ENG / RUS       12+

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისას?

28 მარტს ამოქმედდა ევროკავშირის ახალი რეგულაცია, რომელიც უკვე დაეგზავნა ყველა შესაბამის უწყებას და საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოეთხოვებათ ვიზა, რათა „შენგენის ზონის“ წევრ სახელმწიფოში შევიდნენ.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილებას უდიდესი, მართლაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს: ამით ევროპამ დაადასტურა და მთელს მსოფლიოს (საქართველოს მტერსაც და მოყვარესაც) უთხრა, რომ საქართველო მისი მეგობარი და სანდო პარტნიორია. ასეთ „დეკლარაციას“ და საქართველოს დროშის თავზე „ანთებულ ბანერს“: ეს ქვეყანა ევროპის მეგობარი და მოკავშირეა!“, მართლაც ძალიან ღრმა  შედეგები ექნება, რადგან ამგვარ „შეტყობინებას“ და გაფრთხილებას საქართველოს მტრებიც გაითვალისწინებენ და მოყვარენიც! ორივე გვყავს. თანაც ორივე - იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე.

ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად უდავოა: უვიზო რეჟიმი ევროპასთან  მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს უსაფრთხოებას თუ, რასაკვირველია, რაიმე სიგიჟეს არ ჩავიდენთ კვლავ; მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში და ფრთხილი, გონივრული საგარეო პოლიტიკის პირობებში, ევროკავშირის „მეგობრულმა დეკლარაციამ“ საქართველოს დაცულობის დონე  მართლაც  გაზარდა!

ამას შესანიშნავად ხვდებიან მოსკოვში. ამიტომ მათი რეაქციაც „ყრუა“. თუმცა, არ დადასტურდა  ბრიყვული ჭორები, თითქოს კრემლი აპირებდა „წინმსწრებად“ გაეუქმებინა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რათა „დაესწო“ ევროპისთვის და ა.შ - რა სისულელეს არ მოისმენდი თუ წაიკითხავდი ამ დღეებში. არადა,  უვიზო რეჟიმი საქართველოში სოციალური დაძაბულობის, ესე იგი სოციალური  დეპრესიის შემცირებას უწყობს ხელს და კრემლი პროდასავლურ ქვეყანას ამაში რატომ დაგვეხმარებოდა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს, რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს. თუმცა პრაქტიკული თვალსაზისით, არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელსაც არავინ პასუხობს, თუნდაც იმიტომ, რომ არავინ ეკითხებათ.

მაგალითად: უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე, მთავრობამ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მოქალაქე 90 დღის განმავლობაში არ დაბრუნდება ქევყანაში, მის შესახებ ინფორმაციას თბილისი - ბრიუსელს მიაწვდის, ხოლო ბრიუსელი, რასაკვირველია, ყველა წევრ სახელმწიფოს გადაუგზავნის.

მერედა, როგორ აპირებს მთავრობა გაიგოს, ვინ როდის დაბრუნდა და ვინ არა? ბევრმა არ იცის, რომ ინფორმაცია მოქალაქის გადაადგილების შესახებ მხოლოდ მის პასპორტშია ფიქსირებული - შესაბამისი შტამპით. როდესაც მესაზღვრე თქვენს ბიომეტრულ პასპორტს სპეციალურ მოწყობილობაში ატარებს საზღვარზე, ის თქვენი გადაადგილებების, ევროპაში ყოფნის ხანგრძლივობის და ვიზიტების ისტორიას კი ვერ ხედავს იქ (როგორც ზოგს ჰგონია) არამედ პერსონალურ მონაცემებს თქვენს შესახებ - ხომ არ ხართ ნასამართლევი, ხომ არ იყავით დაპატიმრებული და ა.შ.

ასევე, საქართველოს საზღვარზეც: ქართველი მესაზღვრე გირტყამთ შტამპს პასპორტში, რომელიც ადასტურებს, როდის გადაკვეთეთ ქვეყანა და როდის დაბრუნდით უკან. ანუ, თეორიულად შესაძლებელია, შევადაროთ საქართველოს საზღვარზე ჩარტყმული შტამპები - შენგენის ქვეყანათა ანალოგიურ შტამპებს და ყველაფერი ირკვევა. გამოდის, საქართველოს სასაზღვრო უწყება „შენგენის“ ინფორმატორი ხდება, თუკი ქართველი მესაზღვრე აღმოაჩენს, რომ ესა თუ ის მოქალაქე 90 დღეზე დიდხანს დარჩა ევროკავშირში?!

ამასთან, თუკი მე ევროკავშირში სამუშაოდ წავედი და 3 წლის შემდეგ დავბრუნდი, ანუ რაღაც თანხა დავზოგე და ოჯახს გამოვუგზავნე, ამგვარ „ინფორმირებას“ უკვე აზრი აღარ აქვს. - მაინც აღარ ვაპირებ იქ წასვლას, რაკი არ შემიშვებენ. გამოდის, ჩვენი მთავრობა 3 თვეში „არდაბრუნებულებზე“ აპირებს ინფორმაციის მიწოდებას ბრიუსელისთვის?

და როგორ იქცევა სახელმწიფო უწყება იმ შემთხვევაში, თუკი მაგალითად, ევროკავშირიდან არა საქართველოში, არამედ თურქეთში ან უკრაინაში გავემგზავრე და ქვეყანაში მხოლოდ 6 თვის შემდეგ დავბრუნდი? უკვე „დამრღვევი“ და დამნაშავე ვხდები ამის გამო? რა თქმა უნდა, შესაძლებელია აგრეთვე ავიაკომპანიათა მონაცემების „ამოღება“, როდის სად და რამდენი ხნით მიფრინავს მოქალაქე. მაგრამ ეს საგანგებო მოთხოვნაა და უცხოური ავიაკომპანიები მას ყოველთვის არ დაემორჩილებიან. ვერც ვერავინ დაავალდებულებთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება ევროპელ მესაზღვრეს: გარდა აუცილებელი ცნობების შესახებ იმ ჩამონათვალისა, რაც სარეკლამო კლიპშია, არის კიდევ ერთი ცნობა, რასაც ევროპელი მესაზღვრე აუცილებლად მოგთხოვთ, როგორც კი შენიშნავს, რომ პირველად ჩადიხართ „შენგენში“, ანუ „ძველი ვიზები“ არა გაქვთ: ეს არის ცნობა შემოსავლების შესახებ, ანუ ბოლო 1 წლის საბანკო ამონაწერი!

მხოლოდ ის თანხა, რაც რამდენიმე დღით ევროპაში საცხოვრებლადაა საკმარისი, მას არ დააკმაყოფილებს - მოითხოვს ბოლო 1 წლის ამონაწერს (ბეჭდით და „საგერბო ფურცელზე“) ბანკიდან, რათა დარწმუნდეს, რომ რეგულარული შემოსავალი გაქვთ, ესე იგი დასაქმებული ხართ და ევროპაში სამუშაოდ არ მიდიხართ. ყველას არ მოსთხოვენ, თუმცა თითქმის 100% ალბათობით მოსთხოვენ მათ, ვისაც „სუფთა პასპორტი“ აქვს ესე იგი ვიზა არასდროს აუღია. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მოქალაქემ თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროს. ბანკებში ვერა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, სამსახურიდან ცნობის „გაკეთება“ მაინც არ იქნება პრობლემა. ოღონდ, ასეთი პატარა „ეშმაკობები“ მხოლოდ მათ უშველით, ვინც საპოლიციო სიებში არ ფიგურირებს ამა თუ იმ მიზეზით, რადგან ასეთ სიებს „შენგენის მესაზღვრე“ მაშინვე ხედავს კომპიუტერში.

ვინც ავტობუსით (ან ნებისმიერი სხვა სახმელეთო თუ საზღვაო ტრანსპორტით) აპირებს ევროკავშირში გამგზავრებას, ბევრად მეტად რისკავს უარი უთხრან, ვიდრე ავიამგზავრებს, რადგან მესაზღვრეს გაუძლიერდება ეჭვი, რომ ადამიანმა იაფი ტრანსპორტი აირჩია, რაკი უმუშევარია და ევროკავშირში სამუშაოს საძიებლად მიდის.

ძალიან ფართოდ გავრცელებული ილუზიაა, თითქოს ევროკავშირის სამხრეთულ ქვეყნებში (მაგალითად იტალიაში) მესაზღვრეები ნაკლებ ჯიუტები, ნაკლებად პედანტები და „მიმწოლნი“ არიან ვიდრე, ვთქვათ გერმანელები, ამიტომ ისინი უფრო „გაგატარებენ“ თუ საბანკო ამონაწერი და სამსახურიდან ცნობა არა გაქვს.

ეს საშიში შეცდომაა, რომელიც ადამიანს, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს: ვინც ბოლო დროს იტალიაში ყოფილა, დამეთანხმება, რომ სწორედ უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში, იტალიელები, პირველ რიგში მათი ბიუროკრატია, საოცრად პედანტური და სკურპულოზური, ხშირად აუტანლად „კანონისმიერი“ გახდა: წარსულს ჩაბარდა დინო რიზის დაუვიწყარ ფილმში, „ოპერაცია წმინდა იანუარიუსი“ აღწერილი იტალია -  დღეს ეს ქვეყანა ზოგჯერ გერმანიაზე და ინგლისზე მეტად „მოწესრიგებულია“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჯერ-ჯერობთ ძნელი სათქმელია, განმეორდება თუ არა ევროკავშირის საზღვრებზე ის უბედურება, რაც ტელ-ავივის აეროპორტებში ხდება, საიდანაც ქართველებს პანტა-პუნტით „ადეპორტებენ“. თანაც, გავითვალისწინოთ, რომ დეპორტაცია 100-დან 90 შემთხვევაში ხდება სწორედ მას შემდეგ, რაც მესაზღვრე ხედავს „სუფთა პაპსორტს“, ამით ადგენს, - ადამიანი პირველად გავიდა საერთოდ საქართველოდან და სთხოვს წარმოუდგინოს „საბანკო ამონაწერი“ ბოლო 1-1,5 წლის რეგულარული შემოსავლების შესახებ!

ბუნებრივია, უმუშევარი  ასეთ ცნობას ვერ წარუდგენს და ისრაელის სასაზღვრო უწყებაც იღებს ფორმალურ საფუძველს საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში არ შეუშვას. ქართული მხარის პროტესტის პასუხად კი უარს იმით „ფუთავენ“, თითქოს „ამ მოქალაქემ ვერ დაასაბუთა ტურისტული მიზნით რომ მოდიოდა ისრაელში“. არადა, ის ადამიანი ყველა სხვა ცნობას წარუდგენს: დაზღვევას, სასტუმროს ჯავშანს, უკან დასაბრუნებელ ბილეთს და ა.შ. თუმცა ეს ყოველივე არ არის არსებითი. არსებითია საბანკო ამონაწერი!

თავს თუ არ მოვიტყუებთ, იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც უახლეს თვეებში მოინდომებს ქუთაისის აეროპორტიდან - ევროპაში გაფრენას, იქ არა ლუვრის ან პანთეონის დასათვალიერებლად, არამედ სამუშაოს საძიებლად წავა. იმედია, საქართველოს სასაზღვრო უწყება საკუთარ მოქალაქეთა „დამსმენად“ არ იქცევა. მაგრამ ამ მოქალაქეებმა ის მაინც უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ მიზნით ევროპაში წასვლა ძალიან დიდი რისკია: ბევრ ქვეყანაში (მაგალითად გერმანია) ქუჩებსა და ტრამვაიშიც კი დასდევენ „გასტერბაიტერებს“ ელექტროშოკერებით და ქოფაკი ძაღლებით აღჭურვილი პოლიციელები.

რაც შეეხება საზღვარს: თუ ევროპაში სამუშაოდ მიდიხართ (სინამდვილეში) და მზად ხართ გარისკოთ, მაშინ აუცილებლად აირჩიეთ ისეთი ქვეყანა და ისეთი აეროპორტი, რომელსაც აქვს ე.წ. „ნეიტრალური ზონა“. საქმე ისაა, რომ უამრავი ევროპული აეროპორტი ან მათი ტერმინალები  ფუნქციონირებენ ამ ზონის (იგივე „სატრანზიტო ზონის“) გარეშე. და თუ იქ გითხრათ უარი მესაზღვრემ ქვეყანაში შეშვებაზე, მაშინ სატრანზიტო-ნეიტრალურ ზონაში კი ვერ დაელოდებით უკან დასაბრუნებელ ავიარეისს, არამედ პირდაპირ გაგაქანებენ ე.წ. „საფილტრაციო ბანაკში“, სადაც რამდენიმე დღის გატარება აფრიკელი და აზიელი მიგრანტების გვერდით მოგიწევთ.

მიხეილ გეწაძე 

ავტორი: . .