ENG / RUS       12+

ვინ მოაწერა ხელი „საბაჟოებს“ გორსა და ენგურთან

„ცივი საინფორმაციო ომი“ საქართველოში გრძელდება. უახლოეს მომავალში მორიგი „ბირთვული ბომბი“ აფეთქდება, რომლის ისედაც გამანადგურებელ პოტენციალს ის გააათმაგებს, რომ უკვე თითქმის უეჭველად დაემთხვევა „რუსთავი-ორის“ საქმეზე განაჩენს.

ამ მხრივ ყველა ვადა დაირღვა და როდესღაც ხომ უნდა გამოცხადდეს - დიდი შიშნეულობისა და კანკალის მიუხედავად?

საქმე ეხება ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის პრაღის ბოლო რაუნდზე მიღწეულ შეთანხმებას 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ამოქმედების შესახებ.

ამ თავისებურად უნიკალურ დოკუმენტს ეწოდება „შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას შორის, ტვირთებზე საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპთა შესახებ“.

კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი თარიღს: 2011 წლის 9 ნოემბერი! მას შემდეგ  დოკუმენტი „ხელმოწერილ ქაღალდად“ რჩებოდა და მისი რეალურად განხორციელება აზრად არავის მოსვლია.

დღევანდელ პოლიტიკურ-საინფორმაციო დისკურსში კი,  მისი ამოქმედება მართლაც „ბირთვულ ეფექტს“ გამოიწვევს და ორივე მხარე (ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, აგრეთვე მათი მხარდამჭერი მედია-რესურსები) უეჭველად შეეცდებიან მოგვატყუონ იმავე საინფორმაციო ომის ტექნოლოგიებით, ანუ, სხვადასხავგვარად „დააინტრეპრეტირონ“ შეთანხმების დებულებები, რათა ვერ მივხვდეთ, რაშია საქმე, ვის რა წვლილი მიუძღვის და ა.შ.

სწორედ იმ მიზნით, რათა არ მოვტყუვდეთ და  „ცრუპენტელებს“ ამის საშუალება არ მივცეთ,  ღირს დაკვირვებით წავიკითხოთ ეს დოკუმენტი, მაგრამ თავდაპირველად ის გავიხსენოთ, საიდან გაჩნდა იგი საერთოდ და რატომ გაფორმდა 2011 წელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საქმე ისაა, რომ იმ დროს საქართველო რჩებოდა ერთადერთ ქვეყნად მსოფლიოში (აქაც გვქონდა ერთი „ექსკლუზივი“ 2008 წლის მოვლენების შემდეგ), რომელიც ეწინააღმდეგებოდა და ვეტოს ადებდა რუსეთის გაწევრებას „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ იმ სრულიად მართებული  და ლეგიტიმური მოტივით, რომ რაკი მოსკოვმა  აღიარა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, ხოლო მსოფლიო თანამეგობრობა მათ კვლავ საქართველოს შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევდა, ამ საკითხის გარკვევამდე შეუძლებელია საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვისა თუ ვაჭრობის იმგვარი რეჟიმის შემუშავება, რომელიც არ დაარღვევდა WTO-ს წესდებას და, იმავდროულად, არ შელახავდა საქართველოს სუვერენიტეტს.

აბსოლუტურად ლოგიკური, სრულიად გამართლებული და ყოველმხრივ დასაბუთებული პოზიცია იყო. მოსკოვში იცოდნენ, რომ ამ თემაზე იმდროინდელ ოფიციალურ თბილისთან, ესე იგი პრეზიდენტ სააკაშვილთან რაიმე მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა -  მაინც ვერ დაითანხმებდნენ. ამიტომ, უფრო ეფექტური და (სამწუხაროდ) შედეგიანი გზა აირჩიეს: მოელაპარაკენ ამერიკის იმდროინდელი, უბადრუკი და გამყიდველი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, რომელმაც, თავის მხრივ, დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე.

ჯერ სახდეპარტამენტის მეორე-მესამე რანგის ფიგურებით ცდილობდნენ, მაგრამ არ გაუვიდათ. მაშინ ობამა პირადად შეხვდა სააკაშვილს და მოსთხოვა: „თქვენი ე.წ. „ტერიტორიული მთლიანობისა“ და სხვა ამგვარი სისულელეების გამო გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებას ხელს ნუ უშლით, გლობალურ ინტერესებშია რუსეთი გახდეს WTO-ს წევრი და იცოდეთ, თუ კიდევ გამოიყენებთ „ვეტო“-ს, საქმე არა რუსეთთან არამედ ჩვენს სანქციებთან გექნებათ - ყოველგვარ დახმარებას შეგიწყვეტთო“.

დე ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები იღუპებოდნენ ავღანეთში!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა უნდა ექნა ამ ჩვენი, მართლაც უბედური და უმწეო ქვეყნის პრეზიდენტს? რასაკვირველია დათანხმდა, მაგრამ „ფორმალობები“ მაინც დაიცვა და, „სახის შესანარჩუნებლად“, 2011 წლის ხელშეკრულებაში ისეთი მექანიზმები ჩადო, რაც ერთი შეხედვით მაინც არ არღვევდა საქართველოს სუვერენიტეტს.

ანუ, იმ კაპიტულანტური შეთანხმებით, იქმნებოდა „სავაჭრო დერეფნები“ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გავლით, რომელთა ორივე ბოლოში (ეს ხაზგასასმელია: ორივე ბოლოში და არა მხოლოდ როკთან და ფსოუზე!), მათ შორის ენგურთან და გორთან, დგებოდნენ ნეიტრალური დამკვირვებლები. ისინი გააკონტროლებდნენ ტვირთბრუნვას, აღჭურვავდნენ ტვირთებს GPRS  მოწყობილობებით და მიაწოდებდნენ ინფორმაციას იმავე WTO-ს. ესე იგი, საქართველოს, ფორმალურად მაინც, ეძლეოდა საშუალება, შეედარებინა ეს მონაცემები იმ ინფორმაციასთან, რასაც რუსეთი ისედაც აწვდის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, - წესდების შესაბამისად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სრული ცრუპენტელობაა, თითქოს რუსეთმა ემბარგო იმიტომ მოხსნა ქართულ პროდუქციას, რომ მიიღო თბილისისგან WTO-ში გაწევრების თანხმობა და თურმე „იძულებული გახდა“ ასე მოქცეულიყო, რათა „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ წესდება არ დაერღვია.

სინამდვილეში, ემბარგოს მოხსნა უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას საქართველოში და მოსკოვის ახალ ტაქტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ, თორემ WTO-ს წევრობის დროსაც, მოსკოვს უამრავი უკანონო სანქცია შემოუღიაა დასავლური ქვეყნების მიმართაც კი (როცა მათი პოლიტიკა  არ მოსწონდა) ანუ ორგანიზაციის წესდება სულაც „ეკიდა“;

 ხოლო 2014 წლის მოვლენების დროს, როდესაც დასავლეთმა, ყირიმის ანექსიის გამო, „ანტიპუტინური სანქციები“ შემოიღო, WTO-ს წესდება იმავე პუტინმა სულაც თავზე გადაახია დასავლეთს და მთელი სასაქონლო კატეგორიების იმპორტი აკრძალა ევროპიდან!

2013 წელს საქართველოს პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა  იყო „ნარკოტიკი“, რომლითაც მოსკოვმა ახალი ხელისუფლება „დააბა“. ახლა კი, ეს ნარკოტიკი, ეფექტურად გამოიყენა: ვიცე-პრემიერი კახი კალაძე სწორედ იმიტომ დათანხმდა „გაზპრომის“ ულტიმატუმს ბუნებრივი აირის ტრანზიტის „მონეტიზების“ თაობაზე, რომ მოსკოვმა მკაცრად გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება: „არ დათანხმდებით? აღვადგენ ემბარგოს და კვლავ ჩავკეტავ ბაზარს!“

ბუნებრივია, მით უმეტეს სავალუტო კრიზისისა და ლარის დევალვაციის დროს, კვირიკაშვილის მთავრობას „პრინციპული პოზიციის“ დაკავება გაუჭირდებოდა, რადგან რუსული ბაზრის ჩაკეტვა  მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა, ხოლო ლარის ნიშნული „3“-ს ნამდვილად გადააჭარბებდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, მოსკოვი უკვე მეორედ ცდილობს იგივე ბერკეტის გამოყენებას (რაკი ერთხელ გაუვიდა) - ოღონდ, ამჯერად, 2011 წლის ხელშეკრულების ამოქმედების მიზნით, რაც მას საშუალებას მისცემს, აფხაზეთისა და, განსაკუთრებით, „სამხრეთ ოსეთის“ გავლით დაუკავშირდეს სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს.

კვირიკაშვილი „ვაისა და ვუის“ მდგომარეობაში აღმოჩნდა: შვეიცარიელი „მებაჟეების“ დაყენება არა მხოლოდ როკის გვირაბთან და ფსოუზე, არამედ გორთან და ენგურთან აუცილებლად გამოიწვევს „საინფორმაციო შტურმს“ ოპოზიციის მხრიდან და აღარავინ გაიხსენებს, რომ სწორედ ასე წერია იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც არა კვირიკაშვილმა, არამედ სააკაშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი 6 წლის წინ.

მოაწერა ხელი, მაგრამ არ განუხორციელებია. დღევანდელი ხელისუფლება კი იძულებულია განახორციელოს ისე, როგორც გაფორმდა თავის დროზე.

ამიტომ ოპოზიციის გამძვინვარება და დემაგოგიური არგუმენტები „ის ხელშეკრულება ამას კი არ გულისხმობდაო“ (არადა, ზუსტად ამას გულისხმობდა - წაიკითხეთ აქვე), გარდაუვალია.

თუმცა, ხელისუფლება ამას უნდა შეურიგდეს, რადგან ძალაუფლებას, ზოგადად, ხიბლთან ერთად, ის თვისება აქვს, რომ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს: განურჩევლად იმისა, ვინ რას მოაწერა ხელი და რატომ, პოლიტიკურად პასუხს ის აგებს, ვინც რეალურად ახორციელებს.

არ არსებობს ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე და რაც უფრო მეტია ეს ძალაუფლება, რაც უფრო აბსოლუტურია იგი, მით მეტი და აბსოლუტურია პასუხისმგებლობაც.

ამიტომ, ძალაუფლების დაბალანსება და გადანაწილება მარტო კეთილი ნება კი არ არის, არამედ გონივრული, პრაგმატული გადაწყვეტილებაც იქნებოდა. თუმცა, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას ქართველ პოლიტიკოსებს ძნელად თუ შეასმენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუ მთავრობამ ეს გარდაუვალი, გრანდიოზული სკანდალიც „გადააგორა“ (და მაინც აქვს შანსი „გადააგოროს“ საინფორმაციო ისტერიის მიუხედავად), დიდია ალბათობა იმ „მემორანდუმსაც“ დაუბრუნდნენ, რომელსაც სააკაშვილმა 2010 წელს მოაწერა ხელი და „ენგურჰესის“ მეორე რუსული ენერგოგიგანტისთვის (РАО ЕЭС Россия) გადაცემას  გულისხმობდა.

იმ შემთხვევაშიც, ხელმოწერა სააკაშვილისაა, ხოლო პასუხისმგებლობა - კვირიკაშვილის! ვერაფერს იზამ, ასეთი უმოწყალო და ცინიკურია პოლიტიკა.

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .