ENG / RUS       12+

„საქართველოს უკანასკნელი პატრიარქი“

ინგა გრიგოლიას პირველ და წარმატებულად განახლებულ თოქ-შოუში გამოსვლისას, ჭყონდიდელმა მიტროპილიტმა, მეუფე პეტრემ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელსაც ადეკვატური კომენტარები არ მოჰყოლია.

მეუფემ სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ ეკლესიის ამჟამინდელი საჭეთმპყრობელი, ილია მეორე, იქნება „საქართველოს უკანასკნელი პატრიარქი“!

შოუში მონაწილე ერთ-ერთმა კლირიკმა იქვე, ფაქტიურად დაადასტურა, რომ წმინდა სინოდში ამგვარი აზრი ნამდვილად არსებობს, განიხილება და საწინააღმდეგო არგუმენტებიც მოიყვანა: საბერძნეთის ეკლესია სწორედ იმიტომ ჩავარდა ამჟამინდელ ქაოსურ და, კაცმა რომ თქვას, სამარცხვინო მდგომარეობაში, რომ იქ „ბერი - მიტროპოლიტს ვერ ცნობს“ და სინოდალური მმართველობაა, ანუ ეკლესიას მწყემსმთავარი არ ჰყავს.

მეორე, არც თუ უსაფუძვლო არგუმენტი: ამით აუცილებლად ისარგებლებს რუსეთი, ხოლო ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დაბრუნდება XIX საუკუნეში.

წარმოუდგენელია ეს ამჟამინდელ პატრიარქს სდომოდა. ცნობილია, რომ ბოლო დრომდე აქტიურად მიმდინარეობდა მეუფე დიმიტრის (ილია მეორეს ძმისშვილის) „შემზადება“ პატრიარქობისთვის, მაგრამ „ციანიდის“  მარაზმატულმა სკანდალმა ის შედეგიც გამოიღო, რომ მეუფე დიმიტრი უკვე უარს აცხადებს პატრიარქობაზე, რაკი მისი სახელი დაუკავშირდა „ციანიდის საქმეს“ და ეს უარი აბსოლუტურად ბუნებრივია: წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად მოუწევდა ამ მომაკვდინებელი ეჭვით პატრიარქობა და, როგორც ჩანს, „აღარც უღირს“.

შესაბამისად, რაკი მოქმედ პატრიარქს სხვა ფავორიტი არ ჰყავს, „სინოდალურმა ძალებმა“, შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ  აშკარა „ჯახს“, დაპირისპირებას, სინოდში კენჭისყრას, გარდაუვალ სკანდალებსა და ეკლესიის შემდგომ დისკრედიტაციას ისევ „კოლექტიური მმართველობა“ სჯობს, როდესაც ეპისკოპოსები ერთმანეთს შეცვლიან ეკლესიის საჭეთმპყრობლის პოსტზე.

ამ დისკურსში იმასაც დავაკვირდეთ, რომ მეუფე პეტრეს (როგორც პროკურატურის „ოქროს მოწმემ“ აღიარა), „ციანიდის საქმესთან“ არანაირი შეხება არა აქვს, რაკი არც ერთ ფარულ ჩანაწერში არაა ნახსენები. ანუ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის აქტიურობა, როგორც ჩანს, უშუალოდ ამ საქმით კი არ არის გამოწვეული, არამედ იმ გათვლით, რომ ატეხილი აურზაურის ფონზე, უკვე შესაძლებელია „ქალბატონი შორენას“ მრავალწლიანი „პრობლემის“ გადაწყვეტა და სინოდისთვის ამგვარი ალტერნატივის შეთავაზება: პატრიარქობის გაუქმება და კოლექტიური, ესე იგი „სინოდალური მმართველობის“ შემოღება.

საკმაოდ ჭკვიანური გათვლაა (ვიმეორებ) იმის გათვალისწინებით, რომ რაკი ილია მეორეს სხვა კანდიდატი, გარდა მეუფე დიმიტრისა, აშკარად არ ჰყავს და სხვას არც დათანხმდება, ეს პროექტი (ბუნებრივია სამომავლოდ და არა დღესვე) მისთვისაც მისაღები შეიძლება გამოდგეს.

ოღონდ „გონივრული გათვლა“ არ ნიშანვს, რომ თვით პროექტი საქართველოში საპატრიარქო მმართველობის გაუქმების  და სინოდალურზე გადასვლისა, ასევე ჭკვიანური და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ესე იგი ქართული სახელმწიფოსთვის მიზანშეწონილია! შესაძლოა პირიქით, - გამანადგურებელი შედეგი გამოიღოს და სრული ქაოსის გაღვივებას შეუწყოს ხელი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ეპიზოდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად „მრავალწახნაგოვან“ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რამდენი სხვადასხვა ინტრიგისა და „კონსპირაციული პროცესის“  გაღვივება გამოიწვია „ციანიდის საქმემ“, რომლის გამანადგურებელ შედეგს ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებთ.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში  უკვე სრულ მარაზმში გადაიზარდა: საეკლესიო წყევლით, ამ წყევლაზე  კომიკური რეაქციებით, ყოველმხრივი ცრუპენტელობით, ხელისუფლების აშკარა დაბნეულობით, ეკლესიის უმაღლეს იერარქთა სრული ინტელექტუალური და ნებელობითი უსუსურობით (ჟურნალისტმა ასე როგორ უნდა „დაგაჩმოროს“ პირდაპირ ეთერში?!) და საზოგადოების „საბოლოო ხელჩაქნეულობით“.

ეს უკანასკნელი ყველაზე უარესია. უკვე ხშირად გაიგონებ:  „საერთოდ არ ვიცი რა ხდება და რა მოხდა სინამდვილეში, ვისი ანაფორა - ვის კათედრაშია და აღარც მაინტერესებსო“.

ასეთი გამანადგურებელი დარტყმა ქართულ ეკლესიას კომუნისტური ეპოქის შემდეგ არ უწვნევია და უკვე ძალიან ძნელი სათქმელია, ეშველება თუ არა საერთოდ რაიმე - ახლა უკვე როგორი „პროექტიც“ არ უნდა განხორციელდეს და რომელმა დაჯგუფებამაც არ უნდა გაიმარჯვოს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გასული რამდენიმე დღის  „თოქ-შოუებსა“ თუ სიუჟეტებში ერთი იოლად შესამჩნევი თუმცა ძნელად ასახსნელი უცნაურობაა. დავაკვირდეთ: თითქოს ყველა თანხმდება, რომ თუ არა თვით ციანიდის საქმის, მაგრამ ამ საქმის გარშემო შექმნილი ამაზრზენი სიტუაციის „გასაღები“ იქნებოდა  იმ ყბადაღებული „ვიდეო-აუდიო ჩანაწერების“ გამოქვეყნება, რომელიც (მნახველთა საყოველთაო აღიარებით) „კითხვებს საერთოდ არ ტოვებს!“.

ყველა ადასტურებს, რომ კარგი იქნება გამოაქვეყნონ,  - „საზოგადოება სიმართლეს გაიგებდა ან, როგორც მინიმუმ, თავად ექნებოდა საშუალება ემსჯელა მტყუან-მართალზე“ და ა.შ. მაგრამ, მივაქციეთ ყურადღება: არავინ სვამს უმთავრეს, მრავლისმეტყველ, საკვანძო კითხვას: რატომ არ აქვეყნებს პროკურატურა (ხელისუფლება) ამ ჩანაწერებს?

აი, ამ კონკრეტულ კითხვას „რატომღაც“ არავინ სვამს და არავინ იხსენებს გენერალური პროკურორის მოადგილის დაპირებას - „პატრიარქის გერმანიიდან დაბრუნებისთანავე გამოვაქვეყნებთო“.

მაშ რატომ არ გამოაქვეყნეს? ამ კითხვას არ სვამენ, რადგან პასუხი შესანიშნავად იციან და სწორედ ამ პასუხის გაჟღერება არ აწყობთ, რაკი მას შესაბამისი „კომენტარებიც“ მოჰყვება: ხელისუფლებამ ჩანაწერების გამოქვეყნება იმიტომ გადაიფიქრა, რომ მას შემდეგ, რაც  სინოდის წევრებს და პატრიარქს აჩვენა, მათ დაბეჯითებით სთხოვეს, „ესარ გამოექვეყნებინა! იმიტომ, რომ იმ ჩანაწერებში ისეთი სიბინძურეები ჩანს, რაც (თურმე) საპატრიარქოში ტრიალებს, რომ ეკლესიის ავტორიტეტს კიდევ ერთი დარტყმა მიადგებოდა.

შესაბამისად, ხელისუფლება იძულებულია შეურიგდეს „გაშაირებას“, შეურიგდეს იმას, რომ „საქმის შეთითხვნას“ აბრალებენ, ხოლო პროკურორები კომიკურ კომენტარებს აკეთებენ „წყევლის“ თაობაზე, ოღონდ კი უმაღლესი საეკლესიო იერარქია არ გაანაწყენონ!

მთელი ამ ბინძური საქმიდან თუკი ვინმე გამოვა დაზარალებული, პირველ რიგში საქართველოს „საერო სახელმწიფო“ და საზოგადოება, რომელიც ისედაც დაავადებულია „კონსპიროლოგიით“, ხოლო „ციანიდის საქმე“  ყოველგვარ ღირებულებით ორიენტირს დაუკარგავს და საბოლოოდ (ვაითუ სამუდამოდ) ანუ „ისტორიულად დააბნევს“.

ნიკა იმნაიშვილი 

ავტორი: . .