ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციის პასიურობა და უინტერესო აქტივობები არჩევნებში მათ შანსებს მიზერულამდე ამცირებს

რესპოდენტის შესახებ

ქვეყანაში მიმდინარე და მოსალოდნელი პოლიტიკური მოვლენების შესაფასებლადჯი-ეიჩ-ენიპოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.  მან ყურადღება გაამახვილა აქტუალურ თემებსა და პოლიტიკური პარტიების აქტივობებზე.

-რას ფიქრობთ საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყანაში პრეზიდენტის ასეთ პოლიტიკურ აქტივობაზე, ხომ არ ჰგავს წინასაარჩევნო რეპეტიციას?

მისი მხრიდან გასაკვირი არ იქნება, რომ ემზადებოდეს საარჩევნო მარათონისთვის. არჩევნებში ხომ  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება აქტიურობას,  საპარლამენტო რესპუბლიკაში, ფაქტია რომ ამ მხრივ შეზღუდვა არ არის და ყოველივე პიროვნების ტემპერამენტზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით მიჭირს ცალსახად დასკვნის გაკეთება, რომ იგი არჩევნებისთვის ემზადება. თუმცა რომც ემზადებოდეს, ეს სრულიად ჩვეულებრივი მომენტია.

-თქვენი აზრით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის ახლანდელი რედაქციით დამტკიცება გამოიწვევს თუ არა ქვეყანაში დაძაბულობის ზრდასა და საპროტესტო აქციებს ოპოზიციის მხრიდან?

დიახ, შეიძლება მიტინგებში გამოიხატოს. დღესაც რომ იყოს ამის საშუალება, გამწვავებას უკვე გადაიყვანდნენ ამ რეჟიმში. თუმცა, ოპოზიციას არ აქვს ამის საშუალება და ვერ ახერხებს. ხოლო ხსენებული მიზეზი კი არანაირ როლს არ თამაშობს დაძაბულობის გაზრდა-შემცირებაში. ზოგადად ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან მუდმივი დაძაბულობა აქვთ, თუმცა ხსენებული მიზეზი რაიმე განსაკუთრებულის დასაწყისი ვერ იქნება.

-თქვენი შეფასებით, მოახლოვებულ თვითმმართველობის არჩევნებზე რა პერსპექტივები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს?

მე მეეჭვება, მათ შეძლონ ძალაუფლების მოპოვება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია კიდევ უფრო პასიური გახდა. მათ მიზერულამდე შეამცირეს იმის შანსი, რომ შეძლონ რაიმე თანამდებობის მოპოვება. საკუთარი პოლიტიკური აქტოვობა ჯერ კიდევ არ მიჰყავთ ამ მიმართულებით და ის აქტივობა, რომელსაც ისინი ეწევიან, თუნდაც კონსტიტუციაზე ან პრეზიდენტის არჩევნებზე, არაა რეგიონში მცხოვრები ხალხისათვის საინტერესო. რეიტინგზე დადებითად არ აისახება უინტერესო პოლიტიკური აქტივობები, ამას კი მათი ზოგადი პასიურობაც ემატება.

,,ჯი-ეიჩ-ენი“ ვაჩე ხრიკული

ავტორი: . .