თარიღი    დრო

ვფიქრობ, შესაძლებელია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 11:19 01.30.2017 6184

მმართველი გუნდის  ერთ-ერთი ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე,  GHN-თან საუბრისას  ამბობს, რომ პირადად ის  საარჩევნო სისტემის შეცვლასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობა, მაგრამ გარკვეული პირობებით. ის ჩვეთან საუბრისას ამ პირობად ასახელებს იმას, რომ  მაჟორიტარული სისტემის გაუქმებამ კონსტიტუციური კრიზისები არ უნდა შექმნას.

კონკრეტულად რა კრიზისზე საუბრობს ის და როგორია  პირადად მისი და ხელისუფლების პოზიცია კონსტიტუციაში ცვლილებების შესატან საკითხებთან დაკავშირებით, GHN  ამ საკითხებთან  დაკავშირებით მამუკა მდინარაძეს ესაუბრა. 

მამუკა მდინარაძე:  ჩვენ როგორც წინასწარვე განვაცხადეთ, კომისიაში არ მოვსულვართ წინასწარ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებებით და ვეცით ამ კომისიას, ფორმატს და საზოგადოებას პატივი, რომ გადაწყევტილება მსჯელობის შემდეგ მივიღოთ. ეს პრინციპი ეხება ყველა საკითხს და მათ შორის საარჩევნო პრინციპსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს აზრები და ეს აზრები გაყოფილია მაჟორიტარული სისტემიდან  პროპორციულზე  გადასვლასთან დაკავშირებით და ამიტომ ერთი ჩამოყალიბებული  პოზიცია არ  გვაქვს, მაგრამ აუცილებლად მივაღწევთ კონსესუსს. ამ საკითხზე მსჯელობა და კამათი კომისიის სხდომაზეც მიდის, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება.

- ანუ, მმართველ პარტიაშიც არ არის ამაზე ერთი პოზიცია ჩამოყალიბებული.   მაჟორიტარული  სისტემის გაუქმებას ვინ ეწინააღმდეგება, არიან თუ არა მათ შორის, პარტიის ლიდერები და რამდენად არის  შანსი, რომ მათი დარწმუნება მოხერხდეს თუ  პარტია საბოლოოდ  მათ პოზიციას დაუჭერს მხარს?  

-  დიახ, მაჟორიტარულ სისტემას ჰყავს თავისი მხარდამჭერები. მმართველ გუნდში ნამდვილად არაერთი ადამიანია, ვინც ფიქრობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის სისტემა, რომელიც ზუსტად ასახავს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ამ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე უნდა შევძლოთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც დავპირდით ჩვენს საზოგადოებას და ეს იქნება ფართო კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება.  

- პირადად თქვენ რა პოზიცია გაქვთ?

- პირადად ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუ კონსტიტუციაში იქნება ისეთი გარანტიები ჩადებული, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არ იყოს კონსტიტუციური კრიზისების მაღალი შანსი. კონსტიტუციური კრიზისები ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნება კარგი. ეს იქნება დამაზიანებელი და, თუ კომისიაში ისეთი პრინციპის მოძებნა შევძელით, რომელიც ამ კრიზისებს აგვაცილებს, მაშინ მე ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ. თუმცა,  ამაზე საერთო აზრი მმართველ გუნდში, ისევე როგორც საზოგადოებაში, ჯერჯერობით ნამდვილად არ არის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ  მსჯელობის შედეგად მიიღწევა.

- მაჟორიტარულის გაუქმებამ რა კონსტიტუციური კრიზისი შეიძლება შექმნას?    

მთავარი ის არის, რომ აქ არის თანხმობა და ამაზე კონსესუსის მიღწევაა საჭირო. ჩემთვის ეს არის მთავარი. ამიტომ დაველოდოთ, რა სქემები იქნება შემოთავაზებული და იმის მიხედვით ვნახოთ.

-  კამათი უკვე გამოწვია კონსტიტუციაში ევროატლანტიკური  კურსის შესახებ ჩანაწერის გაკეთების საკითხმა.  მმართველ გუნდს რა პოზიცია ექნება და თქვენ რომელი მოსაზრებას უჭერთ მხარს?

სიმართლე გითხრათ, მე ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ საკამათო ის, რომ ასეთი თემები კონსტიტუციაში  საერთოდ უნდა დაფიქსირდეს თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრები გადაწყვეტენ, რომ ასეთი დათქმები შესაძლებელია, იყოს კონსტიტუციაში, ბუნებრივია,  დავეთანხმები, რომ ასეთი კურსის შესახებ იყოს  ასეთი ჩანაწერი და, თუ  გადაწყვეტენ, რომ არ უნდა იყოს, მეც დავუჭერ იმას მხარს, რომ არ იყოს.

- ასე გამოდის, რომ თქვენ პირადად პოზიცია არ გაქვთ და აპრიორი  მიღებულ გადაწყვეტილებებს უჭერთ მხარს? ასე კომისიაში ყოფნას რაღა აზრი აქვს?

- არა,  ასე არ არის. კონსტიტუციონალისტები  ამაში არიან ექსპერტები და, თუკი ისინი ჩათვლიან და მიიჩნევენ, რომ ასეთი დათქმები უნდა იყოს. მაშინ დავეთანხმები და თუ არ ჩათვლიან,  მაშინ ისე მოვიქცევი, როგორც  ზემოთ გითხარით.

-  კონსტიტუციონალისტებს ყველაფერში ეთანხმებით? ისინი იმისაც თვლიან, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, ანუ გამოდის, რომ თქვენც  პირდაპირი წესით არჩევას უჭერთ მხარს?

ამაზე  ჩვენს ჯგუფში არ ყოფილა საუბარი. რაც მთავარია,  ამ საკითხზე ჯერ მსჯელობა არ გამართულა და ვნახოთ, მხარეებს რა არგუმენტები ექნებათ.  მე  მხარს ვუჭერ არგუმენტების მიხედვით.

- პარლამენტის  მთლიანად ქუთაისში გადმოტანის საკითხი არის თუ არა უკვე შეთანხმებული და რამდენად არის მოსალოდნელი, რომ კონსტიტუციით განისაზღვროს არამხოლოდ პარლამენტის, არამედ ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ადგილმდებარეობის საკითხი? 

ბოლოდან რომ დავიწყო, ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა არც ყოფილა და მხოლოდ კომისიის სხდომაზე დადგა ერთ-ერთი წევრის მხრიდან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ აისახება კონსტიტუციაში, ამაზე მსჯელობა არ  იქნება.

რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობას, კომისიის წევრთა ძალიან დიდი უმრავლესობა, პრინციპში 1 წევრის გარდა, აქტიურად აყენებს საკითხს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს თბილისი, როგორც დედაქალაქი და სწორედ,  ჩვენ მოგვიწია იმ პოზიციის დაცვა, რომ ხომ არ სჯობს, დავტოვოთ, როგორც არის ან საერთოდ,  ხომ არ ამოვიღოთ ეს მუხლი. აქედან გამომდინარე,  ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც  ცხარე კამათი და მსჯელობა იქნება. თუმცა,  ჯერჯერობით გადაწყვეტილების შესახებ ვერაფერს  გეტყვით.

- თქვენ რას ფიქრობთ, სად უნდა იყოს?

-   ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლოა, მაქსიმუმ კონსტიტუციიდან ადგილმდებარეობის საერთოდ ამოღებას დავეთანხმო, რადგან, როგორც წესი, ასეთი  საკითხები კონსტიტუციით არ განისაზვრება.  პარლამენტის ადგილმდებარეობის დათქმები კონსტიტუციებში არ არის. თუმცა, მე  უფრო ვიხრები იმ აზრისკენ, რომ ქუთაისელებს ის შანსი, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში, ნამდვილად არ უნდა წავართვათ და თბილისის მაინცდამაინც არ უნდა იყოს ვალდებულება. 

- კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტის  თავმჯდომარემ  კომისიის შექმნისას განაცხადა, იყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გამარტივება. ამ საკითხზე რა ხდება?

-  ეს ის საკითხია, რაც ჩემს ჯგუფში არ განიხილება და არ ვიცი, რა ხდება. როგორც იცით, კომისია ჯგუფებად არის დაყოფილი და ყველას თავისი საკითხი აქვს  განსახილველი და ეს თემა ჩვენს ჯგუფში არ განიხილება და მე როგორც ვიცი, არც ჯგუფში არ დაწყებულა ამ საკითხის განხილვა.    

- თვითმმართველობების ორდონიანობის  საკითხი, რომელსაც რესპუბლიკური პარტია აყენებს, რამდენად  არის პერსპექტიული?    

 - ჯერ ამ საკითხზე არ გვიმსჯელია და შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ კომისიის ფარგლებში დაისმევა, ცხადია, განვიხილავთ, მაგრამ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული,  ნამდვილად არ ვიცი.  

- ვადა საკმარისია?

- თქვენ რომ ესწრებოდეთ კომისიის სხდომას,  ნამდვილად  არ დაგრჩებოდათ ასეთი შთაბეჭდილება, რომ რაღაცის საფუძვლიანად  განხილვა არ ახდება ან არ არის დრო საკმარისი და ა.შ. ყველა საკითხზე მიდის გონივრული, საგნობრივი მსჯელობა და აქედან გამომდინარე იმედიანად ვამბობთ, რომ  ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საერთო კონსესუსს და ეს ვადაც სრულიად საკმარისი იქნება.   

რუსა მაჩაიძე




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%