თარიღი    დრო

უკვდავების ბინადარი - სოფიკო ჭიაურელი 80 წლის გახდებოდა

საქართველო, თბილისი - 14:35 05.21.2017 2779

ბედის ნებიერა

“...სოფიკო ცისარტყელასავით იყო - მრავალფეროვანი, არაორდინარული, სიხარულით სავსე. მასში თავმოყრილი იყო საუცხოო იუმორი, მეგობრობა, სიკეთე, ფანტასტიკური, განუმეორებელი ინდივიდუალიზმი... მის ირგვლივ მუდამ იგრძნობოდა სადღესასწაულო და შემოქმედებითი ატმოსფერო”, - წერდა რეჟისორი ვსევოლოდ შილოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ ქირურგობაზე ოცნებობდა, ბავშვობიდანვე არ ასვენებდა სხვადქცევის სურვილი: “მახსოვს, ბავშვობაში დედას კაბებისა და შლაპების ჩაცმა მიყვარდა და მერე წარმოდგენებს ვმართავდი. დედა აღშფოთებით ამბობდა: რა უნიჭო გოგო მყავს! რა არის ეს? რისთვის მომეზღო?

როგორ საშინლადაც უნდა მეთამაშა, მამა აღფრთოვანებული იყო, გენიალურიაო, - ამბობდა, მაღმერთებდა. რომ მხედავდა, თვალებიდან სიხარულის ცრემლები ცვიოდა. დედა კრიტიკულად მეპყრობოდა... მაგრამ ერთხელ, წლების შემდეგ, ჩვენს სახლში არკადი რაიკინი, მაია პლისეცკაია, მოკლედ, მთელი მოსკოვური ბომონდი შეიკრიბა და დედამ ჩემთვის გამაოგნებელი სიტყვები წარმოთქვა: “მე ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არ ვთქვა: ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია, ვიდრე - მე!” ეს ისეთი დარდით თქვა, ისე დრამატულად, რომ მივხვდი: გვემშვიდობებოდა”...

წამი გარდასახვისთვის

დღემდე ვფიქრობ და ვერ ამიხსნია სოფიკო ჭიაურელის ფენომენი. რეალურად, რასთან გვქონდა საქმე, ამდენი ტალანტი რანაირად თავსდებოდა ერთ ადამიანში, საიდან მოდიოდა ასეთი სიკეთე, მოწყალება, უშურველობა, მზრუნველობა ყველას და ყველაფრის მიმართ?!

სოფიკო ჭიაურელი ჩემი ახლობელიც იყო, მის მეზობლად ვცხოვრობდი. 90-იან წლებში საკუთარ სახლში ფიქრის გორაზე კოტემ და სოფიკომ დააარსეს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი, შემდეგში თეატრი “ვერიკო”, რომელსაც სოფიკო მსხვილი პლანის თეატრსაც ეძახდა, ხოლო საკუთარ თავს - “გამქრალი ცივილიზაციის მსახიობს”. ერთი მსახიობის თეატრი ჩემთვის იყო ოაზისი, ხელოვნების ზეიმი და ამ დღესასწაულებს გასაოცარი გულუხვობითა და ხელგაშლილობით გვიწყობდა ქალბატონი სოფიკო.

როლში შესასვლელად საგანგებო მდგომარეობის შექმნა არ სჭირდებოდა. იმდენად დიდი პროფესიონალი იყო, წამიც ჰყოფნიდა გარდასახვისთვის, განწყობილების შესაქმნელად. მახსოვს, “მარტოობის ბინადარს” რომ თამაშობდა, ერთი პერიოდი დარბაზში ვერიკოს ოთახიდან შედიოდა. დაიწყო სპექტაკლი, სოფიკო შემოვიდა, მეც იქვე, კუთხეში, ვდგავარ, ოღონდ ადგილიდან არ ვიძვრი. თამაშის წინ არ მინდა დავურღვიო მყუდროება და განწყობა. თავად მოვიდა და დამიწყო ყოფით თემებზე საუბარი. სინათლე ჩაქრა, მუსიკა ჩაირთო, სოფიკო ისევ მესაუბრება. მაინც მოასწრო, ბოლო სიტყვაც მითხრა, ფრაზა დაამთავრა და მუსიკის ფონზე გავიდა დარბაზში. გაოცებული დავრჩი, ნუთუ ასე ერთბაშად, ასე მღელვარების გარეშე!!!

პიროვნული სტრუქტურა

დიდი ინდივიდუალისტი, დიდი პიროვნება იყო, ეს იმთავითვე გულისხმობდა მის განუმეორებლობასაც და უნიკალურობასაც. ცხოვრება სხვადასხვა როლის მორგებას გვავალებს: შვილის, მშობლის, მეუღლის, სატრფოს... და თითოეული მათგანი მოითხოვს განსხვავებული მოვალეობის შესრულებას. სოფიკო ჭიაურელის ცხოვრება ასეთი “მისიების” აღსრულებაში გადიოდა. უვლიდა და პატრონობდა ყველას. ამ აურზაურში საკუთარი დაავიწყდა, დაუგვიანდა მკურნალობა და უკურნებელმა სენმა ხელიდან გამოგვგლიჯა.

მას ბევრი რამ ჰქონდა თანდაყოლილი, გენეტიკური, მაგრამ შეძენილი, საკუთარი ძალისხმევით მიღწეული და მოპოვებულიც დაუთვლელად ჰქონდა. მისი პიროვნული სტრუქტურა მთლიანი და გაუბზარავი იყო. ამდენ საქმეს მარტო შეჭიდებულს თითქოს ლირიზმი აკლდა, მაგრამ ცხოვრების ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კოტე მახარაძის გარდაცვალების შემდეგ, უფრო “რბილი” გახდა, დათბა ურთიერთობებში. ხანდახან მასში სენტიმენტალიზმიც გაკრთებოდა - როგორი დიდებული იყო ყველა სიტუაციაში, პიროვნულ ხიბლსა და ღირსებას არ კარგავდა. მან იცოდა საკუთარი თავის ფასი. ზედმეტად თავმდაბალი არ ყოფილა (ამდენად, არც არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავდა) და არც ზედმეტად მაღალი თვითშეფასება და აქედან მიღებული თვითკმაყოფილება არ ჰქონია. ამბიციური და ამპარტავანი სოფიკო ჭიაურელი არავის ახსოვს. მისი პიროვნების ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ თავისებურებათა შორის, უპირველესად, ხასიათი და ტემპერამენტი უნდა ვახსენოთ: დაუღლელი. 24 საათი არ მყოფნისო, - ამბობდა. თავგანწირული საქმეში, ურთიერთობებში და პრინციპული, უკომპრომისო, ზოგჯერ კახური სიჯიუტით ნაგები ხასიათით. ცალკე საუბრის თემაა მისი ინტერესები, ღირებულებები და ნიჭიერება. აქაც შეუვალი იყო. მისი სწრაფვა, მუდმივი ძიება და კრეატიულობა გამოავლენდა მის ინტერესთა სფეროსაც. ყველაფერი ღრმად და საფუძვლიანად უნდა გაეაზრებინა. მის შეგრძნებებში სამყარო შემოდიოდა, როგორც მხატვრული მოვლენა, მაგრამ, ამავე დროს, თეორიული ადამიანიც იყო (თუ ე. შპრანგერის მიხედვით ვიმსჯელებთ), მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენის დიდი სურვილით.

ნიჭის ელვარება

სოფიკო, როგორც საუკუნის ხელოვანი, ყველაფერში ესთეტიკას ხედავდა, მშვენიერისა და ამაღლებულის რაკურსით. როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ ინტერესი და მონდომება ვერ განსაზღვრავს პროფესიულ მიღწევას. საჭიროა ნიჭი. ოღონდ ეს არ იყო ნიჭის ერთი სახეობა, მხოლოდ ერთადერთი რამ, ჭავლით მიშვებული საქმეზე. არა - სოფიკოს ნიჭიერება საცერიდან გაწმენდილი იფრქვეოდა, ყველაფერს სწვდებოდა. მას ამკობდა გასაოცარი მუსიკალურობა, არაჩვეულებრივი ტექნიკა ფორტეპიანოზე დაკვრისა, პლასტიკა და საკუთარი სხეულის ფლობის, მართვის ოსტატობა. აბა, გაიხსენეთ ქურთი სარეს ცეკვა გახმაურებელ სპექტაკლში “ეზოში ავი ძაღლია” ან მისი ლეგენდარული “კინტაური”, იური ზარეცკის ქორეოგრაფიით, სპექტაკლ “ხანუმადან”. აღფრთოვანებული ნინო რამიშვილი ამბობდა: “როცა სოფიკოს კინტაურს ვუყურებ, თითქოს პირველად ვხედავ ამ ცეკვას. ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნებას ვიღებ! ვერავინ ცეკვავს ასე, ასეთი საოცარი პლასტიკით, საოცარი შინაგანი განცდით!” 

სოფიკო ჭიაურელში იყო  განცდა და გარდასახვა-სხვადქცევა (პროფესიული ნიჭიერება, თანდაყოლილი და განვითარებულიც). ამასთანავე, საოჯახო საქმიანობის, მშენებლობის, კერვის, ქარგვის, ცხობის, რეცხვის, დალაგების, შეფმზარეულობის, ცურვის, მანქანის მართვის და ვინ მოთვლის, კიდევ რაში არ იხარჯებოდა მისი ტალანტი.

უსიყვარულოდ

მისი პირველი სიყვარული კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იყო. გიორგი და სოფიკო თანატოლები იყვნენ. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მერე კი სიყვარულში გადაიზარდა. 19 წლისანი დაქორწინდნენ - ეს იყო 1955 წელი...

 მოგვიანებით სოფიკო იტყვის: “ცხოვრებაში, მით უმეტეს პირადში, არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდა”... მეორე სიყვარული 1972 წლიდან დაიწყო, “ურიელ აკოსტას” რეპეტიციებიდან. კოტე მახარაძე სოფიკოს გულისმპყრობელი აღმოჩნდა. 8 წელი გაგრძელდა ეს რომანი. 1980 წელს დაქორწინდნენ. მსახიობი ასე იგონებდა: “ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის დასი მოსკოვში გავემგზავრეთ გასტროლებზე. კოტემ მოსკოვთან ახლოს, ერთ რომანტიკულ ადგილას დამპატიჟა. მასთან დაქორწინებას ვაყოვნებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ შეხვდებოდნენ ამას, ამიტომაც უარზე ვიყავი. კოტე კი გიჟდებოდა, ძალიან ნერვიულობდა. ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი - დიდი თოვლით და მინუს 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა ან “ჰოს” მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო. უდარდელად მივუგე, - კარგად იყავი-მეთქი. მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა, კარგადო, - დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. წუთიც არ დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და უკან მივყევი მეც. მეგობრებმა რომ მოგვიკითხეს, გაოცებულმა რესტორნის დარაჯმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ორი გადარეული ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან”.

იმედი და ნუგეში

გასაოცარი მეგობრობა და თანადგომა იცოდა. ყველას მისი იმედი ჰქონდა, მათ შორის - მეც. არაფერი მითხოვია მისთვის, მაგრამ მეიმედებოდა. რამე რომ გამჭირვებოდა, მხოლოდ მას თუ ვეტყოდი და ვიცოდი, რომ ყველაფერს გააკეთებდა დაუნანებლად, დაუზარებლად, ერთგულად, მთელი არსებით. ერთხელ კონტექსტის გარეშე ვუთხარი: ქალბატონო სოფიკო, ხომ იცით, თქვენი იმედი მაქვს ამ ცხოვრებაში, სხვა პატრონი არავინ მყავს-მეთქი. გაუხარდა, გაიღიმა და მითხრა: მე რა ვქნა, მე ვის იმედად ვიყოო?!

უძლებდა ყველაფერს. მხოლოდ ერთხელ შევესწარი აცრემლებულ სოფიკოს: როცა კოტე მახარაძის გარდაცვალების შემდეგ მისი სპექტაკლების ვიდეოჩვენება აღადგინა, პირველ საღამოზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. თავად გახსნა, ისაუბრა. მე ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, ადგილი არ იყო. დარბაზში შუქი რომ ჩაქრა, მოვიდა, თავადაც ჩამოჯდა, გამჭოლი მზერით შეჰყურებდა ეკრანზე კოტეს და ჩუმად ტიროდა!

თუ მანქანით ჩაგივლიდა, სადაც უნდა ყოფილიყავი, შეუძლებელი იყო, არ გაეჩერებინა, არ გამოგლაპარაკებოდა. ჩემი მახსოვრობის პატრონმა არავის მანქანის ნომერი არ ვიცი დღემდე, მხოლოდ სოფიკოს მანქანას ვცნობდი “SOF-777”. ანჯაფარიძის (ყოფილი სუმბათაშვილის) ქუჩა პატარაა. სოფიკო ამ ქუჩის ბოლოში, 16 ნომერში ცხოვრობდა, მე კი - 8-ში. თუ ქუჩაზე მომავალს დამინახავდა, მანქანის სვლას შეანელებდა. ჩაჯდომას აზრი არ ჰქონდა, იქვე უნდა ჩამოვსულიყავი და, ვიდრე ჩემს ჭიშკარში არ შევიდოდი, ჩამოწეული ფანჯრიდან მესაუბრებოდა და მანქანაც კუს ნაბიჯებით მომყვებოდა. ასე იყო მუდამ! მას ასეთი თავმდაბლობაც ახასიათებდა!

თუ რამე დასჭირდებოდა, ფრთხილად და გულით გთხოვდა. არავის არაფერს არ ავალდებულებდა. 2004 წელს ვიდეოკამერა ვიყიდე. ხშირად მეუბნებოდა: დრო თუ გაქვს, გადმოდი და გადაიღე. ჩვენც ვიღებთ, მაგრამ შენი გადაღებული მირჩევნიაო (ვითომ კარგი ოპერატორი ვიყავი და რამე გამეგებოდა ვიდეოტექნიკისა). ერთხელ დიპლომატიური კორპუსისთვის რუსულ ენაზე საგანგებოდ ითამაშა “პლანეტების დაბადება”. მერე, როგორც სჩვეოდა, ფურშეტი მოაწყო სტუმრებისთვის. ერთმანეთში ირეოდა  უამრავი ადამიანი. მიუხედავად ასეთი გაწამაწიისა, უყურადღებოდ არ დაგტოვებდა: ჭამე რამე, - მეტყოდა, ან თვალით მანიშნებდა რაღაცას... არ გამორჩებოდა არავინ... მის გვერდით ზედმეტად თავს არასდროს იგრძნობდი. მან ზუსტად იცოდა ადამიანის ღირსების ფასი და არად დაგიდევდათ თანამდებობასა და ძალაუფლებას! ამიტომაც ვერ იპოვა დასაყრდენი მის გვერდით ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა!

კიდევ ერთი, მისი ხასიათის უცნაური თვისება: მეოცე საუკუნის 90-იანი წლები ქრონიკული უშუქობის პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენ, მის მეზობლებს, ეს არ გვიგრძნია. თეატრის ხაზზე “იჯდა” მთელი უბანი. როცა ენერგეტიკის სამინისტროში სოფიკოსა და კოტეს უთხრეს, მხოლოდ თქვენ გაგიყვანთ მუდმივ დენს, ქუჩას ვეღარ დავაკმაყოფილებთო, მათი პასუხი იყო: არ გვინდა ისეთი თეატრი, სადაც 24 საათი არის სინათლე, ირგვლივ კი მეზობლები სიბნელეში სხედანო. ასე გადაგვატანინა და შეგვიმსუბუქა მან დაუძლეველი გასაჭირი მძიმე დროში.

უცნაური მოგება

აზარტული იყო, საოცრად აზარტული და ძალიან კარგად თამაშობდა ნარდს. ერთხელაც სპექტაკლის დაწყებამდე 2 საათით ადრე მივედი თეატრში. ეზოში სხედან და ნარდს თამაშობენ სოფიკო და მიშა ჭიაურელი (მისი ძმისშვილი, რეჟისორი). იქვე ზის დრამატურგი რეზო კლდიაშვილი. შუა თამაშში მიშას დაურეკეს და გავიდა. გააგრძელეო, - დამიბარა. დღემდე ცუდად ვთამაშობ, სწრაფად ვერ ვძებნი ნარდის ქვის დასასმელ ადგილს, ვითვლი, ვჯახირობ... მოკლედ, სოფიკოს ვუთხარი: გაგაწვალებთ ჩემი თამაში, არ ღირს-მეთქი.

-     ოჰ, მოდი, დაჯექი და ვითამაშოთო.

რაღაც ბედად ის ხელი მოვიგე.

-     უყურე ამას შენ! - გაიცინა და ახლა მეორე ხელი ვითამაშეთ. ბედის ირონია - ისიც მოვიგე, მესამეც, მეოთხეც... ამასობაში თეატრის დირექტორი მოვიდა, ბატონი სოსო ბაკურაძე, თავზე დამადგა და ჩამჩურჩულა: ცეცხლს ეთამაშები, იცოდეო.

ვატყობ, ქალბატონი სოფიკო ღიზიანდება. ხვდება, რომ არ ვიცი კარგი თამაში, მაგრამ კამათლის წყალობით მაინც ვუგებ! ჩემი ჭკუით, ვითომ ვიეშმაკე და არ “მოვუკალი ქვა”. მიხვდა ამას.

 - აბა, ახლა წესიერად ითამაშე, ვითომ გინდა მომაგებინოო, - მითხრა და ის მეხუთე ხელიც მოვუგე. ამასობაში დაბრუნდა მიშაც. რა ხდებაო, - ეკითხება სოფიკოს.

 - ხუთით ნულს ვაგებო, - უპასუხა.

- რაო?! - არ დაიჯერა მიშამ. მერე დამიჯდა, შვიდით ნული წამაგებინა თავის მარსებიანად. სოფიკო გავიდა, უკვე სპექტაკლისთვის უნდა მომზადებულიყო. მას შემდეგ ნარდში, მგონი, აღარც მომიგია და არც თამაშის დიდი სურვილი მაქვს ქალბატონ სოფიკოსთან დაუვიწყარი “შერკინების” შემდეგ!!!

ვარსკვლავი

სოფიკო ჭიაურელს, როგორც ადამიანსა და შემოქმედს, არც სახალხო სიყვარული აკლდა და არც ჯილდოები (სახელმწიფო პრემია, 1980; ვერიკო ანჯაფარიძის პრემია, 1996; ღირსების ორდენი, 1997; შოთა რუსთაველის პრემია, 1998; მარჯანიშვილის პრემია, 2000; ნინო ჩხეიძის პრემია, 2002; ვერა ხოლოდნაიას პრემია “ეკრანის დედოფალი”, 2003 და სხვ.), ცხოვრებაში უმთავრესად ოჯახის დედობა მიაჩნდა. სიცოცხლის ბოლოს, როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი საზეიმოდ გახსნეს, თვალცრემლიანმა თქვა: ეს ვარსკვლავი ვერიკოს ეკუთვნის!

კინო

ნამდვილი კინოლეგენდა იყო. 1956 წელს ითამაშა პირველი კინოროლი, უკანასკნელი - 2006 წელს. 50 წელი კინოში, სულ 40 ფილმში გადაიღეს.  სერგო ფარაჯანოვი ფრესკას ამსგავსებდა, მუზას უწოდებდა, “გენიალური კინობალერინა” დაარქვა, საკუთარ თილისმად თვლიდა, მის გარეშე ფილმის გადაღება არ შეეძლო, ამბობდა: “სოფიკოსთან ერთად ჩემს ფილმებში სილამაზე შემოდისო”. თავად სოფიკო ასე იგონებდა: “ჩემს კინოცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა სერგო ფარაჯანოვმა. ის უცნაური მხატვარი იყო, გენიოსი - ნუ გვეშინია ამ სიტყვისა. დღეს სერგოს ახსენებენ ფელინის გვერდით. მას შემდეგ, რაც სერგომ გადამიღო ფილმში “საიათნოვა”. მითხრა, მე უშენოდ ფილმს არ გადავიღებო და მის შემდეგ ის იგონებდა როლებს ჩემთვის”.

მე წავალ...როცა ჩაწვა, ერთბაშად მოიწყინა სამყარომ, გაფითრდა, ნაცრისფერი გახდა ჩემთვის ცხოვრება. ყველამ ვიცოდით, რომ დიდი ხელოვანი უკვე დღეებს ითვლიდა, თუმცა თავად არ უტყდებოდა საკუთარ თავს. იბრძოდა, ბოლო წუთამდე იმედი არ დაუკარგავს: პიესას კითხულობდა, ახალი როლის წახნაგებს ამუშავებდა, მარჯანიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებოდნენ და უნდა ეთამაშა.  მხოლოდ ის კი იყო, რომ ჩაიკეტა. ახლობლების გარდა, არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა. არც პატრიარქს შეხვდა, უარი შეუთვალა: მე თქვენს უწმინდესობას საწოლში როგორ დავხვდები, გამოვჯანმრთელდები და თვითონ გეახლებითო. არ უნდოდა, სარეცელს მიჯაჭვული სოფიკო ენახა ვინმეს. მეგობრები ღამეებს უთევდნენ. რამდენჯერაც მივედი თეატრში, მასთან ასვლა ვერ გავბედე. მერე უკითხავს: ის სადაა, რატომ არ მოდისო (ოღონდ გვიან მითხრეს, გარდაცვალების დღეს!)?! იქნებ, სჯობდა, რომ არ ვნახე... ჩემს ცნობიერში, ჩემს სულში ის მონოლითურ ადამიანად დარჩა, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო! ვიცოდით, რა შედეგიც დადგებოდა, მაგრამ ამის დაჯერება არ გვინდოდა. თავად კი ხუმრობდა: მე რომ წავალ, თქვენ რა გეშველებათო. ყველას რაღაცას უბარებდა. ვიდრე აგონიის წუთები დაეწყებოდა, ნიკუშას (შვილს) უთხრა:

- ხომ აქა ხარ, ხომ სახლში ხარ?

- ჰო, რა იყო, დედა?!

- არაფერი, მაშინ გამიშვი, მე წავალ!

სახლი

სახლი ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის #16-ში, და მისი დიასახლისი ერთნაირად იზიდავდა ყველას. ერთხელ მოსული ადამიანი აქაურობას თავისად იღებდა, ისევ ჩნდებოდა მეორედ მოსვლის სურვილი და ასე იყო დღე და ღამე. სახლი, რომელიც გასაღებით არ იკეტებოდა. განსაკუთრებით მიყვარდა ზამთრის ღამეებში მასთან სტუმრობა, ბუხარში შეშის ტკაცატკუცი და ნაღვერდალში შემწვარი კარტოფილი, გოგრა... თუმცა ეს საშუალება იყო აქ ყოფნისა. რამდენი რამ მახსოვს ამ კედლებში: სოფიკოსა და სანდროს დაბადების დღეები, ყოველი პრემიერის შემდეგ ფურშეტები, შეხვედრები ხელოვანებთან, მეცნიერებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, თეატრალებთან... ყოველ კვირაში გამართული სუფრები და ღონისძიებები... და, როცა სახლის მთავარი დიასახლისი ამქვეყნიდან წავიდა, ყველაფერი ჩაკვდა, კედლები გაცივდა, კერია გაქრა, მას გაჰყვა სითბო, სიხარული, საოცრებები; სცენაც დაპატარავდა, თეატრიც მოკვდა... მხოლოდ დიდი მსახიობის 40-ზე მივედი სახლში, სახლში, სადაც ყოველთვის სტუმარს ელოდნენ და მას შემდეგ ფიქრის გორისკენ გახედვაც მიჭირს, საცხოვრებლადაც სხვა უბანში გადავედი. სოფიკოს გარეშე ცხოვრების დაჯერება აზრსმოკლებულ სიცოცხლეს დაემსგავსა!

რომ არ ყოფილიყო სოფიკო ჭიაურელი

იქნებოდა დიდი სიცარიელე ქართულ კინემატოგრაფში; არ იქნებოდა ქართული თეატრის ცხოვრება ისეთი სისხლსავსე, როგორიც სოფიკოს დროს მისი ნიჭის წყალობით იყო; ცხოვრება ინტერესს დაკარგავდა უამრავი ადამიანისთვის; სოფიკო ჭიაურელი ერთადერთი მსახიობი იყო საბჭოთა კავშირის დროს, რომელმაც შვიდჯერ მიიღო ჯილდო “ქალის საუკეთესო როლისთვის” სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე; რომ არ ყოფილიყო სოფიკო, ასე მგონია, ჩემი სამშობლო დაკარგავდა სიცოცხლის ხალისს, სიყვარული დღესასწაულად ვერ იქცეოდა; სოფიკო ეპოქალური მნიშვნელობის მსახიობი და პიროვნება იყო. ეპოქას პიროვნებები ქმნიან. მან შექმნა სამყარო ხელოვნებაში და  ესთეტიკა - ცხოვრებაში.

საბა მეტრეველი




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.2%
შემცირდა 16.7%
არ შეცვლილა 3.1%