თარიღი    დრო

ხელისუფლების და სამოქალაქო სექტორის ომი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებზე

საქართველო, თბილისი - 18:03 01.27.2017 815

1984 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „ჯეიმს მელოუნი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ საქმე განიხილა.  ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრე  მელოუნი, ბრიტანეთის ერთი რიგითი მოქალაქე გახლდათ. 1977 წელს პოლიციამ ის მოპარული ნივთების გამოყენებასა და სხვა უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა. თუმცა ორ სასამართლო პროცესზე მელოუნს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და საბოლოოდ გაამართლეს.  

პირველ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ დაპატიმრებამდე მელოუნის სატელეფონო საუბრებს პოლიცია უსმენდა, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაცემული ნებართვით. 1978 წელს კი მელოუნმა სასამართლოში ქალაქის პოლიციას უჩივლა. ის ამტკიცებდა რომ მისი სატელეფონო საუბრების მოსმენა მისი თანხმობის გარეშე, იყო უკანონო, თუნდაც შს მინისტრის ნებართვის პირობებში. უფრო, მეტიც, ის ამტკიცებდა რომ მის ტელეფონზე მიერთებული სპეციალური მოწყობილობით პოლიციამ აღმოაჩინა 20 ადამიანი ვისაც ის ესაუბრებოდა და მათი საცხოვრებელი უკანონოდ გაჩხრიკა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საქმე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებების სასამართლომდე მივიდა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მელოუნის მიმართ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 8-ე მუხლი, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და პატივისცემას ეხება. მელოუნის და მსგავსი საქმეების რეზონანსმა   ევროპის ქვეყნების მთავრობებს ერთგვარი ბიძგი მისცა მოსმენების შესახებ კანონმდებლობის გადასახედად. ცნობისათვის, საქართველო ამ კონვენციას 1999 წელს მიუერთდა.

ჩამოყალიბდა საერთო აზრი, რომ ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებებს ემუქრება, გამომდინარეობს ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების ცდუნებიდან „ჩაიხედონ“ მოქალაქეების პირად ცხოვრებაში.  სატელეფონო მიყურადების შესაძლებლობების სრულყოფის პარალელურად ეს ცდუნება იზრდება და სპეცსამსახურები ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ არა მხოლოდ დანაშაულის გამოვლენა- პრევენციისათვის, არამედ პოლიტიკური მიზნებითაც, მათ შორის წამყვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურების „გამოსაჭერად“.

2005 წელს საბერძნეთში მთელი წლის მანძილზე დაუდგენელი პირები სახელმწიფოს 100 უმაღლესი პირის, მათ შორის პრემიერ მინისტრ კოსტას კარამანლისის მობილური ტელეფონების მოსმენას აწარმოებდნენ, მაღალტექნოლოგიური სისტემის გამოყენებით, რომელმაც საბერძნეთის ერთ ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორის კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია.

გადმოვიდეთ საქართველოში სატელეფონო საუბრების მიყურადების პრობლემაზე,  რომლის გარშემოც დღეს ცხარე დებატები მიმდინარეობს და დღემდე უცნობია თუ რა მექანიზმს შეიმუშავებს ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად.

როგორც ცნობილია, 2016 წლის აპრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელმა შემადგენლობამ არასამთავრობოების სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო პარლამენტის მიერ 2015 წელს მიღებული კანონი, რომლითაც  ე.წ. „გასაღები“ ანუ შეუზღუდავი  წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, დარჩა სუს-ს და შსს, მაგრამ მეორე „გასაღები“ ერთგვარი დაზღვევის მიზნით გადაეცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუნდაც ორგასაღებიანი სისტემა და სასამართლოს ნებართვის აუცილებლობა, მაინც იძლეოდა სასამართლოსა და ინსპექტორის გვერდის ავლით უკანონო მიყურადების საშუალებას და პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე მისცა ვადა ამ მიმართულებით ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებებისათვის ასევე ახალი სისტემისთვის საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ბაზის შესაქმნელად.

არასანქცირებული მოსმენების პრობლემა რომ არსებობს, ამაზე თითქმის არავინ დავობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით, დაახლოებით იმ დონეზე ვართ, რა დონეზეც ევროპა ადრეულ 1970-იან წლებში.  თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) არსებული რეგულაციები ექსპერტთა შეფასებით, მაინც ვერ პასუხობს სრულად ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მკაცრ მოთხოვნებს.

თავად „მელოუნის საქმეც“ თვალსაჩინო მაგალითია, თუ რა რთულია ზოგჯერ ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნება ადამიანის უფლებების დაცვასა და დანაშაულის გამოვლენა-პრევენციის აუცილებლობას შორის. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ მიიღო ბრიტანეთის მთავრობის არგუმენტი, რომ ევროკონვენციის მოთხოვნები არ შეიძლებოდა ყოფილიყო ცალსახად მიყენებული ამ სატელეფონო მიყურადების კონკრეტულ კონტექსტთან. კერძოდ, ძიების ქვეშ მყოფი მელოუნის წინასწარ ინფორმირება მიყურადებაზე, შეიცავდა რისკს, რომ ის შესაბამისად მოიქცეოდა და ტელეფონით აღარ დაუკავშირდებოდა გამოძიებისათვის საინტერესო პირებს.   

ჩვენთან მოსმენების საკითხზე ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს ჯიბრში უდგანან და შესაბამისად კომპრომისის სივრცეც სულ უფრო ნაკლები რჩება. არასამთავრობოების ინიციატივა შეიქმნას პარლამენტს დაქვემდებარებული ნეიტრალური და დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომლის ხელშიც იქნება ე.წ. „გასაღები“ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების პოზიციასთან,  რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) დაქვემდებარების ქვეშ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ორივე მხარის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. კერძოდ, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი სტრუქტურის შექმნა, მისი დაკომპლექტება და აღჭურვა და არის თუ არა ხაზინაში საამისო ფული, მაშინ როდესაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა?  რა პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს ეს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პარლამენტს უნდა დაექვემდებაროს, რომ გამოირიცხოს მისი მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება? ვინ და რა არის მისი დამოუკიდებლობის გარანტი და რა მექანიზმები უზრუნველყოფს, რომ ამ ახალი ორგანოს თანამშრომელს ხელი არ წაუცდება „გასაღების“ არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე, როგორ გააკონტროლებს ამას პარლამენტი? და ა.შ.

იგივე და კიდევ უფრო მეტი კითხვებია ე.წ. „სახელისუფლებო ვარიანტის“ მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს „გასაღები“ სუს-ს ხელში იქნება თუ უწყებრივად მას დაქვემდებარებულ სსიპ-ში, ვინ იქნება მისი მაკონტროლებელი? გამოდის რომ ისევ სუს-ი. ეს იგივეა ვენახის დაცვა თხას მიანდო, ქურდი კი საწყობის დარაჯად დააყენო.

მიყურადების ტექნოლოგიები და მოწყობილობები იმდენად სწრაფად ვითარდება და ვრცელდება, რომ დღეს ოფიციალურ სტრუქტურებს უკვე აღარ გააჩნიათ მონოპოლია ფარულ მიყურადებაზე. ნებისმიერ კერძო პირს ან ორგანიზაციას შეუძლია შეიძინოს მიყურადების თანამედროვე პორტატული მოწყობილობა, ერთდროულად რამდენიმე სატელეფონო ნომერს მოუსმინოს, თანაც ისე რომ მისი აღმოჩენა რთული იყოს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემისადმი საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება ინდიფერენტულია, რაც არ არის გასაკვირი. ქრონიკული სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხალხს სხვა პრობლემები მიაჩნია პრიორიტეტულად. არასამთავრობოების  მცდელობებმა ეს საკითხი საერთო-სახალხო პრობლემად ექციათ, მათთვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

ერთი მხრივ, მსოფლიოში მზარდი ტერორიზმის და სხვა საფრთხეების    ფონზე  (გავიხსენოთ საზარელი ტერაქტები ევროპის ქალაქებში) იზრდება უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნაც. მეორე მხრივ, არის მოთხოვნა ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვაზე. დათანხმდება თუ არა საზოგადოება საკუთარი უფლებების გარკვეული შეზღუდვის ხარჯზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას?! ეს ალბათ საზოგადოებას უნდა ვკითხოთ. ასეთ სიტუაციაში „ოქროს შუალედის“ გამოძებნა მართლაც რომ ურთულესი ამოცანაა.

არცთუ იშვიათად, დამნაშავის გამოსავლენად ან მძიმე დანაშაულის პრევენციისათვის საჭიროა მყისიერი სატელეფონო მიყურადება. საათები ან წუთები შეიძლება წყვეტდეს ყველაფერს.  ამ დროს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს, რომელსაც კანონმა „გასაღები“ ჩამოართვა, უწევს ამ „გასაღების“ მისაღებად სხვადასხვა უწყებებიდან ნებართვის აღებაზე დახარჯოს დრო, რომელსაც სხვა შემთხვევაში დანაშაულის პრევენციაზე დახარჯავდა. მეორე მხრივ,  გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერებაც, რომ ჩვენი სამართალდამცავები  „სხვის ცხოვრებაში ჩახედვის“ წლობით დამკვიდრებულ მავნე ჩვევას მოიშლიან.   

ზაალ ანჯაფარიძე

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 73.4%
შემცირდა 22.5%
არ შეცვლილა 4.1%