თარიღი    დრო

„ცენტრ პოინტის“ საქმე: „ლიბერტარიანობა“, სოციალური სამართლიანობა და პატრიოტიზმი

საქართველო, თბილისი - 09:38 04.03.2017 2000

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ დას - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს - 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა გადაუწყვიტა. სინამდვილეში, თავდაპირველი სასჯელი 7-7 წელი იყო, თუმცა 2012 წლის ამნისტია შეეხოთ, ამიტომ ვადა შემცირდა. უახლოეს მომავალში, სასამართლო ამ გრანდიოზული, უპრეცედენტო  საქმის კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე გამოიტანს განაჩენს: რჩეულიშვილ-უმცროსს, გურამ (გუკა) რჩეულიშვილს დაახლებით ასეთივე სანქცია  ემუქრება, ოღონდ ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე.

არის კიდევ ერთი საქმე (თბილისის ქეისიდან), რომელიც ბევრად სერიოზულია, რადგან ეხება მაია რჩეულიშვილის მიერ თანხების არამიზანობრივად ხარჯვასა და მითვისებას უკვე ამნისტიის შემდეგ - 2013 წელს. ანუ, ამ ეპიზოდზე თუ სასამართლომ კვლავ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ამნისტია მას უკვე აღარ შეეხება, ხოლო 4-წლიანი სასჯელი გაიზრდება 7-8 წლამდე. ხსენებულ  ეპიზოდში ბრალდების მთავარი მოწმე, როგორც ჩანს, რჩეულიშვილის „მარჯვენა ხელი“ და „გენერალური მენეჯერი“ ქეთი ჟორდანიაა. პროკურატურამ იგი სწორედ იმიტომ არ დააპატიმრა და გამოუშვა გირაოთი, რომ მისგან მამხილებელ ჩვენებებს ელის.

„ცენტრ-პოინტის“ ქონების კონფისკაცია არც პროკურატურას მოუთხოვია და ვერც სასამართლო მიიღებდა ამგვარ გადაწყვეტილებას, რადგან საუბარია „შპს“-ების კონგლომერატზე, რომელთა ქონებრივ ურთიერთობებს სპეციალური კანონმდებლობა არეგულირებს. და რომც მომხდარიყო ამ ქონების კონფისკაცია, იგი უნდა გაყიდულიყო აუქციონზე, ხოლო ამოგებული თანხა შესულიყო ბიუჯეტში. მერედა, დაზარალებულებს რა, ამით? არც არაფერი!

მენაშენეებს მხოლოდ ის შანსი რჩებათ, რომ განაჩენის შემდეგ სამოქალაქო სარჩელით მიმართონ იმავე საქალაქო სასამართლოს და მსჯავრდადებულთა მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ არა კოლექტიურად, არამედ ინდივიდუალურად, რასაც წლები (შესაძლოა ათწლეულებიც კი) დასჭირდება. თანაც, გაურკვეველი შედეგით.

სახელმწიფო ამ ადამიანებს ფინანსურად ვერ დაეხმარება, რაკი ვერავინ  დაუშვებს ასეთ პრეცედენტს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს სახსრები კერძო ურთიერთობებისას წარმოშობილი ფინანსური პრობლემის გადასაწყვეტად და მშენებლობების დასასრულებლად! ამგვარი პრეცედენტი გამანადგურებელი შედეგის მომტანი იქნება და ბევრი გადასახადის გადამხდელი უსამართლოდაც ჩათვლის, - მათი ფული სხვისი ბინების დასრულებას მოხმარდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამდენად, ერთადერთი გამოსავალია (როგორც მას მთავრობა და პროკურატურა ხედავს), რომ რჩეულიშვილებმა მთელი თავისი ქონება სამართავად თვითონ გადასცენ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დანიშნულ მმართველს; შემდეგ მოხდეს ქონების აღწერა, მისი აუქციონებზე გაყიდვა, მიღებული სახსრების მშენებლობისკენ მიმართვა, დარჩენილი დავალიანებების ამოგება  და 5-7 წლის განმავლობაში მშენებლობების დასრულება.

რჩეულიშვილების თანხმობის გარეშე მთავრობა ამგვარ მმართველს  ვერ დანიშნავს და ქონებას სამართავად ვერ გადმოიბარებს.  მას ამის არანაირი სამართლებრივი და კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. მაია რჩეულიშვილი კი ქონების სახელმწიფოსთვის მართვაში გადაცემას არ თანხმდება ორი მიზეზით:

1) მას აეჭვებს, რომ მთელი ქონება (მიწები) რომც გაიყიდოს აუქციონზე, ყველა მშენებლობის დასრულებას მაინც არ ეყოფა, შესაბამისად „მომჩივანი“ ისევ ეყოლება და თუნდაც ერთი მომჩივანის არსებობის შემთხვევაში, პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ვერ შეწყვეტს. რეალურად, ერთი მომჩივანი კი არა, ასეულობით დარჩება იმ ათასობით დაზარალებულიდან, რომლებმაც ფული გადაიხადეს, „ჰაერი იყიდეს“ და ფართი ვერ მიიღეს. და რომც ჰყოფნიდეს ეს ქონება, მოგება აღარ დარჩება! ნუ გაგიკვირდებათ და ჭეშმარიტი ბიზნესმენი მუდამ, ყველა სიტუაციაში მოგებაზე ფიქრობს

2) რჩეულიშვილები ქონების დაკარგვას განიხილავენ, როგორც სოციალური სტატუსის წართმევას. „ელიტურობა“ მათთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია და სოციალურ დეგრადაციას ასე იოლად არ შეურიგდებიან თუნდაც წლობით მოუწიოთ ციხეში ყოფნა!

ეს ბევრ საბრალო დაზარალებულს (ვისთვისაც სოციალური სტატუსი იგივე ელიტურობა თუ „სვეცკობა“ განმსაზღვრელი არასდროს ყოფილა) არ ესმის და  უკვირთ: რატომ არ თანხმდება „საპროცესო გარიგების“ ფარგლებში მაია რჩეულიშვილი პროკურატურის წინადადებას: მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, გადასცეს სახელმწიფოს მართვაში თავისი კომპანიის მთელი ქონება, გაიყიდოს ეს ქონება და მოხდეს დაზარალებულთა დაკმაყოფილება?!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ დატრიალდა საერთოდ ეს უბედურება, აქ ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა იმუშავა: პირველ რიგში, ნამდვილად ჰქონდა ზეგავლენა ქვეყანაში არსებულ ფორს-მაჟორს, პოლიტიკურ დაპირისპირებას 2007 წლიდან, მერე აგვისტოს ომს და ა.შ. მაგრამ ეს გარემოება ესოდენ გამანადგურებელ შედეგს მაინც არ  გამოიღებდა, რომ არა თანამდევი სუბიექტური ფაქტორი: ზემოგების მიღების მიზნით, კომპანიის მესვეურები 2004-2007 წლებში მეტისმეტად დიდ რისკზე მიდიოდნენ, მეტისმეტად რისკიან მენეჯმენტს ახორციელებდნენ, მოზიდული თანხებით ყიდულობდნენ სხვა ბიზნესებს, სხვა უამრავ არაპროფილურ აქტივს, მაგალითად რესტორნებს, სასტუმროებს, ჩამოჰქონდათ ძვირადღირებული ავეჯი, სამზარეულოები გასაყიდად, აბანდებდნენ მენაშენეთა თანხებს არა იმდენად საკუთრივ მშენებლობაში, არამედ სხვა უძრავ ქონებაში, ანუ ყიდულობდნენ მიწებს იმ გათვლით, რომ უძრავი ქონება 2-3 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძვირდებოდა; ან ახალ მშენებლობებს დაიწყებდნენ იწებზე და უკვე ამ ახალი პროექტებიდან შემოსული ფულით დაასრულებდნენ მშენებლობებს: კლიენტებსაც დააკმაყოფილებდნენ და თავადაც ბევრად მნიშვნელოვანი მოგება დარჩებოდათ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ შემოსულ თანხებს მხოლოდ თავდაპირველ მშენებლობებზე დახარჯავდნენ.

ბუნებრივია, საცოდავმა მენაშენეებმა, ძირითადად ქალებმა, ვინც უცხოეთში პატიოსანი შრომით (ძიძაობით, დამლაგებლობით, მრეცხავობით, მომვლელობით) ორიოდე კაპიკი იშოვა და სამშობლოში ბინაზე ოცნებობდა, არ იცოდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი თანხები შეძენილი ბინების აშენებას კი არ ხმარდებოდა, არამედ რჩეულიშვილთა ბიზნესის გაფართოებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სწორედ აქ იწყება პრობლემა, რომელიც მხოლოდ ამ დაზარალებულთა საფიქრალი არ არის: ე.წ. „ლიბერტარიანული იდეოლოგიის“ შესაბამისად, რომლის ადეპტები კახა ბენდუქიძე და მიშა სააკაშვილი იყვნენ, ქვეყანაში ნებისმიერი სფერო დერეგულირებული უნდა იყოს და სახელმწიფომ არანაირი შეზღუდვა, არავითარი რეგულაციები ბიზნესს არ უნდა დაუწესოს.

მაგალითად,  ელემენტარულად გონივრული შეზღუდვა (მით უმეტეს ჩვენს პირობებში) იქნებოდა, ვთქვათ, კომპანიის დავალდებულება, აუცილებლად გაეფრთხილებინა კლიენტები  მათ მიერ გადახდილ თანხებს სხვა მიმართულებებით ხარჯვის თაობაზე ან საერთოდ აკრძალულიყო ერთ ობიექტზე გადახდილი თანხის მიმართვა სხვა ობიექტზე და ა.შ.

მაგრამ ბენდუქიძე-სააკაშვილ-ნოღაიდელის „სინგაპურული მოდელით“ სახელმწიფოს ამგვარი „პატერნალიზმი“ (ეს ხომ სალანძღავი სიტყვაა!)  „საბაზრო ეკონომიკას დააზარალებდა“. შესაბამისად, რჩეულიშვილებმაც უდიდესი ოსტატობით  ისარგებლეს (რატომღაც რომ არ ესარგებლათ) სამშენებლო სფეროს სრული „დერეგულირებით“ რათა გამოუცდელ, გულუბრყვილო, საცოდავ მშრომელ, „უბრალო“ ადამიანებთან  ისეთი ხელშეკრულებები გაეფორმებინათ, რომლებიც სრულად გაითვალისწინებდა თვით ბიზნესმენის რისკებს და საერთოდ არ გაითვალისწინებდა იმ საფრთხეებს, რომელშიც ეს ადამიანები იგდებდნენ თავს.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას: არ არსებობს დასავლეთში  ქვეყანა, სადაც სამშენებლო ბიზნესი ისეამიშვებულიყოველგვარი რეგულაციის გარეშე, როგორც საქართველოში! ასეა მხოლოდ იმავე სინგაპურში მისი ველური კაპიტალიზმითა და სისხლიანი დიქტატურით.  იმიტომაც უყვარდათ ასე სინგაპური ამ ჩვენს „რეფორმატორებს“. თორემ „ევროპულ სოციალიზმს“ ხშირად აკრიტიკებდნენ თუ გახსოვთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამწუხაროდ, მრავალი გაუბედურებული ადამიანისთვის ამ საქმეს უკვე შესაძლოა აღარც არაფერი ეშველოს. საბაზრო ეკონომიკა, როგორი „რეგულირებადიც“ არ უნდა იყოს,  არ არსებობს პიროვნული პასუხისმგებლობის გარეშე! სოციალიზმს და „კომპარტიას“ არავინ აღადგენს.  სახელმწიფო სხვა ადამიანთა (გადასახადის გადამხდელთა, პენსიონერთა, მასწავლებელთა) ფულებს ვერ გამოყოფს სხვათა საბედისწერო შეცდომის გამოსასწორებლად, თუკი ყურადღებით არ წაიკითხეს ის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერდნენ თავის დროზე.

ყურადღებით წაიკითხე ან იურისტს წააკითხე ხელშეკრულება!!! ეს თეზისი სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარ ნებისმიერ ამერიკელს, ფრანგსა თუ ინგლისელს.

ოღონდ ეს სასტიკი გაკვეთილი უკვე დაგვიანებულია: ამ საქმემ და მისმა თანამდევმა „ელიტურმა უსინდისობამ“, როდესაც საბერძნეთში მრეცხავობით ხელებდასიებული ქალების უბედურება და ინტერესები „ნაკლებ ღირებულია“  ვიდრე ელიტური, არისტოკრატი ქალბატონებისა, უკვე უდიდესი დარტყმა მიაყენა ამ ქვეყანაში არა მხოლოდ ლიბერალური, საბაზრო ეკონომიკის იდეას, არამედ სოციალური სამართლიანობის განცდაც შეარყია, რაც სინამდვილეში, პატრიოტული სულისკვეთების საფუძველია.

დავით ავალიშვილი 

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%