თარიღი    დრო

კომუნისტური ექსპერიმენტის კრახი - დაიწყება თუ არა ატომური ომი რუსეთის საზღვრებთან?

საქართველო, თბილისი - 09:33 04.20.2017 1502

დაძაბულობამ კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ ოდნავ იკლო, თუმცა იკლო მხოლოდ ტაქტიკური და არა სტრატეგიული თვალსაზრისით. დონალდ ტრამპმა პირველად დაიხია უკან და არ შეასრულა მუქარა, რომ თუ ფხენიანი განახორციელებდა სარაკეტო ტესტს, ანუ საცდელად გაუშვებდა რაკეტას, რომელსაც თეორიულად შეუძლია მიაღწიოს იაპონიას (თანაც ბირთვული ქობინით), მაშინ ამერიკული სამხედრო დაჯგუფება „ტომაჰავკის“ რაკეტებს გამოიყენებდა ჩრდილო კორეის ატომური და სარაკეტო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.

კიმ ჩენ ინის მარაზმატული რეჟიმი, ამ შემთხვევაში საკმაოდ ეშმაკურად მოიქცა: რაკეტა კი გამოსცადეს, თუმცა აფრენისთანავე აფეთქდა და ბევრი დასავლელი დამკვირვებელი გამოთქვამს არც თუ უსაფუძვლო მოსაზრებას, რომ ჩრდილო კორეელებმა ეს სპეციალურად გააკეთეს, ანუ თავად ააფეთქეს რაკეტა აფრენისთანავე (ტექნიკურად ეს სრულიად შესაძლებელია), რათა ერთის მხრივ სახე შეენარჩუნებინათ თავად, ანუ ეჩვენებინათ, რომ არ შეუშინდნენ ზესახელმწიფოს მუქარას, ხოლო მეორეს მხრივ, პრეზიდენტ ტრამპისთვისაც მიეცათ საშუალება, „აეხსნა“ ამერიკული საზოგადოებისთვის, რატომ არ შეასრულა ულტიმატუმი და რატომ არ დაარტყა ჩრდილო კორეას: „კი გამოსცადეს რაკეტა, მაგრამ სტარტზევე აფეთქდა. . . .“.

ეს ტაქტიკური თამაშები იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს ჩრდილო კორეელები უფრთხიან! თანაც ძალიან უფრთხიან, რაკი სირიის ამასწინანდელი დაბომბვით და ავღანეთში „დედა-ბომბის“ გამოყენებით დაამტკიცა: შეუძლია იმოქმედოს უკანმოუხედავად, თუკი უკანდასახევ გზას არ დაუტოვებენ. ფხენიანის  სრულყოფილი სარაკეტო ტესტი ან, მით უარეს, ბირთვული იარაღის მორიგი გამოცდა სწორედ ამგვარ  სიტუაციას შექმნიდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმავდროულად, ჩრდილო კორეის  წარმომადგენელი გაეროში პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ ატომური ომი „ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს“. ანუ, პირველად მეორე მსოფლიო ომის, - იაპონური ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ, - უკვე აღარავის ეჩვენება  გადაჭარბებად ან „შავ ფანტასტიკად“, ბირთვული იარაღის გამოყენება ასეულობით ათასი ადამიანის ერთდროულად გასანადგურებლად.

ჩრდილო კორეის რეჟიმი, რომელიც თითქოს ორუელის საზარელი რომანის («1984») ილუსტრაციად შეიქმნა, თავხედურად აშანტაჟებს მეზობლებს და მთელს მსოფლიოს, რაკი მოსკოვისა და პეკინის ფარული თუ აშკარა დახმარებით მოახერხა ბირთვული იარაღის შექმნა.

ბუნებრივია, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ეს რეჟიმი და მისი სამხედრო მანქანა, ამერიკულ არმიასა და ფლოტს „ლუკმად არ ეყოფა“, მაგრამ პრობლემა მილიონობით ადამიანის მსხვერპლია: ჩრდილო და სამხრეთ კორეის საზღვართან ფხენიანის რეჟიმს მილიონიანი სამხედრო დაჯგუფება  ჰყავს  კონცენტრირებული, საზღვრის ახლოს მდებარე სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული პირდაპირი დარტყმის ობიექტია: ომის შემთხვევაში, ჩრდილო კორეის 10 000 საარტილერიო დანადგარი (მათ შორის შორსმსროლელი ქვემეხები და ზალპური ცეცხლის სისტემები) მას უბრალოდ აღგვის პირისაგან მიწისა. და თუ რაკეტების წინააღმდეგ კიდევ არსებობს „ანტირაკეტები“ და შესაძლებელია მათი ჰაერშივე ჩამოგდება, საარტილერიო ჭურვების საწინააღმდეგო ტექნოლოგია არ არსებობს: შესაძლებელია მხოლოდ იმ ადგილების განადგურება, საიდანაც მოხდება სეულის დაბომბვა, მაგრამ კორეელმა კომუნისტებმა ეს საარტილერიო სისტემები მიწაში ჩაფლეს, ანუ სპეციალური შახტებიდან აპირებენ სროლას; ამ შახტების აღმოჩენას, მერე მოსპობას 1 საათი ხომ მაინც დასჭირდება? ამ ხნის განმავლობაში კი, სეულის ადგილას ცეცხლოვანი ზღვა გაჩნდება; წარსულს ჩაბარდება „სამსუნგი“, ასევე შესანიშნავი მანქანათ და გემთმშენებლობა, რითაც ასე ამაყობდნენ კორეელები.

და ეს ყოველივე ე.წ. ჩუჩხეს“, ანუ „კორეული კომუნიზმის“ აბსოლუტურად წარუმატებელი, ამაზრზენი  ექსპერიმენტისა და მისი ფანატიკური რეჟიმის გამო: ამაზე მკაფიო და ნათელი ილუსტრაცია, თუ რამდენად წარუმატებელი იყო, ზოგადად, კომუნისტური ექსპერიმენტი მსოფლიოში, ძნელად წარმოსადგენია: ერთი მხრივ, აყვავებული, გაცისკროვნებული, მაღალტექნოლოგიური, მთლიანად დიჯიტილიზებული, ინტერნეტიზებული, უმდიდრესი  სამხრეთ კორეა, რომელიც ბევრ ევროპულ ქყვეყანას უსწრებს არა მხოლოდ ცხოვრების დონით, არამედ ინოვაციურობითა და  კრეატიული ინდუსტრიით,  ხოლო მეორე მხრივ, იქვე, საზღვრის გადაღმა, პირუტყვულ დონეზე განუვითარებელი, მშიერი, გაუბედურებული ჩრდილო კორეა, რომლის ერთადერთი რესურსი „საზარბაზნე ხორცი“ და უთვალავი საბჭოთა-რუსული თუ ჩინური წარმოების იარაღია. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უნდა ითქვას,  რომ  ტაქტიკური  უკანდახევის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვება  მოიპოვა: ჩინეთმაც კი (კორეელ კომუნისტთა მთავარმა იმედმა) ფხენიანს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა: შეწყვიტოს ატომური იარაღის წარმოება და გამოცდა, აგრეთვე სამხრეთ კორეის დაშანტაჟება.  წინააღმდეგ შემთხვევაში, პეკინი აღარ მიაწვდის კიმ ჩენ ინის რეჟიმს, (ელემენტარულად)  საჭმელს და შეწყვეტს ქვანახშირის შესყიდვას, რაც ჩრდილო კორეის ერთადერთი საექსპორტო პროდუქტია.

ბუნებრივია, ჩინელი კომუნისტები კორეელ „კოლეგებს“ ზურგში დანას არ ჩასცემდნენ, თეთრ სახლში რომ კვლავ ბარაქ ობამა იყოს. მაგრამ ტრამპმა პეკინს არაორაზროვნად მიანიშნა: თუ ჭკვიანად არ იქნებით, ამერიკული და ევროპული ბაზარი თქვენი პროდუქციისთვის ჩაიკეტება და ჩინურ „ეკონომიკურ სასწაულსაც“ ბოლო მოეღება: დასავლური ბაზრების გარეშე ყბადაღებული „ჩინური ეკონომიკა“ სულ იოლად და მალე „ჩამოგორდება“ იქ, სადაც იმყოფებოდა დენ სიაო პინამდე, ანუ დაახლოებით ჩრდილო კორეულ დონეზე.

იმავე მიზეზით, არც მოსკოვი ჩქარობს „კიმთა“ პირსისხლიანი რეჟიმის ღია და აქტიურ მხარდაჭერას; არადა, რუსეთი უშუალოდ ესაზღვრება ჩრდილო კორეას და, მასშტაბური ომის შემთხვევაში, ეს ცეცხლოვანი ქარბორბალა აუცილებლად შეეხება. თუნდაც იმიტომ, რომ მილიონობით ლტოლვილი მიაწყდება რუსეთის საზღვრებს.

როგორც ჩანს, ტრამპმა და მისმა გენერალიტეტმა, რომელიც სულ „ცოფიანი ძაღლებისგან“ შედგება (ეს ზედსახელი აქვს თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მეტისს და არც ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი ჰერბერტ მაკმასტერია „მტრედი“) ხანგრძლივი „ალყის“ ტაქტიკა აირჩია: კორეის ნახევარკუნძულთან რჩება უძლიერესი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება. იგი აღჭურვილია 2 000-მდე „ტომაჰავკის“ რაკეტით. მათ შორის, რასაკვირველია,  ატომური იარაღითაც - იმ შემთხვევისთვის, თუ „კიმები“ ბირთვულ ბომბს გამოიყენებენ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ.

პარალელურად გაგრძელდება დიპლომატიური ზეწოლა პეკინზე და მოსკოვზე, რათა საბოლოოდ შეწყვიტონ დედამიწაზე უკანასკნელი „კლასიკური“ კომუნისტური რეჟიმის მხარდაჭერა. და თუ ტრამპი ამ საშინელი, ტირანული  რეჟიმის „მოხრჩობას“, ანუ კორეის გაერთიანებას  შეძლებს, ეს მთელი კაცობრიობის წინაშე მისი უდიდესი დამსახურება და ღვაწლი იქნება.

ნიკა იმნაიშვილი




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 73%
შემცირდა 22.9%
არ შეცვლილა 4.1%