თარიღი    დრო

„დეკლარირება“ და არა „ლიბერალიზაცია“ - როგორ დავამარცხოთ სატანა?

საქართველო, თბილისი - 10:33 06.15.2017 3360

„რეპერების“ საქმემ კვლავ ააფეთქა დისკურსი ნარკომანიის შესახებ. ეს საცოდავი, დაბნეული, შეშინებული ბავშვები ახლა მადლობებს იხდიან და უამრავ შეცდომას უშვებენ. მაგალითად, „პოლიტიზების“ წინააღმდეგ გამოდიან (ნეტავ რომელმა „ჭუისკოლოფმა“ ურჩიათ) და ვერ ხვდებიან: ისინი სწორედ ამ ყბადაღებულმა „პოლიტიზებამ“ გადაარჩინა, თორემ იქნებოდნენ ახლა ისევ გლდანის ციხეში, სადაც, სხვათა შორის კიდევ შეიძლება დაბრუნდნენ, რადგან მხოლოდ გირაოთი არიან გათავისუფლებულნი: კაცმა არ იცის, სასამართლო რას გადაწყვეტს. თუმცა, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროკურატურა „საპროცესოს“ გაუფორმებთ და „ჯარიმას“ იკმარებს იმავე ოდენობით, რაც გირაოდ დაუდგინა.

რაც შეეხება „ჩადება-არჩადებას“: ჯერ ერთი, სრულიად გაუგებარია, რატომ არავინ მოითხოვს თმის ღეროს სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარებას, რაც ყველაფერს ნათელს მოჰფენდა?! საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივი ნარკოტესტი (რაც რეპერებს ჩაუტარდათ) სისხლში ნარკოკვალს ადგენს მხოლოდ 2-3, მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში ანუ ბრალდებას მუდამ შეუძლია თქვას, რომ ამ ადამიანს უბრალოდ ბოლო დღეების მანძილზე არ მიუღია ნარკოტიკი, რაც მის ნარკომანობას სრულებითაც არ გამორიცხავს.

მაგრამ სპეციალური ლაბორატორია („სამხარაულის ბიუროში“), სადაც თმის ღეროს ექსპერტიზაა შესაძლებელი, ამ ვადას 3-4 თვემდე ზრდის. მაშასადამე, შესაძლებელია ზუსტად დადგინდეს, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მიუღია თუ არა ადამიანს ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერება. 3 თვე კი ძალიან დიდი ვადაა. ნარკომანი 3 თვეს ვერ მოითმენს - გამორიცხულია.

თუ არ ადასტურებს ამგვარი ანალიზი და 3 თვეა არ მიუღია ნარკოტიკი, მაშინ ეს ადამიანი ნარკომანი არ არის! და არც ნარკოტიკით მოვაჭრეებს  ჰგვანან „რეპერები“. მაგრამ თუ თხელფენოვანი ქრომატოგრაფია დაადასტურებს - სულ სულ სხვა საქმეა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, ამ კონკრეტული საქმის „უცნაურობანი“ მაინც არაა მთავარი. არსებითი ის არის, თუ რა მიმართულებით განვითარდა ბობოქარი დისკუსია „ნარკოპოლიტიკის“ შესახებ. პრიორიტეტულად იქცა „ლიბერალიზაციის“ თითიდან გამოწოვილი თემა, რომელსაც სინამდვილეში, არავითარი კავშირი არ აქვს „ჩადებების“ პრობლემასთან.

„ლიბერალიზაცია“ შესაძლებელია მხოლოდ „მსუბუქ ნარკოტიკებს“ შეეხოთ, ხოლო ე.წ. „მძიმე ნარკოტიკებზე“ არათუ საქართველოში, არამედ ნიდერლანდებშიც კი უმკაცრესი სასჯელია გათვალისწინებული. ანუ,  კოკაინ-ჰეროინის „ლიბერალიზაციასაც“ ვაპირებთ? თუ „ჩადებაა“, პოლიციას მუდამ შეუძლია ჩაუდოს „მძიმე ნარკოტიკიც!“. არ შუაშია აქ „ლიბერალიზაცია“?

აქვე უნდა თქვას, რომ ჩვენში ბევრს  არ ესმის სისხლისსამართლებრივ ტერმინ „გასაღების“ მნიშვნელობა. ჰქონიათ, თითქოს აუცილებლად გაყიდვა, ანუ „ბარიგობა“ იგულისხმება. სინამდვილეში, როცა ადამიანი უბრალოდ სხვა ადამიანს გადასცემს „მეგობრულად“ ნარკოტიკს რაიმე მატერიალური სარგებლის გარეშე, ესეც „გასაღებაა“ და მოხმარებაზე ბევრად მკაცრად ისჯება ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებშიც კი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ნარკომანიის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, კომუნისტური პერიოდის ჩათვლით,  „ცარიელი ლაყბობა“ იყო და აი რატომ: „მიშას გუნდმა“ მთლიანად შეცვალა კონცეფცია, რომელსაც მანამდე, ყველა ეპოქაში, ეფუძნებოდა ანტინარკოტიკული პოლიტიკა და გამოიხატებოდა ძირშივე მცდარი  ფორმულით: მთავარი პრობლემა გამსაღებელია, ხოლო თვით ნარკომანი - მეორადი. თუ მოვსპობთ გამსაღებლობას, მოისპობა მოხმარებაც“.

თავიდან ამ დებულებით ხელმძღვანელობდნენ „რეფორმატორები“: 2004 წლიდანვე გამკაცრდა კანონმდებლობა (სამუდამო პატიმრობამდე) ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, თუმცა შედეგი არ დადგა. რატომ? ამის გასარკვევად მიშამ სპეციალური ჯგუფი გააგზავნა იმ ქვეყნებში, სადაც „მკაცრ ნარკო-პოლიტიკას“ ატარებენ. მათ შორის ინგლისში. იქაურმა გამოცდილმა სპეციალისტებმა უთხრეს: დამკვიდრებული საზოგადო ილუზიის მიუხედავად, სინამდვილეში მთავარი პრობლემა  არა გამსაღებელი, არამედ თვით მომხმარებელია და სანამ ამას არ აღიარებთ, პრობლემას ვერ გადაწყვეტთ, რაკი ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა „წყლის საცერით ზიდვაა“: თუ იარსებებს მოთხოვნა, იარსებებს მიწოდებაც! „ვერანაირი უსასტიკესი მეთოდებით მხოლოდ „ბარიგობის“ წინააღმდეგ ვითარებას ვერ შეცვლით!“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არაპოლიტკორექტულია და საზოგადო სტერეოტიპებსაც ეწინააღმდეგება, მაგრამ მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ეს მთლიანად დაადასტურა: ნარკომანიის „ლოკალიზება“ და „შემცირება“ 2005-2007 წლებში მოხერხდა მხოლოდ იმის შედეგად, რომ მკაცრი სასჯელი დაწესდა არა მარტო „ბარიგების“, არამედ მომხმარებლების მიმართ!

მაგრამ ამგვარმა „დრაკონულმა“ მეთოდებმა ბუნებრივი წინააღმდეგობა გამოიწვია და საზოგადოებაში სასტიკად უკმაყოფილო, გაბოროტებული, გაანჩხლებული, განაწყენებული, გამწარებული სოციალური კატეგორიის კრიტიკული მასა დააგროვა. შესაბამისი „იდეოლოგემაც“ გაჩნდა: „......მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მაშასადამე ჩემს სხეულს რასაც მინდა, იმას ვუზამ“.

პირწავარდნილი დემაგოგიაა: ნარკომანია, ამ ფენომენის სოციალური ბუნებით, საზოგადოებრივად დამაზიანებელი ფენომენია უკვე იმიტომ, რომ ტრანსლირებადია“. არ არსებობს ნარკომანი, ვისაც თუნდაც ერთი ადამიანი (როგორც მინიმუმ) არ „მიუჩვევია“.

ესე იგი,  ნარკომანი, ვინც თავისთავად სოციალური რისკის მატარებელია, რაკი ასიდან ოთხმოც შემთხვევაში „პლანიდან-მორფინამდე და ჰეროინამდე“ დეგრადირდება, ამას გარდა, აუცილებლად „ტრანსლირებს“ და ავრცელებს იმავე ჩვევას სხვებში. ამიტომ ეს მხოლოდ მისი „პირადი საქმე“ ვერანაირად ვერ იქნება.

სამართლიანობა მოითხოვს ისიც ითქვას, რომ ანტინარკოტიკული „ჯვაროსნული ლაშქრობის“ პროცესში ის მანკიერება კი ნამდვილად მოისპო, რაც გვახსოვს უფროსი თაობის ადამიანებს, როდესაც მილიციის მაღალჩინოსნები, „ნარკომანია-პროსტიტუციის“ განყოფილების უფროსები, როგორც კომუნისტურ, ასევე პოსტკომუნისტურ პერიოდში, თავად იყვნენ ნარკომანები და ნარკოტიკებითაც ვაჭრობდნენ. ისინი ნარკომანებს განსაკუთრებული პროფესიული აზარტით მაშინ იჭერდნენ, როცა თვითონ იყვნენ „გაჩხერილში“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიმდინარე დისკუსია ადასტურებს, რომ კვლავ „ხელისცეცებით“ მივდივართ და ვერ ვაგნებთ გამოსავალს, რაკი ჯიუტად არ გვსურს გავიაზროთ ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა ნარკოფენომენისადმი ქართული სოციუმის მიდგომასა და ევროპული საზოგადოების დამოკიდებულებას შორის. ეს მიშას „რეფორმატორთა“ გუნდმაც არ შეცვალა, რაკი, როგორც ჩანს,  მცირედ ჰქონდა გააზრებული.

დავაკვირდეთ: იმ ქვეყნებშიც კი, სადაც „მსუბუქი ნარკოტიკებისადმი“ ლიბერალური მიდგომა აქვთ, ყველაფერი იღონეს, რათა ნარკომანია სოციალური დეგრადაციისა და მარგინალიზაციის მაჩვენებელი ყოფილიყო!

მთავარი სხვაობა სწორედ ესაა: საქართველოში ნარკომანობა ტრადიციულად „კაი პონტია“, ხშირად „სვეცკი პონტიც“, თუ, რასაკვირველია ანჰიდრიდის ბინძურ ქვაბში მოხარშვაზე არ არის ლაპარაკი. დასავლეთში კი ამგვარი დამოკიდებულება წარმოუდგენელია. იქაური ლიბერალური კანონმდებლობა სრულიად სხვა კონცეფციას ეფუძნება, რომლის არსი გამოიხატება ფორმულით: არა ლეგალიზაცია, არამედ დეკლარირება!“

თუ ადამიანი ნარკოდამოკიდებულია, ის ვალდებულია ღიად განაცხადოს ამის შესახებ და მასზე არ ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა“. ანუ, მისი ჩვევა „ქვეყნდება“ და ყველამ იცის, - ნებისმიერს შეუძლია მოიძიოს, არის თუ არა შესაბამის ბაზაში.

 ნარკომანი მიმართავს სახელმწიფოს, სახელმწიფო უნიშნავს მას ნარკოტიკულ ნივთიერებებს ან მათ შემცვლელს, ოღონდ უმკაცრესი სასჯელის მუქარით უკრძალავს ნებისმიერი ფორმით „ტრანსლირებას“ და ყველა პირობას ქმნის ნარკომანის სოციალური იზოლირებისთვის საპატიმრო ღონისძიების გარეშე.  ყოველ შემთხვევაში, მის რეალურ განკურნებამდე.

საქართველოში სხვაგვარადაა და ასე დარჩება, სანამ ნარკომანობა „სვეცკობაა“ და არა მარგინალობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ნარკომანის ციხეში ჩასმა მხოლოდ იმისთვის, რომ იგი ნარკომანია, აშკარად მეტისმეტი სისასტიკეა, მაგრამ თუ სახელმწიფო „დეკლარირების“ კონცეფციას მიიღებს, მაშინ კონკრეტულ შემთხვევაში მოვლენები შეიძლება ასე განვითარდეს: დავუშვათ, დამიანს აკავებენ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის; მტკიცდება, რომ იგი არ სპეკულირებდა ნივთიერებით; აჰყავთ აღრიცხვაზე, აქვეყნებენ მის სახელს შესაბამის ბაზაში, უნიშნავენ ნარკოტიკულ ნივთიერებას,  ოღონდ ეს ადამიანი სოციალურად შეზღუდულია: სრულ განკურნებამდე მას არ შეუძლია ქვეყნის დატოვება, ვერ ჩააბარებს უმაღლესში, ვერ იშოვის სამუშაოს და ა.შ. საბოლოოდ, ხდება მარგინალი. და ამ სტატუსიდან ამოსვლის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მტანჯველი პროცედურებით განიკურნება, რასაც რეგულარული ნარკოტესტები დაადასტურებს.

გარდა ამისა, გასაღებისთვის ანუ ჩვევის „ტრანსლირებისთვის“ მაინც რჩება მკაცრი საპატიმრო სასჯელი. ამასთან, კატეგორიულად იკრძალება პროპაგანდა ან თუნდაც „გულშემატკივრობა“ ნებისმიერი ფორმით.

ესე იგი, არალეგალიზაცია“, არალიბერალიზაცია“, არამედდეკლარირება!“

საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას „დეკლარირების“ კონცეფციის მიღება არ აწყობს. მიზეზები არც ისე ძნელი ამოსაცნობია: ჯერ ერთი, დიდი ხარჯია; გარდა ამისა, ნარკოდამოკიდებულთა სოციალური კატეგორია შეადგენს „ინფორმატორთა“ ფართო ქსელს, რომლის მეშვეობით სამართალდამცავი ორგანოები ებრძვიან და ამარცხებენ სხვა მრავალ, ბევრად უფრო მძიმე  დანაშაულს!

სერიოზული პრობლემაა აგრეთვე საზოგადოებრივი მენტალობა: საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ქართულ სოციუმს უცნაური „პერფექციონიზმი“ ახასიათებს: „ყველაფერი ან არაფერი!“. სინამდვილეში, სოციალური მანკის ბოლომდე დამარცხება შეუძლებელია. სახელმწიფოს ფუნქცია ამა თუ იმ მეთოდით მისი მინიმიზებაა და სხვა არაფერი.

ნარკომანია სატანაა, ხოლო სატანას  სამყაროდან ვერ განდევნი. გარკვეული აზრით, ის ამ სამყაროს არსებობის პირობაც კია. შეიძლება დილეგში ჩააგდო,  ჯაჭვით დააბა და მის გვერდით იცხოვრო იმ იმედით, რომ არ მოვა უპასუხისმგებლო პოლიტიკანების კამარილია, საჯაროდ არ დათესავს კანაფს და კვლავ არ „აუშვებს“ ამ პირსისხლიან ურჩხულს, რომელმაც საქართველოში მთელი თაობები დაღუპა. 

ნიკა იმნაიშვილი




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%