“94-ე მუხლი არაა ნორმალური და არც მისაღები. ასეთი ჩანაწერი არცერთ კონსტიტუციაში არ არსებობს“, - ამის შესახებ „ევროპის ბიზნეს ასოციაციის” დირექტორი, ბიზნესმენი დევიდ ლი სოციალურ ქსელში წერს.
დევიდ ლის აზრით, როცა ყველა ბიზნესასოციაცია საუბრობს ერთ ხმაზე, რაღაც არ არის ნორმალური.
„ბიზნესმენებს არ მოსწონს გადასახადი, მაგრამ ქვეყანას სჭირდება საზოგადოების განვითარება და ახალი ინფრასტრუქტურა.
საქართველო არ არის დუბაი. საზოგადოებრივი განვითარება და ეკონომიკის განვითარება მუშაობს ერთად. ეს არის ევროპული ლოგიკა, გამოცდილება და ღირებულებები.
ბიზნეს ასოციაციების განცხადება იყო შეცდომა. ვაკე არ არის საქართველო. მე არ მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში სადაც რეგიოებში ხალხს არ აქვს ნორმალური ხელფასი ან განათლება. როცა ყველა ბიზნეს ასოციაცია საუბრობს ერთ ხმაზე, რაღაც არ არის ნორმალური. ჩვენ გვჭირდება ახალი ხმა, რომელსაც აქვს ევროპული ტონა და ღირებულებები.
ჩვენ მივდივარ ევროპისკენ. საქართველო უნდა იყოს ევროპული“, -წერს ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლზე ბიზნესგაერთიანებებმა ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერენ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის.
"საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროცესში ჯერ კიდევ განიხილება შესაძლებლობა, რომ გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.
ჩვენ, წამყვანი ბიზნესგაერთიანებები, მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის.
ბიზნესგაერთიანებები მიიჩნევენ, რომ "ამ ჩანაწერის გაუქმება საგრძნობლად გააუარესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით და შეამცირებს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას."
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ "საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ გაიზარდოს, თუ არა მათი გადასახადები. მოქალაქეების უფლება, რეფერენდუმის გზით გადაწყვიტონ გადასახადების გაზრდის საკითხი, უშუალოდაა დაკავშირებული მათ უფლებასთან - განკარგონ საკუთარი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლები და ეს განახორციელონ პირდაპირი დემოკრატიის ფორმით“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
საქართველოს ბანკების ასოციაცია
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველო
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. უფლება ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა.