ENG / RUS       12+

უკრაინა გაგვებუტა

 27 ნოემბერს, კიევში გაიმართა მიხეილ სააკაშვილის ახალი, ამჯერად უკრაინული პოლიტიკური მოძრაობის პირველი მიტინგი, რომელიც ინტერნეტში გადაიცემოდა. მაქსიმუმ 2 000 ადამიანი დაესწრო. ეს სულაც არ არის ცოტა დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ამ რევოლუციებითა და გაუთავებელი პოლიტიკური მარაზმით დაღლილ-დაქანცულ ქვეყანაში შეიქმნა.

სამაგიეროდ, მიშა კვლავინდებურად დაუღალავი და ენერგიულია. თუმცა, მისი გამოსვლა ამ მიტინგზე, თანაც, ძალიან კარგი რუსულით, ცოტა არ იყოს კომიკურ შთაბეჭდილებას მაინც ტოვებდა:  ზუსტად ამავე ტექსტით, ზუსტად ამავე ნარატივით, აქცენტებითა და „მესიჯ-ბოქსით“ გამოდიოდა 13 წლის წინ რუსთაველზე - პარლამენტის შენობის წინ; ახლა „კარგ რუსულ ენაზე“ ლაპარაკობს იგივეს კიევის ცენტრში და, როგორც ჩანს, „რამე რომ იყოს“, არც მოსკოვში, კრემლთან იტყოდა უარს იმავე „მესიჯ-ბოქსით“ გამოსვლაზე - იქ რევოლუციის მოსაწყობად.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამასობაში კი, სანამ ჩვენი მოუქანცავი პროფესიონალი რევოლუციონერი ჩე-გევ(მიშ)არა მორიგ „ტრენინგს“ ატარებს, უკრაინასა და საქართველოს შორის სერიოზული დიპლომატიური კონფლიქტი მომწიფდა. საქმე ისაა, რომ კიევი, უკვე თითქმის ორი წელია, არა და არ ნიშნავს ახალ ელჩს თბილისში. მაშასადამე, დღეს უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელობს და უკრაინის სახელმწიფოს საქართველოში წარმოადგენს არა სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, არამედ მხოლოდ „მოვალეობის შემსრულებელი“: ვასილი ციბენკოს უფლებამოსილების ვადა დიდი ხანია ამოიწურა, საქართველოდანაც გაემგზავრა, თუმცა მის ნაცვლად ახალი ელჩი არ დანიშნულა და ელჩის მოვალეობას გიორგი ნაზაროვი ასრულებს.

ზოგადად, დიპლომატიურ პრაქტიკაში არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანას არა „სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი“, არამედ დესპანი ან „მოვალეობის შემსრულებელი“ წარმოადგენს. ოღონდ, ეს არ შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირაზე, მაქსიმუმ 2-3 თვეზე მეტ ხანს; თუ მაინც გაგრძელდება უფრო დიდხანს, მით უმეტეს მთელი 2 წლის განმავლობაში, უკვე დიპლომატიურ ინციდენტთან გვაქვს საქმე: ქვეყანა, რომელიც ელჩს არ ნიშნავს, ამით გვეუბნება, რომ უკმაყოფილოა საქართველოს არამეგობრული პოზიციის გამო, ამიტომ გადაწყვიტა დაამდაბლოს ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე: თანაც ერთბაშად: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიდან - „მოვალეობის შემსრულებლამდე“.

მცირე ხანს რომ გაგრძელებულიყო ამგვარი სიტუაცია, კიდევ შეიძლება გვეთქვა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ ვერ შეარჩია სათანადო კანდიდატურა, ან რაღაც ბიუროკრატიული პროცედურების შესრულება ვერ მოესწრო, ან პარლამენტმა ვერ განიხილა, ან პრეზიდენტმა ვერ მოიცალა, მაგრამ „ორი წელი“ მეტისმეტად დიდი ვადაა.

ერთი სიტყვით, უეჭველია:  ელჩის არდანიშვნით პრეზიდენტი პოროშენკო გვეუბნება, რომ ნაწყენია საქართველოს ხელისუფლებაზე და ამიტომაც არ ნიშნავს სრულუფლებიან წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს დიპლომატიური მეთოდი მისთვის დამახასიათებელია: ამას წინათ რუსმა პრანკერებმა „დააგოიმეს“, - ვითომდაც ყირგიზეთის პრეზიდენტის სახელით ესაუბრენ ტელეფონით და მერე ეს საუბარი სოციალურ ქსელში გამოუქვეყნეს.

კითხვაზე „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში რჩები თუ გადიხარო“, პოროშენკო ასე პასუხობს: „ჯერ-ჯერობით დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე დავამდაბლეო“.

არ დაგვავიწყდეს: პოროშენკო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო წლების განმავლობაში და ამ ტექნოლოგიებს კარგად იცნობს

ამავდროულად, მას არ აწყობდა  ღია სკანდალი მოეწყო, - საქართველოდან, ელჩი ხმაურით გაეწვია და ა.შ. თუმცა, თავისთავად, ელჩის ამდენ ხანს „არდანიშვნა“, დიპლომატიურ ენაზე, მაინც ტლანქი „შემოლაწუნებაა“ და ვინც საჭიროა, ყველა შეამჩნევს. ხოლო შენიშნა თუ ვერა  პრესამ ან ფართო საზოგადოებამ - მესამეხარისხოვანი საკითხია.

ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ? რა გახდა მიზეზი? რით შეიძლება იყოს უკმაყოფილო უკრაინის პრეზიდენტი? პასუხი იოლად მისაგნებია: პირველ რიგში იმით, რომ საქართველოს ხელმძღვანელებმა რამდენჯერმე უარყვეს მისი მოწვევა, ჩასულიყვნენ კიევში ოფიციალური ან  სამუშაო ვიზიტით. არც უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები მოუწვევიათ  „აქეთ“. ოღონდ, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა; პირველ რიგში იმავე სააკაშვილის ფაქტორი!

როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებაზე უარი მიიღო, ღარიბაშვილის ან კვირიკაშვილის მთავრობას ამაზე კიდევ შეეძლო თვალი დაეხუჭა და რაიმე განსაკუთრებით ხმამაღალი განცხადებაც არ გაუკეთებია, მაგრამ როცა სხვა ქვეყნის მაღალჩინოსანი (ოდესის გუბერნატორი) და პრეზიდენტთან დაახლოებული  პირი ღიად მოუწოდებდა ამ ხელისუფლების დამხობისკენ, აშკარად ერეოდა საშინაო საქმეებში,  მიმართავდა ოპოზიციურ მიტინგებს, გეგმავდა ანტისამთავრობო აქციებს და ა.შ. - მაშინ კი უსაყვედურეს რამდენჯერმე იმავე ციბენკოს თუ მის ადგილმონაცვლეს თბილისში.

როგორც ჩანს, პოროშენკო ამანაც გააღიზიანა; თუმცა პარადოქსული სიტუაცია  იქმნება: სააკაშვილის აქტიურობის გამო ელჩი საქართველოს რომ გამოეწვია კიევიდან და თბილისს მიეღო გადაწყვეტილება დიპლომატიური წარმომადგენლობის „დამდაბლების“ შესახებ, ეს უფრო ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა, თუმცა პირიქით მოხდა.

ალბათ იმიტომ, რომ რაოდენ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს უკრაინა, მაინც სხვა წონითი კატეგორიის ქვეყანაა - პატარა  საქართველოსთან შედარებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და რაც ყველაზე უარესია, აშკარად ცდება თუ ვინმეს ჰგონია, სააკაშვილის გადადგომითა და პოროშენკოსთან ოპოზიციაში გადასვლით საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში  უკეთესობისკენ სწრაფად რაიმე შეიცვლება.

იმიტომ, რომ დიპლომატიური კონფლიქტის აღმოფხვრა, ზოგადად,  ძალიან ძნელი საქმეა: პოროშენკო ასე იოლად ვერ დაიხევს უკან და არავის ათქმევინებს, რომ მისი წინა გადაწყვეტილებები პირადი მოტივებით (ვთქვათ სააკაშვილთან მეგობრობით) იყო განპირობებული.

მან უკვე გადაიყვანა ეს დიპლომატიური კაზუსი სახელმწიფოთშორის რანგში და „სახის დაუკარგავად“ უკან დახევას ასე იოლად ვერ მოახერხებს. ანუ, აუცილებლად მოითხოვს, ჯერ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას რაიმე მკვეთრი და რეზონანსული ნაბიჯი შერიგებისკენ.  

მაგრამ საქართველოს ხომ ელჩი არ გამოუწვევია კიევიდან?  გამოდის, იგულისხმება რაიმე აქცია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე - საერთაშორისო ორგანიზაციებში და ა.შ. თუმცა კვირიკაშვილის მთავრობას მოსკოვთან „რბილი დიალოგის“ კურსი აქვს არჩეული და ამ კურსიდან არ გადაუხვევს.

„შერიგების“ თემა თითქოს შეიძლება გამხდარიყო სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და საქართველოში ექსტრადირება რაზეც პოროშენკოს ზოგიერთი თანაპარტიელი ალაპარაკდა)  თუმცა ჯერ ერთი, უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეობის ჩამორთმევის  პრეცედენტს ვერ დაუშვებს, რადგან კანონის უხეში დარღვევა იქნება; გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას, სინამდვილეში,  სულაც არ აწყობს სააკაშვილის ექსტრადირება, რადგან ნამდვილად არ იციან, მერე რა უყონ.

გელა კალანდაძე 

ავტორი: . .