ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების კონფიდენციალურობის მიზეზით ეკონომიკის სამინისტრო „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს“ მიერ სახელმწიფოსთვის ფოთის თიზ-ის 85%-იანი წლის დათმობის დეტალებზე არ საუბრობს.
სამინისტროში ჯერ არც ის იციან, დარჩება თუ გასხვისდება მათ საკუთრებაში გადასული თიზ-ის წილი, - ამის შესახებ საუბარია ეკონომიკის სამინისტროს მიერ GHN-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხებში.
1.რატომ გავიდა შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ „თიზ“-დან?
ინფორმაციის სისწორისთვის დავაზუსტებთ, რომ თიზ-ის მმართველი გახლდათ „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“, რომლის შვილობილი კომპანიაა შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია.“
აქვე აღვნიშნავთ, რომ „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ თიზ-დან სრულად არ გასულა, მის საკუთრებაში რჩება „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 15 პროცენტი.
რაც შეეხება დანარჩენი 85 პროცენტის სახელმწიფოსთვის გადმოცემას, ეს გადაწყვეტილება ინვესტორმა თავად მიიღო შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიაზე“ დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების სანაცვლოდ.
2.რა ვალდებულებები ვერ შეასრულა ინვესტორმა და რატომ დაეკისრა პირგასამტეხლო? რა მოცულობის თანხა ჩამოეწერა სანაცვლოდ კომპანიას?
შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიამ“ ვერ შეასრულა თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 25 მაისის და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას და სხვა დეტალებს, ეს ინფორმაცია ხელშეკრულების მიხედვით კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება საჭიროებს კომპანიის თანხმობას
3. თიზ-ის 85%-იანი წილის სახელმწიფოსთვის გადმოცემის შემდეგ, რას უპირებს სახელმწიფო აღნიშნულ აქტივს? როგორ აპირებს მის განვითარებას? შეეცდება ინვესტორის მოძიებას?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი შენარჩუნებულია და თიზ-ი განაგრძობს განვითარებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ინვესტორი თიზ-იდან სრულად არ გასულა და ის კვლავ რჩება 15 პროცენტის მფლობელად.
4. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რაკია“ საქართველოში სხვა აქტივების გასხვისებასაც გეგმავს. ფლობთ თუ არა აღნიშნულ ინფორმაციას და რატომ აღარაა საქართველო ინვესტორისთვის მიმზიდველი?
-ჩვენ არ ვეთანხმებით კითხვაში გამოხატულ მოსაზრებას, რომ „საქართველო ინვესტორებისთვის არამიმზიდველი ქვეყანაა“. საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, არსებული ლიბერალური გარემო და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით გამორჩეული ქვეყანაა. რაც შეეხება კითხვას კერძო კომპანიის აქტივების გასხვისების გეგმების შესახებ, მასზე პასუხის გაცემა სცილდება სახელმწიფო უწყების კომპეტენციას.
5. რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ფოთის აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით?
სს „ფოთის აეროპორტი“ სახელმწიფოს ახლახანს დაუბრუნდა, შესაბამისად, პოზიცია ფოთის აეროპორტთან დაკავშირებით მოგვიანებით იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტი, 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა. საქართველოს მთავრობის №1901 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ გათავისუფლდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 25 მაისის და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა საკუთრების უფლება შპს „ რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 85%-იან წილზე და შეწყდება სს „ფოთის აეროპორტის“ 98.26% აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება“.
შესაბამისად „თიზ“-ში„ რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს “ წილი 15%-ია, ხოლო საქართველოს სახელმწიფოსი კი 85%-ი.