თარიღი    დრო

საქართველოს კონსტიტუცია ზვიადიდან ბიძინამდე

საქართველო, თბილისი - 09:38 04.24.2017 1543

1995 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური-(ტირე!)პარლამენტის თავმჯდომარე, ედუარდ შევარდნაძე ახალი კონსტიტუციის ხელმოწერის ცერემონიალზე უნდა გამგზავრებულიყო „მოსწავლე ახალგაზრდობის (ყოფილ „პიონერთა“, ყოფილ „ვორონცოვის“) სასახლეში.

როდესაც მისი ავტომობილი პარლამენტის (ყოფილი „მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის“, დღეს (ვითომ) „7 ვარსკვლავიანი“ სასტუმროს) ეზოდან გამოდიოდა, იქვე გექკსოგენით დატენილი მანქანა აფეთქდა. დეტონაციამ შევარდნაძის მანქანის აალება გამოიწვია. ყოფილი „ცკ“-ს პირველი მდივანი და მომავალი პრეზიდენტი აწ განსვენებულმა ვახტანგ რჩეულიშვილმა (მაშინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა) გამოსტაცა ცეცხლს დაცვის ბიჭებთან ერთად.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ აფეთქების ორგანიზატორი იყო იმდროინდელი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, მისი მოადგილე თემურ ხაჩიშვილი და შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონის“ ლიდერშიპი. ერთ-ერთ მიზნად, კონსტიტუციის ხელმოწერის ჩაშლა გამოცხადდა.

ეს კონსტიტუცია (პირობითად „1995 წლის“, ანუ „შევარდნაძის კონსტიტუცია“) დღემდე უნიკალური მოვლენაა  შემუშავებისა და მიღების ტექნოლოგიით. არავის არასდროს არ უთქვამს, რომ მისი მიღება რაიმე ავტორიტარული, ძალისმიერი, თუ „აკვიატებული“ მეთოდებით მოხდა: თვეების განმავლობაში, მართლა მრავალპარტიული პარლამენტი, დაწვრილებით იხილავდა ყოველ სიტყვას, ყოველ მძიმეს, თითოეულ წინადადებას . . .  დეპუტატები ჩხუბობდნენ, ილანძღებოდნენ, ყვიროდნენ, იმუქრებოდნენ, ურთიერთგამომრიცხავ ულტიმატუმებს აყენებდნენ, ბლოკებს ქმნიდნენ, ვაჭრობდნენ, პოზიციებს იცვლიდნენ, თანხმდებოდნენ, იყრებოდნენ...... მაგრამ მთლიანობაში, ეს იყო ნამდვილად დემოკრატიული, ღია, გამჭვირვალე, პლურალისტური საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც დასრულდა ისტორიული კომპრომისით „საპრეზიდენტო“ და „საპარლამენტო“ მოდელის მომხრეთა შორის: მრავალთვიანი დისკუსიის შემდეგ, სხდომაზე გამოვიდა ფოთელი „პოსტკომუნისტი“ ბაკურ გულუა და პარლამენტს შესთავაზა „ამერიკული მოდელი“, - ძლიერი პრეზიდენტით და ძლიერი პარლამენტით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს  თავისთავად „თამამი“ ექსპერიმენტი გამოდგა, რადგან ამ მართლა უნიკალურ  მოდელს ამერიკის შეერთებული შტატების გარდა არსად ნორმალურად არ უმუშავია: ყველგან (ისევ და ისევ ამერიკის გარდა) მისი დამკვიდრების მცდელობა სამოქალაქო ომებით თუ  გადატრიალებებით დასრულდა. საქართველოშიც დასრულდა 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციით“.

მაგრამ მანამდე იყო ზვიად გამსახურდიას ხანმოკლე მმართველობა, სამტრედიაში ზვიად ძიძიგურის მოწყობილი „სსრკ სარკინიგზო ბლოკადა“, როდესაც კომუნისტების მოწინააღმდეგე ნაციონალისტები მოითხოვდნენ დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას 250-მდე. რასაც მიაღწიეს კიდეც.

მაშინ ქვეყანა 1990 წლის 28 ოქტომბრის ისტორიული, პირველი მრავალპარტიული არჩევნებისთვის ემზადებოდა. ვახტანგ ხმალაძე და მისი „დასი“ (ფიზიკოს-ტექნოკრატ-ინტელექტუალ-კონსტიტუციონალისტთა საკრებულო) იმ დროსაც აქტიურად მონაწილეობდა კონსტიტუციურ პროცესში. მიმდინარეობდა გააფთრებული კამათი „მაჟორიტარული“ და „პროპორციული“ საარჩევნო წესის თაობაზე. კომპრომისი მოხერხდა მათი „შეჯვარებით“: ნახევარი -  მაჟორიტარული, ნახევარი - პროპორციული. მას შემდეგ დარჩა ეს სისტემა, რომელსაც, ამას წინათ, დათო ბაქრაძემ „მახინჯი“ უწოდა. აქაოდა, „ვარდების რევოლუციონერებს“ დაგვხვდაო ეს „მახინჯი სისტემა“. ოღონდ, როდესაც „ნაციონალები“ თავად იყვნენ ხელისუფლებაში, ამ „მახინჯი“ სისტემის შეცვლა აზრადაც არ მოსვლიათ, რაკი თვითონ აწყობდათ.

ზვიად გამსახურდიამ საბჭოთა კონსტიტუციაში „გარდამავალი დებულებები“ შეიტანა, თუმცა ეს მაინც „საბჭოთა კონსტიტუცია“ იყო. 1992 წლის იანვრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ე.წ. „სახელმწიფო საბჭომ“ დროებითი ძირითადი კანონი მიიღო, რომლითაც 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებზე „ხალხმა“ პირდაპირი კენჭისყრით აირჩია პარლამენტის თავმჯდომარე (?!), ხოლო პარლამენტმა, შემდეგ, ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ტიტულიც დაუმატა.

იმ არჩევნებზე მოქალაქეს ერთდროულად სამი სხვადასხვა პარტიისთვის შეეძლო ხმის მიცემა! სწორედ ამიტომ და ამის ხარჯზე გამოდგა პირველი პარლამენტი მრავალპარტიული. თორემ შევარდნაძემ ხმების 94% მიიღო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1995 წლიდან, ანუ ნამდვილი კონსტიტუციის მიღებიდან გრძელდებოდა დისკუსია „მინისტრთა კაბინეტის“ შემოღების შესახებ, რაც სინამდვილეში, ახალი კონსტიტუციური მოდელის ტოლფასი იქნებოდა - სრულიად სხვა სისტემური „ფილოსოფიით“. სანამ შევარდნაძე ინარჩუნებდა ძალაუფლებას, იგი ამას, რასაკვირველია, არ დაუშვებდა.

„კაბინეტი“ რეალობად იქცა მხოლოდ მისი დამხობისა და ქვეყნის სათავეში „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ მოსვლის შემდეგ, რომელთაც ნამდვილად არ აწყობდათ იმგვარი სისტემის შენარჩუნება, როცა, „რამე რომ ყოფილიყო“ პარლამენტის „გარეკვას“ ვერ შეძლებდნენ.

ახალგაზრდა რეფორმატორთა  2004 წლის „კონსტიტუციური ცვლილებებით“ შექმნილი სისტემა, რაოდენ კომიკურიც არ უნდა იყოს, ყველაზე მეტად სწორედ პუტინის რეჟიმს ჰგავდა. ოღონდ მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში: უკვე 2008 წლიდან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იწყება მზადება ძალაუფლების საპრეზიდენტო რგოლიდან - პრემიერ მინისტრისთვის გადასაცემად. შესაბამისი შესწორებები კიდეც შევიდა ძირითად კანონში, მაგრამ ისტორიას უყვარს ასეთი ხუმრობები: ამ „ნამზადით“ არა მიშამ, არამედ ბიძინამ ისარგებლა მას შემდეგ, რაც 2012 წელს ქვეყანაში ირმა ინაშვილის „მედიარევოლუცია“ განხორციელდა - „გლდანის ვიდეოებით“.

დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიღო კლასიკური საპარლამენტო მოდელი სიმბოლური პრეზიდენტით და გადამწყვეტი პარლამენტით, რომელიც აირჩევა პროპორციული წესით. ანუ, ასრულდა, როგორც იქნა, ქართული „პოლიტოკრატიის“ ოცნება: არავითარი მაჟორიტარული არჩევნები - მხოლოდ პარტიული სიები.

ოღონდაც, „რეალპოლიტიკის“ თვალსაზრისით, ამ ახალ მოდელს სიტუაციის კარდინალურად შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ერთდროულად დაიწევდა ბარიერი 5 პროცენტიდან - 2 ან 3 პროცენტამდე, ხოლო მმართველი პარტია ვერ შეძლებდა იმ წესის გატანას, რომ „გაუნაწილებელი“ მანდატები მთლიანად მოგებულს კი არ წაეღო, არამედ პროპორციულად გადანაწილებულიყო ყველა საპარლამენტო პარტიას შორის, როგორც ეს  ხდებოდა 1995 წლის კონსტიტუციით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, - პირდაპირი იქნება იგი თუ ირიბი, დავაკვირდეთ: ყველა აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არავინ  აკრიტიკებს ვახტანგ ხმალაძეს, ვინც უკვე თითქმის 30 წელია ამ მოდელს „ავითარებს“. იმიტომ, რომ ბიძინას კრიტიკა იოლია და კომფორტული, ვახტანგ ხმალაძე კი არაანგაჟირებულია, ამიტომ არსებითი დისკუსია აუცილებლად დავა ელემენტარულ საკითხამდე: რა უფრო ბუნებრივია ამ მოდელისთვის და რა უფრო სჭირდება ქვეყანას დღეს.

ხმალაძემ ძალიან საინტერესო არგუმენტი მოიყვანა, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა: იმიტომ, რომ როდესაც კონსტიტუციურად პრეზიდენტის უფლება-მოვალეობა მიზერია, თუმცა მას უმაღლესი საერთო-სახალხო ლეგიტიმაცია აქვს, პრეზიდენტს უჩნდება პოლიტიკური „ზეამბიცია“: ცდილობს მომავალზე გათვლილი საკუთარი პოლიტიკური „თამაში“ წამოიწყოს, აუცილებლად უპირისპირდება ამ პროცესში მთავრობას და ვეღარ ასრულებს არბიტრის როლს. საქართველოს მაგალითი შესაძლოა არ არის საკმარისი. მაშინ გავიხსენოთ, რომ ზუსტად იგივე ხდება პოლონეთშიც.

„გერმანული მოდელის“ არსი კი ისაა, რომ ამ მოდელში პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პოტენციალის ფიგურა. აბა ბევრს თუ ახსოვს, ვინ არის ან ვინ იყო გერმანიის პრეზიდენტი? რომელიმე მათგანი ოდესმე (მანამდე ან მერე) პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ მონაწილეობდა? სამაგიეროდ, ბოლო სამი-ოთხი-ხუთი კანცლერის გვარს ბევრი ჩამოთვლის იოლად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამის საპირისპიროდ, ოპოზიცია თითქოს მართებულად აცხადებს, რომ „გერმანია ერთია, ხოლო საქართველოს რეალობა - მეორე“. გერმანიაში, სადაც რეალური მრავალპარტიულობა და პლურალიზმია, სულაც არ არის საშიში, პრეზიდენტი  აპოლიტიკური იყოს, „ხმოსანთა საბჭომ“ აირჩიოს, მაგრამ საქართველოში, სადაც ერთი პარტია ფლობს ყველაფერს, ყველა დონეზე, „პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები სჯობს“.

თუმცა, ამ არგუმენტის ავტორები ვერ ხსნიან, მმართველი პარტია რატომ ვერ შეძლებს „საკუთარი“ პრეზიდენტის „გაყვანას“ საყოველთაო არჩევნებზე ზუსტად ისევე, როგორც გიორგი მარგველაშვილი „აარჩევინა“ ხალხს. გათვლა, როგორც ჩანს იმაზეა, რომ საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტს ისევე გაუჩნდება ამბიციები და ისევე დაუპირისპირდება მმართველ პარტიას, როგორც მარგველაშვილი დაუპირისპირდა, ხოლო „ოცნება“ მას „ვეღარაფერს მოუხერხებს“, როგორც ამჟამინდელ პრეზიდენტს ვერ მოუხერხა.

 მაშინ ისმის კითხვა: „არაპირდაპირ“ არჩეულ პრეზიდენტს მოუხერხებს? კონსტიტიციით ხომ არ არის  და ვერც იქნება გათვალისწინებული რაიმე მექანიზმი პარლამენტში არჩეული პრეზიდენტის „გამოწვევის“....... გარდა იმპიჩმენტისა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო, მაგრამ იმპიჩმენტი საყოველთაოდ არჩეულ პრეზიდენტსაც ეხება.

ანუ, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო კომისია ოპოზიციამ დატოვა, ეს დისკუსია სრულ უაზრობაში გადაიზარდა: პოლიტიკოსებიც და „ექსპერტთა ლეგიონის“ ცენტურიონებიც ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც კონსტიტუციონალიზმთან, სინამდვილეში, არავითარი კავშირი არა აქვს: თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდათ, თქვან, რომ ზუსტად ეს უნდათ და რომ  საქართველოსთვის სჯობს ფრანგული, ამერიკული, თურქმენული ან რუსული ყაიდის, ოღონდ  „საპრეზიდენტო რესპუბლიკა“, სადაც ხალხი არა მხოლოდ პირდაპირი წესით ირჩევს პრეზიდენტს, არამედ აღჭურვავს მას საპრეზიდენტო უფლებამოსილებით. თორემ იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი საყოველთაოდ არჩეულია, მაგრამ არანაირი რეალური უფლებამოსილება არა აქვს, მუდამ მივიღებთ დღევანდელ სიტუაციას: „საყოველთაოდ არჩეულ პრეზიდენტს“ აქვს უშველებელი ამბიცია, მაგრამ არა აქვს არანაირი ბერკეტი საკუთარ შეხედულებათა რეალიზებისთვის.

თუ საქართველო ამიერიდან საპარლამენტო რესპუბლიკაა, მაშინ, საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, ზოგადად, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა ბევრად უფრო მიზანშეწონილი და თვისებრივია.

მაგრამ, ისევ და ისევ, ეს მარადიული „საქართველოს სპეციფიკა“ ანუ „ჩვენ ხომ გერმანია არა ვართ?!“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სინამდვილეში, მთავარი, საკვანძო საკითხი არა პრეზიდენტის არჩევის წესი, არამედ მრავალპარტიულობა, ესე იგი მრავალპარტიული პარლამენტი და პოლიტიკური პლურალიზმია, რომლის მიღწევა, საქართველოს პირობებში, შესაძლებელი იყო, არის და კიდევ ძაააააალიან დიდხანს იქნება ერთადერთი მეთოდით: საარჩევნო ბარიერის დაწევით 2 ან 3 პროცენტამდე!

საქმე ის გახლავთ, რომ ქართველი ამომრჩეველი, ტრადიციულად, ხმას ხშირად აძლევს არა იმას, ვინც რეალურად „უნდა“ ან „მოსწონს“,  არამედ იმას, ვინც მისი აზრით „გავა“, რადგან ვინც მას „უნდა“ და „მოსწონს“,  ხშირ შემთხვევაში, მისივე აზრით, „მაინც ვერ გავა“ და „მაინც ვერ გადალახავს ბარიერს“. ამიტომაც ამჯობინებს ხმა მისცეს იმას, ვინც „გამსვლელია“ და არა 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენისთვის  „განწირულს“.  

ეს სინდრომი კიდევ უფრო გაძლიერდება მას შემდეგ, რაც ამუშავდა წესი: „გამარჯვებულ პარტიას მიაქვს ყველა გაუნაწილებელი ხმა“.

შესაბამისად, ოპოზიციას თუ პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტი, შესაბამისად ნამდვილად დემოკრატიული „საპარლამენტო რესპუბლიკა“ უნდოდა, პირველ რიგში, ბარიერის დაწევისთვის უნდა ებრძოლა 3%-მდე მაინც. შედეგად მივიღებდით მრავალპარტიულ, დაბალანსებულ პარლამენტს და ნამდვილ საპარლამენტო რესპუბლიკას, როცა „ირიბად“ არჩეული პრეზიდენტი მართლა არბიტრია და არა მმართველი პარტიის „რწმუნებული“.

თუმცა „ბარიერის დაწევის“ მოთხოვნა რაღაცნაირად „ყრუდ“ ჟღერდა და იცით რატომ? იმიტომ, რომ მსხვილ პარტიებს (არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“) არ აწყობთ საარჩევნო ბარიერის „დაწევა“, რაკი ყველა მათგანს აქვს იმედი, თვითონ იქცევა მალე „მმართველ პარტიად“ და სულაც არ ეპიტნავება ძალაუფლების გაყოფა სხვა პარტიებისთვის მრავალპარტიული პარლამენტისა და „კოალიციური მინისტრთა კაბინეტის“ ფარგლებში.

შედეგად, ის, რაც მივიღეთ ამ „ახალი კონსტიტიციით“ არც „კარგად დავიწყებული ძველია“ და არც „ძნელად მოპოვებული ახალი“ - უბრალოდ ფარატინა ქაღალდია, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის.

ყოველ შემთხვევაში, უკეთესობისაკენ.

ნიკა იმნაიშვილი

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%