23 აპრილს 11:00-დან 19:00 საათამდე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღესთან დაკავშირებით წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, დაგეგმილია ახალი წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის საბავშვო ღონისძიებები.
საბავშვო ხელოვნების სკოლა-სტუდია „ART EAST"-ის მოსწავლეები კი წიგნის თემაზე ნამუშევრებს შექმნიან. შემდეგ კი იქვე მოეწყობა ნახატების გამოფენაც.
წელს პირველად ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას შემოუერთდა გადაცემა „წიგნების თარო“, რომელიც მკითხველისთვის სპეციალურ აქტივობებს გამართავს.
პარალელურად, 23 აპრილს, 11:00-ზე იგეგმება კოსტიუმირებული ახალგაზრდების შეკრება ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლთან (ბარათაშვილის ხიდთან) და შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდიდან თსუ-ს პირველ კორპუსამდე. "იუნესკომ" ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ამ მნიშვნელოვან მოვლენას სიმბოლური მსვლელობით გამოეხმაურება.
მსვლელობაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება. მთავარი მოთხოვნაა, მსვლელობის მონაწილეებმა საგანგებო კოსტიუმებით სხვადასხვა წიგნის პერსონაჟები გააცოცხლონ.
დღის დასკვნითი ღონისძიება კი, "პროზაული ღამე" იქნება, ათი თანამედროვე ქართველი პროზაიკოსი (ტორესა მოსი, გიორგი კეკელიძე, რუსუდან რუხაძე, ნინო თარხნიშვილი, ლუკა ბაქანიძე, ალეკო შუღლაძე, თეა თოფურია, ივა ფეზუაშვილი, სალომე ბენიძე, ზვიად კვარაცხელია) წაიკითხავს ნაწყვეტებს საკუთარი წიგნებიდან, ისაუბრებს ლიტერატურისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.