თარიღი    დრო

რა შანსი აქვს უგულავა-ბაქრაძე-ბოკერიას პარტიას?

საქართველო, თბილისი - 10:01 02.02.2017 2315

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა-გაყოფის შემდეგ, ორივე განაყოფმა განაცხადა, რომ ემზადება ახალი საარჩევნო ციკლისთვის. ეს ციკლი უკვე წელს იწყება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით. თუმცა, მიდგომებს შორის უკვე სერიოზული სხვაობაა, რაც უამრავ ნიუანსში მჟღავნდება.

მაგალითად, ენმ-ის ახალი  „მცირე ლიდერი“, ნიკა მელია აცხადებს, რომ აზრადაც არ მოსვლიათ მომავალი არჩევნების ბოიკოტი, თუმცა კიევში მყოფმა „დიდმა ლიდერმა“ ბევრჯერ განაცხადა: „ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები საქართველოში“ და „ნურავის ექნება იმედი, თითქოს შესაძლებელია ივანიშვილის ხელისუფლების არჩევნებით შეცვლაო“.

ოღონდ, სააკაშვილს ის კი არ უთქვამს არც ერთხელ „არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვსო“. როგორ არა აქვს - იმ მხრივ, რომ ქმნის შესაძლებლობას, შედეგი „გაყალბებულად“ გამოაცხადო და რევოლუცია მოაწყო „ხალხის ნების ფალსიფიცირების“ საბაბით, როგორც 2003 წელს. თუ არჩევნებში  მონაწილეობას არ მიიღებ, მაშინ ეს საბაბიც არ გექნება.

ამ აზრით, ოღონდ მხოლოდ ამ აზრით აქვს აზრი მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობას. სხვა საქმეა გამოვა თუ არა ეს ახალი რევოლუცია, - როდის და როგორ.

„ენმ“-იდან წამოსულებს კი სულ სხვა შეხედულება აქვთ. მათ შესანიშნავად იციან, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ენმ“ ნამდვილად დამარცხდა, ხოლო „ადმინისტრაციული რესურსი“ და „მიშას მრისხანე დაბრუნებით“ ამომრჩევლების დაშინება, რასაც ხელისუფლება აქტიურად მიმართავდა, მაინც არ არის იგივე, რაც „არჩევნების შედეგთა ფალსიფიცირება“. ამიტომ, ისინი აპირებენ მოიგონ არჩევნები მომხრეთა მოზიდვით და პოზიტიური პროგრამის შეთავაზებით. სააკაშვილისაგან  განსხვავებით სჯერათ, რომ ეს შესაძლებელია. მით უმეტეს მიშას გარეშე, ვინც უკვე „პოლიტიკურ ლანდად“ და წარსულად მიაჩნიათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახალმა პარტიამ დაირქვა „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“.  მის ლიდერებს „პროევროპულობა“ ესმით უფრო როგორც ღირებულებითი და არა მხოლოდ (არა იმდენად) ინტეგრაციული ორიენტაცია. ანუ, განსხვავებით იმავე სააკაშვილისგან, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ცდილობს თავი წარმოაჩინოს ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ქვეყანაში ნამდვილ,               პლურალისტურ, ლიბერალურ  დემოკრატიას დაამყარებს და არა ავტორიტარულ რეჟიმს - თუნდაც ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფუნდამენტური უთანხმოება, რამაც „ენმ“-ს გახლეჩა გამოიწვია. ხოლო ამ სხვაობის ნათელი ილუსტრაცია გახდება პარტიული ყრილობებისადმი დამოკიდებულება.

გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“  ყრილობა, რომელიც „სპორტის სასახლეში“ ჩატარდა: მანამდე, სააკაშვილის მომხრეები „განდგომილებს“ ბრალად სდებდნენ, რომ მათ პარტიის მართვის „კაბინეტური სტილი“ მოიმარჯვეს, ხოლო „პარტიულ მასებს“ არაფერს ეკითხებოდნენ. არადა, თავად ისეთი ყრილობა ჩაატარეს, ლეონიდ ბრეჟნევის დროს მოგაგონებდა: არავითარი დისკუსია, არავითარი პოლიტსაბჭოს კონკურენტული არჩევნები: „ვინ არის მომხრე, ასწიეთ მანდატები  . . . .ყველა!  ვინ წინააღმდეგი - არავინ!  . . . . ვინ შეიკავა თავი? - არავინ.“

და ესენი ადანაშაულებდნენ ვინმეს არადემოკრატიულ „კაბინეტურ სტილში?“

სპორტის სასახლიდან გამოსული ბევრი რიგითი წევრი ამით უკმაყოფილო იყო, მაგრამ მედიამ ეს მომენტი „რატომღაც“ არ გააშუქა. არადა მართლა მეტისმეტად  თვალშისაცემი ილუსტრაციაა „გაყოფის“ დროინდელი დემაგოგიისა: ყბადაღებული „კაბინეტური მართვა“ აბა სხვა რა არის თუ არა „ბრეჟნევის სტილის“ ყრილობა და იმავე სტილში, „კაბინეტებში“ წინასწარ დაწერილი სიის ერთსულოვნად დამტკიცება?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამის საპირისპიროდ, ყოფილი ნაციონალები აუცილებლად შეეცდებიან იმგვარი ყრილობა ჩაატარონ, არაფრით რომ არ ემგვანება სპორტის სასახლეში გამართულ  მიტინგს: დისკუსიით და პოლიტსაბჭოს წევრთა, ასევე პარტიის თავმჯდომარის ალტერნატიული, კონკურენტული არჩევნებით.

ამაზე, მიშა პირდაპირ არ იტყვის არასდროს, მაგრამ მუდამ გულისხმობდა და გულისხმობს: „გინდათ „რესპუბლიკელებს“ დაემსგავსოთ? - იქაც ძალიან „მაგარი“ შიდაპარტიული დემოკრატია იყო, თავმჯდომარეებიც იცვლებოდნენ დემოკრატიული შიდაპარტიული არჩევნების შედეგად და. . . . .  რა - ამით მერე?“

სააკაშვილი  ამას ღიად არასდროს განაცხადებს, თუმცა მუდამ გულისხმობს, რაკი მიაჩნია, რომ „ქართველი მასა“ ჯერ არ არის იმდენად ცივილიზებული, პატივი სცეს ნამდვილად ევროპული ყაიდის პარტიას. ამიტომ, მიშას აზრით, პარტიას კვლავ ხალხისთვის „გასაგები“ და „ცნობადი“ ლიდერი უნდა ჰყავდეს, თორემ ისევე დაამთავრებს, როგორც „ევროპული ყაიდის“ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაამთავრა.

 ანუ, სამარცხვინოდ.

რომელი შეხედულება უფრო სწორი და პერსპექტიულია, მომავალი გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, ეს უთანხმოება ნამდვილად დაიყვანება მარტივ დილემამდე: „რევოლუციით თუ რევოლუციის გარეშე?“  

მიშა სააკაშვილი ძალიან ოსტატურად ცდილობდა აქ ცნებათა აღრევას: სინამდვილეში, ის თვითონ რომ  ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში არჩევნებით (ესე იგი რევოლუციის გარეშე) არ ნიშნავს და არ არის იგივე, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს და აღარასოდეს ექნება შანსი მოვიდეს ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახალი პარტიის პრეზენტაციაზე სამი ლიდერი გამოიკვეთა: გიგი უგულავა, დათო ბაქრაძე და გიგა ბოკერია. პარტიის თავმჯდომარედ დათო ბაქრაძე მოიაზრება, მაგრამ დავაკვირდეთ მნიშვნელოვან ნიუანსს:  „ევროპული საქართველოს“ სპიკერებს  არც ერთხელ არ უთქვამთ, რომ სწორედ პარტიის თავმჯდომარე იქნება მათი საპრემიერო კანდიდატი და არა გიგი უგულავა.

მიზეზი გასაგებია: ბაქრაძის პიროვნული რეიტინგი არ ნიშნავს, რომ რეალური არჩევნებისას ამომრჩეველი მას არჩევს სხვას. სინამდვილეში, ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მოქმედებს „პოლიტიკური და გარემოებითი კონტექსტის“ გათვალისწინებით. ამის კლასიკური მაგალითია ის, რაც დაემართა (მართლა „დაემართა“!) დათო უსუფაშვილს ბოლო არჩევნებზე: ძალიან დიდი პიროვნული რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ პერსონალური ნდობის მაღალმა დონემ ვერ უშველა და სამარცხვინოდ დამარცხდა იმ ფიგურებთან, ვინც იმ რეიტინგში საერთოდ არ ჩანდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ამომრჩეველი (ვიმეორებ) სხვადასხვა სიტუაციასა და „გარემოებით კონტექსტში“ სხვადასხვა მოტივაციით მოქმედებს.

აქედან გამომდინარე, მრავალი პარამეტრის გათვალისწინებით, გიგი უგულავა, როგორც სახელისუფლებო კანდიდატი, პარტიისთვის  უფრო პერსპექტიულია ვიდრე დათო ბაქრაძე. ხოლო ბაქრაძის ნომინირებისას, მას, შესაძლოა იგივე დაემართოს, რაც დაემართა დათო უსუფაშვილს.

„ენმ“-ის ყოფილ ელიტას, რომელიც გამოცდილი პოლიტ-ტექნოლოგებისგან შედგება,  ეს გარემოება კარგად ესმის. თუმცა, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გიგი უგულავა   არ აპირებს. მ ისი თქმით „მაშინ ეს  იქნება კამპანია წარსულზე, ჩვენ კი გვინდა, იყოს საარჩევნო კამპანია მომავალზე“.

საკმაოდ ჭკვიანური პოზიციაა, რაც  უგულავას საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაემიჯნოს მიშას ეპოქას და დააგროვოს რესურსი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

რეალურად,  ახალი პარტიის ნამდვილი „სახელისუფლებო“ რესურსი სწორედ გიგი უგულავაა და არა დათო ბაქრაძე, მით უმეტეს გიგა ბოკერია, რადგან ისევ და ისევ, საარჩევნო კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ქარიზმა, რასაც, მძიმე შეცდომით, ხშირად აიგივებენ რეიტინგთან. გიგისაგან განსხვავებით, არც დათოს და არც გიგას ქარიზმა არ გააჩნიათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაზე პრობლემური საკითხი ამ დისკურსში მაინც ელექტორალური პოტენციალია.

თუ პირველი განცხადებებით ვიმსჯელებთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ის 50%, რომელიც ბოლო არჩევნებზე არ მოვიდა, მათი პოტენციური ამომრჩეველია, ვინც „გაუმჯობესებულ მიშას“ ელოდება.

 ესე იგი იმგვარ პროექტს, რომელიც იგულისხმებს ყველაფერ „კარგს“, „დადებითს“, „პროგრესულს“, „რეფორმისტულს“, რაც იყო „9 წელიწადში“ და უკუაგდებს უარყოფითს, რაც აგრეთვე ახასიათებდა იმ ეპოქას. ამიტომ, იმედი აქვთ, მიშას გარეშე, ისინი შეძლებენ სწორედ ამ ელექტორატის მოზიდვას.

სააკაშვილს კი მტკიცედ სჯერა,  რომ ამაში მისი ყოფილი თანამებრძოლები კატასტროფულად  ცდებიან და ეს 50%, ვინც არჩევნებზე ტრადიციულად არ დადის, სინამდვილეში, პრორუსული ამომრჩეველია, რომელიც არჩევნებში მხოლოდ იმიტომ არ მონაწილეობს, რომ ვერ ხედავს რეალურად „გამკეთებელ“ პრორუსულ ძალას, ვინც საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“ შეიყვანს.

ნინო ბურჯანაძის, ან თვით მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის იმედი კი ამ მხრივ არა აქვთ, რაკი არც ერთი და არც მეორე, რეალურად, „არაფრის გამკეთებლად“  მიაჩნიათ.

რამდენად მართალია მიშა ამ შეფასებაში? ძალიან ძნელი სათქმელია. ამას მხოლოდ რეალური არჩევნები გვიჩვენებს. თუ სააკაშვილის შეხედულება სწორია, მაშინ „ენმ“ -ის გაყოფა მხოლოდ იმ ელექტორატის გახლეჩას გამოიწვევს, რომელმაც ბოლო არჩევნებზე დაუჭირა მხარი მაშინ ჯერ კიდევ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“.

როგორი პროპორციით გახლეჩს  - კიდევ მესამე საკითხია. არ არის გამორიცხული, ეს „ხლეჩა“ იმგვარი აღმოჩნდეს, ერთ-ერთმა მათგანმა საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახოს.

ნიკა იმნაიშვილი

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%