ENG / RUS       12+

რა ხდება საპატრიარქოში?

მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ორშაბათს ბრუნდება თბილისში გერმანიიდან, სადაც ნაღვლის ბუშტის გეგმიური ოპერაცია გადაიტანა ლაპეროსკოპიის მეთოდით. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ოპერაცია სწორედაც გეგმიურია, ანუ დღეს ისევე შეიძლებოდა გაკეთებულიყო, როგორც 5 წლის წინ.

ილია მეორეს, ვითარება საპატრიარქოშიც და ქვეყანაშიც რთული ხვდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავრცელდა მოწამვლის მცდელობისათვის დაპატიმრებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე უწმინდესის განცხადების სრული ვერსია. აღმოჩნდა, რომ „ვიღაცას“ განცხადების ვიდეო-ჩანაწერი თვითნებურად შეუმცირებია: ამოღებულია ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც მთლიანად ცვლიდა არათუ კონტექსტს, არამედ განცხადების საზრისს.

პირველი ვარიანტით ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ეკლესიის წინამძღოლმა, ფაქტიურად, ხელისუფლება დაადანაშაულა პროვოკაციაში. მაგრამ სრული ვერსია ამ შთაბეჭდილებას კარდინალურად ცვლის და ხელისუფლების ვერსიას უფრო ადასტურებს.

ვინ ამოჭრა მნიშვნელოვანი ფრაზა პატრიაქრის განცხადებიდან? ვიდეო სმარტფონით გადაიღო ერთ-ერთმა მეუფემ პალატაში, შემდეგ კი განთავსდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საიტზე.

ბუნებრივია, ტელევიზიებმა სწორედ ეს ვერსია გაავრცელეს, ხოლო როდესაც „ამოჭრის“ ფაქტი დადასტურდა, მეუფე პეტრემ ყველაფერი ისევ შორენა თეთრუაშვილს დააბრალა. როგორც ჩანს იმ იმედით, რომ ტელემაყურებელს მარტივი ლოგიკური  აზროვნების უნარი არ გააჩნია:  შორენა თეთრუაშვილის გაკეთებული რომ ყოფლიყო, მაშინ მეორე (სრული) ვერსია რატომ და საიდან გაჩნდებოდა? სრული ვერსია „შორენას ფრთას“ უფრო აძლევდა ხელს, ხოლო ამოჭრილი - „ოპოზიციას“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: საპატრიარქოში სერიოზული დაპირისპირებაა და იგი ასე იოლად არ დასრულდება. სინოდის უახლოეს სხდომაზე მოსალოდნელია მეუფე პეტრეს საკითხის განხილვა. თუნდაც იმ საბაბით თუ ბრალდებით, რომ სწორედ მან გააყალბა პატრიარქის განცხადება. თუმცა ეს მხოლოდ საბაბია: მეუფე პეტრეს მძლავრი მოწინააღდეგეები ჰყავს. ისევე, როგორც მიტროპოლიტთა და ეპოსკოპოსთა იმ ჯგუფს, რომელსაც იგი ლიდერობს.

თავად მეუფე პეტრესადმი, ერშიც და მრევლშიც, ბევრი მოარული კითხვაა, თუმცა იგი შედარებით ლიბერალად, ზომიერად, არაფუნდამენტალისტად და პროდასავლელად ითვლება.

ეს ჯგუფი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პატრიარქი გაანაწყენა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გაუთავებელმა პროვოკაციებმა აფხაზეთში, მათ შორის ქართულ ეკლესიათა იერ-სახის შეცვლამ, სეპარატისტ მღვდელთმთავრბთან შეხვედრებმა მაღალ დონეზე და ასე შემდეგ. ამას მოჰყვა საპატრიარქოს დელეგაციის სენსაციური ვიზიტი ბიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, აგრეთვე განცხადებები ევროკავშირს მხარდასაჭერად, რაც პატრიარქ კირილის გარემოცვამ მტრულ ნაბიჯად აღიქვა.

შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოშიც  ამოძრავდნენ ის ძალები, ვისთვისაც პროდასავლური ორიენტაცია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. ამ ძალებს, ზოგიერთი ცნობით, მეუფე იაკობი სურთ პატრიარქად. ეს მეუფე კონსერვატორად და „ფუნდამენტალისტად“ ითვლება ქართულ ეკლესიაში. „პრორუსად“ მისი დასახელება გამარტივება იქნებოდა, მაგრამ ამ მეუფეს ფანატიზმამდე მისული ანტიდასავლურობა ბუნებრივად უბიძგებს მას ჩრდილოური არჩევანისკენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პატრიარქისადმი ორივე ჯგუფის დამოკიდებულება ზომიერია. უწმინდესი, საკუთარი ავტორიტეტით აბალანსებს ამ „პარტიებს“, მაგრამ განმსაზღვრელი ის გარემოება ხდება, რომ პატრიარქის უახლოესი გარემოცვა, მათ შორის ძალიან გავლენიანი მდივან-რეფერენტი და საპატრიაქროს უმაღლესი იერარქიის სხვა ადმინსიტრაციული თანამშრომლები, ანუ პოლიტოლოგიური ენით თუ ვიტყვით „გადაწყვეტილებათა მომამზადებელნი“, სწორედ მეორე, უფრო კონსერვატიული ფრთისკენ იხრებიან.

არადა, ისინი ბევრ რამეს წყვეტენ, რაკი აკონტროლებენ პატრიარქის შეხვედრათა გრაფიკს, აწვდიან მას შესაბამის ინფორმაციას, უგეგმავენ შეხვედრებს და ა.შ.

ამ ტექნოლოგიით, პატრიარქის ხელდასხმულ ეპისკოპოსთა დიდი ნაწილი, სწორედ ხსენებული „პარტიის“ წარმომადგენელია და ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რატომ ამოძრავდა ამჟამად „პროდასავლურ-ლიბერალური“ ფრთა: უმრავლესობას სინოდში „ფუნდამენტალისტები“ ფლობენ, რაც სამომავლოდ ქმნის საშიშროებას, რომ სწორედ ისინი დაეუფლონ პატრიარქის ტახტს.

ნიშანდობლივია კიდევ რამდენიმე მომენტი: მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას არ აძლევენ რუსეთის ვიზას. ერთ შეხედვით უცნაურია არა? სინამდვილეში წმინდა წყლის პოლიტტექნოლოგიური ხერხია, რაკი მოსკოვში მთელი „განყოფილება“ მუშაობს, რომელიც, გარეგნული გულგრილობის მიუხედავად, ყურადღებით აკვირდება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ისიც საყურადღებოა, რომ „საეკლესიო რაინდი“ ლევან ვასაძე, რომელმაც არც თუ დიდი ხნის წინ რუსეთში წაიკითხა საოცარი ლექცია „მესამე რომი და მეორე იერუსალიმი“, უცნაურად დუმს, არანაირ კომენტარს არ აკეთებს და თითქოს არ ერევა მიმდინარე მოვლენებში. თუმცა ეს მხოლოდ გარეგნულად. მისი არჩევანი, საპატრიაქროში მიმდინაე ბრძოლის პროცესში, აბსოლუტურად ბუნებრივი და იოლად პროგნოზირებადია.

ხელისუფლება კი, თუ „ქართული ოცნების“ სპიკერთა ბოლო განცხადებებით ვიმსჯელებთ, ამ დიდი „ბრძოლის“ ველს ჯერ-ჯერობით „გარედან“ ადევნებს თვალს, თუმცა ფინანსური რესურსები, რაც ზემოთაღწერილი „საეკლესიო ჯახის“ არც თუ უმნიშვნელო (თუმცა არა გადამწყვეტი) გარემოება გახდა, სწოერდ ხელისუფლების, ანუ ბიუჯეტის და ქვეყნის არაფორმალური ლიდერის ხელშია

კახა კირვალიძე

 

 

 

 

ავტორი: . .