იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ალოგიგიკურად მიიჩნევს. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ პარლამენტს უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე მიმართა და ძალოვან უწყებებს უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც ისინი უშიშროების საბჭოზე მიიწვია.
,,გუშინ რომ უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე მიმართავ პარლამენტს, რომ შენ და შენს ძალოვან უწყებებს არ გენდობი, შემდეგ უშიშროების საბჭოზე იმავე ძალოვან უწყებებს საფრთხეებზე ელაპარაკები, აქ რამე პრობლემას ვერ ხედავთ ლოგიკის კუთხით?“ - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საიდუმლო დოკუმენტები უნდა იყოს გახსნილი.
,,არ ვიცი, ვინ მივა და ვინ - არა უშიშროების საბჭოზე. გულწრფელად ჩემს პერსონალურ მოსაზრებას გიზიარებთ, რადგან არა ვარ უშიშროების საბჭოს წევრი. რომ ვაკვირდები, ლოგიკას ვერ ვხედავ გუშინდელ ქმედებასა და დღევანდელ ქმედებას შორის. უშიშროების საბჭო უნდა შეიკრიბოს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ამ საბჭოს ხელმძღვანელობს და მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აბარია, შეიძლება „მოსმენების კანონზე“ ისეთ შენიშვნებს უგზავნიდე პარლამენტს რაც გუშინ იქნა პრეზიდენტის წარმომადგენლების მიერ გაზიარებული? წაიკითხეთ იქ რა წერია? საიდუმლო დოკუმენტზე გვეუბნება, რატომ არ არის ღია და გახსნილი. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ღია და გახსნილი ტექნიკური ნაწილი, რომელიც საიდუმლოა. ასეთ რაღაცაზე რომ გველაპარაკება რა ჰქვია ამას?“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღეისათვის დაგეგმილ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვერ დაესწრებიან, რადგან საქართველოში არ იმყოფებიან.
სხდომას ასევე ვერ დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რისი მიზეზიც ქუთაისში, პარლამენტის სესიაა.