თარიღი    დრო

რა მოხდა ბათუმში... მიღმა, სადაც ცივილიზაცია და ჯარიმებია

საქართველო, თბილისი - 10:03 03.13.2017 2445

საქართველოს უახლესი ისტორიის სამარცხვინო თარიღებს კიდევ ერთი მიემატა: „12-13 მარტის მოვლენები აჭარაში“, რომლებიც ალბათ სხვა „საამაყო-სასიქადულო“ ქორონიკულ ნიშანსვეტებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს. მით უმეტეს, რომ „ბათუმის მოვლენები“, გარკვეული აზრით უნიკალური ფენომენი გამოდგა: „შუშა არ ჩამტვრეულაო“ - ხშირად ამაყობდნენ თბილისში კომიკურად. ჰოდა „შუშა ჩაიმტვრა“ კი არა, ეგზალტირებულმა ბრბომ საკუთარი ქალაქი ლამის გადაწვა.

„მშვიდობიანი პროტესტის უფლება“ თავისთავად არაკომპეტენტური და დემაგოგიური თეზისია: „გამოხატვის“ უფლება ერთია, მაგრამ როდესაც ბრბო არა მხოლოდ „გამოხატავს“, არამედ პოლიციისათვის უკანონო წინააღმდეგობის გამო დაპატიმრებულთა გათავისუფლებას მოითხოვს, ეს უკვე „გამოხატვა“ კი არა, ულტიმატუმია!

ბუნებრივია, ხსენებული ულტიმატუმი თავიდანვე რომ დაეკმაყოფილებინათ, შესაძლოა არც არაფერი მომხდარიყო, ან მაინც მომხდარიყო...... კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა ალბათობა „რაიმე მომხდარიყო“, თუ აჭარის პოლიციის სამმართველოს „გორელი“ უფროსი გამოვიდოდა, იქვე გაიხდიდა და საჯაროდ განაცხადებდა გადადგომის შესახებ ან „აღშფოთებულ ხალხს“ თვითონ ჩაბარდებოდა. მაშინ „მშვიდობიანი პროტესტი“ მხოლოდ მის კისერზე გადაივლიდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საბაბს რაც შეეხება, მართლაც მხოლოდ „საბაბია“, თუმცა მასზეც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა: მადლობა ღმერთს საზღვრები კარგა ხანია გაიხსნა და ბევრ ჩვენგანს მსოფლიო გვაქვს  მოვლილი. თუ, ალბათ, ინდოეთსა და ეგვიპტეს არ ჩავთვლით, ასეთი ამაზრზენი საავტომობილო მოძრაობა, როგორიც საქართველოშია, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. და ამ მხრივ, საქართველოშიც, ბათუმი რაღაც განსაკუთრებული ფენომენია! მით უმეტეს, როდესაც სავსეა გერმანიიდან ან იაპონიიდან ჩამოყვანილი ჯართით და ყოველ მეორე ბათუმელს „მოძრავი კუბო“ ჰყავს, რომელსაც „მანქანას“ ეძახიან.

„დაჯარიმება როგორ გამიბედე ჩემსავე ქალაქშიო“ - ამ ქაოსის სრულიად ბუნებრივი გამოხატულებაა. მით უმეტეს, როდესაც მიაჩნია, რომ ვიღაც „სხვა“ აჯარიმებს, („გორიდან ჩამოთრეული შაჰ-აბასის შთამომავალი“) ვისაც ამის უფლება არა აქვს.

ანუ, თუ დაჯარიმებაა, ისევ „თავისიანმა“ დააჯარიმოს! ეს არის ჩვეულებრივი, დემაგოგიური  სეპარატისტული ინტენცია, რომელიც სხვადასხვა გარემო-პირობებში სხვადასხვაგვარად „იფუთება“, თუმცა არსი იდენტურია.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, თითქოს ბევრად ჭკვიანური იქნებოდა ხელისუფლებას „ადგილობრივი კადრი“ შეერჩია, სწორედ ამას აკეთებდა ცენტრალური მთავრობა (წინაც და დღევანდელიც) მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ის „ადგილობრივი კადრი“ ადგილობრივი საზოგადოების გაღიზიანებას ვერ ბედავდა „აბეზარი ჯარიმებით“, რომლებიც „ადგილობრივებს“ რაღაც შემაწუხებელ, „გარედან“ თავსმოხვეულ ლამის „იმპერიალისტურ“ მონაგონად მიაჩნიათ, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლა - „ავტონომიურობისაკენ სწრაფვის გამოვლინებად“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ, მთლიანობაში, ეს ჯარიმები მხოლოდ საბაბია და მეტი არაფერი. მათი მეშვეობით, 12 მარტიდან „გადმოინთხა“ დიდი ხნის ნაგროვები ბოღმა, რომელმაც მანამდე სხვა რაიმე უფრო საგნობრივი და არსებითი საბაბი ვერ ნახა. ეს „უკმაყოფილება“ წლობით გროვდებოდა და კიდევ კარგი, ისეთ მართლა სისულელეს დაემთხვა „საბაბად“, როგორიც ავტოჯარიმაა და არა სხვა, რამე მართლა უფრო არსებითს. მაგალითად, „მეჩეთის“ საკითხს, თუმცა ეს ყოველივე წინაა: თუ ასე გაგრძელდა და ხელისუფლებამ სრული უმწეობა გამოამჟღავნა პროვოკატორთა დასჯაში.

კლასიკური მაგალითია ის „ვინმე ღოღობერიძე“, რომლის „საქმიანობა“ პირდაპირ შეესაბამება სსკ მუხლს, თუმცა ჯერ-ჯერობით არავინ არაფერს ეკითხება. ჭორები „პოლიციის უფროსმა თათრები გვიწოდაო“, აშკარად თითიდან გამოწოვილი ტყუილია, - ჩვეულებრივი, ბინძური  სეპარატისტული მონაჩმახია აგრესიის გასამართლებლად. მიდი და უმტკიცე „არ უთქვამსო“. არავითარი აზრი არა აქვს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

12-13 მარტის „ბოღმის ნთხევის“ სიღრმისეული მიზეზი კი უფრო სისტემურ ცვლილებებშია საძიებელი, რაც აჭარამ განიცადა ბოლო 15 წლის განმავლობაში: მიმდინარეობს ადგილობრივი მასშტაბის „გლობალიზება“ -  ბათუმის სწრაფი განვითარების, ინვესტიციების, ტურისტული ბუმის, მოსახლეობის მიგრაციისა და ცხოვრების წესის ბუნებრივი ცვლის შედეგად; საფუძველი ეცლება და იშლება ის „მიკროსაზოგადოება“, რომელიც მენტალური და სოციოფსიქოლოგიური ავტონომიის სახით არსებობდა აჭარაში.

სწორედ ეს „მენტალური ავტონომია“ იყო იქ მთავარი და არა ის, რაც ქაღალდზე დაიწერებოდა ან რა უფლებები ექნებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, - დანიშნავდა თუ არა დამოუკიდებლად პოლიციის უფროსს და ა.შ.

ამ პროცესს ბუნებრივად ემატებოდა საქართველოსთვის ზოგადად დამახასიათებელი კუთხურობა: „ავტონომიური“ სოციუმი თავს იცავდა სხვადასხვა მენტალური „კორელანტების“ გამოგონებით, სტერეოტიპებით, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა დისკურსში „ჩვენ და ისინი“, „ბათუმელები და თბილისელები“, ბოლოს კი მძვინვარე აგრესიით გადმოინთხა.

ტყუილად გვაქვს იმედი, რომ ნებისმიერი ცვლილებით, პოლიციის უფროსის გადაყენებით, ე.წ. „ადგილობრივი კადრის“ დანიშვნით და ა.შ - ამ აგრესიას დავაშოშმინებთ, რადგან ეს არა უბრალოდ თავისთავადობის და კუთხურობის, არამედ  „ავტონომიური იდენტობის“ გამოვლინებაა: თავის დროზე ეს ავტონომია ცარიელ ადგილზე არ შექმნილა და არც ასლან აბაშიძის ფენომენი იყო უსაფუძვლო: სწორედ ის „ძველი იდენტობა“, რომელსაც ეკონომიკური და სოციალური საფუძველი ეცლება მასშტაბური სოციო-ეკონომიკური პროცესების და აჭარის ურბანიზების შედეგად, იბრძვის ახლა თავის შესანარჩუნებლად და აქ არავითარი კომპრომისი არ შეიძლება არსებობდეს თეორიულადაც კი: ან ის გაიტანს თავისას და აჭარას წარსულში შეაბრუნებს, ან გატყდება და ახალ რეალობას შეურიგდება.

ერთი წუთით არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ ეს ბნელი ინსტინქტი, თუ მისი ნება იქნა, ბათუმსა და მთელს აჭარას „წინარეინდუსტრიულ“ ხანაში დააბრუნებს (როცა ბათუმში ერთად ერთი „ინტურისტი“ იყო), ვიდრე ურბანიზებას და ცივილიზაციას (მათ შორის, ბუნებრივია, ავტო-ჯარიმებს) შეურიგდება.

ცალკე საუბრის თემაა ქართული პოლიტიკური კლასის სრული უნიათობა და უბადრუკობა: „ოღონდ ხელისუფლების წინააღმდეგო“ და უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის რეგიონულ წარმომადგენლობათა ლიდერები ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ, თუმცა შემდეგ სოროებში შეძვრნენ, როცა თბილისიდან, როგორც იქნა „დაუცაცხანეს“. თუმცა გვიან იყო. 

საერთო-ქართული პოლიტიკური დისკურსი ამ პრობლემის გადასაჭრელად არ გამოდგება, ვინაიდან იმ ნაძირალებს, ვინც „საქართველოს რა . . “ გაიძახოდნენ ბათუმის ქუჩებში, მიშა და ბიძინა ერთნაირად სძულთ; ისევე, როგორც ყველა თბილისელი (გორელი, კახელი, ზუგდიდელი) ვინც აიძულებთ ახალი ეპოქის სულისკვეთებას თვალი გაუსწორონ და ჩვეული ორღობიდან მიღმა გადაიხედონ.

მიღმა, სადაც ცივილიზაცია და ჯარიმებია.

ნიკა იმნაიშვილი




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%