ENG / RUS       12+

სერგო ჩიხლაძე: სერგეენკომ აღიარა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა აღარ არსებობს

რესპოდენტის შესახებ

„ჯი-ეიჩ-ენს“ ესაუბრა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჯიხლაძე

- ჯანდაცის მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შესახებ განაცხადა, როგორ შეაფასებთ და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ცვლილებებზე?

- პირველი დასკვნა, ოფიციალურად დაანონსდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა აღარ არსებობს. თუმცა, აქამდეც არ არსებობდა, რადგანაც ის, რაც ჩვენ გვქონდა და გვაქვს, არ ეწერება საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპებში, როგორც ეს აღიარებულია მსოფლიოში. თუმცა ეს უკვე ოფიციალურად დაანონსდა.

დასკვნა მეორე, ჯანდაცვა დაუბრუნდა მიზნობრივი სოციალური დაცვის პრინციპს, რაც 2012 წლამდე არსებობდა საქართველოში.  მიზნობრიობის პრინციპზე 3 წელზე მეტია მოვუწოდებდით მეც და სხვა ოპონენტებიც, თუმცა ამაზე მინისტრს ჰქონდა ჩვეული ხისტი პასუხი - მიზნობრიობას არ დაუბრუნდებოდნენ და საყოველთაო ჯანდაცვაში არაფერს შეცვლიდნენ. ამის დამადასტურებული ბევრი ვიდეო თუ ბეჭდვითი მასალა არსებობს და შეგიძლიათ გადაამოწმოთ.  

- როგორ ფიქრობთ, დაანონსებული ცვლილებებით გაუმჯობესდება თუ გაუარესდება მოსახლეობის მდგომარეობა ჯანდაცვის სერვისების გამოყენების კუთხით?

- მივყვეთ მიზნობრივი ჯგუფებს, ისე როგორც ეს ჯანდაცვის სამინისტრომ დაყო ჩვენი მოსახლეობა. პირველ მიზნობრივ ჯგუფში შევიდნენ 1-5 წლის ბავშვები, პენსიონრები, სტუდენტები, შშმპ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველები,  სულ 1 700 000 ადამიანი. ამ ჯგუფს სამინისტრო სრულად უნარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის უფლებას, ანუ აძლევს, ფაქტობრივად ულიმიტო  და უფრო მეტიც, უმატებს გარკვეული მედიკამენტების გამოყენების საშუალებას, რაც მანამდე მათ არ შეეძლოთ. ამ ჯგუფისთვის მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესდა, რადგანაც დაემატა წამლის კომპონენტი. თუმცა, დეტალები და ტექნიკური მხარე, როგორ მოხდება ამ წამლებით ამ ჯგუფის უზრუნველყოფა, ან რა დაუჯდება ეს პროგრამას და ა.შ. არ მოგვისმენია ჯერ.

მეორე ჯგუფი ეს არის მაღალი შემოსავლის მქონე პირები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს.  ეს ადამიანები სრულიად ჩაეხსნენ საყოველთაო ჯანდაცვას. ანუ მათ უნდა შეისყიდონ კერძო დაზღვევა და მიხედონ საკუთარ ჯამრთელობას თვითონ. 

-  ეს სამართლიანია?

- კი სამართლიანია, მაგრამ აქ ორი მომეტი უნდა გავითვალისწინოთ. ერთი ის, რომ ამ ხალხის 80%-ზე მეტი ისედაც სარგებლობდა კერძო დაზღვევით და ისედაც არ აწვებოდნენ ტვირთად სახელმწიფოს.  ხოლო ის, ვინც სარგებლობდა ამ ჯგუფიდან ორმაგი დაზღვევით არის სულ რამდენიმე ათასი ადამიანი რიცხობრივად, რომელზეც გამოთავისუფლებული თანხა იქნება მიზერული, ანუ ხარჯების დაზოგვის კუთხით ამას დიდი ეფექტი ვერ ექნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთავრობას სურს გვაჩვენოს, რომ რაღაცას ფუნდამენტურად ცვლის, მდიდრებს აღარ აფინანსებს და ამით დიდი თანხას ზოგაავს, რომელსაც მერე დახარჯავს წამლებზე და ა.შ.  ეს ასე არ არის. და მეორე მომენტი კიდევ, ვერაფერი მოვისმინეთ კატასტროფულ ხარჯებზე, თუნდაც ამ მდიდარ ჯგუფში. გასაგებია, რომ ეს ადამიანი ვისაც 40 000 ზე მეტი აქვს წლიური შემოსავალი იყიდის და ისედაც ყიდულობდა დაზღვევას. მაგრამ, თუ მას აქვს ონკოლოგიური პრობლემა ან რამე ქრონიკული დაავადება და ყოველთვიურად შეიძლება რამდენიმე ათასი ლარის ხარჯი ქონდეს, ხოლო წლიურად 40 000-ზე გაცილებით მეტის დახარჯვა მოუწიოს,  ამ ადამიანს როგორ ვეხმარებით? არც ამაზეა პასუხი ჯერჯერობით. თანაც გავითვალისწინოთ, რომ ამ მდიდარ ადამიანსაც „აქვს უფლება“ გარკვეული „ხეირი ნახოს“ სახელმწიფოსგან, რადგანაც ეს ადამიანი ბიუჯეტში საკმაოდ დიდ თანხას იხდის თუნდაც საშემოსავლო გადასახადის სახით და აქვს უფლება მასზეც რაღაცა დახარჯოს სახელმწიფომ! მაშინ,  გავათავისუფლოთ ეს ადამიანი ამ გადასახადისგან და სახელმწიფოს ექნება მორალური უფლება აღარ აიღოს ამ ადამიანზე არანაირი სოციალურ პასუხისმგებლობა.

ახლა, მივადექით ყველაზე საინტერესო სეგმენტს. ეს არის ე.წ. საშუალო შემოსავლის მქონე დასაქმებული ადამიანები, რომელთა ხელფასიც არის 900 ლარი ან მეტი, მაგრამ წლიურად 40 000 ზე ნაკლები. ასეთი ადამიანი არის 300 000- ზე ცოტა მეტი, ანუ მოსახლეობის 10% დაახლოებით. ეს არის სეგმენტი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდება ამ ცვლილებებით. ამ ადამიანებს, დაანონსებული ცვლილებებით, სახელმწიფო დაუფინანსებს გადაუდებელ ანუ ურგენტულ  შემთხვევებს 90%-ით, მაშინ როდესაც მანამდე 100% უფინანსებდა. გეგმიურ სტაციონარს 1000 ლარზე ზემოთ დაუფინანსებს 70%-ით.  მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ 1000 ლარამდე ხარჯს გეგმიურ სტაციონალურ მომსახურებაზე  საერთოდ აღარ დაუფინანსებს სახელმწიფო. არადა, ყველაზე მეტად მოსახლეობა, მისი ყველა სეგმენტი ზუსტად ამ სერვისს იყენებს. ესაა  ვიზიტი ექიმთან, როდესაც რამე ჩივილი გვაქვს, სამედიცინო პროცედურები, მინიინვაზიური ჩარევები, ოპერაცია 1000 ლარამდე, სტაციონარში თუ ამბულატორიაში მკურნალობა და ა.შ. და ამას ყველაფერს აგვირგვინებს, ის რომ ამ სეგმენტს,  ამ 300 000 ადამიანს კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით სარგებლობის უფლება  აღარ ეძლევათ. ეს არის ყველაზე გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი ნაწილი.

შემდეგი ჯგუფი არის დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები რომლებსაც ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები აქვთ შემოსავალი. ეს არის დაახლოებით 1 200 000 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც ასევე გაუარესდა, რადგანაც ურგენტული ამბულატორია 100%-ის ნაცვლად  ამ ჯგუფს დაუფინასდება  50%-ით, ასევე არ დაუფინანსდებათ მათ გეგმიური სტაციონარი 500 ლარამდე. ამავე დროს, აი პარადოქსი რა არის, ამ ჯგუფს  ენიჭებათ პრივილეგია ერთდოულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით და კერძო სადაზღვევო  (შემავსებელი) პაკეტით.    იგივე პირობები ვრცელდება პირებზე რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან  100 000-მდეა და მათი რიცხვი 100 000 - ზე ცოტა მეტია.  

- პარადოქსს რაში ხედავთ?

პარადოქსი ის არის, რომ მას ვისაც 900 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი და მეტი ალბათობით შეუძლია შეიძინოს კერძო დაზღვევა, მას ამას უკრძალავს სახელმწიფო, და ამ ჯგუფს, რომელიც უფრო დაბალშემოსავლიანია და ნაკლებია ალბათობა, რომ საერთოდ გამოიყენოს კერძო დაზღვევა, ამ ჯგუფს ის ანიჭებს ამ პრივილეგიას. ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ ამაში.

- ანუ ადამიანები რომელთა შემოსავალიც 900 ლარზე მეტია, მაგრამ 40 000 ლარზე ნაკლებია წლიურად,  მათ სახელმწიფო უკრძალავს კერძო დაზღვევის ყიდვას?

- მათ სახელმწიფო აყენებს არჩევანის წინაშე, ან მოგაწოდებ ჩემს სერვისებს ოღონდ ლიმიტირებულად, ან მთლიანად თვითონ იყიდე კერძო დაზღვევა და მე არაფერს დაგიფინანსებ. რაც არის არასწორი მიდგომა. თუ ამ ადამიანს აქვს საშუალება რომ შეივსოს სახელმწიფოსგან მიღებული სერვისი, ხაზს ვუსვამ შეივსოს და არა ორმაგად ისარგებლოს რამით, რატომ უქმნის ჯანდაცვის სამინისტრო ბარიერს? რა სარგებებელი ექნება ამით ან სახელმწიფოს, ან ბენეფიცირს? ეს არის გაუაზრებელი ნაბიჯი ვფიქრობ, რადგანაც ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი უარს იტყვის კერძო დაზღვევაზე, დარჩება საყოველთაოში, რითაც თითქოს ის დაზოგავს თანხას, მაგრამ მთლიანობაში, სახელმწიფო ისეთ პაკეტს სთავაზობს მას, რომ ჯიბიდან გადახდის წილი მას აუცილებლად გაეზრდება და ამას ის პირველსავე წელს იგრძნობს რაზეც უკვე მოგახსენეთ ზემოთ.  მეორე მხრივ კი, ეს იმოქმედებს სადაზღვევო კომპანიებზე, მათ შეუმცირდებათ ბენეფიციართა რიცხვი და შესაბამისად გაძვირდება მათი პაკეტები. გასაგებია, რომ რაც ნაკლებია დასაზღვევ ბენეფიციართა აუზი, მით მეტია პაკეტის ფასი.

- კერძო სადაზღვევო კომპანიებთან თუ ჰქონდა ამ საკითხებზე საუბარი ჯანდაცვის სამინისტროს?

-მივადექით ერთ-ერთ საინტერესო კითხვას. საქმეც იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წესად ექცა გადაწყვეტილებების მიღება სპეციალისტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეუთანხმებლად. ჯერ იღებენ გადაწყვეტილებას, და მერე მსჯელობენ, როგორ „გააპრავონ“ და როგორ მოარგონ ყველა და ყველაფერი ამ გადაწყვეტილებას ან ბრძანებას. არადა, პირიქით უნდა ხდებოდეს, საჭიროებებს და ადამიანებს უნდა ერგებოდეს ნებისმიერი გადაწყვეტილება და არა პირიქით.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ უნდა განეხილა  სადაზღვევოებთან ისეთი საკითხები, როგორიცაა ვინ რა პაკეტს სთავაზობს და რამდენი უჯდება, როგორ მოხდება ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, სად გადის ზღვარი შემავსებელ და სრულ პაკეტებს შორის და სხვ. ამ და ბევრ სხვა დეტალზე დავიწყეთ მსჯელობა, სხვათა შორის,  პარლამენტის კომიტეტზე გაფართოებული შემადგენლობით, თუმცა, სამინისტრომ და მინისტრმა კვლავ ერთპიროვნულად ყოველგვარი დათვლებისა და გათვლების გარეშე შემოგვთავაზა ის ვარიანტი რაც დღეს გაჟღერდა.

-რამდენად ადვილი გასაგები იქნება ეს სქემა მოსახლებისთვის?

ძნელი სათქმელია. საყოველთაო ჯანდაცვა 4 წელია მიმდინარეობს და კვლევები და ასევე, აუდიტის დასკვნები მეტყველებს იმაზე რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია რა სერვისები ეკუთვნის ამ პროგრამის ფარგლებში, სად და რა ფინანსდბა, უფრო მეტიც, ბევრმა სერვისის მიმწოდებელმაც არ იცის რა ეკუთვნის პაციენტს უფასოდ, რა თანაგადახდით და ა.შ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნებში. ამის მიზეზი არის ის, რომ არ ხდება კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ესეც არის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი სუსტი წერტილი. სამწუხაროდ, ამ მხრივ, ამ ბოლო პერიოდშიც არაფერი გაუმჯობესებულა.ასე, რომ ვფიქრობ, უახლოესი თვეების განმავლობაში იქნება ქაოსი, როგორც პაციენტებს, ასევე სამედიცინო პერსონალს შორის. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებები არ არის კარგად გათვლილი და დათვლილი. ასევე, არ არის რისკები გათვლილი და არ არის ამ რისკების შემცირების სტრატეგია დასახული. რაც შეეხება პროგრამის მოქნილობას, ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს არ უფიქრია, ყოველ შემთხვევაში არ გაუჟღერებიათ და დასმულ შეკითხვებსაც ვერ სცემენ პასუხს.  ის კატეგორიები, როგორც სამინისტრომ დაჰყო მოსახლეობა არის ცვალებადი. დღეს ერთ ჯგუფში შეიძლება ვიყო, ხვალ შეიძლება დავკარგო სამსახური ან შემიმცირდეს შემოსავალი და აღმოვჩნდები სხვა კატეგორიაში. როგორ მოხდება ასეთი ადამიანების გადადინება-გადმოდინება სახელმწიფო სერვისით მოსარგებლეთა ერთი კატეგორიიდან მეორეში გაურკვეველია, ან რამდენად სწრაფად მოხდება ამის დაკორექტირება? თუ სამინისტროში არსებულ გამოცდილებაზე ვისაუბრებთ, მაშინ საკმაოდ პესიმისტური იქნება პროგნოზი, რადგანაც ის ადამიანები, რომლებმაც 2013 წლის ივნისამდე დაკარგეს კერძო დაზღვევა  საყოველთაოში მათი ჩართვა მხოლოდ თითქმის 4 წლის მერე მოხერხდა. ასე, რომ ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია და აჩქარება არ იყო საჭირო.

-ზოგადად, რა პროგნოზს გააკეთებდით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალთან დაკავშირებით?

კვლავ გავიმეორებ, რასაც ხშირად ვამბობ, სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია გრძელვადიანი ხედვა და დაგეგმილი პოლიტიკა ჯანდაცვის სფეროში. ცვლილებები, რომელიც დაანონსდა,  მოკლებულია, კონკრეტულ გათვლებს და სამინისტრო აგრძელებს ძველ პოლიტიკას, რომელიც სისტემის გამართულებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ გარკვეული, მიმდინარე ხარვეზების მიჩქმალვაზე. პრობლემა კი პრობლემად რჩება. ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას  სამინისტრო უდგება ფრაგმენტულად, ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა მიმართულებები, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვა, ხარისხის ამაღლება, ექიმთა გადამზადება, რომელიც ასევე ამ ხარისხის ნაწილია, ადრეული დიაგნოსტიკა, ელექტრონული მონაცემთა ბაზების შექმნა და დახვეწა, სანდო სტატისტიკის შექმნა და ა.შ კვლავ არ არის პრიორიტეტული.

და კიდევ მოდით, პირდაპირ გეტყვით, მთავარი საზრუნავი დავით სერგეენკოსი და სამინისტროსი არის ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაატიონ იმ 670 მილიონში, რაც წელს ამ პროგრამისთვისაა გამოყოფილი. სერგეენკოს მიეცა მკაცრი მითითება, წინა წლებისაგან განსხვავებით, არც ერთ თეთრს არ დაუმატებდნენ ამ პროგრამაზე. შესაბამისად, ის ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს ხარჯი, რაც კი ბატონო, საჭიროა, ოღონდ ამას ახდენს პაციენტთა მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შემცირების ხარჯზე. წლის ბოლოს მივიღებთ უკმაყოფილო ბენეფიციარების დიდ არმიას, ადამიანებს, რომლებიც იმ სერვისებითაც კი ვეღარ ისარგებლებენ, რითაც წინა წელს შეეძლოთ ესარგებლათ. ბენეფიციარებთან ერთად, გაიზრდება უკმაყოფილო სამედიცინო პერსონალში, რომელთა მიმართაც სამინისტროს  ისედაც რამდენიმეთვიანი დავალიანებები აქვს და  ზოგადად, გაუარესებულ ჯანდაცვას. სახელმწიფოს კიდევ მეტი ადამიანი დააწვება კისერზე, რადგანაც ის ადამიანებიც კი ვინც აპირებდნენ კერძო დაზღვევის შეძენას ან უკვე აქვთ, ვერ და არ შეიძენენ ან ნაკლებად შეიძენენ კერძო დაზღვევას. საინტერესო იქნება ასევე, რას შესთავაზებს და რა ფასად სადაზღვევო სექტორი პოტენციურ ბენეფიციარებს.

ავტორი: . .