თარიღი    დრო

დაინგრევა თუ არა „ციანიდის საქმე?“

საქართველო, თბილისი - 09:37 03.09.2017 2058

პროკურატურამ, როგორც იქნა, გამოაქვეყნა მტკიცებულებათა ნაწილი „მამალაძეების“ სკანდალური ქეისიდან. თვით ფარულ ჩანაწერთა შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია „მოვლენათა კონტექსტი“, რომელშიც საგამოძიებო უწყებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო: ჩანაწერები „დაიდო“ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა „წმინდა დავით წინასწარმეტყველისა და მისი მოღალატე შვილის“ შესახებ იქადაგა.

„შვილია“ თუ „ძმისშვილი“, რელიგიური თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ბევრმა ისე გაიგო, როგორც უნდა გაეგო - იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქის ძმისშვილის, ანუ  მეუფე დიმიტრის სახელი ხშირად ფიგურირებდა ამ საქმეში. ხოლო ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ყველაფერი გააკეთა, რათა საკვირაო ქადაგების შემდგომ ინტერვიუებში მსმენელისა და მაყურებლის ყურადღება ამ ნაწილზე გაემახვილებინა.

სხვა „ვიზიონისტებისაგან“ განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს რაღაც იციან „ციანიდის საქმეზე“, ირმა ჭკადუას ერთი დიდი უპირატესობა აქვს: მან ნამდვილად იცის იმ ფარული ჩანაწერის შინაარსი, რომელიც პროკურატურას არ გამოუქვეყნებია და ჯერ-ჯერობით ძალიან ძნელი სათქმელია, საერთოდ გამოაქვეყნებს თუ არა.

 მრავალი სიმპტომით, ის რაც არ გამოუქვეყნებია, უფრო მნიშვნელოვანია იმაზე, რაც გამოქვეყნდა, რადგან ან ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, ან მთლიანად უარყოფს გამოძიების ვერსიასა და წარდგენილ ბრალდებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა გაასაჯაროვა პროკურატურამ? - მხოლოდ ის მასალა, რომელიც ჟურნალისტმა მამალაძემ ჩაიწერა უკვე მას შემდეგ, რაც გამოცხადდა პროკურატურაში, შეიტანა ოფიციალური  განცხადება და აღიჭურვა საჭირო აპარატურით, ანუ სპეცსამსახურებთან შეთანხმებით ახორციელებდა ფარულ გადაღებას. მაგრამ, სულ  რამდენიმე ადამიანის გარდა, არავის უნახავს სხვა  ვიდეო და აუდიო, რომელიც ჟურნალისტმა მამალაძემ საკუთარი ინიციატივით ჩაწერა როცა ჩათვალა, რომ რაღაც „შარში გაყო თავი“ და იმ შარიდან გამოსაძრომად მტკიცებულებები სჭირდებოდა.

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის განცხადებებს და იმას, თუ რამდენად ღირებულია გამოქვეყნებული ვიდეო: მთლიანობაში ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. მაშინვე თვალში (თუ ყურში) გეცემა, რომ ჟურნალისტი მამალაძე ბევრად მეტს ლაპარაკობს, ვიდრე დეკანოზი მამალაძე! პირველი მამალაძე პროვოკატორად მოსჩანს, ხოლო მეორე მამალაძე - აბსოლუტურად არაადეკვატურ ადამიანად!

თუ არაადეკვატურობას არ დავუშვებთ, მაშინ იძულებული ვიქნებით დავასკვნათ, რომ წინასწარ იცის, იწერენ, ამიტომ სპეციალურად საუბრობს უცნაური მანერით,  თითქოს განზრახ ცდილობს შექმნას რაღაც „შთაბეჭდილება“, მაგრამ პირდაპირ არ თქვას, რაშია საქმე და ვის გულისხმობს; ანუ,  „საფუძველი“ კი შექმნას ეჭვისთვის, მაგრამ არა  კონკრეტული მტკიცებულება. აი, მაგალითად, ფრაზა „ტკბილეულის“ შესახებ, რომელსაც „ის, ვიზეც არის, საერთოდ არ ჭამს ტკბილს“.

გასაგებია, რომ ყველა, ვინც ამას მოისმენს, უეჭველად იფიქრებს პატრიარქზე, მაგრამ ეს ვარაუდია და არა მტკიცებულება: ასევე შეიძლება „ივარაუდო“ უამრავ სხვაზეც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორე მომენტი: დეკანოზი მამალაძე „აკომენტარებს“ ციანიდს, მაგრამ არც ერთხელ არ ახსენებს კონკრეტულ ქმედებას მისი გამოყენების თაობაზე. „ჭიქაში დარჩება თუ არა, სულ მკიდიაო“ - ეს ჟურნალისტ მამალაძის ნათქვამის კომენტარია. დააკვირდით: დეკანოზს ხომ არ უთქვამს, „ჭიქაში უნდა ჩავუყაროო?“

ასევე, რა დაწვრილებითაც არ უნდა მოუსმინოთ ამ ჩანაწერს, ვერც ერთ ფრაზას ვერ იპოვით, პირდაპირ მტკიცებულებად გამოდგეს სასამართლოზე, რომ დეკანოზი მამალაძე ან თვითონ აპირებდა პატრიარქის (თუ სხვა ადამიანის) მოწამვლას, ან „ისინი“ აპირებენ ამას, ვისთვისაც შოულობს  ციანიდს.

კიდევ ერთი მაგალითი: „მე მერგება მამა დავით ჭინჭარაულის პოსტიო“. ამავე დისკურსში ლაპარაკობს დღევანდელი პატრიარქის უახლოესი გარემოცვის სხვა წევრებზეც (თეთრუაშვილი, ბოტკოველი), რომლებიც მხოლოდ ილია მეორის სიცოცხლეში ინარჩუნებენ თანამდებობებს. აქედან გამომდინარეობს  ვარაუდი (ისევ და ისევ  მხოლოდ ვარაუდი), რომ იგეგმებოდა იმ „წინაღობის“ მოცილება, რაც პოსტებს ვაკანტურად აქცევდა. თუმცა სასამართლოსთვის ეს მაინც დიდი ვერაფერი მტკიცებულებაა: ხომ შეიძლებოდა მხცოვანი და საოპერაციოდ წაყვანილი პატრიარქის ბუნებრივი გარდაცვალება ეგულისხმა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ასევე „ვარაუდის“ დონეზე რჩება ის გარემოება, რომ ციანიდს „გუგლავს“ და ორიოდე წუთის მერე (18 48 --- 18 50) „გუგლავს“ ახალი პატრიარქის არჩევის წესს. ეს „თაიმინგი“ მკაფიოდ ჩანს  ამონაწერში. თითქოს თვალსაჩინოა არა? მაგრამ სასამართლო მტკიცებულების თვალსაზრისით არის ნოლი, რომელიც აბსოლუტურად არაფერს  ამტკიცებს.

„აბა სხვა რისთვის შეიძლებოდა ციანიდი დასჭირვებოდაო?!“ ჟურნალისტური გამოძიების დონეზე კიდევ შეიძლება იყოს არგუმენტი, მაგრამ სრულიად უსუსურია სასამართლო პროცესზე. მით უმეტეს, რომ ვერ განიხილება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ერთხელ მაინც თუ იტყოდა საუბრისას პირდაპირ, რისთვის სჭირდებოდა ციანიდი ან როგორ აპირებდა კონკრეტულად მის გამოყენებას (მოუსმინეთ ყურადღებით, - არ ამბობს!) კიდევ სხვა იქნებოდა. 

„დასაბრედია“ და „მარილზე გასაშვებია“ კი ჟღერს, მაგრამ რაც მთავარია, არ ჟღერსციანიდისკონტექსტში. ერთ ფრაზაში რომ გაჟღერებულიყო, მაშინ სხვა საქმეა - ასეთ შემთხვევაში „ვარაუდი“ უკვე სასამართლო „მტკიცებულებად“ იქცეოდა. თუმცა არ ჟღერს და არ გამოდგება.

მით უმეტეს, როდესაც ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ციანიდი არ ჰქონია. პროკურატურა ამტკიცებს ჰქონდაო, მაგრამ ვერ ხსნის, როგორ, სად, ვისგან შეიძინა ბრალდებულმა საწამლავი იმ ვითარებაში, როცა სპეცსამსახურთა უპრეცედენტოდ მასშტაბური მონიტორინგის ქვეშ იყო მოქცეული.

ორი ვარიანტია: ან გამოეპარათ, რაც კატასტროფული მარცხი გამოდის, ან მართლა არ ჰქონია და მოგვიანებით სცადეს „ფაქტი“ შესაბამისობაში მოეყვანათ „ვარაუდთან“.

სხვა შემთხვევაში, დამაჯერებლად  უნდა ახსნან, რატომ არ ჩატარდა ბარგის ჩხრეკა დაკავებისთანავე - აეროპორტში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სად უნდა გამქრალიყო დეკანოზი მამალაძე სამი დღის განმავლობაში ისე, რომ სრულიად მობილიზებული ძალისმიერი სტრუქტურების რადარებზე საერთოდ არ გამოჩენილიყო და მხოლოდ აეროპორტში ამოეყვინთა?

ძნელი მისახვედრი ხომ არც ისაა, რომ იმ სამი დღის განმავლობაში, ჟურნალისტი მამალაძე უკვე „მოამარაგეს“ ციანიდით და ყველაფერი მზად იყო „საკონტროლო შესყიდვის“ განსახორციელებლად, რომლის ფარული გადაღება უკვე არანაირ კითხვას არ დატოვებდა. ოღონდ დეკანოზი მამალაძე მოულოდნელად „გაქრა“. „სად უნდა გამქრალიყო“ მეორე საკითხია. უფრო მნიშვნელოვანია - „რატომ?“. სხვა უფრო იაფად შეპირდა ციანიდს?

და, რაც მთავარია: დეკანოზი მამალაძე ლაპარაკობს იდუმალი ორგანიზაციის სახელით („ჩვენ“), თუმცა არც ერთხელ არავის ახსენებს სახელდებით. ესეც აბსოლუტურად გაუგებარი და უცნაურია!  დავუშვათ მიზანმიმართულად არ ახსენებს, რაკი არ უნდა თქვას ჟურნალისტ მამალაძესთან და ამ დონეზე „გახსნას კარტი“. მაგრამ იმავე „ოქროს მოწმისგან“ ხომ დანამდვილებით ვიცით, რომ სხვა საუბრებში (რაც  ჯერ არ გამოქვეყნებულა) პირდაპირ ფიგურირებენ და „ჟღერენ“ ყველანი, ვინც შეიძლება იგულისხმებოდეს ნაცვალსახელში „ჩვენ“?! მაშ ამ საუბარში რატომ არ ახსენებს თუნდაც ერთხელ?

მართლაც ისე „სტერილურად“ ლაპარაკობს, თითქოს წინასწარ იცის, რომ  ჩანაწერს მილიონობით ადამიანი უდიდესი ყურადღებით მოისმენს და სურს, ერთის მხრივ „შთაბეჭდილება“ კი შექმნას, რაღაცას აპირებს, მაგრამ რეალური სასამართლო „სამხილი“ თავის წინააღმდეგ არავის მისცეს.

ან. . . . კიდევ ერთი ალბათობაა: ჩანაწერი, ჯერ-ჯერობით, იმათ „გაასტერილურეს“ ამ დონეზე, ვისაც კვლავინდებურად არ აწყობს ყველაფრის ბოლომდე თქმა. ვინაიდან თუ თქვეს, მაშინ საპატრიარქოში „იმდენის“ და „ისეთების“  დაპატიმრება მოუწევთ, ისედაც შერყეული ეკლესია შეიძლება საერთოდ ჩამოინგრეს.

არადა, სხვა ალტერნატივა უბრალოდ აღარ რჩება: ან უნდა დაიწყოს წმინდა სინოდის წევრთა დაპატიმრებები და გაიხსნას ლამის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში უპრეცედენტო შეთქმულება, ან .... დეკანოზი მამალაძე უნდა გამოუშვან, როგორც უდანაშაულო, რაც ხელისუფლების ისეთი გამანადგურებელი მარცხი იქნება, იგი წელში ვეღარასოდეს გაიმართება.

დავით ავალიშვილი




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.7%
შემცირდა 18.8%
არ შეცვლილა 3.5%