ENG / RUS       12+

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი ციხიდან გამოვიდა

 „დრო მიდის და დრო ცვლის ბევრ რამეს“ - განაცხადა გიგი უგულავამ „მატროსოვის“  ზღურბლთან, სადაც წელიწადნახევარი გაატარა.

ციხიდან „პირდაპირ ეთერში“ ტრიუმფალურად გამოსვლისას, უგულავა, რომელსაც PR-ტექნოლოგიები მიშაზე არანაკლებ ესმის (ზოგიერთი ნიშნით უკეთაც კი), უპირველესად იმაზე ფიქრობდა, რა მთავარი „მესიჯები“  გაეჟღერებინა როგორც ვერბალურად, ასევე ქმედებით.

მთავარი ფრაზა სწორედ ეს გამოდგა  - დროის შეუქცევადობის შესახებ, რაც აშკარად ასე ითარგმნება: „მიშას დრო წავიდა!“

 „ქმედებას“ რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაყუოვნებლივ მისვლა პარტიისათვის უკომპრომისო ბრძოლის დაანონსება იყო!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან ნიშანდობლივია პირველივე გადაწყვეტილება, რაც  პარტიის „ლიდერშიპმა“ გიგის გათავისუფლების შემდეგ მიიღო აშკარად გიგისთან შეთანხმებით: სამდივნომ საპარლამენტო-საარჩევნო სიიდან ამოიღო რამდენიმე პერსონაჟი, რომელთაც იმავე ციხის ზღურბლთან გიგიმ „ბიბლიოთეკის უკლონისტები“ უწოდა.

ბევრ „ნაზი სულისა“ და რაფინირებული გემოვნების ინტელექტუალს (მაგალითად გია ნოდიას) ეს ნაბიჯი ძალიან არ მოეწონა. არადა, პოლიტიკურად აბსოლუტურად გასაგები და გამართლებული სვლაა: ძალის დემონსტრირება (მიშას სტილში), რათა პარტიულ აქტივისტთა მასამ, განსაკუთრებით რეგიონებში, მოახლოებული ყრილობის წინ, დაინახოს, იგრძნოს, დარწმუნდეს, რომ ციხიდან გამოვიდა ახალი ლიდერი - არანაკლებ ძლიერი, არანაკლებ „გამკეთებელი“, არანაკლებ ქარიზმატული, ვიდრე მიშაა!

სინამდვილეში, „მიშას გუნდი“ სწორედ ამ მენტალურ მომენტს იყენებდა დღემდე ძალიან ოსტატურად, როდესაც რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი, „7 ათასიანი“ ყრილობის (ფაქტიურად მიტინგის) ჩატარებას ითხოვდა. გათვლა ის იყო, რომ ეს უზარმაზარი მასა, მათ შორის პარტიული ბიუროკრატიის საშუალო და ქვედა რგოლი, ძლიერ და ქარიზმატულ ლიდერს, ესე იგი მიშას დაუჭერდა მხარს.

მაგრამ ამგვარი გათვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართლდებოდა, თუ ყრილობას არ (ვერ) დაესწრებოდა ალტერნატიული, არანაკლებ ძლიერი და ქარიზმატული პოლიტიკოსი! მისი თანდასწრებით კი, „მასა“, რომელიც უკვე მზად იყო „მიშა-მიშას“ სკანდირებისთვის, სრულიად შესაძლებელია სკანდირებდეს „გიგი-გიგის“.

განსხვავებით გიგა(ბოკერია)საგან, გიგი უგულავას ეს თვისებები და ქარიზმა ნამდვილად აქვს. ამიტომ უკვე ძალიან ძნელად პროგნოზირებადია, ვის დაუჭერს მხარს ყბადაღებული „ფართო წარმომადგენლობითი ყრილობა“ (მიტინგი) 20 იანვარს - მიშას თუ გიგის. სულაც არაა გამორიცხული, „ნაციონალთა მასა“ უმრავლესობა ასევე  ძლიერი და (ვიმეორებ) არანაკლებ ქარიზმატული ლიდერისკენ გადაიხაროს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მით უმეტეს, რომ გიგის არ „ამძიმებს“ ბევრი რამ, რაც ამძიმებს მიშას. გიგი უგულავას ფენომენი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ რაღაცნაირად არ ასოცირდება „9 წლიან“ ძალადობასთან; გარდა ამისა (რაც ძალიან მნიშვნელოვანია), მას ტვირთად არ აწევს 2008 წლის „გორის“ საზარელი ეპიზოდი, „ჰალსტუხის ეპიზოდი“ და სხვა უამრავი.

 ბევრს ისიც ახსოვს, რომ გიგი იყო ერთადერთი „ნაციონალი“ ლიდერი, ვინც აშკარად გამოვიდა ე.წ. „მოდელირებული ქრონიკის“ წინააღმდეგ, რითაც აიძულა მიშა ყველაფერი საკუთარი „ტელეგვარდიისთვის“ დაებრალებინა, თითქოსდა მის ბრძანებას არ ასრულებდნენ.

მთლიანობაში, გიგის „მიშას მარიონეტად“ გამოცხადება არ გამოვა: იგი რაღაცნაირად ახერხებდა „ავტონომიის“ შენარჩუნებას (განსხვავებით იმავე სრულიად უქარიზმო მერაბიშვილისგან) და არა მხოლოდ არჩევითობის გამო, არამედ საერთო აურისა და ნიჭის წყალობით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სრულიად „უსაგნო“ და არარელევანტური კითხვაა: „რაღა მაინცდამაინც ახლა გამოუშვეს და რატომ მაინცდამაინც მას შემდეგ, რაც ის  წერილი  გამოაქვეყნა, რომლითაც დაიწყო ღია განხეთქილება ნაცებში?“

რა თქმა უნდა, მხცოვანი, სიბერეში საბოლოოდ „გამოპრუტუნებული“  მაკკეინი  და მისი მოთხოვნები აქ განმსაზღვრელი არ ყოფილა: „ორჯერ-ორია“, რომ მოხდა ინტერესთა თანხვედრა: ხელისუფლებას, რომლის გარეშეც სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ მიიღებდა, აშკარად „აწყობდა“ გიგი გარეთ ყოფილიყო, რათა დაპირისპირებას „ნაციონალებში“ კრიტიკული ზღვარისთვის მიეღწია.

მაგრამ ამგვარი გათვლა, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს გამართლებული, თუ ნაცვლად პარტიის დანგრევისა, უგულავა ყრილობაზე გაიმარჯვებს, - მას აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარედ და ამით მოახერხებს ოპოზიციური ძალის კონსოლიდირებას. ბუნებრივია, „ბიბლიოთეკის უკლონისტთა“ მოშორებით, რასაც პარტიული მასა საერთოდ ვეღარც შენიშნავს.

ისევ და ისევ: ეს მასა „აქ და ახლა“ მოქმედ ლიდერს ამჯობინებს ფაქტიურად გაქცეულ „ნალიდერალს“, რომელსაც უკრაინიდან ძალიან გაუჭირდება ძველებური ქარიზმის, გავლენისა და ძალის შენარჩუნება აქტიურად მოქმედ კონკურენტთან ბრძოლაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საერთოდ, გიგი თუ საქართველოში დარჩა, დაპატიმრების არ შეეშინდა და არ გაიქცა, მან (როგორც ვხედავთ) ამით მხოლოდ მოიგო!

ისმის ლეგიტიმური კითხვა: ამდენს რას წააგებდა მიშა, ქვეყნიდან რომ არ გაქცეულიყო და ჩვეული პოლიტიკური მოღვაწეობა გაეგრძელებინა უკვე ოპოზიციონერის რანგში, რაც ყველაზე უკეთ ეხერხება?

დააპატიმრებდნენ? საეჭვოა - დასავლეთის რეაქციის გათვალისწინებით.

 და რომც დაეპატიმრებინათ, ყველაზე უარესი, იმავე „მატროსოვის“ კომფორტულ კამერაში თუ გაუბედავდნენ შესახლებას, სადაც დღეში რამდენჯერმე შევიდოდნენ ევრო-ამერიკელი დიპლომატები და პოლიტიკოსები  მის მოსანახულებლად. ეს თემა საქართველოსთან ურთიერთობაში დასავლური „დღის წესრიგის“ უმთავრეს საკითხად იქცეოდა, ხოლო „ოცნების“ ხელისუფლება ამ ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლებდა.

ან იქნებ ყოფილ პოლიტპატიმრებს (ბრჭყალების გარეშე) „მიუქსევდნენ“ და აცემინებდნენ მიშას?

გამორიცხულია -  ამას ისეთი მძვინვარე რეაქცია მოჰყვებოდა იმავე დასავლეთის მხრიდან, რომ საფრანგეთის მოქალაქე მილიარდერი, რომლის კაპიტალი იმავე დასავლეთშია, დაუყოვნებლივ ურძანებდა შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს, ექს-პრეზიდენტისთვის სახელწმიფო დაცვა მიეჩინათ.

ანუ,  სამწუხაროდ, ეს „გაქცევა“ მხოლოდ და მხოლოდ სულმოკლეობის გამოვლინება იყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გიგი ასე სულმოკლედ არ მოიქცა და მოიგო! ამიტომ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ახლა,  „ბიძინას გაურიგდაო“,  გარიგება ის იქნებოდა, თბილისის ყოფილ მერს „საპროცესო“ გაეფორმებინა პროკურატურასთან, პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა (განა სააკაშვილთან  შეთანხმების,  ან მისი დავალების გარეშე აფორმებდა ქალაქის მერი მეეზოვეებად პარტიულ აქტივისტებს?!) და ამ გზით გამოსულიყო ციხიდან.

მაგრამ გიგი ბევრად უფრო ჭკვიანურად მოიქცა, ინტერესთა თანხვედრაზე ითამაშა და გაიმარჯვა!

ამიტომაც, თვალსაჩინო მეტაფორის სახით, ის მშვენიერი გოგონა (ერთ-ერთი ტელესერიალის მონაწილე) სწორედ მას დახვდა პარტიულ ოფისში და შეაცილა ლიფტში!

გამარჯვებულებს ვერ ასამართლებენ და ამის გამო მასთან საქმის გარჩევა „ბიბლიოთეკის უკლონისტებს“ არ გაუვათ: გიგი უგულავას  არანაირი ჩვენება სააკაშვილზე პროკურატურისთვის არ მიუცია; თუმცა, იურიდიულად, მას ამის  სრული საფუძველი და საშუალება ჰქონდა.

გამოვიდა ციხიდან და ოპოზიციური ლიდერი გახდა - სხვებზე არანაკლებ მწვავედ ლაპარაკობს „ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე“.  ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ ინტერპრეტაციებია, რომლითაც „უკლონისტები“ უკვე ვეღარავის დაარწმუნებენ.

მიშა საკმარისად ჭკვიანია და ამ ყოველივეს შესანიშნავად ხვდება. იგი გრძნობს, რომ პარტიაში, მაშასადამე „ოპოზიციურ ფლანგზე“ ყველაზე საშიში და ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა. ამიტომაც ნერვიულობს, აშკარად ღელავს (ეს ჩანს მის განცხადებებში), თუმცა არგუმენტები და კოზირები სულ უფრო ნაკლები აქვს.

და იმ შემთხვევაშიც კი, თუ 20 იანვრის ყრილობას „წარსული დროის ლანდები“, იგივე „ბიბლიოთეკის უკონისტები“  მოიგებენ, გიგის აქვს იმის რესურსი (მათ შორის საპარლამენტო წარმომადგენლობა), რათა თუნდაც ახალი ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებით, თავად იქცეს „გაუმჯობესებულ მიშად“ და  აიღოს წარსული ეპოქიდან ის ყოველივე კარგი, რეფორმატორული, ნათელი, რაც იქ იყო, ყველაფერი „ცუდი და ბნელი“ კი მიშას დაუტოვოს.

ამ პროექტის („გაუმჯობესებული მიშა“) განხორციელება შეუძლებელი იყო თვით მიშას აქტიური წინააღმდეგობის პირობებში. ოღონდ, ხსენებულ „პირობებში“ მეორე ოფციაც იგულისხმება: ალტერნატიული, ქარიზმატული ლიდერის, - გიგი უგულავას  ციხეში დარჩენა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რას იზამ - „პოლიტიკა სასტიკია“, როგორც დიდი ქართველი პოლიტიკოსი, ედუარდ შევარდნაძე ამბობდა ხოლმე.

პოლიტიკოსი „მესანგრეს“ ჰგავს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ცდება და ფეთქდება ნაღმზე -  ერთხელ შეშინდება, ერთხელ გაიქცევა. . . . . გორში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიტოვებით . . . . .  ერთხელ ღეჭს ჰალსტუხს BBC-ს პირდაპირ ეთერში, ერთხელ და სამუდამოდ მარცხდება, ანუ ხელიდან უსხლტება ყოვლის შემმუსვრელი დრო, ანუ ეპოქა . . . . . .   „დრო მიდის და დრო ცვლის ბევრ რამეს“ - ამბობს ის, ვისაც არ შეშინდა, არ გაიქცა, არ შეცდა, არ დამარცხდა და სწორედ ამიტომ, ქართველი პოეტის ნატიფი სტროფით . . .  „ნაზი წელი (ძალაუფლება) რხევით მისკენ რონინებს . . .“

 

მიხეილ გეწაძე  

ავტორი: . .