თარიღი    დრო

რუსი მგლების შემოსევა საქართველოში - როგორ გვცდის პუტინი

საქართველო, თბილისი - 10:05 05.04.2017 3094

ხანგრძლივი ფიქრისა და ჭოჭმანის შემდეგ, ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა ჩაეკეტა საზღვარი რუსულ მოტო-კლუბ „ღამის მგლების“ წევრებისათვის. რამდენიმე ათეული მოტოციკლისტი ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან უკან, ვლადიკავკაზში გააბრუნეს. თუმცა ამ ამბებამდე რამდენიმე დღით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადება, რომ საზღვარს კი არ ჩაკეტავდა, არამედ „თვალ-ყურს მიადევნებდა“ რუს ბაიკერებს.

გაუგებარია, რა იგულისხმება ამ „თვალის მიდევნებაში“: ეს „მგლები“ პუტინის „სადრესირებო ვოლიერებში“ საკმაოდ კარგად გაწვრთნილი არსებები არიან - სისხლის სამართლის დანაშაულს არასდროს სჩადიან . . . .  თქვენ წარმოიდგინეთ, ჩხუბის პროვოცირებაშიც კი პირველნი არ მონაწილეობენ და  სიჩქარესაც  არ აჭარბებენ; „უბრალოდ“ რუსული დროშებითა და „გიორგის ბაფთებით“ დაქრიან ტრასებზე, ქუჩებში და თუ ინციდენტებს მიაღწევენ, ისე მოაწყობენ, პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში „დამხვედრს“ ეკისრება. თუმცა არც თავს გაგალახვინებენ იოლად.

მთავრობაშიც მიხვდნენ, როგორც იქნა, რომ ამ ინციდენტების გარეშე ეს პროვოკაციული აქცია ნამდვილად ვერ ჩაივლიდა. ამიტომ „მგლებს“ საზღვარი ჩაუკეტეს. მაგრამ ხომ აშკარად   ყოყმანობდნენ? მერედა, რატომ? იმიტომ, რომ მთავრობას  ეშინია, ეს ინციდენტი და „პუტინის ბაიკერთა“ არშემოშვება მოსკოვმა სანქციების განახლების საბაბად არ გამოიყენოს: შარშან საქართველოში შემოსულ ტურისტთა (არა „ვიზიტორთა“, არამედ „ტურისტთა“ - ერთმანეთში არ ავურიოთ) ლამის ნახევარი სწორედ რუსები იყვნენ; საკმარისია მოსკოვმა საქართველოს მიმართულებით ავიარეისები ისევ აკრძალოს და..... ქვეყანაში ვალუტის შემოდინებაც შემცირდება. შესაბამისად, ლარის კურსი 3-ს მიუახლოვდება და ბუნებრივ აირზე, აგრეთვე ელექტროენერგიაზე ტარიფის გარდაუვალი მატებაც კიდევ უფრო მტკივნეული გახდება.

ეს ჩვენი ქვეყნისა და მისი ხელისუფლების  სისუსტის კიდევ ერთი მაჩვენებელია, თორემ ჯერ კიდევ 2013 წელს, ბევრი ექსპერტი აფრთხილებდა მთავრობას, რომ როდესაც მოსკოვი სანქციებს აუქმებდა, ავიარეისებს ნიშნავდა, ღვინო-ბორჯომისთვის ბაზარს ხსნიდა, მისი მიზანი სწორედ ეს იყო: მოეპოვებინა ბერკეტი, რათა ზუსტად შერჩეულ მომენტში სანქციების განახლება კიდევ უფრო მტკივნეული გამხდარიყო.  ანუ საქართველო, თუ უხეშად ვიტყვით, „ნარკოტიკზე შეესვა“ და მერე ერთბაშად შეეწყვიტა ეს „ბანგი“.

შედეგად, „კარგი“ და უდანაკარგო გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ არსებობს. თუმცა მთავრობამ ისევ რისკზე წასვლა ამჯობინა. ჯერ-ჯერობით კრემლის რეაქცია საკმაოდ რბილია. როგორც ჩანს, პუტინის ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში სხვა მიზანს ისახავდა -  უფრო იმას, რომ ქართული საზოგადოების რეაქცია „დაეტესტა“. ამაში გასარკვევად, აუცილებელია მოკლედ აღვწეროთ, რას წარმოადგენენ  ე.წ. „ღამის მგლები“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს ორგანიზაცია პუტინისეული „რბილი ძალისა“ და „ჰიბრიდული ომის“ ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. ბაიკერებს თითქოსდა ისევე აცვიათ, როგორც მათ ამერიკელ კოლეგებს, ისევე იქცევიან, უბრალოდ, დაქრიან მოტოციკლებით, მაგრამ სინამდვილეში, არ გაგვიკვირდეს, თუ ამ „მოტო-კლუბის“ ლიდერები, მათ შორის ალექსანდრე ზალდასტანოვი რუსული სპეცსამსახურის ოფიცრები იყვნენ და ხელფასსაც იღებდნენ.

მათი ყოველი ნაბიჯი, ყოველი აქცია ღრმა დამუშავებისა და წინასწარი „უზრუნველყოფის“ („სპეციალური“ ტერმინია) კვალს ტოვებს: მაგალითად, როდესაც რუსი ბაიკერები პოლონეთში არ შეუშვეს, ისინი მოტოციკლების გარეშე, უკვე სხვა ქვეყნიდან (ჩეხეთიდან) შეძვრნენ ევროკავშირში; მერე ჩავიდნენ ისევ პოლონეთში, იქირავეს მოტოციკლები გვარიან ფასად  და მაინც განაგრძეს გზა ბერლინისაკენ.

დავაკვირდეთ: განა ჩეხ მესაზღვრეებს თითის ანაბეჭდებით თუ სხვა მონაცემებით არ ჰქონდათ ზუსტი ცნობები ვინ იყვნენ ეს პიროვნებები და რას წარმოადგენდნენ? მაგრამ ვერ გაბედეს უარი, რადგან ჩეხეთის მიმართ მოსკოვმა სასურსათო-სასაქონლო ემბარგოში გამონაკლისები დაუშვა: ჩეხი ბიზნესმენები კვლავაც ყიდიან პროდუქციას რუსულ ბაზრებზე, განსხვავებით პოლონელი და ფრანგი კოლეგებისგან. შესაბამისად, თუ „უაიარაღო“ (ანუ „უმოტოციკლო“) ბაიკერებს ქვეყანაში არ შემოუშვებდნენ, მოსკოვი ამ გამონაკლისებს გააუქმებდა! ჩეხეთსა და პოლონეთს შორის კი საზღვარი არ არსებობს.

რაც შეეხება გერმანიას, საკმარისი იყო ანგელა მერკელის მთავრობას რესტრიქციული გადაწყვეტილებები მიეღო, ან პოლიციას გაეჩერებინა ბაიკერები და იქვე „შემთხვევით“ აღმოჩნდებოდა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც მტკიცე პროტესტს განაცხადებდა და მერკელის ადმინისტრაციას „ფაშისტურ რევანშიზმში“ დაადანაშაულებდა: ბაიკერები ხომ 9 მაისის აღსანიშნავად მიქროდნენ ბერლინისკენ?!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იგივე ტექნოლოგიაა საქართველოში: 9 მაისის აღნიშვნა „გიორგის ბაფთებით“! დავაკვირდეთ, რა ეშმაკური სიმბოლოა: „წითელი ვარსკვლავი“ ან „ნამგალი და ურო“ რომ ყოფილიყო, ესენი პირდაპირ აკრძალულია „კომუნისტური სიმბოლოების“ საწინააღმდეგო კანონმდებლობით საქართველოშიც და ბევრ ევროპულ სახელმწიფოშიც. მაგრამ „გიორგის ლენტი“ იმ გამარჯვების სიმბოლოა, რომელსაც დასავლეთი აღიარებს. ამდენად,  კანონში ნახსენები არაა. თუ მასაც შევიტანთ კანონში, მაშინ სხვა ფერის ლენტს ან სულაც სხვა სიმბოლოს მოიგონებენ და ყველაფერი უაზრობამდე მივა.

 ანუ ყოველი დეტალი, ყოველი საპასუხო ნაბიჯი თუ რეაქცია წინასწარ  „გაანგარიშებულია“ კრემლის იმ „ლაბორატორიებში“, რომლებიც ნამდვილად არსებობს და ამგვარ „ოპერაციებს“ ატარებს.

ჩვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, მიზანი ხსენებული „დატესტვა“ იყო. რაც მიღწეულია: მთავრობამ „საბაბი“ შექმნა სამომავლოდ, ხოლო ვინმე ყიფიანი ღიად აცხადებს (და ეს, რაც მთავარია, აღარ „ტეხავს“) რომ სწორედ მან მოიწვია, ის მასპინძლობდა და ეს სრულიად ნორმალურად მიაჩნია. ნინო ბურჯანაძემაც ღიად მოუწოდა მთავრობას, გააუქმოს შეზღუდვები და გახსნას საზღვარი, რაკი „გიორგის ბაფთი“ ნაციზმზე ერთობლივი გამარჯვების სიმბოლოა“, ხოლო რუსი ბაიკერები „მეგობრობის ვიზიტით მოემართებოდნენ საქართველოში“. მაშასადამე, მოხდა დისკურსის ლეგიტიმაცია, ანუ ისევ „აღარ ტეხავს“.

სწორედ ეს იყო მთავარი. თუმცა „უარესის“ საფრთხე ბოლომდე მოხსნილი არ არის, რაკი შსს ცნობით, ერთი რუსი ბაიკერი ჯერ კიდევ აპრილში შემოძვრა საქართველოში უმოტოციკლოდ ზუსტად იმ ტექნოლოგიით, როგორც ჩეხეთში და მერე პოლონეთში. და რა ვიღონოთ ან ჩვენ ან ჩეხებმა: მოტოციკლების გაქირავება ან სატრანსპორტო საშუალებათა მინდობილობა ავკრძალოთ თუ ბიზნესმენებს მათთვის გახსნილ ბაზარზე ვაჭრობა დავუშალოთ?

ჰიბრიდული ომი - ჩვეულებრივ, „ცხელ“ ომზე ბევრად რთული და ინტელექტუალური აღმოჩნდა, რაზეც ამ ომში დასავლეთის (ჯერ-ჯერობით) ზედიზედ რამდენიმე  მარცხი მეტყველებს.

 

დავით ავალიშვილი  

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%