ENG / RUS       12+

ახალქალაქის საკრებულო „სომეხთა გენოციდის“ აღიარებას გეგმავს?

სამცხე-ჯავახეთის მხარეში შემავალი ახალქალაქის რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოს („საკრებულოს“) დეპუტატებმა, თავმჯდომარეს მიმართეს მოთხოვნით, მოიწვიოს საკრებულოს რიგგარეშე-საგანგებო სხდომა 24 აპრილს, როდესაც სასომხეთი და მთელი მსოფლიოს  სომხური დიასპორა აღნიშნავს თურქეთის იმპერიაში „სომეხთა გენოციდის“ მორიგ წლისთავს.

წინასწარი, ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგეგმება „გენოციდის აღიარება“ იმ მოტივით და არგუმენტაციით, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში აჯანყებულ სომეხთა ჟლეტას სწორედ ასეთი კვალიფიკაცია მისცა ბევრმა სახელმწიფომ და, რაც ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნიშანდობლივია, არაერთი სახელმწიფოს სხვადასხვა რეგიონმაც.

მაგალითად, ის ტრაგიკული მოვლენები „გენოციდად“ უკვე აღიარა ოცდაათმა ქვეყანამ; ამავე დროს, ავსტრალიის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, კანადისა და  ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონებმაც.

ვთქვათ, ამერიკაში, „სომეხთა გენოციდი“ სცნო არა მხოლოდ კალიფორნიამ, რომლის მთავარ ქალაქ ლოს-ანჟელესს ხუმრობით „ლოს-არმინიას“ უწოდებენ ამერიკელები სომხური დიასპორის სიმრავლის გამო, არამედ შტატების უმრავლესობამ: 44-მა შტატმა 52-დან!

ერთი შეხედვით, თითქოს, სად კალიფორნია და სად- ახალქალაქის რაიონი? მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით: პოლიტიკა უცნაური, გარკვეული აზრით პარადოქსული ფენომენია და ვერასდროს „მარტივდება“, ანუ „მარტივ ცვლადებზე“ ვერ დაიყვანება: პოლიტიკური თვალსაზრისით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი „ახალქალაქი“ იქნება კალიფორნია ეკონომიკური, ინდუსტრიული თუ სხვა რესურსებით. „უცვლადი“ აქ ისაა, რომ საქართველო თურქეთის მეზობლად მდებარეობს, არსად წასვლას არ ვაპირებთ და ვერც ვერსად წავალთ (ძალიანაც რომ გვინდოდეს), ხოლო ამ საკითხს, საქართველოსთვის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მოხდა თურქეთში, სადაც საბოლოოდ გაიმარჯვა „ისლამურმა“ პროექტმა, ხოლო ახლადგაჩენილი ავტოკრატი-პრეზიდენტი ერდოღანი, ამიერიდან,  იძულებული იქნება მთავარ ოპონენტებს - ქემალისტურ-ნაციონალისტურ ძალებს - ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულება  უმტკიცოს დღენიადაგ. და თუ ამ სიტუაციაში მეზობელი, სუსტი, რეალურად უპატრონო და უმწეო საქართველოს თუნდაც რეგიონი ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, რეაქცია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ აზერბაიჯანის მხრიდანაც იქნება მძვინვარე!

 ომს არავინ დაგვიწყებს, თუმცა ბოლო 10-15 წლის „სწორხაზოვანი“ და დაუბალანსებელი საგარეო პოლიტიკის „წყალობით“ უამრავი სხვა ბერკეტიც აქვთ მაშინ, როდესაც ის, რაც ჩვენ „ბერკეტი“ გვგონია (იგივე „მილსადენი“ და სხვა) მხოლოდ „ფეიკია“ დასავლეთის სამხედრო-სტრატეგიული გარანტიების გარეშე, ანუ ისევე ვერ იმუშავებს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ვერ იმუშავა 2008 წელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თვით ინფორმაცია, - საგანგებო თუ რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, - ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება. თითქოს ყველა უარყოფს „ადგილზეც“ და „ცენტრშიც“. ოღონდ უარყოფენ არა სომეხ  დეპუტატთა ნაწილის ინიციატივას, არამედ სხდომის მოწვევას; აქაოდა, კი მოითხოვეს, მაგრამ არ ჩატარდება ან თუ ჩატარდება, „ამგვარი“ დღის წესრიგით ვერ ჩატარდებაო.

ერთი სიტყვით, „შეუძლებელია“ იმიტომ, რომ. . . . .  „არ არის შესაძლებელი!“.

საოცარი არგუმენტიც მოჰყავთ: „კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო ამგვარ საკითხებზე მსჯელობდეს და, მით უმეტეს, გადაწყვეტილებებს იღებდესო“. კი მაგრამ, კატალონიამ ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა, როცა „სომეხთა გენოციდი“ სცნო? რა თქმა უნდა, არსად წერია და თითქოს „სასაცილოცაა“, რაიონულმა საკრებულომ „გენოციდის“ თემაზე იმსჯელოს, ან  რაიმე რეზოლუცია თუ დადგენილება მიიღოს მაგრამ . . .  არც ის წერია სადმე, რომ არ შეიძლება იმსჯელოს ან ელემენტარულად, ვერ შეიკრიბებიან და ვერ მიიღებენ განცხადებას (თუ არა რეზოლუციას) რასაც იდენტური ცოფიანი მოჰყვება ჩვენს უახლოეს სამეზობლოში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არც ის გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ახალქალაქში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები ერევნიდან უფრო იმართება, ვიდრე თბილისიდან. ერევანი კი მოსკოვთან „პირდაპირ ხაზზეა“. აბსოლუტურად დაუჯერებელია, ეს ინიციატივა (თუნდაც ინიციატივა თავისთავად) მხოლოდ ადგილობრივ „პასიონართა“ გონებრივი გამონათება იყოს. მაშასადამე, კრემლის, აგრეთვე ერებუნის კალკულაციით, რაღაც ისეთი გეოპოლიტიკური დისპოზიცია შეიქმნა ამჟამად, რომ დღეს უკვე შესაძლებლად მიიჩნევა ის, რაც გუშინ არამიზანშეწონილად მიაჩნდათ. სხვაგვარად გაუგებარია, 25 წლის განმავლობაში, რაღა დღეს დაისვა ეს საკითხი პირველად?

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რაკი კარასინთან ან სერგეი ოვანესოვიჩ ლავროვთან ამ საკითხებზე მსჯელობას არანაირი აზრი არა აქვს, თბილისმა „არაოფიციალური არხები“ დაუყოვნებლივ უნდა აამოქმედოს, რათა ერევანმა ახალქალაქში საკუთარ კრეატურას „უკანა სვლა“ ჩაართვევინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიონული საკრებულოს „ლიტონი განცხადება“ ისეთ კატასტროფულ პროცესებს დაუდებს სათავეს, რომელთაც ეს ქვეყანა ნამდვილად ვეღარ გადაიტანს.

დავით ავალიშვილი 

ავტორი: . .