თარიღი    დრო

როგორ ცდის პუტინი ტრამპს

საქართველო, თბილისი - 09:40 02.23.2017 2028

რუსეთის ავტორიტარმა ლიდერმა მთელს დასავლეთს, უპირველესად კი აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა: რამდენიმე დღის წინ, კრემლის ბინადარმა ხელი მოაწერა ძალიან მნიშვნელოვან ბრძანებულებას, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ გაცემული დოკუმენტების, მათ შორის „პასპორტების“ აღიარების შესახებ.

თავისთავად, ტრაგი-კომიკური რეალობაა,  რომ „სახალხო რესპუბლიკებთან“ დაკავშირებით კრემლის პოლიტიკა ძალიან ჰგავს იმავე კრემლის   ისტორიული ბინადარის, ჩვენი თანამემამულე იოსებ სტალინ (ჯუღაშვილის) პოლიტტექნოლოგიას, როდესაც სამეზობლოში „სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკებს“ ქმნიდა და ამ გზით ევროპის ცენტრამდეც მიაღწია.

თუმცა ჩვენთვის ბევრად ნიშანდობლივი სხვა ისტორიული ალუზიაა: 2008 წლის აპრილში, იმავე პრეზიდენტმა პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ გაცემული დოკუმენტების, მათ შორის პასპორტების აღიარების შესახებ. ეს წმინდად სიმბოლური ნაბიჯი იყო, რადგან ორივე სეპარატისტული ტერიტორიის მაცხოვრებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას იმ დროს უკვე მიღებული ჰქონდა რუსული პასპორტი, მაგრამ ამ ნაბიჯით პუტინმა პოლიტიკურად „შეამზადა“ აგვისტოს აგრესია და ულტიმატუმი წაუყენა დასავლეთს - „დაეოკებინათ საქართველო“. თუმცა, სამწუხაროდ, ამ და ასეთ აგრესიულ აქტებს იმავე დასავლეთიდან რაიმე რეალური და არსებითი პასუხი არ მოჰყოლია. თუ არ ჩავთვლით „შეშფოთების გამოთქმას“, რასაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და მხოლოდ „სახის შენარჩუნებას“ ისახავდა მიზნად.

შედეგმაც არ დააყოვნა - იმავე წლის აგვისტოში, უკვე „პრეზიდენტ“ მედვედევის დროს! თუმცა პუტინის მომზადებული გეგმით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დაახლოებით ამ სცენარითვე ვითარდება მოვლენები უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ, ჯერ-ჯერობით, მოსკოვს პასპორტები არ დაურიგებია.

ესეც საინტერესო მომენტია: რუსეთის ხელისუფლება „ნოვორისიაში“ მცხოვრებ პრორუს მოსახლეობას პასპორტებს იმიტომ არ ურიგებს, რომ განსხვავებით ყირიმისგან, იგი დღეს არ აპირებს ამ „დე-ფაქტო“ წარმონაქმნთა დამოუკიდებლობის აღიარებას.  მისთვის ბევრად კომფორტული იქნება, თუ „ნოვოროსია“, ესე იგი დონბასი დარჩება (ფორმალურად) უკრაინის შემადგენლობაში, აიგება ფაქტიურად „კონფედერაციული“ ურთიერთობები დონეცკსა და კიევს შორის, ანუ უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე მოსკოვს (იმავე დონეცკის მეშვეობით) უშუალო ზემოქმედების საშუალება ექნება.  ამის შემდეგ უკვე ზღაპრად იქცევა უკრაინის ყოველგვარი „პროდასავლური“ ორიენტაცია.

ზუსტად ასეთ პროექტს სთავაზობდა მოსკოვი ჯერ პრეზიდენტ შევარდნაძეს, შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს 1994 - 2008 წლებში: აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ფორმალურად (ქაღალდზე) დარჩენილიყვნენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ოღონდ „კონფედერაციული ურთიერთობებით“ თბილისთან, რისი მეშვეობითაც მოსკოვი მიიღებდა საშუალებას ზემოქმედება მოახდინა თბილისის საგარეო პოლიტიკაზე და დაეტოვებინა ქვეყანა საკუთარ გავლენის სფეროში.

ედუარდ შევარდნაძე ფაქტიურად დაეთანხმა ამ წინადადებას 1997 წელს. ერთადერთი, რამაც მაშინ ეს პროექტი ჩაშალა, იყო სეპარატისტთა უარი, სერიოზულად განეხილათ ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი. მოსკოვიც ამას ამბობდა: „ლტოლვილთა დაბრუნება დაივიწყეთ; ეს გამორიცხულია და შეუსრულებელი დღესაც და 10 წლის შემდეგაც“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინა საქართველოზე ათჯერ და მეტად დიდი ქვეყანაა. ამიტომ, ჯერ ჯერობით, აგრძელებს სამხედრო წინააღმდეგობას, რაც თანდათანობით ყირჭდება პუტინს და იგი უკვე ღიად აფრთხილებს კიევსაც და დასავლეთსაც: თუ უახლოეს მომავალში „კონფედერალიზაციის გეგმა“ არ განხორციელდება  (ამას ითვალისწინებს, ფაქტიურად ე.წ. „მინსკის შეთანხმება“) მაშინ მე შევუდგები  დონბასის აღიარების და მისი უშუალო ინტეგრაციის პროექტს იმავე ტექნოლოგიით, როგორც საქართველოში  2000  წლიდან, როდესაც „პატარ-პატარა“ ნაბიჯებით მივიწევდი საბოლოო აღიარებისკენ.

რა რჩება უკრაინას? როგორ შეუძლია მას ამ პროცესის შეჩერება? მხოლოდ სამხედრო გზით, მაგრამ თუ კიევი ძალას გამოიყენებს, რუსეთი უშუალოდ ჩაერევა იმ საბაბით, რომ უკრაინამ დაარღვია მინსკის შეთანხმება (რომელიც რუსული, ანუ „ლავროვის დიპლომატიის“ დიდი გამარჯვება იყო) და გავანადგურებ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს!

უკრაინის საზღვრებთან უკვე კონცენტრირებული მძლავრი რუსული დაჯგუფება, დიდი ოდენობით ავიაცია,  ზალპური ცეცხლის შორსმსროლელი სარაკეტო დანადგარები და ა.შ. გასულ სამშაბათს, რუსეთის არმიამ მოსკოვის გარშემო განალაგა S-400 („ტრიუმფი“) სარაკეტო სისტემები, რაც უეჭველად იმას ნიშანვს, რომ არ გამორიცხავენ უკრაინელების მხრიდან საპასუხო სარაკეტო დარტყმებს დედაქალაქზე, ანუ სრულმასშტაბიანი ომის წარმოებას.

დემონსტრაციულად მიმდინარეობს ბირთვული იარაღის მოდერნიზება, ისევე, როგორც ბირთვული ბომბების მატარებელთა: ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა  განაცხადა, რომ რუსეთს ახალი ტრანსკონტინენტური რაკეტები აქვს, რომელთაც ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „იოლად გარღვევა“ შეუძლიათ.

 „იოლად“ იქნებ არც შეუძლია, მაგრამ რაკეტების წარმოებაში  რუსულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მართლაც ძალიან ბევრს რომ მიაღწია, უეჭველი ფაქტია და ამერიკელებმა ეს შესანიშნავად იციან.

ამავდროულად, კალინინგრადში, ესე იგი ყოფილ გერმანულ  „კიონიგსბერგში“, მოსკოვმა, პირველად 30 წლის მანძილზე, განალაგა „საშუალო სიშორის“ რაკეტა, ესე იგი აშკარად დაარღვია მიხეილ გორბაჩოვისა და ჯორჯ ბუშ-უფროსის ისტორიული შეთანხმება „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების აკრძალვის“ შესახებ. ეს უკვე „ისკანდერიც“  აღარაა, რომლის სიშორე 500 კილომეტრია: რუსულ „ფრთოსან რაკეტას, სულ იოლად შეუძლია პარიზამდე და ლონდონამდე მიღწევა. ბალისტიკურისაგან განსხვავებით, ამგვარი რაკეტის ჩამოგდება ძალიან ძნელია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პასუხად რა? ბევრი არც არაფერი - ყველა ელის ამერიკის რეაქციას, ამერიკა კი შიდა წინააღმდეგობებში, ე.წ. „ცივ სამოქალაქო ომშია“ ჩაფლული.

პრეზიდენტი ტრამპი ამერიკულ მედიასთან და ლიბერალურ ისტებლიშმენტთან ბრძოლითაა გართული და წინააღმდეგობრივ მესიჯებს აგზავნის ევროპაში: კეთდება განცხადებები ყირიმის არაღიარების, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, რაც ბევრად არ განსხვავდება პრეზიდენტ ობამას ლიტონი „უორდინგისგან“; პუტინი კი აშკარად „ცდის“ ამერიკის ახალ პრეზიდენტს: მოჰყვება  თუ არა ტრამპის თუ მისი გუნდის წევრების ხმამაღალ  განცხადებებს რეალური საქმე, ანუ გაბედავს თუ ვერა პრეზიდენტი ტრამპი ახალი სანქციები შემოიღოს მოსკოვის წინააღმდეგ, რათა დაადასტუროს, რომ უკრაინის მიმართ ღია აგრესიის შემთხვევაში, ამერიკა სერიოზულად „ჩაერევა“ ამა თუ იმ ფორმით.

თუ პუტინმა, უახლოეს დღეებში, ასეთი მესიჯი არ მიიღო, მაშინ უკრაინაში დიდი ომი და რუსული არმიის უშუალო ჩარევა უკვე გარდაუვალია. პროცესი ვითარდება 2008 წელს აპრობირებული ტექნოლოგიით; მოსკოვის პოლიტიკურ და დემონსტრაციულად თავხედურ ნაბიჯებს (დოკუმენტების აღიარება, შემდეგ პასპორტების დარიგება) აუცილებლად მოჰყვება სეპარატისტთა შეიარაღებული პროვოკაციები; მერე  უკრაინის არმია ამ პროვოკაციებს უპასუხებს, ანუ კონტრშეტევაზე გადავა და შეეცდება სამხედრო გზით პრობლემის გადაწყვეტას;  ამას მოჰყვება რუსული არმიის ჩარევა და დონბასის სისხლიანი მოგლეჯა უკრაინისგან - ევროპელ „სასარგებლო იდიოტთა“ და პაციფისტთა კაკაფონიის თანხლებით, რომ ყველაფერში ისევ უკრაინაა დამნაშავე, რაკი „ძალით პრობლემის გადაწყვეტა სცადა“.

განსხვავება 2008 წლის საქართველოსთან ისაა, რომ თუ ჩვენში მოსკოვი წლების განმავლობაში „ამზადებდა“ სიტუაციას, უკრაინული  მოვლენები უფრო სწრაფად და ფორსირებულად ვითარდება და ყოველივეს არათუ  თვეები არამედ კვირეები წყვეტენ, რაკი პრეზიდენტი ტრამპი ზაფხულამდე მაინც ვერ მოიცლის იმისთვის, რათა მექსიკის საზღვარს მიღმა   გაიხედოს.

ნიკა იმნაიშვილი 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%