ENG / RUS       12+

საით უმიზნებდა კვირიკაშვილი? - პრემიერი „რუსულ რულეტკას“ თამაშობს

მთავრობის გადაწყვეტილებამ საბანკო და საგადასახადო სფეროში რადიკალური ცვლილებების შესახებ, პოსტსაარჩევნო „ჭაობი“ ერთბაშად გამოაცოცხლა, შემდეგ ააფეთქა და მჩქეფარე ჩანჩქერად აქცია. ძალაუნებურად, მიშას დრო გაგახსენდებოდა, როდესაც ადამიანები გულის ფანცქალით ელოდნენ, როდის დაასრულებდა „წიკწიკს“ საათის ისარი „მთავარი საინფორმაციო გადაცემის“ დაწყებამდე, რაკი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ  მუდამ რაღაც ახალი და მოულოდნელი ელოდათ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ამ გადაწყვეტილებაშიც სწორედ ესაა ნიშანდობლივი, რომ მან „მიშას სტილში“ იმოქმედა - რადიკალურად, თუმცა არა უკანმოუხედავად: იცოდა,  მძვინვარე რეაქცია მოჰყვებოდა, მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა და „რაღაც“ მაინც ხომ უნდა ეღონა „გაფრენილი“ ლარის შესაჩერებლად, აგრეთვე გავლენიანი სოციალური წრის უკმაყოფილების „დასალბობად“?!

სწორედ ის კატეგორია ადამიანებისა, ვისაც  იპოთეკური სესხები აქვთ აღებული, ანუ აქვთ საშუალება, აიღონ ასეთი სესხები და შემდეგ ბინა კი არ დაკარგონ „იპოთეკით დაზარალებულებივით“, არამედ თვიდან-თვემდე იხადონ  სესხი - ქმნის ამინდს ამ ქვეყანაში.

სულ 10-20%-ც რომ იყოს (სხვადასხვა ციფრები სახელდება) ესაა მაღალი სოციალური ფენა, რომელსაც აქვს სამუშაო, ან აქვს „საქმე“ (ერთი და იგივე არ არის) და საზოგადოებაში „მეინსტრიმების“ შემოქმედია.

კვირიკაშვილმა კი იცის, როგორ მთავრდება ხოლმე ხელისუფლებებისთვის, როდესაც  არ ითვალისწინებენ საზოგადოების გავლენიან ჯგუფთა „მომწიფებულ“ .

ძალიან ცუდად მთავრდება (ხოლმე) - როგორც დამთავრდა იმავე მიშასთვის.

ამიტომ, მთელი ეს გულუბრყვილო საუბრები: „რატომ უნდა ვუხადოთ მოსახლეობის 80%-მა ფული იმ 20%-ს, რომელიც ჩვენზე შეძლებულია და იმის უნარიც ჰქონდა, იპოთეკური სესხი აეღოო“ - სახელისუფლებო ტექნოლოგიასა და ლოგიკაში არ  თავსდება: ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უნდა ვუხადოთ და გვაიძულებს კიდეც ვუხადოთ; იმიტომ, რომ იმ 20%-ს უფრო ეშინია, ვიდრე დანარჩენი 80%-ს!

ის 20% უფრო პასიონარული, ანუ აქტიური, „გამკეთებელი“, „გამომსვლელი“ და „მომწყობია“, ვიდრე დანარჩენი 80%.

ეს უმრავლესობა ქუჩაში არ გამოვა იმის გამო, რომ ბიუჯეტში მის მიერ გადახდილი გადასახადი მთავრობამ „ვიღაცას“  უსამართლოდ მიაკუთვნა. არ გამოვა, ვინაიდან სოციალური ანტაგონიზმი ამ ქვეყანაში, ტრადიციულად, „არამოდურად“, „გოიმურად“ და „მოვე ტონად“ ითვლება, რაც სხვათა შორის საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მანკია, რომელიც მის განვითარებას ტრადიციულად უშლის ხელს.

სამაგიეროდ ის 20%, თუ ლარის დევალვაციის გამო ბინის გაყიდვა მოუწია, ქუჩაშიც გამოვა და მთავრობას ისეთ ჯოჯოხეთსაც მოუწყობს, საბოლოოდ გასაქცევადაც შეიძლება გაუხდეთ საქმე, როგორც იმავე მიშას.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ანუ, ეს სწორედაც პრაგმატული გათვლაა გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან და პასუხიც აქაა კითხვაზე, თუ „საით უმიზნებდა“ და რა იყო მთავარი მის მიერ შემოთავაზებულ ოთხპუნქტიან რეფორმაში: ლარი, აქციზი, კაზინოები, ონლაინ-სესხები.

სწორედ „იპოთეკართა ქეისია“  ძირითადი და განმსაზღვრელი, ანუ ლარის დევალვაცია, რომელიც ყველაზე მეტად უთხრის ნერვებს და აზარალებს იმ გავლენიან კატეგორიას, ვისაც დოლარში სესხების  უნარი და შესაძლებლობა აქვს.

ამგვარ სესხებს „ონლაინ“ ვერ აიღებ. სინამდვილეში, ეს მეორეხარისხოვანი და წვრილმანი თემაა, რომელსაც მხოლოდ PR დატვირთვა აქვს და კვირიკაშვილმა აქ საკმაოდ ჭკვიანურად გათვალა, რომ ერთმნიშვნელოვნად დადებითი რეაქცია იქნებოდა: ქუჩაში გამოკითხული 10 რესპონდენტიდან, ცხრამ (რაც ძალიან იშვიათია) ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ერთმნიშვნელოვნად მიესალმება „ონლაინ-სესხების“ აკრძალვას, რომ „ისინი“ არიან ბანდიტები, ყაჩაღები, სისხლის მსმელები და ა.შ.

რას იზამ. ასეა მოწყობილი მასობრივი ფსიქოლოგია. მთავარია PR-საკვები სწორად და ზუსტად მიაწოდო. ამას ბრწყინვალედ იყენებდა მიშა, იყენებს გიორგიც. თორემ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სინამდვილეში არავითარი „ონლაინ-სესხების აკრძალვა“ არ იქნება. მოსალოდნელია მხოლოდ რეგულაციების შემოღება. და ათასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი გიორგი კვირიკაშვილს წინასწარ ჰქონდა (ბოდიში ჟარგონისთვის) „გაიასნებული“ ბანკებთან თუ იმავე ონლაინ-ორგანიზაციებთან.

ისევე, როგორც ფორმულა „დოლარიდან - ლარში სესხის კონვერტაციას მინუს 20 პუნქტი“ იყო წინასწარ შეჯერებული და „გავლილი“ ყველა სერიოზულ მოთამაშესთან საბანკო სფეროში.

არ დაგვავიწყდეს, რომ უმსხვილესი „ქართული“ ბანკების საწესდებო კაპიტალის 95% უცხოელ ინვესტორებს ეკუთვნით. ნუთუ ვინმეს ჰგონია, ბანკირი (!) გიორგი კვირიკაშვილი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა ისე, წინასწარ არ ყოფილიყო დარწმუნებული, რომ საერთაშორისო საფინანსო „მოთამაშეები“ არანაირ სანქციებს არ დააწესებდნენ ესოდენ არაორდინალური გადაწყვეტილების გამო?

რა თქმა უნდა, მთავრობამ ჯერ წინასწარ დაარწმუნა პარტნიორები და მხოლოდ შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

ასევე, „ონლაინ-სესხებზე“. ის ფული სულაც არ არის „ეროვნული წარმოშობისა“. ამ კაპიტალის უკანაც იგივე „ზვიგენები“ დგანან. ხოლო  ყველაფერი რომ წინასწარ „მოყომარებული“ იყო, ამაზე მეტყველებს ონლაინ-გამსესხებელ კომპანიათა ასოციაციის „ერთგულ-ქვეშევრდომული“ განცხადება, რომლითაც ისინი მთავრობას სთავაზობენ ლამის საკუთარ სამსახურსა და კონსულტაციებს - ბაზარზე ახალი თამაშის წესების  დასამკვიდრებლად; უფრო სწორად ამ ბაზრების გადასანაწილებლად. მეტისმეტი გულუბრყვილობაა მოსაზრება, რომ კვირიკაშვილმა ამით დიდ ბანკებს „გაუგორა კოჭი“, რადგან ამიერიდან, თურმე, მხოლოდ ისინი დაკავდებიან სწრაფი სესხებით, კონკურენტებს მოიშორებენ და ა.შ. არანაირი „კონკურენტები“ არ ყოფილან სინამდვილეში: ამ ვითომ პატარ-პატარა „ონლაინ-კომპანიების“ მიღმა იგივე ვეშაპები და ზვიგენები იდგნენ. ანუ ერთმანეთთან გასაყოფი ბევრი არაფერი აქვთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ნამდვილად საინტერესო კი ისაა, საიდან ან როგორ აპირებს ხელისუფლება ამ თანხების ამოღებას. შესაძლოა, ნაწილობრივ, ბატონი ბიძინას კაპიტალიც შეაწუხეს - უდრტვინველად რომ ფშვინავს შვეიცარიაში, ლონდონსა და ოფშორებში; მაგრამ მთავარი წყარო მაინც აქციზის გადასახადის ზრდაა. აქციზი იზრდება თამბაქოზე, ავტომობილებზე და ნავთობპროდუქტებზე. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა საინტერესო არგუმენტი მოიყვანა: „ეს იმპორტის შემცირებას შეუწყობს ხელს ანუ სავაჭრო ბალანსს გააუმჯობესებსო“.

თუ „გადმოვთარგმნით“, იმას ნიშნავს, რომ გაზრდილი აქციზი შეამცირებს ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის ოდენობას, შესაბამისად შეამცირებს ვალუტის გადინებას და ამით დაბალანსდება ლარი?!

საკმაოდ ორიგინალური სვლაა. ყოველ შემთხვევაში ამგვარი ახსნა უფრო სარწმუნოა, ვიდრე ის, რომ ხელისუფლება თურმე თბილისში ტრაფიკის გადატვირთულობაზე, საცობებზე, მავნე გამონაბოლქვზე და სიგარეტის გამო ფილტვის ონკო-პათოლოგიათა შემცირებაზე ზრუნავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაკვირველია ნავთობპროდუქტებზე, ესე იგი ბენზინზე ფასის ზრდაა.  პრიმიტიული პროგნოზებით, ამან „ყველაფერზე ფასის ზრდა“ უნდა გამოიწვიოს. მაგრამ საბაზრო ეკონომიკაში ასეთი პრიმიტიული გათვლები მუდამ სწორი არ არის. გააჩნია, რამდენად ნაკლებმონოპოლიზირებულია ბაზრები: რაც უფრო დივერსიფიცირებულნი არიან ისინი, რაც უფრო გაღრმავებულია საბაზრო ეკონომიკა, მით უფრო მეტია შანსი, რომ აქციზის 10%-იანმა ზრდამ საქონლისა და მომსახურების ასევე 10%-იანი გაძვირება კი არ გამოიწვიოს, არამედ მხოლოდ 1-2%-იანი; ხოლო ბაზრის სუბიექტებმა, კონკურენციის გასაძლებად, მოგების ნაწილზე თქვან უარი, რათა ბაზარი არ დაკარგონ.

ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ალბათობაც არსებობს და ექსპერტთა ლეგიონი, რომელიც ჩლუნგად გვიმტკიცებს „რაკი ბენზინი 10%-ით გაძვირდა პური და სოსისიც  10%-ით გაძვირდებაო“, შესაძლოა სულაც არ გამოდგეს მართალი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორეს მხრივ, ისიც სერიოზული რისკია მთავრობის მხრიდან, რომ მექანიკურად თვლიან საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას მაშინ, როდესაც აქციზის მატებიდან ეს ავტომატურად სულაც არ გამომდინარეობს იმავე მიზეზების გამო: ძალიან ძნელი გასათვლელია, როგორ „ირეაგირებს“ ბაზარი. მით უმეტეს ასეთ „ჭრელ“ სიტუაციაში, როგორიც ჩვენს რეგიონშია შექმნილი.

კაცმა რომ თქვას, საქართველო სამეზობლოში ერთადერთი ეკონომიკაა, სადაც შედარებით (სხვებთან შედარებით) უფრო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა. მისი კრიტიკა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შევადაროთ, რა და როგორ ხდება აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთსა და თურქეთში. სხვა მეზობლები ხომ არა გვყავს? ამ მეზობლებთან კი ბევრი რამ ადმინისტრაციულად დარეგულირებულია.

ამიტომ, კვირიკაშვილის გადაწყვეტილებები ერთის მხრივ სულაც არაა „ამოვარდნილი“ კონტექსტიდან, მაგრამ იმავდროულად სერიოზული რისკიცაა. იმდენად, რომ თუ არასწორად გათვალა აქციზებთან დაკავშირებით, შესაძლოა ეს ყოველივე ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს და იპოთეკართა გულის მოგებამაც ვეღარ უშველოს.

სიმბოლურია, რომ ეს ცვლილებები კაზინოებთან „პაკეტში“ განიხილება. პრემიერი კვირიკაშვილი ძალიან სარისკო რუსულ რულეტკას თამაშობს და რევოლვერში შვიდიდან მინიმუმ 2 ტყვია უდევს: 1) ბაზრების რეაქცია საწვავის გაძვირებაზე და 2) ლარის კურსის აბსოლუტური არაპროგნოზირებადობა გლობალური და რეგიონული ტურბულენტობის პირობებში .

რატომღაც არავინ აკვირდება იმ მომენტს, რომ მაგალითად, თუ ბაზრის ანომალიათა გამო (მათი პროგნოზირება კი, ვიმეორებ, აბსოლუტურად შეუძლებელია) ლარმა დევალვაცია მაინც განაგრძო და პროცესი უმართავი გახდა, მის შეჩერებას ზემოთხსენებული მფშვინავი კაპიტალიც ვერ შეძლებს.

მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .