყვეტილება მიიღო“, - განცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ირმა ჭკადუამ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ თათარიშვილის საქმის პროკურორი, ვასილ სამხარაძე არ გამოცხადდა, რაც მოსამართლე გიორგი დარახველიძემ არასაპატიოდ და სასამართლოს უპატივცემულობად ჩათვალა და ის 300 ლარით დააჯარიმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 29 ივნისაა ჩანიშნული. ამ დღეს დაცვის მოწმეები, ანა მარგველაშვილი და მინდია გოგოჭური დაიკითხებიან.
მიხეილ თათარიშვილი 2017 წლის 17 მარტს, რიკოსთის უღელტეხილზე დააკავეს. მას 18 აბი „სუბოტექსის“ შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალდებული თათარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნის და ის სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
მისივე განცხადებით ის ნარკოტიკულ საშუალებებს საერთოდ არ მოიხმარს. მინდია გოგოჭურის თქმით, დაკავებისას მას და თათარიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.