ENG / RUS       12+

უკრაინული „მიშა“

უკრაინის ყველაზე პოპულარულ თოკ-შოუში, „სავიკ შუსტერთან“ გამოსვლისას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ასეთი რამ თქვა: „პოროშენკოს ბოლო შეხვედრისას ვუთხარი: რა პრობლემები გაქვს იცი კი რეალურად? ჯარისკაცები  არ დაგიცავენ, ხალხს არ უყვარხარ, ვერაფერს მიაღწიე, საერთაშორისო რეპუტაციაც არ გაგაჩნია, ნაძირლები და ქურდები გიჭერენ მხოლოდ მხარს!“

ამ ტირადისა და მთლიანად, ბოლოდროინდელი გრანდიოზული სკანდალის კომენტირებისას, მემარჯვენე-ლიბერალურ მოსკოვურ გაზეთ „კომერსანტის“ მიმომხილველი, მაქსიმ იუსინი, რომელსაც ვერანაირად ვერ უწოდებ „პუტინის მონას“ წერს: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სააკაშვილი, როგორც ფენომენი, უკრაინისთვის საზარელი დესტრუქციული ძალაა. ასეთი დარტყმა პოროშენკოს, როგორც პოლიტიკოსის და უკრაინის, როგორც სახელმწიფოს იმიჯზე, როგორიც სააკაშვილმა მიაყენა  ამგვარი განცხადებებით, პუტინის ყველა პროპაგანდისტისათვის საოცნებო იქნებოდა და ვერანაირად ვერ მოახერხებდნენ, მთელი თავისი რესურსები რომ გამოეყენებინათ“

მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გაიმართოს ევროკავშირის სამიტი, რომელზეც (როგორც უკრაინელები იმედოვნებდნენ) შესაძლოა განხილულიყო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების საკითხი: ყირიმის ანექსიისა და დონბასზე აგრესიის გაგრძელებისთვის. ბუნებრივია, მოსკოვს საკუთარი კონტრ-ზომები ექნება. მაგალითად, სანქციების პირველი ტალღის შემდეგ, რუსეთმა ევროპაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის იმპორტი კი აკრძალა, მაგრამ, მაგალითად, მანქანების და სხვა უამრავი პოზიციის შემოტანა არ დაუბლოკავს; არადა ეს მილიარდობით ევრო და ათი ათასობით სამუშაო ადგილია მთელს ევროპაში.

ამიტომ, ევროპულ ელიტებში პუტინს უამრავი მოკავშირე ჰყავს, რომლებიც მხოლოდ საბაბს ელიან, მხოლოდ „სათქმელს“ ეძებენ, რათა უკრაინას არ დაეხმარონ, საერთოდ „მიაგდონ“, კრემლის წინააღმდეგ ახალი სანქციებით „აუტკივარი თავი არ აიტკივონ“, ხოლო „პოროშენკოს კორუმპირებულობა“, უკრაინის ანტირეფორმატორობა (სამკვდრო-სასიცოცხლო ომის პირობებში) მათთვის შესანიშნავი დემაგოგიური „სათქმელია“, რათა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე აპელირებით, ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანონ ანუ, როგორც მინიმუმ, ახალი სანქციები არ შემოიღონ რუსეთის წინააღმდეგ; ხოლო როგორც მაქსიმუმ, არსებული სანქციებიც კი გააუქმონ ან უკრაინას უარი უთხრან უვიზო რეჟიმზე.

რაც, სხვათა შორის, იმას ნიშნავს, რომ ვერც საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს თუნდაც დეკემბერში, ვინაიდან მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, ევროკავშირი ჩვენს საკითხს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინასთან „ტანდემში“ განიხილავს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ევროპელმა და ქართველმა დიპლომატებმა ასე არ არისო, ფაქტი ჯიუტია: უვიზო რეჟიმი როგორც არ გვქონდა, ისე არა გვაქვს დღემდე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ სააკაშვილი ასეთ სისულელეებზე უკვე აღარ ფიქრობს, რადგან მისთვის ეს წვრილმანია, მას უკრაინაში ბევრად შორსმიმავალი გეგმები აქვს და ბრიუსელის ბიუროკრატიასთან, ან თუნდაც მერკელისა და ოლანდის „სტაფებთან“  სულაც არ აპირებს ამ გეგმების შეთანხმებას.

ამასთან დაკავშირებით, ყურადღება მივაქციოთ სანდრა რულოვსის ერთ ფრაზას ინტერვიუში, რომელიც მან (ჯერ კიდევ 8 ოქტომბრის არჩევნებამდე) მისცა „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“. ევროპის ერთ ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედია-რესურსთან საუბრისას, ყოფილმა „პირველმა ლედიმ“ განაცხადა: „ევროპელებს, ისევე, როგორც რუსებს, უნდათ ჰქონდეთ გავლენის სფეროები უკრაინაში და ჰყავდეთ კიევში მათ მიერ კონტროლირებადი ხალხი. მიშას კი საკუთარი დღის წესრიგი აქვს, რომელიც დამოუკიდებელია ევროპელებისა და ამერიკელებისაგან. ევროპელებს და ამერიკელებს ურჩევნიათ, კიევში საქმე ჰქონდეთ ვიღაც კორუფციონერებთან, ვიდრე მათ მიერ არაკონტროლირებად მიშასთან.  ამიტომ ევროპელები და ამერიკელები ეუბნებიან უკრაინის ხელისუფლებას: ოდესაში გყავდეთ, მაგრამ კიევის პოლიტიკაში და ხელისუფლებაში არ შეუშვათო“ - განაცხადა ქალბატონმა რულოვსმა დიდი ხნით ადრე სააკაშვილის გადადგომამდე.

საინტერესო განცხადებაა არა?

თუ გავითვალისწინებთ, რომ სანდრამ, მისი (ასე ვთქვათ) „პოლიტიკური გამოუცდელობით“, ამ შემთხვევაში აშკარად მიშას აზრები გააჟღერა  უნებლიედ და არა საკუთარი, გამოდის, მიშას სულაც არ ეპიტანვებოდა ბერლინისა და პარიზის სურვილი, „დაებათ“ იგი ოდესაში და „არ მიეშვათ“ კიევამდე, რაკი არც ერთ ევროპელ პოლიტიკოსს არ უნდა, პუტინის ისეთი გაცოფება, რომ მისი მოსისხლე მტერი სერიოზული ფიგურა გახდეს უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებაში. მაგალითად, იქცეს პრემიერ-მინისტრად. ამას პუტინი აუცილებლად გამოიყენებს აგრესიის გასაძლიერებლად იმ არგუმენტით, რომ „სააკაშვილი პროვოკატორია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა მთავარი მესიჯი „გააჟღერა“ მიშამ ოდესიდან წასვლის შემდეგ? რომ იგი იწყებს მზადებას კიევში ხელისუფლების ასაღებად. ოღონდ არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით! რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში რომც დაინიშნოს, პირადად მიხეილ სააკაშვილი  მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან უკრაინის კანონმდებლობით, დეპუტატობისთვის დაწესებულია გარკვეული ქრონოლოგიური ცენზი, რომელსაც მიშა ვერ აკმაყოფილებს; ანუ მას ჯერ იმდენი არ უცხოვრია უკრაინაში, დეპუტატი გახდეს.

ხოლო პოსტსაბჭოთა ამომრჩევლის მენტალობა ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ თუ იგი საარჩევნო სიის სათავეში ვერ ხედავს პოლიტიკოსს, ვის პარტიასაც უნდა მისცეს ხმა, მაშინვე კარგავს  მოტივაციას და სხვას (უამრავს) აირჩევს: „რა აზრი აქვს ხმა მივცე სააკაშვილის პარტიას, თუ თვით სააკაშვილი არ იქნება „რადაში?“.

ძალიან ძნელია მას აუხსნა, რომ დეპუტატობა სულაც არაა აუცილებელი, რათა სააკაშვილი, მაგალითად, უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდეს; ვინაიდან საამისოდ არანაირი „ცენზი“ აღარაა საჭირო - საკმარისია უკრაინის მოქალაქეობა, რაც ქართველ რეფორმატორს უკვე აქვს და ასე იოლად ვერავინ წაართმევს.

გარდა ამისა, თუ სააკაშვილი არჩევნებისთვის ემზადება და არა რევოლუციისთვის; მისი განცხადება, რომ არავისთან აპირებს ბლოკის შეკვრას, უკვე სრულიად უპერსპექტივოა: უკრაინული პოლიტიკური დისკურსისა და ბოლო 25 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურის (თუ მას კულტურა შეიძლება ეწოდოს) ცოდნაა საკმარისი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფებთან „შეკვრის“, მედიის თუნდაც ნაწილის მხარდაჭერის, რეგიონულ ელიტებზე დაყრდნობის გარეშე მაქსიმუმი, რასაც მიშას პარტიამ შეიძლება მიაღწიოს უკრაინულ საპარლამენტო არჩევნებზე (რომც დაინიშნოს ასეთი არჩევნები) იქნება ბარიერის გადალახვა და საკანონმდებლო ორგანოში მცირე ფრაქციის შექმნა. თანაც, თვით მიშას გარეშე, რაც მას იმთავითვე დაასუსტებს. მით უმეტეს, როდესაც უკლებლივ ყველა ტელევიზია სწორედ იმ „ელიტებს“ ეკუთვნით, ვისაც სააკაშვილმა, ჩვეული რადიკალიზმით, ახლა ტოტალური ომი გამოუცხადა.

სინამდვილეში, მან  ომი გამოუცხადა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ უკრაინის მთელს პოლიტიკურ კლასს და მთლიანობაში, უკრაინულ ისტებლიშმენტს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თითქოსდა, ასევე მოიქცა იგი 2002 წელს საქართველოში, ოღონდ საქართველოში მიშა ხელისუფლების სათავეში მოვიდა არ არჩევნებით, არამედ ამ ელიტების დამხობითა და რევოლუციით.

აქვს კი მას შესაბამისი რესურსები უკრაინაში?

მთავარი კითხვა ამ დისკურსში შემდეგია: გააჩნია  კი მიშას უკრაინაში ისეთი უალტერნატივო პოლიტიკური ქარიზმა, როგორიც ჰქონდა საქართველოში რევოლუციის დროს? პასუხი: არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს; ჯერ ერთი, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ 2003 წელს საქართველოში ყოფილიყო რამდენიმე ისეთივე გავლენიანი, ისეთივე ქარიზმატული და პოპულარული პოლიტიკური ფიგურა, როგორიც სააკაშვილი.  შეძლებდა მიშა ერთპიროვნული ლიდერი გამხდარიყო?

თუ არც იულია ტიმოშენკოსთან  გეგმავს  კავშირს, არც უკრაინელ ნაციონალისტებთან, არც საერთოდ არავისთან, მაშინ როგორღა აპირებს „მაიდან-3“-ის განხორციელებას? რომც დაიწყოს ეს „მაიდან-3“ (რაც უბრალოდ წარმოუდგენელია დასავლეთის წინააღმდეგობისა და რუსული აგრესიის ფონზე) მიშა ვერანაირად ვერ იქნება ერთადერთი ან თუნდაც ყველა სხვაზე გავლენიანი ლიდერი.

იმ თეორიულად (მაგრამ მხოლოდ თეორიულად) შესაძლო  „მაიდანს“ სხვა ლიდერები(ც) ეყოლება, - ბევრად ქარიზმატული და გავლენიანნი, ვიდრე სააკაშვილია; იმიტომ, რომ აქ ერთვება კიდევ ერთი სისტემური სხვაობა 2003 წლის „ვარდების რევოლუციასა“ და უკრაინულ სიტუაციას შორის: მიშა უკრაინაში მაინც უცხოელია!

რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, „მე და პოროშენკო დაახლოებით ერთ დროს ჩავედით კიევში, უბრალოდ ის მოლდოვადან, მე საქართველოდანო“, - ეს ხომ აშკარა დემაგოგიაა? ჯერ    ერთი, პოროშენკოს მთელი ცხოვრება, მთელი კარიერა, კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში „მოწყობის“ შემდეგ,  უკრაინას უკავშირდება და არა სხვა რომელიმე ქვეყანას (თუნდაც იმავე მოლდოვას); გარდა ამისა, ბოლოს და ბოლოს, პოროშენკო ეთნიკურად უკრაინელია, სააკაშვილი კი არა.

კი ბატონო, უკრაინული საზოგადოება საკმარისად ტოლერანტულია ამ თვალსაზრსით, მაგრამ არც იმდენად, რომ საერთონაციონალურ ლიდერად, მით უმეტეს რევოლუციურ პროცესში, ეთნიკურად არაუკრაინელი აქციოს!

ანუ, ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის შანსი უკრაინაში  თითქმის აბსოლუტური ნოლის ტოლია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება ზოგადად, ქართველ რეფორმატორთა უკრაინაში დამარცხების მიზეზს, იგი მარტივია: უკრაინაში მათ ვერანაირად ვერ ექნებოდათ ისეთი კომფორტი, რომ პარლამენტს ერთ საათში სამი მოსმენით მიეღო ნებისმიერი რეფორმატორული კანონი. თანაც, არა მხოლოდ „ოლიგარქთა წინააღმდეგობის“ გამო, როგორც ახლა ცდილობენ წარმოაჩინინონ, არამედ იმ სისტემური მიზეზით, რომ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო ძლიერი და პასიონარულია, ვიდრე საქართველოში.

მაგალითად:  ეს საქართველოში შეიძლებოდა „უმტკივნეულოდ“ გადაგეწყვიტა  ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემა იმით, რომ კილოვატსაათის ღირებულება 8 თეთრიდან ერთბაშად  18 თეთრამდე გაგეძვირებინა, როგორც სააკაშვილ - ნოღაიდელის მთავრობამ გააკეთა 2004 წელს, ხოლო სისხლმოწყურებული ხალხისთვის ის საცოდავი ექს-მინისტრი დათო მირცხულავას ციხეში ჩასმა მიგეცა „კომპენსაციის“ სახით, თითქოს ის იყო ყველაფერში დამნაშავე 1992 წლიდან. 

უკრაინაში ამგვარი ხრიკი არ გამოვა: რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, „ფასების გაძვირებით ოლიგარქებს ვებრძვითო“, გამოვა ის გაგიჟებული ხალხი და ამგვარ „რეფორმატორებს“ უმალ  დაამხობს! სწორედ ამიტომ არ ჩქარობდა და ვერ ბედავდა პოროშენკო რადიკალური რეფორმების გატარებას სხვადასხვა სფეროში, ვინაიდან, არანორმალურად დაბალი ფასების ზრდის გარეშე ეს შეუძლებელია, ხოლო გაძვირება, მით უმეტეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს,  მომაკვდინებელი რისკის მატარებელი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

განა ეს ყოველივე არ იცის მიშამ?  შესანიშნავად იცის. სინამდვილეში, მისი რიტორიკა იმ პოლიტიკოსის რიტორიკაა, რომელიც საკუთარი პოტენციალის „დაკონსერვებას“ ცდილობს ახლა, რათა დაელოდოს ცვლილებებს, დაელოდოს პროცესთა განვითარებას და მაშინ ამოქმედდეს, როდესაც მისი დრო დადგება.

არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც.

ამიტომაც აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ, არაკონკრეტულ, ძალიან ბუნდოვან განცხადებებს იმავე ქართულ პოლიტიკაში საკუთარ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომ ვერ გაიგებ, ბოლოს და ბოლოს აქ მაინც რა უნდა და რას აპირებს.  

მიშა „პოლიტიკური ცხოველია“ და იცის: პოლიტიკოსი ცხოვრობს და მოქმედებს კონკრეტულ სიტუაციაში - „აქ და ახლა“. მისთვის მთავარია, არავის დაავიწყდეს და მუდამ ქმნიდეს შთაბეჭდილებას, თითქოს  აქვს გეგმა, რომლის შესახებ მხოლოდ მან იცის. თუნდაც (ჯერ) არანაირი კონკრეტული გეგმა არ გააჩნდეს და უბრალოდ თავის დროს ელოდებოდეს „იქ და მაშინ“, სადაც სიტუაცია „მომწიფდება“.

 საქართველოში? მაშინ საქართველოში! უკრაინაში? მაშინ უკრაინაში.  ამას დიდი მნიშვნელობა მისთვის მართლა არა აქვს.

უნდა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს ადამიანი მოქმედებს საკუთარი მენტალური კოდექსის, საკუთარი პიროვნული, მათ შორის „ფსიქოლოგიური კონსტიტუციის“ შესაბამისად, რომელიც ფიზიოლოგიურად (!) გამორიცხავს პასიურობას და სასიცოცხლოდ მოითხოვს მუდმივ აქტიურობას, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას და გარემოს საკუთარი ღირებულებების თუ მისწრაფებების შესაბამისად გარდაქმნის ინტენციას.

ეს ფსიქოლოგიური ტიპაჟი „არახალია“ კაცობრიობის ისტორიაში. ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება. ბევრჯერ  პროგრესული როლიც შეუსრულებია. თუმცა პირიქითაც ხშირად მომხდარა. უბრალოდ დროს და გარემო-პირობებს გააჩნია, რაკი ერთი ბრძნულზე -  ბრძნული გამოთქმის შესაბამისად, „დრონი მეფობენ“!

თუ დადგება მისი „დრო“, იფეთქებს აქ,  - იქ, საქართველოში, -  უკრაინაში, ყველგან, სადაც წვდება მისი ვნება;  თუ არა და დარჩება ფსიქოლოგიურად მჭმუნვარე, მშფოთვარე, ტანჯულ, „არტახებშეკრულ - ბორკილდადებულ“ მდგომარეობაში.

გადატანითი მნიშვნელობით, რასაკვირველია.

დავით ავალიშვილი 

ავტორი: . .