ENG / RUS       12+

26 მაისის გამოძიება: წინასაარჩევნო თამაშები და „სამასმეათე ქართული სირცხვილი“

2011 წლის 26 მაისი,  თვით იმ „26 მაისს“, ანუ „დამოუკიდებლობის დღეს“, რასაკვირველია, ვერ დაჩრდილავს,  მაგრამ ამ დღესასწაულს და, შესაბამის სამხედრო აღლუმს კი გაჰყვება დიდ სირცხვილად - ლევან სანიკიძის ცნობილი ესსეს გაგრძელებით: „309 ქართული სირცხვილი“.

„სამასმეათემდე“ თითქოს სხვებიც მრავლად იყო ბოლო 25 წლის მანძილზე . . . . . . . . . .   ახლაც ბევრია, მაგრამ „ეს“ მაინც გამორჩეულია და აი, რატომ: როგორც ირკვევა, „კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის“ უფროსი, დათა ახალაია, რომელიც „გირგვლიანის საქმის“ შემდეგ თითქოს გადააყენეს, რაღაც მანქანებით, იმ ღამეს მაინც თანამდებობაზე იყო და „სპეცნაზელებს“ ფულად ჯილდოსაც ჰპირდება მათი მოტივაციის ასამაღლებლად: „მეტი დაკავებული, - მეტი პრემია!“.

ეს სპეცდანიშნულების რაზმი, (ანუ როგორც მას უწოდებდნენ, „კუდის სპეცნაზი“), 2008 წლის 8 აგვისტოს, კბილებამდე შეიარაღებული, „სამხრეთ ოსეთში“ შევიდა; თუმცა დღე-ნახევრის შემდეგ უკვე სამშვიდობოს (თბილისის ბაზაზე) აღმოჩნდა და ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ შეჰპირდა (ან ვერ შეჰპირდა - ალბათ „გირგვლიანმა“ შეუშალა ხელი) დათა ახალაია ამ ბიჭებს პრემიას აგვისტოს ომის დროს, რათა ისეთივე შემართებით და ვაჟკაცურად ებრძოლათ ქვეყანაში შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ, როგორც საკუთარ უიარაღო თანამემამულეებს უსწორდებოდნენ რუსთაველზე.

მეორე კითხვაც ჩნდება რუსული „ГРУ“-ს თაობაზე დედა-შვილ ბურჯანაძის „ხმატკბილი“ საუბრის კონტექსტში: 2011 წლის 26 მაისს „ГРУ-ს სპეცნაზი“ რუსთაველზე მართლა რომ გამოჩენილიყო, ახალაიას დაპირებული „პრემია“ მაშინ მაინც თუ შეასრულებდა იმ სტიმულის როლს რაც 2008 წელს ვერ შეასრულა კარალეთთან?

ვეჭვობთ ვერა, რადგან ის მხეცური, აბსოლუტურად არაადექვატური სისასტიკე, რაც მაშინ უიარაღო ადამიანების წინააღმდეგ გამოიჩინეს ამ „ვაჟკაცებმა“, არა მხოლოდ გოიმური არაპროფესიონალიზმის გამოვლინება იყო (ეს თავისთავად), არამედ, პირველ რიგში პირუტყვული შიშისა! ფსიქოლოგიური ანა-ბანაა, რომ სისასტიკე ხშირად შიშის „ფუნქციაა“, და თუ უიარაღო მომიტინგეებისა ასე შეეშინდათ, „ГРУ-ს სპეცნაზის“ დანახვაზე რაღას იზამდნენ საბრალონი?

როგორც მინიმუმ, საზეიმო სამხედრო აღლუმი ჩაიშლებოდა - ცენტრალურ გამზირზე არსებული „სურნელის“ გამო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ოცნებამ“ საკმაოდ ეშმაკური სვლა გააკეთა წინასაარჩევნოდ ამ ვიდეოს გამოქვეყნებით: ზუსტად გათვალეს, რომ იმ სამარცხვინო, სისხლიანი მოვლენებიდან უკვე ხუთ წელზე მეტი გავიდა, ადამიანებს აღარ ახსოვთ მაშინდელი არეულობა ოპოზიციაში, აღარც ბურჯანაძეების ცინიკური, აღმაშფოთებელი საუბარი  „ГРУ-ს სპეცნაზზე“ და არც ის, თუ ვინ დატოვა პირველმა რუსთაველი.

სამაგიეროდ, ნორმალური ადამიანისთვის „დღეს და ახლა“ მართლა შემაძრწუნებელია  ფრაზა - „მეტი დაკავებული - მეტი პრემია“ - და პოლიციის ველური მხეცობა, რაც უხვად დააფიქსირეს ვიდეო თუ ფოტო ობიექტივებმა. ვიდეო-კადრები „კუდ“-ის ოპერატორმა გადაიღო. იმავე რაზმის ფოტო-ოპერატორი კი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე იყო, რომელმაც (ტელეოპერატორისგან განსხვავებით) მასალა  მაშინვე გაავრცელა კოლეგების მეშვეობით და სწორედ ამისთვის დაიჭირეს.

ბუნებრივია, „მეტი დაპატიმრებული - მეტი პრემია“ ან ეს კადრები,  „ნაციონალთა“ მომხრეებს აზრს ვერანაირად ვერ შეაცვლევინებს, მაგრამ იმოქმედებს მერყევ, გაურკვეველ, „გადაუწყვეტელ“ ამომრჩეველზე. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს ამ უკანასკნელს სისასტიკე შეაძრწუნებს: უბრალოდ იფიქრებს, რომ „ნაციონალთა“ დაბრუნება ქვეყანაში დაპირისპირებას გამოიწვევს,  ამომრჩეველთა   ამ  კატეგორიის უდიდესი ნაწილი კი მშვიდობის (უფრო ზუსტად სიმშვიდის) მოყვარული, კეთილი ობივატელია და ოჯახური მყუდროების გარდა ბევრი არც არაფერი აინტერესებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„26 მაისის“ საქმეზე ვანო მერაბიშვილს უკვე მისჯილი აქვს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამიტომ ახალი სისხლის სამართლის ქეისი მის მდგომარეობას  ვერ დაამძიმებს. ოღონდ ეს არ ნიშნავს, თითქოს 2018 წლისთვის „გარეთ“ გამოვა: მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული -  ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე და თუ ამ ბრალდებით მიესაჯა, წლები კიდევ დაემატება.

 მაგრამ პროკურატურის მიერ „26 მაისის“ გახსნა სხვა მიზეზითაცაა ძალიან საინტერესო მოვლენა: განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ამ საქმეზე ხან იჭერდნენ, ხან ათავისუფლებდნენ (როგორც დათო უსუფაშვილმა თქვა გრიგოლიასთან) „სპეცნაზის“ იმდროინდელ უფროს ვასილ ლილუაშვილს.

როცა მერაბიშვილის სასამართლოზე ეს ბრალდება განიხილებოდა, მაშინაც ბევრი ამბობდა, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა უშუალო შემსრულებლების დასჯა, რადგან „მაშინ ჩვენს ბრძანებასაც არავინ შეასრულებს“. ეს ერთი, ხოლო მეორე მოსაზრება, რომლითაც მოქმედებდა (ან თავს იმართლებდა) „ოცნების“ ხელისუფლება „შემსრულებელთა“ მიმართ სამართლიანობის „არაღდგენის“ პროცესში ის იყო, რომ „სააკაშვილის რეჟიმის დანგრევა  არ უნდა ნიშნავდეს ქართული სახელმწიფოს დანგრევას“.  იგულისხმებოდა, რომ თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესში ხელისუფლება დასჯიდა არა მხოლოდ უმაღლეს, არამედ საშუალო და ქვედა რგოლს წარმომადგენლებს (ანუ სწორედ იმ ადამიანებს, ვინც, შიშით ჩასვრილები, უშუალოდ სცემდნენ და აწამებდნენ უკვე დაპატიმრებულ, მიწაზე დაგდებულ, ხელფეხშეკრულ, უმწეო ადამიანებს) მაშინ „სახელმწიფო ინსტიტუტები დაინგრევა“ და გამოვა, რომ ისინი ბრძანების შესრულებისთვის დაისაჯნენ.

ხოლო „ბრძანების არასწორად შესრულება“ ან „უკანონო ბრძანება“ რა არის - ქართველ პოლიციელს, როგორც ჩანს, ვერ აუხსნი.

ეს რომ სწორედ ასეა, კომიკურად დაადასტურა ექსთავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ირაკლი ალასანიამ: იმავე გრიგოლიასთან, დაახლოებთ ნახევარი საათი ილაპარაკა „შემსრულებელთა“ დასჯის აუცილებლობაზე, თუმცა ბოლოს ასეთი ფრაზა დაამატა:  . . მაგრამ მე ყოველთვის დავიცავ პატიოსან პოლიციელებს, ისინი არ უნდა დაიჩაგრონ, არ უნდა დაირღვეს მათი უფლებები, რიგით პოლიციელთა ღირსებას უნდა გავუფრთხილდეთ, არ უნდა ვაწყენინოთ და ა.შ.

ჰოდა სწორედ ამ მოსაზრებით („ინსტიტუტები თავზე დაგვენგრევა თუ მათ ვაწყენინებთ“) მოქმედებდა „ოცნების“ ხელისუფლება, როცა „შემსრულებლებს“ არ სჯიდა და მხოლოდ სულ უმაღლეს თანამდებობის  პირებს ადანაშაულებდა.  ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ საარჩევნოდ  გაუჭირდა და რეიტინგის ასაწევად სერიოზული „PR- სვლა“ დასჭირდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთო მიზეზი: ისევ და ისევ „გრიგოლიასთან“, 26 მაისზე და „ინტიმურ ვიდეოებზე“ მსჯელობისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ უფრო ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: „შემსრულებელთა“ დასჯა იმიტომ ვერ ხერხდება, რომ, როგორც ჩანს, არიან სერიოზული ძალები სისტემის შიგნით, რომლებიც მათ დაცვას ახერხებენო“.

იგულისხმებოდა არა პოლიტიკური ხელისუფლების სისტემაში, არამედ სამართალდამცველ ორგანოებში, რომლებიც მუდამ (ყველა ქვეყანაში) ცდილობენ დაიცვან „თავისიანნი“, - თან არა აქვს მნიშვნელობა „ყოფილნი“ თუ „მოქმედნი“  - კორპორატიული ეთიკიდან გამომდინარე.

უსუფაშვილს კონკრეტული ფაქტიც წამოცდა: „ბიზნესმენ გელაშვილის ცემაზე რომ მოვიკითხე, რატომ არ ისჯებიან ისინი, ვინც უშუალოდ ცემა მეთქი, მიპასუხეს: ძალიან ავტორიტეტულ სტრუქტურას წარმოადგენენ და მის ავტორიტეტს ხომ უნდა გავუფრთხილდეთო“.

უსუფაშვილმა არც ის გამორიცხა იმ ინტერვიუში, რომ ხსენებული „კორპორატიული ვალდებულების“  აღსრულებისას, ანუ „თავისიანთა“ დაცვის დროს, სისტემის მესვეურები იმავე ფარულ ჩანაწერებსაც  იყენებენ პოლიტიკოსთა დასაშანტაჟებლად, რათა „შემსრულებლებზე ჯოხის გადატეხვა“  დაუშალონ:  „აგერ არის მიშა, მისი გუნდი და იმათ მოჰკითხეთ, ჩვენ მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდითო“.

ეს კიდევ ერთი ქართული ტრაგიკომედიაა: აბა როგორ შეიძლებოდა „კანონიერი“ ყოფილიყო ბრძანება: „ბიზნესმენი გელაშვილი მანქანიდან ჩამოათრიეთ, სიკვდილამდე სცემეთ და იქვე მიაგდეთო?“  

მაგრამ არ იცი რა ხდება - „ჩვენც  ხომ შეიძლება დაგვჭირდეს და მაშინ ჩვენს ბრძანებაზე თუ ფიქრი-მსჯელობა დაიწყეს, რამდენად კანონიერიაოოოოო . . . . “.

ეს გასაგებია. გაუგებარი მხოლოდ ისაა, ამ ქვეყანას როდის ეღირსება დემოკრატიული წეს-წყობილება, რომელშიც უკანონო ბრძანების შემსრულებელი (ყველგან ასეა, - ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში!) ბრძანების გამცემზე უფრო მკაცრად ისჯება, რადგან ცივილიზებულმა ერებმა, დიდი ხანია, საკუთარი სისხლიანი ისტორიით  ისწავლეს, რომ სანამ იარსებებენ უკანონო ბრძანების შემსრულებლები, მანამ იარსებებენ ამგვარი ბრძანების გამცემნიც.

 და არა პირიქით.  

კახა კირვალიძე

ავტორი: . .