ENG / RUS       12+

ფარცხალაძე-თორდიას საქმე: „ძმაოების რესპუბლიკა“ და მისი უკვდავება საქართველოში

ყოფილ გენერალურ პროკურორსა და მოქმედ გენერალურ აუდიტორს შორის მიმდინარე „ძველბიჭურ გარჩევაში“, თუ ყველა ასპექტს გავითვალისწინებთ (მათ შორის ოთარ ფარცხალაძის უცნაური „გამდიდრების“ ისტორიასაც), თორდია აშკარად „უფრო მართალია“ ვიდრე ფარცხალაძე, მაგრამ ფარცხალაძე ნამდვილად „უფრო ჭკვიანია“, ვიდრე თორდია!

ეს ძალიან მოკლედ, „წინსწრებით“, ძირითადი დასკვნა. თუმცა, ამ საქმეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სოციალური კონტექსტია და მის თაობაზე მსჯელობას მცირე ისტორიული ექსკურსი მოუხდებოდა:

შორეულ 1997 წელს, „ერთმა“ იმ დროს წარმატებულმა ჟურნალისტმა, შემდგომში წარუმატებელმა „გეოპოლიტიკოსმა“ გამოაქვეყნა შესანიშნავი (ამჯერად ირონიის გარეშე) სტატია სათაურით: „ძმაოების რესპუბლიკა“. მართლა ეპოქალური ტექსტი იყო, რადგან ავტორმა შენიშნა მაშინდელი სოციალური გარემოს ძირითადი მახასიათებელი: ცივილიზებული საზოგადოებრივი  ღირებულებების, შესაბამისად სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დეგრადაცია, როდესაც რესურსების, გავლენისა და  მდგომარეობის (ძველბიჭურ-ქურდული ტერმინოლოგიით „პალაჟენიას“)  გადანაწილებისას, მაღალი და უმაღლესი რანგის სოციალური აქტორები არა ცივილიზებული თანაცხოვრებისა და სოციალური სისტემის ფუნქციონირების ნორმებს, არამედ არაფორმალური „გაგების“ და „ძველბიჭური კოდექსის“ მოთხოვნებს უფრო ითვალისწინებდნენ, რაკი სწორედ ამ მოთხოვნებს სცემდნენ პატივს და ისინი  მიაჩნდათ არსებითად - საკუთარი სოციალური სტატუსის შესანარჩუნებლად.

ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, „ძმაო“ აი იმ ნარატივიდანაა: „........შენ ძმაო......“, „.......მე შენი „ძმა“ არა ვარ  ბიჭო ეეეეე....!!!“ და ა.შ.

საინტერესო ისაა, რომ ეს კი არ იყო სპექტაკლი, არამედ პირიქით - სპექტაკლი იყო ცივილიზებული „უორდინგი“ საჯარო სივრცეში და „შავი გაგება“ რეალური (!) ურთიერთქმედებისას.

მერედა რა ამით? განა, მაგალითად გერმანიაში ან ამერიკაში არ შეიძლება საჯარო და პრივატული „უორდინგი“ თუ  „ქცევითი პატერნი“ ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს? კი, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ნორმალურ საზოგადოებაში (შესაბამისად ნორმალურ სახელმწიფოში)  შეუძლებელია არაფორმალური სივრცე - სახელმწიფოებრივს ფარავდეს და ფუნქციონალური გადაწყვეტილებები არა მეორის, არამედ პირველში დაწესებული ნორმებით მიიღებოდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ფარცხალაძე აშკარად ძალიან გააღიზიანა იმან, რომ თორდია მისი „უცნაურად წარმატებული“ გარიგებების საქმეს იძიებდა, რაც სხვათა შორის,  ამ უკანასკნელის  პირდაპირი მოვალეობაა როგორც გენერალური აუდიტორისა. თორდია კი იმან გააღიზიანა (შარდენზე ცნობილი ინციდენტის დროს), რომ ფარცხალაძე მას „წესიერად არ მიესალმა“

-        „შენ როგორ მესალმები ძმაო?!!!!“

-        „და შენ რა კომპრომატებს აგროვებ ჩემზე ძმაო?!!!“

„გაგების“ მიხედვით, ჩემო საქმეა, როგორ მოგესალმები და ჩამოგართმევ თუ არა ხელს, რაკი „არაკაცურად იქცევი“, როცა „ჩემზე კომპრომატებს ქექავ“.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მიშამ, ვანომ, ირაკლიმ, ერეკლემ და სხვებმა არაფორმალური სივრცის შევიწროვება, მაშასადამე „ძმაოების რესპუბლიკის“ დამხობა გადაწყვიტეს და მცირე ხანს წარმატებასაც მიაღწიეს თითქოს, მაგრამ ძალიან რეპრესიული, ლამის ტერორისტული  მეთოდებით. თუმცა, ეს წარმატებაც ხანმოკლე  აღმოჩნდა,  - როგორც კი პარტიული ბრძოლის ლოგიკამ და ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილმა თავისი მოითხოვა.

თუ გახსოვთ, დავით კეზერაშვილმა თავისი „საძმო“ დანიშნა ფინანსური პოლიციის ჩინოსნებად. ისინი ქრთამს მართლა არ იღებდნენ, ბიუჯეტსაც ავსებდნენ, მაგრამ ერთმა აბეზარმა პოლიციელმა მაშინ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, როგორ ელაპარაკებოდნენ „კეზერას ძმაკაცები“ ერთმანეთს „ძველბიჭური ტონალობით“  - „წამლის ჩხერაზე“: „შენთან.....იმენნა შენთან.....“

მათთვის ზღაპრული ხელფასებისა და პრემიების დანიშვნას მერე იმით ხსნიდნენ, რომ ეს „ანტიკორუფციული ზომა“ იყო: აბა, „ლომკა“ რომ ექნებოდათ, მაშინ ხომ ნამდვილად აიღებდნენ ქრთამს?

იგივე ბატონი თორდია 100%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კადრია და ფარცხალაძესთან (100%-ით „ოცნების“ კადრთან) მისმა დაპირისპირებამ ლამის „მინისამოქალაქო ომის“ ხასიათი შეიძინოს. ანუ, ერთის მხრივ „ნაციონალები“, - მეორეს მხრივ „ოცნება“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არანაკლებ საინტერესოა ჭავჭავაძეზე მომხდარი ინციდენტი. დავაკვირდეთ: სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი, „ძმაკაცთან“ (პალიკო კუბლაშვილთან) ერთად მიდის ბარში, როგორც პრივატულ სივრცეში, და რაკი ამ სივრცეში იმყოფება, საკუთარი იდენტობის პატივისცემად მიაჩნია, მოიხსნას საჯარო „ნიღაბი“ და მოიქცეს არა თანამდებობრივი სპექტაკლის, არამედ რეალური ღირებულებებისა და „გაგების“ შესაბამისად: „მე რომ გეუბნები მუსიკას ხმა აუწიეო ძმაო.....შენი დედა......“. ხოლო პროკურატურა (მაშასადამე ხელისუფლება) გამოძიებას იწყებს სისხლის სამართლის კოდექსის მსუბუქი მუხლით „მუქარა“!

არადა, იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტიც კი გეტყვით, რომ „მუქარა“ არის, მაგალითად, „დედის მიმართულებით გინება აქტის მომავალში აღსრულების პერსპექტივით“. აი, ეს არის „მუქარა“, რომელიც ისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ხოლო როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი (!) მთვრალ მდგომარეობაში (!) იარაღით (!) ემუქრება ადამიანებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, იგივე მეორეკურსელი სტუდენტი დაგიდასტურებთ: ეს არის არა „მუქარა“, არამედ განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ხულიგნობა, რომელიც სსკ 239-ე მუხლის მესამე (ესე იგი  ყველაზე მძიმე) ნაწილით ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდ წლამდე!

გასაგებია, რომ ხელისუფლებამ უკვე მეორე დღეს იცოდა, ვინ ატრიალებდა იარაღს იმ ბარში. ეს რომ არ სცოდნოდა, მაშინ საქმეს სწორედ 239-ე მუხლით აღძრავდა; მაგრამ რაკი იცოდა, თავი დაიზღვია სამომავლოდ და კარგა მძლავრი არგუმენტიც შემოინახა.

დღეს პატივცემული გენერალური აუდიტორი გვეუბნება „ვიცოდიო“. შე ოჯახაშენებულო, თუ იცოდი, მაშინ რაღას დაიარები ღამის კლუბებში, რაღას თვრები და ძველბიჭობ? კაცმა რომ თქვას, არც ისე იოლი  სათქმელია, რა უფრო გამაღიზიანებელია აქ: ეს თავხედური თავდაჯერება, თუ ხელისუფლების შანტაჟი.

მხოლოდ „ძმაოების რესპუბლიკაში“ შეიძლება მოხვდეს გენერალური პროკურორის პოსტზე ადამიანი, ვისაც „ბოტასების ქურდობას“ აბრალებენ. ასევე, მხოლოდ იმავე „რესპუბლიკაში“ შეიძლება ნახოთ ქვეყნის გენერალური აუდიტორი ღამის კლუბში. მით უმეტეს გალეშილი მთვრალი.

ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში ეს გამორიცხულია, რაკი ამ რანგის ამერიკელმა, გერმანელმა თუ ინგლისელმა ჩინოსანმა იცის, რომ საჯარო სამსახური მისთვის ბერად აღკვეთის ტოლფასია და „რამე რომ იყოს“ შუასაუკუნოვანი ინკვიზიციის წესებით  დაისჯება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა რაც შეეხება ფარცხალაძის „გამილიონერებას“. ესეც „ძმაოების რესპუბლიკის“ კონსტიტუციის შესაბამისად მოხდა: როგორი ყურადღებითაც არ უნდა წავიკითხოთ ნუცუბიძის ქუჩაზე  მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმე, თვით ფარცხალაძის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას, ფორმალურად ვერ აღმოვაჩენთ - იგი თავის „ვიზავიზე“ ბევრად ჭკვიანია; მაგრამ სინამდვილეში, აქ იმგვარ ფენომენთან გვაქვს საქმე, რომელიც „ბოროტ ხულიგნობაზე“ ასჯერ უარესია: დასავლეთში ამას უწოდებენ „გავლენით ვაჭრობას“. საქართველოს (ესე იგი „ძმაოების რესპუბლიკის“) პირობებში კი უფრო ზუსტი იქნებოდა ტერმინი ნაცნობობით ვაჭრობა“.

საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სწორედ ეს წაუყენეს ბრალად, როდესაც კინაღამ დააპატიმრეს: დამტკიცდა, რომ ის თავის „ნაცნობობას და გავლენას“ სახელმწიფო სტრუქტურებში იყენებდა ხელსაყრელი (თავისთავად აბსოლუტურად „თეთრი“) ბიზნეს-პროექტების ლობირებისას. სარკოზი ციხეში მხოლოდ იმიტომ არ ჩასვეს, რომ გამოძიებამ ვერ დაამტკიცა მისი პიროვნული ანგარება ან რაიმე შემოსავალი აქედან.

ოთარ ფარცხალაძე კი, უკვე გადადგომის შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ძალისმიერ სტრუქტურებში, მმართველ პარტიაში საკუთარ ნაცნობობას და მისი ფარული გავლენის მითს (!) ძალიან ოსტატურად იყენებდა სრულიად ლეგალური ბიზნეს პროექტების ლობირებისას.

ოღონდ, სარკოზისგან  განსხვავებით, ოთარ ფარცხალაძეს „ძმაოების კონსტიტუცია“ ეხმარებოდა: „კაცური გაგება“, არაფორმალური კოდექსი და მორალური პასუხისმგებლობის შეგრძნება „ძმაოს“ მიმართ, რომელიც მართალია აღარ არის საჯარო სივრცეში, მაგრამ იმ არაფორმალურ სივრცეში კი მაინც ინარჩუნებს „პალაჟენიას“, რომელშიც ყველა მოქმედი ჩინოსანი რჩება.

„ნაციონალები“ (დაშლილნი თუ გაშლილნი) მეტისმეტი თეატრალურობით ნუ აღშფოთდებიან ამის გამო, რადგან მათაც ჰყავთ ზუსტად ასეთივე „ფარცხალაძე“, რომელმაც კიდევ უფრო მეტი წარმატებით „ივაჭრა ნაცნობობით“: იგივე კეზერაშვილი, უკვე გადადგომის შემდეგ, „მოულოდნელად“ გახდა მულტიმილიონერი და მისი ბიზნეს-გარიგებებიც, ფორმალურად, ისეთივე „თეთრია“, როგორც ფარცხალაძისა, ოღონდ  „შავი“ მოტივაციით.

შესაძლებელია თუ არა საქართველოში დაემხოს „ძმაოების რესპუბლიკა“ იმ ვითარებაში, როცა მედიის ძაააალიან დიდი ნაწილი მისივეკონსტიტუციითმოქმედებს? ანუ,  საერთოდ რა ეშველება ამ საქმეს? არც არაფერი, სანამ არ მივხვდებით, რომ პრობლემა, სინამდვილეში, არა ხელისუფლება ან რომელიმე „პარტია“ თუ პოლიტიკოსი, არამედ საზოგადოება და მისი მენტალობაა.

ნიკა იმნაიშვილი 

 

ავტორი: . .