ENG / RUS       12+

რატომ მიდიან (ხოლმე) ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართული პოლიტიკიდან?

 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ლამის „ისტორიის დასასრულად“ იქცეს. იაპონელ-ამერიკელი ფილოსოფოსი ფრენსის ფუკუიამა ახლა კი ამტკიცებს, „არასწორად გამიგეთ და პოლიტიკური ცხოვრების დასასრული“ სულაც არ მიგულისხმიაო, მაგრამ ჩვენც ხუმრობით მივბაძოთ და ვთქვათ, რომ არც ჩვენ ვგულისხმობთ ქართული ისტორიის დასასრულს მას  შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ახალ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა და ჭორვილელი ექსცენტრიული მილიარდერის, ასე ვთქვათ, „გულწრფელი“ განცხადებები „2030 წლამდე სულ მე ვიქნებიო“, უკვე აღარც ისეთი სისულელე ჩანს, როგორც ზოგიერთებს უნდოდათ ან ეჩვენებოდათ.

უფრო ზუსტად, ეჩვენებოდათ, რაკი ასე უნდოდათ.

ხოლო ეს „რაკი“ იმ მეორე „რაკი“ - დან გამომდინარეობს, რომ თავი რასაკვირველია, „ამ ჭორვილელზე“ ბევრად ჭკვიანი ჰგონიათ. შესაძლოა გენიოსი მართლა არ იყოს, მაგრამ დიდი აინშტაინი გვასწავლიდა, „ამქვეყნად ყველაფერი ფართობითია ღმერთის და სინათლის სისწრაფის გარდაო“; ამიტომ იმათ, ვისაც „რაკი“, - ეს მარტივი კითხვა აუცილებლად უნდა დავუსვათ  8 ოქტომბრის შემდეგ: თუ ასეთი ჭკვიანები ხართ, ხოლოის ჭორვილელიასეთი უნიჭოა, მაშინ ასე სამარცხვინოდ  რატომ წააგეთ? და, რაც მთავარია, რატომ ხდება ის, რაც რეალურად ხდება ამ არჩევნების შემდეგ?

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხდება კი ის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი უბრალოდ ინგრევა!

სანამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის (ანუ დავით უსუფაშვილის პოლიტიკიდან წასვლის) შესახებ ვიმსჯელებდეთ, „ზოგ-ზოგი სხვა წვრილმანნი“ უნდა გავიხსენოთ; მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლოდროინდელი პრაქტიკიდან.

ოღონდ, აქ მარტო ის სკანდალი კი არ არის საგულისხმო, როცა მიშამ მოუწოდა, არ შესულიყვნენ პარლამენტში, „ამათ“ არ დაუჯერეს, სანდრამაც უცნაური პაუზა აიღო და მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა განცხადება მეორე ტურში „არმონაწილეობის“ შესახებ, რაც პირველი ტურის დამატებითი კენჭისყრები წააგო და მიხვდა: კონკურენტს მეორე ტურში ვერაფრით აჯობებდა; კიდევ უფრო საინტერესოა   სანდრაზე ბევრად უფრო ნიშანდობლივი ისტორიული (!) ფიგურის, მიხეილ მაჭავარიანის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან სამუდამოდ „განრიდების“ თაობაზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიშა მაჭავარიანი მოდის იმ პროცესთა სათავეებიდან, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით დაიწყო 1994 წელს, როცა შევარდნაძემ პოლიტიკაში „მოიყვანა“ ზურაბ ჟვანია, ხოლო ზურაბ ჟვანია მასთან „მიიყვანა“ თავისი გუნდი - ჯერ მიშა მაჭავარიანი, მერე კი მიშა სააკაშვილი.

მას შემდეგ მიშა მაჭავარიანი არა უბრალოდ „გუნდის წევრი“, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პერსონა, „გადაწყვეტილებების მიმღები“ და „საარჩევნო პოლიტტექნოლოგი“ იყო ხათუნა გოგორიშვილთან ერთად;

მის გარეშე ეს გუნდი თითქმის წარმოუდგენელია!

აი, სწორედ ამ (ასეთმა) ფიგურამ გააკეთა განცხადება „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის მემკვიდრე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მთლიანად პოლიტიკიდან წასვლის შესახებ!

 მაგრამ ეს კი არაა ყველაზე ნიშანდობლივი, არამედ ის, თუ როდის გააკეთა მან ეს განცხადება: არა მეორე ტურის შემდეგ, არამედ მეორე ტურამდე, როდესაც მისი ყოფილი გუნდისთვის ყოველ ხმას, ყოველ მოსულ და „არაგულგატეხილ“ ამომრჩეველს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

კი მაგრამ,  დაელოდე რა, სულ რამდენიმე დღე, - ჩაიაროს მეორე ტურმა და მერე გააკეთე განცხადება, მერე წადი „დამსახურებულ პენსიაზე“, - რატომ უფუჭებ საქმეს გუნდს, ისევე, როგორც სანდრამ „მიაყენა ზიანი“ - მათივე აღიარებით?

მაგრამ ამ ნიუანსით (განცხადების გაკეთების უცნაურად შერჩეული მომენტით) ჩანს, რომ ეს არა უბრალოდ გულაცრუება, არამედ, ისევ და ისევ, (საქართველოსთვის სწორედაც   „ისევ და ისევ!“) „ჯინაზე მოქმედება“  და წყენის გამოვლინება იყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, რაც შეეხება ირაკლი ალასანიას. უკვე დადასტურებული ცნობებით, ის სამუდამოდ გაემგზავრა საქართველოდან. მისი ოჯახი დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკის მოქალაქეები არიან და თვით ირაკლი ალასანიასაც, როგორც ამერიკის „სპეციალიზებულ  ორგანიზაციათა“ დიდი ხნის და საიმედო პარტნიორს, აქვს შესანიშნავი შანსი, უპრობლემოდ მიიღოს (თუ უკვე არა აქვს) ამერიკის მოქალაქეობა.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც „თავდემებმა“ არჩევნები  წააგეს, ერთ-ერთმა განსასჯელმა, სააპელაციო სასამართლოზე, ასეთი „საცნაური“ განცხადება გააკეთა: როგორ შეიძლებოდა, მგვარ ცენტრალიზებულ სისტემაში, როგორიც თავდაცვის სამინისტროა, ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მინისტრის გარეშე ყოფილიყო მიღებულიო“.

მართლაცდა, როგორ შეიძლებოდა?

 ეს ყოველივე  ისტორიას კიდევ უფრო მეტ პიკანტურობას სძენს. ამ ფონზე უკვე ალასანიას  ყოფილი პარტნიორების გათამაშებული ტრაგიკომედიაც კი აღარ გამოიყურება რაიმე „ნოვაციად“ არათუ ქართულ პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკური „პარტიტურის“ რაიმე,  მდარე ხარისხის  ოპერეტაში.

ხოლო  ალასანიას თემის ერთხელ და სამუდამოდ ამოწურვით (როგორც ჩანს,  მას საქართველოში უკვე თვალითაც ვეღარავინ იხილავს ვერასდროს) ერთი ზოგადი ხასიათის დასკვნა აუცილებლად უნდა „დაიდოს“ აქვე: ამ ქვეყანაში ორი რამ აბინძურებს ბავშვობის, ანუტრუ.....კის მეგობრობას“: საერთო ბიზნესი (ესე იგი ფული) და პოლიტიკა!

 მხოლოდ ამ ორი ფენომენის გამო შეიძლებოდა ერთმანეთს ასე (!)  დაშორდებოდნენ ის ადამიანები (გამგები გაიგებს ვისაც ვგულისხმობ) ვინც ლამის საბავშვო ბაღიდან ერთად იყვნენ. ამიტომ, თუ ბავშვობის მეგობრების შენარჩუნება გსურთ, ამ ორ საზიზღრობაში (პოლიტიკაში და საერთო ბიზნესში) მათ ჩართვას ერიდეთ მუდამ - შეხვდით ხოლმე ხანდახან, მოესიყვარულეთ და ილაპარაკეთ ფეხბურთზე. . . . . . ან გაიხსენეთ „შატალოზე“ როგორ წახვედით მერვე კლასში და პირველად როგორ „დააბით ნაშა“. თორემ იმაზე ახლო და დიდი ხნის მეგობრები, ვიდრე „ესენი“ იყვნენ, - იშვიათიც კია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და მთავარი: დავით უსუფაშვილი!

 ისევ „ტრაგიკომიკურობით“ რომ დავიწყოთ, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობდა და „პროცენტნახევარი“ მიიღო, ეწოდებოდა უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“.

თუმცა, ბევრად სამართლიანი  და სწორი იქნებოდა რქმეოდა (ამას მხოლოდ ჰიპოთეტურად ვამბობ) ძმები ბერძენიშვილები-რესპუბლიკელები“. იმიტომ, რომ ეს პარტია, რომელსაც ხან ივლიანი ხაინდრავა ხელმძღვანელობდა, ხან იგივე დათო უსუფაშვილი, ახლა ვინმე სამნიძე ხელმძღვანელობს, სინამდვილეში ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება „ქართული ლიბერალიზმის აიათოლლების“, - დათო და ლევან ბერძენიშვილების პარტია!

 სანამ ისინი იქნებიან „რესპუბლიკელები“, მანამ იქნება „რესპუბლიკური პარტია“. თუ ისინი აღარ იქნებიან ამ პარტიის წევრები, მაშინ ეს უკვე აღარ იქნება „რესპუბლიკური პარტია!“

 მორჩა და გათავდა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიზეზების თაობაზე. ანუ, „რატომ გააკეთა ეს უსუფაშვილმა?“.

ისევ მნიშვნელოვან ნიუანსებს დავაკვირდეთ: ასეთი ნირწამხდარი, როგორც გამოსამშვიდობებელი ბრიფინგის დროს, დათო უსუფაშვილი არავის ახსოვს მისი ბოლო 25 წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში!

ჩვენი გენიალური დედა-ენის სემანტიკა გვაძლევს საშუალებას მივაგნოთ იმგვარ განსაზღვრებებს, რომლებიც სხვა არც ერთ ენაში არ მოიძევება: არა „დაბნეული“, არა „შეწუხებული“, არა „გულგატეხილი“, არა „იმედგაცრუებული“, არა „ნაწყენი“, არამედ სწორედ ნირწამხდარი!

და მართლაც, არასდროს დღემდე, დათო უსუფაშვილი ჩვენ „ასეთი“ არ გვინახავს!

რა მოხდა სინამდვილეში?

ამ კითხვის დასმაც იმიტომ გვიხდება, რომ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ის ქართველი პოლიტიკოსები  რომლებიც ასეთ თუ  მსგავს განცხადებებს აკეთებენ („გირჩი“, მერე ვაშაძე, მაჭავარიანი, ალასანია, პეტრიაშვილი, ცაგარეიშვილი და ა.შ) არასდროს ამხელენ, რა გახდა კონკრეტულად(!) მათი გადაწყვეტილების მიზეზი;  კონკრეტულად (!) რას ეხებოდა ის უთანხმოება, რამაც საბოლოოდ განხეთქილება გამოიწვია, რა საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ, რაზე კამათობდნენ საგნობრივად . . . . .  კოლეგა-ჟურნალისტების ამ ბუნებრივ და აბსოლუტურად ლეგიტიმურ კითხვას: „მაინც რა იყო დისკუსიის საგანი, მაინც რაზე ვერ შეთანხმდით კონკრეტულად“, მუდამ მოსდევს  ცრუპენტელური პასუხი: „შიდაპარტიულ სამზარეულოზე ნუ გვალაპარაკებთ, ეს არ არის საინტერესო თქვენი მაყურებლისთვის“;

 არადა აშკარა თვალთმაქცობაა, რადგან სწორედაც ესაა ყველაზე საინტერესო და სწორედ ეს აინტერესებს ყველაზე მეტად მაყურებელს:

ისევე, როგორც განსახილველ  შემთხვევაში, უსუფაშვილთან დაკავშირებით: მაინც რაზე ვერ თანხმდებოდნენ კონკრეტულად, იგივე ძმები ბერძენიშვილები და დავით უსუფაშვილი?

ამას არ ამბობენ და ყველანაირად ცდილობენ დაგვიმალონ.  მაგრამ, საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება შევაჯეროთ ფაქტები და დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რა მოხდა და რაში (იყო) საქმე.

ამაში დაგვეხმარება სხვა ფაქტები და განცხადებები: მაგალითად, გიორგი ბარამიძეს ამას წინათ წამოსცდა, რომ მას შემდეგ, რაც „თავდემებმა“ (მერე „ეროვნულმა ფორუმმა“) კოალიცია დატოვეს, სერიოზულად განიხილებოდა „ალასანიას პარტიის“, „ფორუმის“, „რესპუბლიკელების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება პარლამენტში!

მარტივი არითმეტიკით შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკელები“ დათანხმდებოდნენ! სხვა ყველა თანახმა იყო. ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც, რომ უსუსტესი ირაკლი ღარიბაშვილი თავად გადაეყენებინათ მანამ, სანამ მის გადაყენებას ბიძინა ივანიშვილი მოასწრებდა.

ამის შემდეგ კი შეიქმნებოდა ახალი კოალიციური მთავრობა, ყველა „ნაციონალი“ თუ „თავისუფალი დემოკრატი“   პატიმარი გამოვიდოდა ციხიდან და ა.შ.

ძმები ბერძენიშვილები ამაზე ფიქრობდნენ. ამით აიხსნება, რომ სწორედ ლევან ბერძენიშვილმა გააჟღერა პრინციპული წინადადება „თემატური კოალიციის“ შესახებ, ანუ ისეთი ხელშეკრულების გაფორმებისა „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც მოიცავდა რამდენიმე პრინციპულ მომენტს; მათ შორის კოალიციიდან თოფაძე-ტყემალაძის გაგდებას „ნატო“ - ზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებების საბაბით და ა.შ და ა.შ.

ეს საკითხი „აიათოლლებმა“ პრინციპულად დასვეს კოალიცია „ქართული ოცნების“ საბჭოზე. მაგრამ უარი მიიღეს. მაშინ „რესპუბლიკელებში“ დაიწყო დისკუსია იმაზე, გამოეყენებინათ თუ არა სასტიკი უარი საბაბად (!) კოლიციიდან „კარის გამოსაჯახუნებლად“ და „ნაციონალთა“ წინადადების მისაღებად, რისთვისაც ყველაფერი უკვე მზად იყო „კაზუს ბელის“ ჩათვლით.

მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. ამ წინააღმდეგობის მიზეზი რა იყო, ეს ყველაზე რთული კითხვაა: შეიძლება ის, რომ „ბატონი ბიძინას“ მიმართ ამგვარი საქციელი, „კახურად“ თუ არ ვიტყვით, ნაძირლობად მიაჩნდა, ან სხვა რაიმე მიზეზით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 აქვე: სწორედ მაშინ დადასტურდა, რამდენად ეშმაკური გადაწყვეტილება მიიღო იმავე ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც უსუფაშვილის ზე-უშველებელი ამბიციის მეუღლე თავდაცვის მინისტრად დანიშნა! სულ ბოლოსაც კი, სანამ ყველაფერი უაზროდ არ იქცა არჩევნების კარზე, ისე „ეჭიდებოდნენ“ ამ პოსტებს, რომ ნამდვილად არ ეთმობოდათ. „ბუნების დაცვის მინისტრმა“ საერთოდაც თავისი გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა ოღონდ კი „პრემიერის გუნდში“ დარჩენილიყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამრიგად, ეს შიდაპარტიული დისკუსიები, რომლის ნაწილი „რესპუბლიკელთა“ ფორმალურმა თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ  ფრთხილად გაამხილა ბოლო ინტერვიუებში, იმას ეხებოდა, რა „მოდუს ვივენდი“ გამოეძებნათ კოალიციის შიგნით ისე, რომ ერთის მხრივ პოლიტიკური რენომე არ დაეკარგათ, ხოლო მეორეს მხრივ, გადაწყვეტილებებზე გავლენის ბერკეტები შეენარჩუნებინათ და, ბუნებრივია, შეენარჩუნებინათ პოსტებიც - პარლამენტის თავმჯდომარისა იქნებოდა თუ თავდაცვის მინისტრის.

არც ერთი წუთით არ დაგვავიწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი: დავით უსუფაშვილი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ(!) გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში და ამას დღემდე ხსნის იმით, რომ სურდა კომუნისტური ხელისუფლება   „შიგნითყოფნით, ან შიგნიდან მუშაობით გაეკეთილშობილებინა!  ესე იგი, მისი თქმით  „გარედან ხომ ვერ გავაკეთილშობილებდი კომპარტიას, მაგრამ „შიგნით ყოფნით“ მეტი შემეძლებოდაო“.

ახლა ასევე გვიხსნის: „გარედან ვერ გავაკეთილშობილებდით  „ქართულ ოცნებას“ და შიგნიდან ყოფნით ბევრს მოვახერხებდითო. გარდა ამისა, ისიც საკითხავია, რა უფრო „დაარტყამდა“ რესპუბლიკელთა რენომეს: ქართულ ოცნებასთან „გაყრა“ თუ მიშას პარტიასთან „შეკვრა“.

არც ისე  იოლი კითხვაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

დათო უსუფაშვილი საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია; ძალიან მაღალი თანამდებობაც ეკავა საიმისოდ, ამ შიდა-პარტიულ ბრძოლაში თუ დისკუსიაში თავისი სიტყვა ეთქვა. . . . . . .  როგორც ბოლო 4 წლის ისტორიამ დაადასტურა, არც ე.წ. „აპარატული ინტრიგებია“ მისთვის უცხო და აქაც ნიჭიერად მოქმედებდა, მაგრამ . . . . .  სწორედ ამ დროს  ჩაერთო ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც 8 ოქტომბრის შემდეგ უზარმაზარ „ლოდად“ დაეკიდა   უსუფაშვილის კისერზე: ამოდენა კაცირომ ასე სამარცხვინოდ  წააგებ საკუთარ რაიონში არჩევნებს . . . .  თანაც ვისთან? ვისთან?! - ლევან გოგიჩაიშვილთან???!!! . . . აქ უკვე მართლა ყველაფერი დამთავრებულია და ნებისმიერ შენს არგუმენტს, რაბრძნულიდაჭკვიანურიცარ უნდა იყოს, რა წარსული დამსახურება და ავტორიტეტიც არ უნდა გქონდეს, ესლოდიმაინც ჩაგძირავს.

და ჩაძირა კიდეც.

სამუდამოდ.  

გელა კალანდაძე

 

ავტორი: . .