თარიღი    დრო

სანამ მთავარ სათქმელს ვიტყვი, გთხოვთ, არ ჩამოუშვათ ფარდა…

საქართველო, თბილისი - 11:48 02.09.2017 7810

ამ ლექსმა, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ და კიდევ ბევრმა ლექსმა  „ფეისბუქის“ „ფურცლები“ „ნახა“ მხოლოდ. ლექსის ავტორი იურისტია, მეტიც, მრავალი იურისტის აღმზრდელი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, სოციალურ მეცნირებათა აკადემიის ნამდვილი წევრი,  24 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, ერთი მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს (ერთი - თანაავტორობით), ერთი სალექციო კურსის, 15 სამეცნიერო სტატიის (ერთი - თანაავტორობით) ავტორი.

 გაიცანით ქეთი ქოქრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 ვისაუბრეთ მხოლოდ ლექსებზე და მხოლოდ იმ თემებზე, რომელზედაც ქეთი ქოქრაშვილს არასდროს უსაუბრია საჯაროდ. და მაინც, პირველი სიტყვა ლექსმა უნდა თქვას, აი ისიც:

 „ქარმა გამიწეწა თმები,

ტანზე მომეძარცვა კაბა,

სანამ მთავარ სათქმელს ვიტყვი,

გთხოვთ, არ ჩამოუშვათ ფარდა.

ახლა დრო დამიდგა ახლის,

ვიწყებ სულ სხვა წიგნის წერას,

უნდა დავასრულო ფიქრი,

უნდა დავუბრუნდე „სცენას“.

თორემ....  დამიძველდა როლი,

გვირგვინს გაუვიდა ყავლი,

ცოტაც „მათამაშე“  ღმერთო,

ვიცი, სტუმარი ვარ .... გავლით.

მაინც ავუყვები აღმართს,

ცოტაც მომეხმარე სვლაში,

სანამ მთავარ სათქმელს ვიტყვი

გთხოვთ, არ გამაგონოთ ტაში“.

 

_ ქალბატონო ქეთი, პოეტი ხართ?

 _ თქვენ ასე ფიქრობთ?

 _ კარგი ლექსების ავტორი ხართ.

 _გმადლობ.

 _ წითელი თუ მწვანე?

 _ მწვანე.

 _ რატომ?

 _ ახალგაზრდებმა მწვანეზე უნდა იარონ და ეს მწვანე გზა ჩვენ უნდა გავუკვალოთ, შემდეგ მათ უნდა გაიარონ გზის ის ნაწილი, რომლითაც თავიანთ შვილებს გაუკვალავენ გზას და ასე შემდეგ, ამიტომ მხოლოდ მწვანე.

 _ მთასთან თუ მუჰამედი არ მიდის, რა უნდა ქნას მთამ?

 _ დაელოდოს.

 _ თქვენ წერთ: ვიცი, სტუმარი ვარ, გავლით“, გზის ბოლოს რას არ ინანებთ?

 _  ედიტ პიაფი გახსოვთ? – „Non, Je ne regrette rien“.

 _ როდის საუბრობთ პოლიტიკაზე სტუდენტებთან?

 _ არასდროს. იმიტომ არა, რომ ეს არის ცუდი, კარგი ან ის, რაც ჩვენ არ შეგვიძლია ვაკეთოთ. პოლიტიკა ფრთხილი თემაა და ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, ვცდილობ, ვიყო ფრთხილი. ამით დავასრულოთ პოლიტიკაზე საუბარი.

 _ რა აინტერესებთ სტუდენტებს?

 _ მომავალი - მათ მიერ არჩეულ პროფესიაზე დაფუძნებული. საგანი - სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი და სამეწარმეო სამართალი, რომელსაც მე ვკითხულობ, არის სამართლის ის ნაწილი, რომელიც ეხება ყველას, განუსაზღვრელად პროფესიისა და, შესაბამისად, სტუდენტების კითხვები ხშირად არის ცხოვრებისეული - რამდენად სამართლიანია სამართლის რეგულაცია პრაქტიკაში.

 _ და რას პასუხობთ, სამართლაინია სამართალი?

 _ ჩემს ლექციას არ გინდათ დაესწროთ?

 _ ძალიან დიპლომატიური პასუხია.

 _ გულწრფელობა ცუდი თვისებაა?

 _ გნებდებით, არავითარი პოლიტიკა. ხშირად გიზიარებენ სტუდენტები პირად პრობლემებს?

 _ არცთუ ისე იშვიათად, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, თავს არ მოვახვიო ჩემი პირადი განცდა კონკრეტული ფაქტის მიმართ. ვცდილობ, დავანახო გამოსავალი. მთავარია, ვაჩვენო გზა, საბოლოო გადაწყვეტილება კი თავად უნდა მიიღონ. ზოგადად ვფიქრობ, რომ „ზურგზე არ უნდა მოიკიდო“ ადამიანი, მსგავსი ქმედება მას გადაუჭრის კონკრეტულად იმ მომენტისთვის არსებულ პრობლემას, მაგრამ არ იქნება მზად მომდევნო პრობლემის გადასაჭრელად.

 _ ალბათ, თქვენ ბევრი ადამიანი გეხმარებოდათ პრობლემების მოგვარებაში.

 _ ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი იყო, ვინც დამეხმარებოდა პრობლემის გადაჭრაში. ვინც ნებისმიერი პრობლემის გასაჭირის დროს ჩემ გვერდით იყო, ვინც ზრუნავდა ჩემზე, ის გარდაცვლილია. როგორ ვახერხებდი პრობლემების გადაჭრას? - არასდროს ვნებდებოდი.

 _ ახლა ჩემთან ერთად ოპერატორი რომ იყოს, ვიდეოკამერა აუცილებლად დააფიქსირებდა თქვენს თვალებში ცრემლებს. დედაზე საუბრობთ?

 _ დიახ, დედა! თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ხშირად ვუქმნიდი საკუთარ თავს პრობლემას და თავადვე ვებრძოდი. დღეს ვნანობ თუ არა? არა! ჩვენ მოგვდის შეცდომები, ადამიანები ვართ და ამისაგან არა ვართ დაზღვეული. მთავარია, შეცდომა არ გავიმეოროთ და ვისწავლოთ გამოსავალი. ვფიქრობ, ჩვენივე შეცდომები გვაძლიერებს. ბევრჯერ წავიქეცი და ვეცადე, ყოველთვის ღირსეულად ავმდგარიყავი. შევძელი, იმიტომ, რომ არ დავნებდი, სულიერად არ გავტყდი.

 _ ეს ცხოვრებაა და ყოველთვისაა საშიშროება, გზიდან გადაუხვიო.

 _ მაგრამ არსებობს ზღვარი და არსებობს საზღვრები.

 _ შევცვალოთ თემა. რამდენი შვილი გელოდებათ სახლში?

 _ სამი -  ერთი ბიოლოგიური, რძალი და შვილიშვილი.

 _ ალბათ, თქვენი შვილისთვის უცხოა გაჭირვება.

 _ ჩემი შვილი არის კაცი, რომელმაც თავისით გაკვალა თავისი ცხოვრების გზა! განათლებით არის იურისტი. ძირითადი განათლება მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე ბერლინის უნივერსიტეტში გააგრძელა. მართალია, სახელმწიფო პროგრამით იყო წასული გერმანიაში და როგორც შემეძლო, ისე ვეხმარებოდი, მაგრამ ის პოლიგრაფიულ საამქროში მუშაობდა, პოსტერებს ჭრიდა. და რაკი ღამის საათებში ორმაგს უხდიდნენ, ძირითად სამუშაო დროს ღამის საათები დაამატა. ცხოვრების ამ პერიოდმა ძალიან ბევრი დადებითი თვისება შესძინა და, რაც მთავარია,  გახდა დამოუკიდებელი. ალბათ, მეტყვით, რატომ „გავწირე“ ასე შვილი. იცით რა.. მე გაცილებით უზრუნველყოფილ ოჯახში ვიზრდებოდი, ვიდრე ჩემი შვილი, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, დედამ ბანკეტის მეორე დღესვე მითხრა - შენ მიდიხარ სამსახურში. და მე მუშაობა დავიწყე სასამართლოში, ერთ-ერთი მოსამართლის, როგორც მაშინ ერქვა, მბეჭდავ-მემანქანედ. ვბეჭდავდი სასამართლოს გადაწყვეტილებებს. 17 წლიდან ჩემი სამუსაო სტაჟი არ გაწყვეტილა. შრომამ ბევრი კარგი თვისება შემძინა, ეს არის პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, საკუთარი თავის შეფასების ფონზე დაფასება. სწორედ ეს თვისებები მინდოდა ჰქონოდა ჩემს შვილს, ამიტომ მისმა გადაწყვეტილებამ, სწავლის პარალელურად ემუშავა, ძალიან გამახარა. დიახ, უნდა იშრომო, უნდა გაათენო ღამეები. სხვაგვარად ოჯახსა და სამშობლოს ვერ გამოადგები.

 _ კარგი. ლექსების წერა როდის დაიწყეთ?

 _ ძალიან პატარა ვიყავი. მახსოვს, რომ ლექსებს ვმალავდი, არავის ვაკითხებდი. მეშვიდე თუ მერვე კლასში ვიყავი, დედაჩემმა რომ იპოვა ჩემი „კრებული“. მთხოვა, ლექსები მიგვეტანა ჟურნალ „ნაკადულში“. ჯიუტი ვიყავი და უარი ვთქვი. წლებმა თავისი გაიტანა, გავთამამდი და მეგობრებს გავაცანი ჩემი ლექსები. ერთგვარ ტრადიციად გვაქვს მეგობრებს, ვიკრიბებით, ვუსმენთ კარგ მუსიკას, ვუკრავთ, ვმღერით. სწორედ ასეთ სალონურ შეხვედრაზე წავიკითხე პირველად ჩემი ლექსები და როდესაც „ფესიბუქის“ მომხმარებელი გავხდი, „პრეზენტაციაც“ აქ მოხდა.

 _ ლექსების კრებული არ გამოგიციათ?

 _ არა, არ გამომიცია. ამ ეტაპზე არც ვაპირებ. მიმაჩნია, რომ მთავარი სათქმელი ჯერ არ მითქვამს.

 _ ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ...

 _ „გათენება მოხდენია ღამეს,

თეთრ სამოსში გახვეულა ზეცა

უჩვეულოს განა ვამბობ რამეს...

ნისლმა ცვარი ცრემლად გამოძერწა.

მოლოდინით გაილია ეს დღეც,

რას ველოდი, არც კი მახსოვს ახლა,

აღარ ვჩქარობ, გავიხსენებ მერეც,
რამ ამტყორცნა ზევით, ცაზე მაღლა.

გაგაკვირვე მგონი აბდაუბდით,

არ შევშლილვარ, არც მთვრალივარ, მენდე.

გული მიძგერს ისევ ბაგაბუგით...
ჩემს ფიქრებში გექაჩება დღემდე.

იმედებმა გადაგლისეს დარდი,

და "სცენაზე" მომიხმობენ ვიდრე,

მე, წვიმისაგან მოტმასნილი კაბით,

"დედოფლის" როლს შევასრულებ კიდევ“.

 _ ბევრჯერ დაგიგვიანიათ პაემანზე?

 _ (იცინის) არასოდეს, არ მიყვარს, როცა აგვიანებენ.

 _ თქვენი ლექსები ამბობენ, რომ ვიღაც წარსულში დარჩა და განიცდით.

 _ არა, იმ „ვიღაცას“, სამწუხაროდ, ვერ შევხდი.

 _ რთულია ძიების პროცესი. არ მოგიძებნიათ?

 _ არა, სამწუხაროდ, ძალიან პასიური მოლოდინის რეჟიმი მქონდა.

 _ როგორ დავიჯერო, რომ ლექსებს ადრესატი არა ჰყავს...

 _ მოდით, ვთქვათ ასე - ეს ლექსები ადრესატს ელოდებიან. ვიცი, რომ ასეთი პასუხი არ მოგწონთ ჟურნალისტებს და ისიც ვიცი, რა კითხვა მოჰყვება ახლა ამ პასუხს, მაგრამ დავტოვოთ ასე. ვფიქრობ, რომ ძალიან პირადულ თემებზე ადამიანი საჯაროდ არ უნდა ჰყვებოდეს.

 _ კარგი. რა არის მოწყალება?

 _ გული, სიყვარული.

 _ მტრებზე რას იტყვით?

 _ ისინი ბოროტებისთვის უჩემოდაც აგებენ პასუხს.

 _ ვარდი უეკლოდ რომ დაკრიფო, ადამიანმა რა უნდა გააკეთო?

 _ ხელთათმანები უნდა ჩაიცვა.

 _ ვთქვათ, მარჯვნივ აფეთქება მოხდა, რომელ გზას აირჩევთ - აფეთქების ადგილას მიხვალთ თუ გაეცლებით შემთხვევის ადგილს?

 _ არა ვარ ბუნებით მხდალი.

 

 

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 64%
შემცირდა 30.7%
არ შეცვლილა 5.3%