თარიღი    დრო

„ქიმიური ვოვა“- ჰქონდა თუ არა ჰუსეინს და აქვს თუ არა ასადს ქიმიური იარაღი?

საქართველო, თბილისი - 10:58 04.13.2017 2601

მოლაპარაკება მოსკოვში ამერიკის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, სრულიად უშედეგოდ დასრულდა. გიგანტური ნავთობკომპანია „ექსონის“ ყოფილი გენ-მენეჯერი ტილერსონი მოსკოვში მაინც ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამკვირვებელი ამ ვიზიტის გადადებას წინასწარმეტყველებდა მას შემდეგ, რაც სირიის პროვინცია იდლიბში მოხდა, სადაც სირიულმა (ან რუსულმა) ბომბდამშენებმა ქიმიური შეტევა განახორციელეს ოპოზიციის კონტროლირებად სოფლებზე.

ამერიკამ, საპასუხოდ, სირიისა და რუსეთის ერთობლივ სამხედრო-საჰაერო ბაზას დაარტყა ხომსის პროვინციაში. ამის შემდეგ უკვე ბევრს მართლა შეეპარა ეჭვი, შესაძლებელია თუ არა საერთოდ დიალოგი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. ლავროვ-ტილერსონის მოლაპარაკება მართლაც ძალიან დაძაბულად წარიმართა. დიპლომატიაში უამრავი ხერხი თუ ხრიკი არსებობს, რათა მოწინააღმდეგეს, დიპლომატიური პროტოკოლის დაურღვევლად, შენი „ავგანწყობა“ აგრძნობინო. სერგეი ლავროვი გამობრძმედილი დიპლომატია და ეს „ინსტრუმენტალი“ უხვად გამოიყენა: ერთ მომენტში ტილერსონის ზურგს უკან მდგომ ამერიკელ ჟურნალისტებს შეუძახა: „სად გაიზარდეთ და თქვენს ზრდილობაზე ვინ ზრუნავდაო“, რაც რა თქმა უნდა სტუმრის (ირიბი) შეურაცხყოფა იყო. იგივე შეიძლებოდა სხვა ფორმით და სხვა „უორდინგითაც“ ეთქვა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც ჩანს, მოსკოვში მართლა ძალიან ემწარათ ტრამპის „წკიპურტი ცხვირში“, თუმცა არ იმჩნევენ და სწორედ ამ „არშემჩნევისთვის“, ტილერსონი პუტინმაც მიიღო. მაგრამ კრემლი უკან დახევას არ აპირებს, რაც პირველ რიგში პროპაგანდით ჩანს: კატეგორიულად უარყოფენ, რომ იდლიბის სოფლები ქიმიური იარაღით დაიბომბა. თანაც, დაიბომბა არა ქლორშემცველი ნივთიერებით, არამედ სწორედ ზარინით, რომელიც ძალზე მაღალტექნოლოგიურ მასობრივი განადგურების იარაღად (მგი)  ითვლება და სირიულ ოპოზიციას არანაირად არ შეიძლებოდა ჰქონოდა.

ხოლო ზარინის გამოყენების ფაქტი საბოლოოდ მას შემდეგ დადასტურდა, რაც ასადის ოპოზიციამ ადგილზე მოპოვებული „ნაცხები“ და სხვა მტკიცებულებანი გადასცა მოკავშირე თურქეთს. ამ ქვეყანას კი შესანიშნავი, ევროპულზე არანაკლები ლაბორატორიები აქვს, სადაც ნივთიერების სახეობა იოლად დაადგინეს.

დაადგინეს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესაბამისი განცხადებაც გააკეთა, რასაც მოსკოვის დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვა: რუსული ქალაქებიდან თურქეთში ჩარტერული რეისები კვლავ იკრძალება, ანუ მოსკოვისა და ანკარას ანტაგონიზმმა, შესაძლოა, ახალი ძალით იფეთქოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ის, რაც იდლიბში მოხდა? საქმე ის გახლავთ, რომ ამით საბოლოოდ დადასტურდა სრული სიყალბე იმ დასკვნისა, რაც 2013 წელს „დადო“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სირიაში ქიმიური იარაღის (მაშასადამე მგი-ს) არარსებობის და (რუსეთის მეშვეობით) ამ იარაღის ქვეყნიდან „სრული გატანის“ შესახებ: მოსკოვმა იმ დროს იკისრა პასუხისმგებლობა,  ზარინი თუ სხვა მომწამლავი ნივთიერებები მთლიანად გაეტანა ან უზრუნველეყო მათი გატანა იმავე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.

ამ ორგანიზაციებმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც კი მიიღეს! ანუ,  დღეს „ნობელის კომიტეტიც“ იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, „გაეროც“ და ის ორგანიზაციებიც, რომელთა წარმომადგენლები, ოსლოში  საზეიმო-ტრიუმფალურ ცერემონიაზე ლამაზი „სფიჩებით“ გამოვიდნენ ამ პრესტიჟული პრემიას მიღებისას.

მიუხედავად ამისა, მოსკოვი მაინც ჯიუტად აცხადებს, თითქოს ზარინი ოპოზიციამ გამოიყენა. რუსები განსაკუთრებით ხშირად ახსენებენ 2003 წლის ეპიზოდს, როდესაც ამერიკის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქიმიური ნივთიერებით სავსე პატარა კოლბა მიიტანა და მტკიცებულებად წარუდგინა  დამსწრეთ. ახლა ყველა რუსული ტელეარხი დღე და ღამე „ატრიალებს“ ამ კადრებს: აქაოდა „ხომ გახსოვთ, მაშინაც ამბობდნენ ამერიკელები, ერაყის მმართველ სადამ ჰუსეინს ქიმიური იარაღი აქვს, მაგრამ შემდეგ ეს იარაღი ვერ აღმოაჩინესო“.

იმავე ნარატივს იმეორებს ზოგიერთი პრორუსულად განწყობილი სუბიექტი საქართველოშიც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი „ლოგიკაა“: თუ „ვერ აღმოაჩინეს“ ეს ნიშნავს, რომ არ ჰქონდა?!

რატომღაც ყველას დაავიწყდა  პერსონაჟი ფსევდონიმით „ქიმიური ალი“ - ალი ჰასან ალ მაჯიდი - ერაყის დიქტატორ სადამ ჰუსეინის ახლო ნათესავი და მისი ერთ ერთი გენერალი. ცნობილია, რომ ჰუსეინის ბრძანებით, ალ მაჯიდი ხშირად იყენებდა ქიმიურ იარაღს ერაყელი ქურთების წინააღმდეგ. ეს დადასტურებული, აბსოლუტურად უეჭველი, ათასგზის დამტკიცებული და „წყალგაუვალი“ ფაქტია, რომელსაც „მოკავშირე რუსებიც“ კი არ აყენებენ ეჭვქვეშ.

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ამ დანაშაულის  გამო  ალ მაჯიდი ჩამოახრჩვეს კიდეც მას შემდეგ, რაც  ერაყში ამერიკელები შევიდნენ და სადამ ჰუსეინი დაამხეს. თუ ჰუსეინს ქიმიური იარაღი არ ჰქონდა,  „ქიმიური ალი“ საიდან რას იყენებდა?

მაშ რატომ ვერ აღმოაჩინეს ამერიკელებმა მგი ერაყის ოკუპაციის შემდეგ? იმიტომ, რომ ეს იარაღი მაშინ  იქ უკვე (!) აღარ იყო.

„სად გაქრა?“  ყველაზე იოლი კითხვაა: ამერიკული ჯარის შეჭრამდე ორი კვირით ადრე, როცა მოსკოვში მიხვდნენ, რომ ერაყის ოკუპაცია და ჰუსეინის „ჩამოგდება“ გარდაუვალია, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით ერაყში, ირანის გავლით, გადაფრინდა რამდენიმე უზარმაზარი სატვირთო თვითმფრინავი ИЛ-76 და საბჭოთა წარმოების ქიმიური ნივთიერებები მთლიანად გაიტანეს.

სირიაში ამის აუცილებლობა არ ყოფილა, რადგან ერაყისგან განსხვავებით, სირიას ამერიკული ჯარი ვერ აკონტროლებს. მას რუსული ჯარი აკონტროლებს, ხოლო ვლადიმერ პუტინს ნობელის პრემიის ლაურეატთა (მათ შორის, რასაკვირველია, ბარაქ ჰუსეინ ობამას) პრესტიჟი ყველაზე ნაკლებად აღელვებს

აქედან გამომდინარე, სანამ რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს უკრიტიკოდ მივიღებდეთ, ელემენტარული ფაქტების გახსენება სასარგებლო იქნებოდა.

ნიკა იმნაიშვილი   




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%