თარიღი    დრო

ვინ ააფეთქა პეტერბურგის მეტრო?

საქართველო, თბილისი - 09:33 04.06.2017 2574

3 აპრილს, რუსეთის მეორე დედაქალაქის, იმპერიული პეტერბურგის მეტროში საზარელი ტერაქტი მოხდა: წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქე, 22 წლის აკბარჟონ ჯალილოვი მეტროში სასიკვდილოდ ჩავიდა. ჯერ ხანძარმქრობად შენიღბული ბომბი დატოვა სადგურ „ამბოხების მოედანზე“ (ეს ბომბი, საბედნიეროდ, არ აფეთქდა), ხოლო შემდეგ მატარებელში შევიდა და „ჯოჯოხეთის მანქანა“ მოქმედებაში მოიყვანა, როდესაც შემადგენლობა მეტროს სადგურ „ტექნოლოგიურ ინსტიტუტს“ უახლოვდებოდა.

მატარებელი შეირყა, რონოდა თითქმის დაინგრა, თუმცა არ შეჩერებულა: მემანქანემ ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედა და გზა განაგრძო, რადგან დაშავებულებისთვის დახმარების აღმოჩენა, რასაკვირველია, სადგურზე უფროა შესაძლებელი, ვიდრე გვირაბში.

ტერაქტის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა. მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია. ჯალილოვი მისი თავით ამოიცნეს, რომელიც დაგლეჯილ სხეულს კისრის ზემოდან მოსწყდა. მანამდე ეს „თავი“ ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, ხოლო გენეტიკურმა ექსპერტიზამ საბოლოოდ დაადასტურა. დნმ-ექსპერტიზაში  ჯალილოვის მშობლები მონაწილეობდნენ, რომლების ყირგიზეთის ქალაქ ოშში ცხოვრობენ.

როგორ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა 22 წლის ყირგიზმა, როდესაც პოსტსაბჭოურ სივრცეზე მცხოვრებ ეთნიკურ რუსებსაც კი  ძალიან უჭირთ „მშობლიური დერჟავის“ პასპორტის აღება? რასაკვირველია კორუფციით, ისევ და ისევ კორუფციით, რომელიც თანამედროვე რუსეთის „სავიზიტო ბარათია“.

ოღონდ, აქვე უნდა ითქვას, რომ ასევე კორუფციით და გაყალბებით აიღეს საფრანგეთისა და ბელგიის საბუთები იმ ტერორისტებმა, რომლებმაც პარიზის საკონცერტო დარბაზში საზარელი ტერაქტი მოაწყვეს. შემდეგ საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ყველა გამყალბებელი იპოვეს, დააპატიმრეს და 10-10 წლიანი პატიმრობა გადაუწყვიტეს.

რუსეთშიც, იცოცხლე, ახლა კი იპოვიან ყველა კორუმპირებულ ჩინოსანს, რომელმაც ისლამის ტერორისტს რუსეთში დამკვიდრების საშუალება შეუქმნა, უსასტიკესადაც დასჯიან, მაგრამ დაღუპულებს რაღა ეშველებათ?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დადგენილია, რომ ჯალილოვი სუში-ბარში მუშაობდა მზარეულად. ყველა კოლეგა დადებითად ახასიათებს: წყნარი, უწყინარი, ზრდილობიანი, შემსრულებელი, „ბუზს არავის აუფრენდა“, არავის არასდროს აწყენინებდა..... ხომ იცნობს თანამედროვე ტერორიზმი ასეთებს: „წყნარებს“, „უწყინარებს“ და სხვა ნახევრადსინონიმებით დახასიათებულებს. მანამ არიან „კრავები“, სანამ ერთს იბღავლებენ „ალაჰუ აქბარ“ და ზეცაში გაფრინდებიან, სადაც 77 ქალწული ელით.

ბუნებრივია, ამგვარ ტერაქტს მუდამ ახლავს უამრავი ვერსია თუ სპეკულაცია. პირველ რიგში, ისმის „ლათინური“ კითხვა: ვის აძლევს ხელს ანუ „ვის აწყობდა?“ (Cui prodest?).

მართლა რაღაც უცნაურად კი დაემთხვა მოსკოვში და სხვა რუსულ ქალაქებში პუტინის წინააღმდეგ გამართულ საკმაოდ მასშტაბურ (შეიძლება ითქვას, მოულოდნელად მასშტაბურ და პასსიონარულ) საპროტესტო აქციებს. რამდენიმე სოლიდურმა დასავლურმა გამოცემამ ტერაქტის თაობაზე საინფორმაციო მასალებს „პუტინის კორუფციის“ წინააღმდეგ მიმართულ მიტინგთა ფოტოები დაურთო. ოღონდ, რასაკვირველია, რაიმე ვარაუდის გარეშე. ამას რუსული დიპლომატიური უწყების კომიკური რეაქცია მოჰყვა: ლავროვის „სფოუქსუიმენმა“ მარია ზახაროვამ The Washington Times „დეზინფორმატორი“ უწოდა. ამაზე ერთი ძველის-ძველი ანეგდოტი გაგახსენდება ადამიანს „შენ თვითონ რა იფიქრეო“. ანუ, აშკარად „აეწვათ“ და თავად გააკეთეს „მოსალოდნელი დასკვნები“.

მოარულია ვერსია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ ეს ტერაქტი მიტინგების და საპროტესტო ანტკირუფციული მოძრაობის „გადასაფარად“ მოაწყო. ვერსიას თითქოს აძლიერებს შემდეგი გარემოება: დადასტურებული ცნობებით, რუსული სპეცსამსახურები ელოდნენ ტერაქტს პეტერბურგში და სატელეფონო საუბრებსაც ისმენდნენ (როგორც აღმოჩნდა, ჯალილოვსა და მის ისლამისტ თანამზრახველებს შორის) მაგრამ მოპარული სიმ-ბარათები ბაზრობებზე იყო შეძენილი და პირის იდენტიფიცირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო საუბრებისას ისლამისტები არსებითად „ხელჩასაჭიდს“ არ ამბობდნენ, ანუ არ ახსენებდნენ ადგილს, დროს, სახელებს და ა.შ.

რამდენად დასაჯერებელია  ვერსია „გადაფარვის შესახებ“? დამთხვევა - დამთხვევაა. სწორედ ასე უცნაურად „დაემთხვა“ 1999 წლის სექტემბერში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქება პუტინის საარჩევნო კამპანიას და ჩეჩნეთში უკვე დაგეგმილ ომს. შემდეგ, ქალაქ რიაზანში ФСБ-ს „სწავლებისას“ წაასწრო პოლიციამ, როდესაც ზუსტად ისეთივე ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ტომრებს ალაგებდნენ საცხოვრებელი სახლის სარდაფში . . . . .

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრ რუს ლიბერალს, ვისაც პუტინისტობას ვერაფრით დასწამებ, (მაგალითად იულია ლატინინას) ამ კონსპიროლოგიური ვერსიებისა არ სჯერა. იგი ამტკიცებს, რომ რიაზანში ნამდვილად სწავლება იყო (ადგილობრივი ძალების სიფხიზლის შესამოწმებლად), ხოლო პუტინი მართლა არაფერ შუაშია. უბრალოდ, აფეთქებებითაც და ჩეჩნეთის ომითაც ბრწყინვალედ ისარგებლა, რათა ძალაუფლება ხელში ჩაეგდო.  მას შემდეგ, უკვე 17 წელია მართავს ამ ვეება სახელმწიფოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ ნამდვილად არ არის უბრალო დამთხვევა ის, რაც ამ ტერაქტის შემდეგ მოხდა სირიაში: „უცნობმა“ თვითმფრინავებმა დიქტატორ ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგეთა პოზიციებზე ქიმიური იარაღით აღჭურვილი ბომბები ჩამოყარეს. აი, ეს კი მართლა იყო ВВП-ს „აქცია“, რაკი პუტინმა ზუსტად იცის, რომ პეტერბურგის ტერაქტი, ლონდონის ტერაქტი, პარიზის ხსენებული ტერაქტი სწორედ სირიის ომის გამოხატულებაა. ხოლო ჯალილოვი, ისევე როგორც ევროპელი ისლამისტი ფანატიკოსები, „ჯვაროსანთა“ მხრიდან ისლამური „უმმას“ წინააღმდეგ მოქმედებისთვის შურისძიების აქტებს ახორციელებდნენ.

ეს ხომ დასავლეთში უკვე მრავალჯერ მომხდარი ტერაქტის მთავარი მოტივაციაა და გაუგებარია, რუსეთი რატომ იქნებოდა გამონაკლისი, რაკი სირიაში ესოდენ აქტიურობს?

 მოსკოვის განსაკუთრებული რისკი აქ ისაა, რომ რუსეთის ქალაქებში მილიონობით შუააზიელი და სხვა მუსლიმი ცხოვრობს, რომლებსაც ენობრივი ბარიერი არ გააჩნიათ, ხოლო „დსთ“-ს წევრს სახელმწიფოებს შორის სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლი, ფაქტიურად, არ არსებობს. შესაბამისად, ის რაც მოხდა, რუსეთს თანამედროვე გლობალურ „ტრენდში“ ათავსებს, რაც მხოლოდ დასაწყისია: რუსეთი უკვე ისევე „ჯდება“ ისლამისტ ფანატიკოსთა „უეითინგ ლისტში“, როგორც დასავლეთი და ცხადდება  „მორიგ სატანად“, რომელიც „დასასჯელია“ - ისევე, როგორც ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი და ა.შ.

ჩვენდა საბედნიეროდ, ისლამისტთა ამ „რანკინგში“ ეს ჩვენი საბრალო ქვეყანა ჯერ-ჯერობით არ ფიგურირებს, რადგან ფანატიკოსებმა, ავღანეთიდან - მაროკომდე, საქართველოს არსებობა არ იციან ( ჯერ ვერ გააგებინეს) ისევე, როგორც არ იციან ჩვენი „წვლილის“ შესახებ ერაყსა და ავღანეთში; ხოლო GGGeorgia ატლანტიკის ოკეანის გაღმა ჰგონიათ.

ნიკა იმნაიშვილი 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%