„2012 წლის შემდეგ ბიზნესის ტერორი, როგორც ინსტრუმენტი ამოღებულია პრაქტიკიდან“,- განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში.
მან პრემიერის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რაც ეკონომიკური დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ზღვარს 50 000-დან 100 000-მდე ზრდის. კალანდაძის თქმით, ეს საჭირო გადაწყვეტილებაა და ბიზნესს ხელს შეუწყობს.
„ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისათვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. ბიზნესის მხარდაჭერა საკანონმდებლო მუხლებშიც უნდა იყოს გათვალისწინებული. დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული თემები გარკვეული დროის განმავლობაში პასუხობდა იმ თემებს, რაც იდგა დღის წესრიგში. დღეს კი ბაზარი გაიზარდა, გაიზარდა თავად ბიზნესიც, ამიტომ დღის წესრიგში დგება იმ ნორმების გადახედვა, რომლებიც დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კომპონენტის გაძლიერებას, სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერებას ითვალისწინებს“, - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, მსგავსი ინიციატივის გამოჩენა მთავრობას ადრეც შეეძლო, მაგრამ ახლაც არაა გვიანი. საკითხი საკმაოდ რთული შინაარსისაა და დამუშავებას საჭიროებს.
„ვფიქრობ ადრეც შეიძლებოდა ამ თემებზე მსჯელობა და განხილვა, თუმცა დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული თემები საკმაოდ კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია. საჭიროა მსჯელობა და მრავალმხრივი დატესტვა, მე ვფიქობ რომ შეიქმნება ამ მხრივ ქმედითუნარიანი სისტემა“,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.
„ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ლევან კალანდაძემ საკანონმდებლო ხარვეზებზეც ისაუბრა, მისი თქმით ცვლილებებია საჭირო ზოგიერთ კანონში, რადგან იგი მოძველებულია და არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ყოველივე ეს კი აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
„ასევე მე ვფიქრობ, რომ კანონმდებლობაში გადასახედია რიგი კლასიფიკაციები, გადასახადისაგან თავის არიდება და გადასახადის დამალვა დღემდე ერთი მუხლით განილიხება და ამ თვალსაზრისით ესეთი თემები უნდა გაიმიჯნოს. უნდა გატარდეს ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა და ამგვარად სქაართველოს ბიზნეს გარემო უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მეტად საინტერესო და პროგნოზირებადი გახდება. მე საკმაოდ დადებითად ვაფასებ ამ თემას და ვფიქრობ ეს საკითხი მუდმივ განახლებას საჭიროებს დროთა განმავლობაში“, - განაცხადა ლევან კალანდაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“.