საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფცია დიდად არ განსხვავდება მოქმედი სისტემისგან.
ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე აცხადებს, რომ ტერიტორიული თავდაცვის სისტემის შემოღება არის ახალი.
,,ძირითადი აპელირება ხდება, რომ თავდაცვის ქვედანაყოფების სისტემა შემოდის. ეს 2008 წლის ომის შემდეგ და იმ შეფასებების შემდეგ თუ რეზერვმა როგორ იმოქმედა, იმ ანალიზის შედეგად მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა. თუ აღნიშნულ სისტემას უფრო განავითარებენ, დახვეწავენ და მობილურს გახდიან, რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებას ყოველთვის გვერდში დავუდგებით და ვიქნებით მხარდამჭერები აღნიშნული რეფორმაბისა’’, - განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი თავდგირიძე აცნობს.
მისი თქმით, ტერიტორიული რეზერვის რეზერვისტი ანაზღაურებას მიიღებს.
გიორგი თავდგირიძის განმარტებით, ,,ტერიტორიული რეზერვის შექმნა დაგეგმილია აქტიური სარეზერვო სამსახურის ფარგლებში, რომლის ამოქმედებასაც სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს. რეზერვი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ მასობრივი არმიების შესაქმნელად - გლობალური ომებისათვის, არამედ სამოქალაქო პირი გამოყენებული იქნება ტერიტორიის მიხედვით და სადაც ის ცხოვრობს, მომზადებას იმ ტერიტორიულ არეალში გაივლის. ამასთან, რეზერვისტობა ნებაყოფილობითი იქნება და დაგეგმილია 12 000-იანი დაჯგუფების შექმნა“.